№39 ჩემმა სიძემ ოჯახის წევრები ერთმანეთს დაგვაპირისპირა
მე და ჩემმა ქმარმა, ერთადერთი ქალიშვილი, რომ იტყვიან, ხელისგულზე გავზარდეთ. ვცდილობდით, არაფერი მოგვეკლო, დღე და ღამე ვმუშაობდით. სკოლაც და უმაღლესიც წარმატებით დაამთავრა და საკმაოდ კარგი კარიერაც ელოდა, მაგრამ საკუთარი თავიც დაღუპა და ჩვენც გაგვაუბედურა. მისთვის არასოდეს დაგვიწესებია შეზღუდვები, ყველგან ვუშვებდით და ვენდობოდით. აღმოჩნდა, რომ ვიღაც ბიჭი შეუყვარდა და დაგვიმალა. ახლა ვხვდები, რატომაც დამალა მასთან ურთიერთობა – ზუსტად იცოდა, მე და მამამისი გადავირეოდით, ასეთ ადამიანს რომ ხვდებოდა. მთელი ექვსი თვე ისე ხვდებოდა, არაფერი ვიცოდით და მასთან ერთად რომ გაიპარა, მაშინ გავიგეთ მისი არსებობა. მოკლედ, ჩემი სიძე, რაიონიდან არის, არც მუშაობს და თავის თავზე იმხელა წარმოდგენა და პრეტენზიები აქვს, ერთი წელია, ჩვენს სახლში ცხოვრობს და ლამის ჭკუიდან გადაგვიყვანოს. ფეხი ფეხზე გადადებული ზის, ხელის განძრევა არ უნდა და არც მომავალზე ფიქრობს. ისე გვამადლის საკუთარ თავს, გეგონება, ჩვენ ჩავუსახლდით. კი ბატონო, გარეგნობით უნაკლო ბიჭია, მაგრამ რად გინდა? მხოლოდ გარეგნობა ხომ არ არის? ჩემი გოგო ახლა ხვდება, როგორ დააშავა, ბედი რომ მას დაუკავშირა, მაგრამ უკვე გვიანაა. ჩემი ქმარიც ძალიან არის გაღიზიანებული, მას ვერაფერს ეუბნება და მე გამომჭამა ნერვები. სახლში მოსვლა აღარ უნდა. სულ დაძაბულია, სიტყვას ვერ ეტყვი, სამსახურიდან დაბრუნებული საჩხუბარ მიზეზს ეძებს. არადა, მშვიდი და იდილიური ოჯახი მქონდა და სიძემ იმდენი ქნა, სანამ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ დაგვაპირისპირა. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ამ ბიჭის გვერდით ჩემი გოგო ვერ იქნება ბედნიერი, დაიტანჯება, ვერც ცხოვრებას აიწყობს და სულ ხელით უნდა ათრიოს. იმასაც არ კადრულობს, მაღაზიაში ჩაბრძანდეს და პური ამოიტანოს. მისი მშობლები სულაც არ არიან ცუდი ადამიანები, თუმცა, მათთან რა პრეტენზია უნდა მქონდეს? უბრალოდ, ჩაულაგეს ჩანთა და დედაქალაქში ჩვენს იმედზე გამოუშვეს, ერთხელ არ დახედავენ და იკითხავენ რას შვება. იციან, არაფერს მოვაკლებთ. რომ ვეუბნებით, იქნებ რაიმე სამსახური იშოვო და დაკავდეო, გვპასუხობს: ხომ ხედავთ, რა სიტუაციაა ქვეყანაში, დაწყნარდეს ცოტა და მერე რამეს ვიზამო. არადა, დრო მიდის, არც განათლება აქვს, არც შნო, რომ მიდგეს-მოდგეს. რომელი სიტუაციის გამოსწორებაზეა საუბარი? მართალია, ჩემს გოგოს თბილად ექცევა, მაგრამ სახლში ჩვენი ყოფნა არ მოსწონს. ერთხელ ისიც კი წამოსცდა: ცოლ-ქმარი მარტო უნდა ცხოვრობდეს, ცალკე უფრო გაუგებენ ერთმანეთს, როცა სხვები არ ჩაერევიან მათ საქმეშიო. მარტო რომ გავუშვა საცხოვრებლად, ნეტა რითი შეინახავს თავს, ჩემს შვილზე რომ არაფერი ვთქვა. მოკლედ, ვხვდები, ამ ბიჭისგან სიკეთეს არ უნდა ველოდო. ჩემი გოგო კი ხმას ვერ იღებს. ხვდება, სადაც გაჰყო თავი და ვერაფერს გვეუბნება. ნათესავებთან და მეზობლებთან ვამართლებ, ყველას ვეუბნები: გადასარევი ბიჭია, უბრალოდ, ვერ ნახა შესაფერისი სამსახური და იმედია, მალე დაიწყებს მუშაობას-მეთქი. თავს ვიტყუებ, თორემ, ეს რომ არაფრის გამკეთებელია, კი ვხვდები. სულ იმაზე ვფიქრობ, ოჯახში ასეთი დაძაბული სიტუაცია როგორ გავანეიტრალო. ძალიან ვდარდობ, ჩემი ქმარი მეცოდება. მთელი ცხოვრება იწვალა და ახლა ყველაფერი წყალში ეყრება. სულ იმას ამბობდა: სიძეს შვილივით მივიღებ, გვერდით დავიყენებო და რა გამოვიდა? გვერდით დადგომა კი არა, იმას ფიქრობს, როდის გაგვყრის სახლიდან და თავად „მოაჯდება“ ჩვენს ნაშრომ-ნაწვალებს. ახლა ვნანობ, ნეტავ არ მქონოდა ამხელა ნდობა ქალიშვილისადმი, მისი ყველა ნაბიჯი მეკონტროლებინა, ხომ მეცოდინებოდა, ვის ხვდებოდა. თუმცა, გვიანია. ალბათ, ბედია, ეს ეწერა შუბლზე და ამასთან შეგუება მოგვიწევს.
ნანა, 53 წლის.