№39 რატომ არის აუცილებელი მაკიაჟის მიცერალური წყლით მოცილება
ნინო კანდელაკი ანი რევია
მაკიაჟი სახის კანის ფორებს აბინძურებს, რაც აკნეს, აქერცვლას, ნაოჭებს, ღია ფორების წარმოქმნასა და სხვა პრობლემებს იწვევს. ასეთი უსიამოვნებისგან რომ თავი დაიცვათ მაკიაჟი სახეზე დიდხანს არ უნდა გაიჩეროთ და რაც მთავარია, სწორად მოიშოროთ. მაკიაჟის სწორად მოცილებისთვის კი, რამდენიმე ხერხს გთავაზობთ, რომლებიც არც კანს დაგიზიანებთ და მასზე უკეთეს ზეგავლენას მოახდენს:
* მაკიაჟის მოსაცილებლად, ძირითადად, ბამბის ფირფიტებს იყენებენ. მაგრამ ის კანს აშრობს. ბავშვებისთვის განკუთვნილი ხელსახოცები კი კანის ჰიდრატაციას უწყობს ხელს, ნაზია და თქვენს კანზე დადებითად აისახება;
* წყალგამძლე მაკიაჟის რძით ან გამწმენდით მოშორება მაინც არაა ბოლომდე ეფექტური, რადგან მაკიაჟის ნარჩენები, შესაძლოა, ფორებში მაინც ჩარჩეს. ამის თავიდან ასაცილებლად ქოქოსის ზეთი უნდა გამოიყენოთ. ის ფორებს ღრმად გაგიწმენდთ და კანს დაგიტენიანებთ;
* აურიეთ რძეში რამდენიმე წვეთი ნუშის ზეთი და წამებში, ბუნებრივ, უსაფრთხო და სასარგებლო მაკიაჟის მოსაცილებელ საშუალებას მიიღებთ;
* დააბლენდერეთ კიტრი, დაამატეთ ქოქოსის ზეთი, დაიტანეთ ბამბის ფირფიტაზე და ამ საშუალებით, არა მარტო მაკიაჟს მოიცილებთ, არამედ აკნეზეც იმკურნალებთ;
* აურიეთ საკვები სოდა და თაფლი და საღამოს ამ მასით გაიწმინდეთ სახის კანი.
თუ მაკიაჟის მოსაცილებლად სახლის პირობებში პროდუქტების გამოყენებით პასტის ან სითხის დამზადების დრო არ გაქვთ ან გეზარებათ, მაშინ ამ პრობლემას მიცერალური ხსნარი მოგიგვარებთ. მიცერალური წყალი მიცელებისგან შედგება, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და ამასთან, ღრმად გაგიწმენდთ კანს. თუმცა, სანამ მაკიაჟის მოსაცილებელ საშუალებას შეარჩევთ, ჯერ თქვენი კანის ტიპი დაადგინეთ და ამის მიხედვით შეარჩიეთ შესაბამისი პროდუქტი.
მიცერალური წყლის მეშვეობით მარტივად შესაძლებელია არა მარტო მაკიაჟის მოცილება, არამედ კანის გაწმენდა. მიცერალური წყლის პირველი ინგრედიენტი წყალია, მეორე კი, აქტიური ნივთიერებები – მიცელები, რომელთა ზედაპირი ერწყმის წყალს, ხოლო ქვედა ნაწილი ცხიმს. მიცელები მაგნიტივით იზიდავენ კანიდან მაკიაჟისა და ცხიმის ნაწილაკებს, რასაც შემდეგ ბამბის დისკის გადასმით მოიშორებთ. თუმცა, მიცერალური წყლის გამოყენების დროს, მხოლოდ ერთი ბამბის დისკი საკმარისი არ იქნება. სახე უნდა გაიწმინდოთ მანამ, სანამ საბოლოოდ სუფთა ბამბას არ მიიღებთ. ბევრ მიცერალურ წყალს აწერია, რომ არ საჭიროებს ჩამობანას, თუმცა გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, თუ გაწმენდის შემდეგ სახეს ჩამოიბანთ.
მიცერალური წლის გამოყენებისას კარგი იქნება, თუ შემდეგ წესებს დაიცავთ:
* არ დატოვოთ მიცერალური წყალი სახეზე. ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია კანის გამოშრობა და დისკომფორტის გამოწვევა;
* არ გამოიყენოთ მიცერალური წყალი ტონიკის ნაცვლად, რადგან წყალი – ეს არის გაწმენდის მხოლოდ პირველი ეტაპი, რომელიც კოსმეტიკას ჩამორეცხავს, ცხიმოვან საფარველს მოგაცილებთ და მთელი დღის განმავლობაში სახეზე დაგროვილ მტვრის ნაწილაკებსა და ჭუჭყს მარტივად გაუმკლავდება;
* არ მოახდინოთ თვალის მიდამოზე ძლიერი ზეწოლა, ვინაიდან თვალის გარშემო ნაზი და თხელი კანია, შესაბამისად, შეიძლება, მარტივად დაზიანდეს;
* უმჯობესია, მიცერალური წყლით გასუფთავების შემდეგ სახე სახლის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანოთ. ცივი წყალი სისხლძარღვების სპაზმს იწვევს, ხოლო ცხელი კი, ადუნებს;
* მიცერალურ წყალში დასველებული ბამბის დისკი რამდენიმე წამით გაიჩერეთ მაკიაჟის მოსაცილებელ ნაწილზე, შემდგომ კი, ნელი მოძრაობით ჩამოირეცხეთ. ეს მეთოდი ტუჩსაცხის მოსაშორებლადაც ეფექტურად მოქმედებს;
* თუ იყენებთ წყალგამძლე საშუალებებს, მაშინ მიცერალური წყლის შეფუთვაზე აუცილებლად ნახეთ შესაბამისი ნიშანი, რომელიც წყალგამძლე საშუალებებს უფრო მარტივად გაუმკლავდება, ვიდრე ჩვეულებრივი მიცერალური წყალი.