№39 მაცდური
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #36-38(1029)
მართალია, ხვდებოდა, რომ ლაშა არ იყო ამის ღირსი, არ დაუმსახურებია ცოლისგან ღალატის გაფიქრებაც კი, მაგრამ თავისი სისხლის თუ გენების ყივილი ვეღარ დაძლია.
„აბა რა ჰგონია, თვეობით რომ მტოვებს მარტოს! დავიჯერო, თვითონ გვერდზე არ იყურება? ჭკუა რომ ჰქონდეს, ჩემისთანა ქალი წამით არ უნდა მიატოვოს, სულ გვერდით უნდა ჰყავდეს და ცოტა მეტი აქტიურობაც არ აწყენდა! მაგის ხელში ლამის მონაზვნად აღვიკვეცო!“ – ბოლოჯერ შეეცადა, თავისი ავხორცობა გაემართლებინა.
ერთ საღამოს კი, როცა მათი მეჯვარე და შვილების ნათლია, გიორგი მოვიდა ბავშვების სასეირნოდ წასაყვანად, გვანცა ნახევრად მოშიშვლებული საბანაო კოსტიუმით დახვდა – დედამთილ-მამამთილი სტურად იყო წასული და სიტუაცია გამოიყენა. „მაკა გავხდი“, – გაიფიქრა წამიერად, მაგრამ თავს ვერ მოერია.
– შემოდი, – ღიმილით უთხრა კარში მდგარ და მოულოდნელი „გულახდილი“ დახვედრით გაოგნებულ გიორგის. ლალიმ და არჩილმა ტყუპები სტუმრად წაიყვანეს. მე კი აუზზე წასვლას ვაპირებდი გოგოებთან ერთად და... – თითქოს თავი იმართლა და მერე საკუთარ საქციელზე გაბრაზდა, რას ვებოდიშებიო.
გიორგი თითქოს შეეზარდა კარის ზღურბლს, მთელი სხეული გაუქვავდა, ფეხი ვერ მოიცვალა ადგილიდან და თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა გვანცას ძალიან ლამაზ სხეულს. რაღაც მომენტში კინაღამ ვერ მოერია თავის ჰორმონებს – ქალი უპირობოდ სთავაზობდა საკუთარ სხეულს, ჰღალატობდა თვითონ და ღალატისკენ უბიძგებდა მასაც. ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ გიორგი კინაღამ წამოეგო ანკესზე, მაგრამ ბოლო წამს გონს მოეგო, ერთი ხმამაღლა ამოიქშინა, შეტრიალდა და თითქმის სირბილით გავარდა თავისი მანქანისკენ.
– სულელი! მშიშარა! – თან გაბრაზდა, თან გაეცინა გვანცას, – მაინც ვერ გამექცევი, შენი ფეხით მოცუნცულდები ჩემთან! – მერე კი დაამატა: – რაღა შორს ვეძებო ვინმე, აქ არ მყავხარ? შენზე უკეთესს ვის ვიპოვი? – მერე თავის დაქალს, მეგის დაურეკა და აუზზე წასვლა შესთავაზა.
– არც აბონემენტი მაქვს და არც ფული, – დაიწუწუნა მეგიმ.
– ორივეთი უზრუნველგყოფ. წამოხვალ?
– მთელი თვეა, არ შემხმიანებიხარ, ახლა რატომ გაგახსენდი? – ეჭვი აიღო მეგიმ, რადგან, გვანცა ძირითადად მაშინ ურეკავდა ხოლმე, როცა სადმე, როგორც თვითონ გვანცა ამბობდა, „ტ...-ის საქნევად“ უნდოდა წასვლა.
– მომენატრე, არ შეიძლება? – ისეთი ხმით უპასუხა გვანცამ, რომ მეგი მიხვდა: აქ მთლად „სუფთად“ არ იყო საქმე და, რატომღაც, არ ესიამოვნა, – შორიდან პატივს სცემდა ლაშას და ასეთი ცოლისთვის არ ემეტებოდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ცნობისმოყვარეობა, რომ ცდუნებას ვერ გაუძლო და დათანხმდა აუზზე წასვლაზე.
უკვე საღამო იყო, მაგრამ იქაურობა ცხელი დღით შეწუხებული თბილისელებით იყო სავსე. ძლივს „მოიპოვეს“ ორი ცალი შეზლონგი, სარაფნები გაიხადეს და ნეტარებით მიეფიცხნენ ჩამავალ მზეს.
– წყალში არ ჩავიდეთ? – გაუკვირდა მეგის.
– არა. დღეს ცურვის ხასიათზე არა ვარ, სანამ მზე ჩასულა, ცოტა ხანს ვიწვეთ და მერე ვნახოთ, – უპასუხა გვანცამ და ხალხი მოათვალიერა. მეგიმაც მას მიჰბაძა. უცებ მეგის გაეცინა.
– რა გაცინებს? – დუნედ ჰკითხა გვანცამ.
– გეხვეწები, ერთი იმ ტიპშებს შეხედე!
– ვინ არიან? – უინტერესოდ შეეხმიანა გვანცა, მაგრამ მაინც გაიხედა იქით, საითაც მეგი მიანიშნებდა.
– ვიღაც გოიმკები. ნახე, რას ჰგვანან!
– ერთს არა უშავს, სახე სიმპათიური აქვს, თუმცა ცოტა გველური, – უცებ გახალისდა გვანცა და თავიანთი ძველი „თამაში“ გაახსენდა, როცა ის და მეგი სათითაოდ განიხილავდნენ და მიწასთან ასწორებდნენ აუზზე მყოფებს, რითაც უდიდეს სიამოვნებას განიცდიდნენ და მაგრადაც ერთობოდნენ.
– ჰო, სახე ცუდი არა აქვს, მაგრამ ტან-ფეხი არ უვარგა. ნახე, როგორ გაუბზეკია თავისი ნახევრად შიშველი უკანალი! ჰა! ჰა! ჰა! ჰგონია, რომ ასე ძალიან სექსუალურად გამოიყურება და კაცების მზერას მიიზიდავს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ნამეცადინევი პახოდკა აქვს, მაინც ეგრევე ეტყობა, რომ სოფლელია. ხომ გაგიგია: გოგონას სოფლიდან გამოიყვან, მაგრამ სოფელს გოგონადან – ვერასოდესო! ერთი კი უნდა ითქვას: ეგ ტიპაჟები ძალიან დახელოვნებული „მონადირე ქალები“ არიან და თავშეყრის ადგილებში მხოლოდ კაცებზე სანადიროდ დადიან.
– მარტო ეგენი არა, – უპასუხა გვანცამ, – აქ მყოფი ქალების ოთხმოცდაათი პროცენტი სანადიროდ არის გამოსული და, ცნობისათვის, ჩვენ იმ დანარჩენ ათ პროცენტს ნამდვილად არ მივეკუთვნებით. რაც შეეხება პროვინციალკებს, მათ ეთაკილებათ, ჩამოსულები რომ არიან და ერთი ხელოვნურად შელამაზებული ფრაზა აქვთ დამხეცებული – მე სოფლელი კი არ ვარ, სოფლიდან ვარო. ვინ იცის, რის ფასად შოულობენ მოდურ ჭინჭებს, გაირჭობენ პირში სიგარეტს, მარტინის თვალების ნაბვით დალევენ, პოპულარულ ბიჭებთან იჟიმავებენ და ჰგონიათ, უმაღლეს საზოგადოებაში შედგეს ფეხი. არადა, უარესი გოიმები ხდებიან, ვიდრე ჩამოსვლამდე იყვნენ. მაგრამ, მათ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან ხშირად აღწევენ მიზანს – მდიდარ ქმრებსაც შოულობენ და ფეხის აწევით კარიერასაც იკეთებენ.
– ჩვენ, რა, სხვანაირად ვიქცევით? – თვითკრიტიკის ხასიათზე დადგა მეგი.
მაგრამ გვანცამ აღარ უპასუხა, რადგან უცებ გიორგის მოჰკრა თვალი, რომელიც აუზის ნაპირზე იდგა ჯინსის შარვალში და შავ მაისურში გამოწყობილი, მზის სათვალე შუბლზე ჰქონდა აწეული და დაჟინებით ათვალიერებდა ხალხს – ხან წყალში მყოფებს, ხან შეზლონგებზე გაშოტილებს და ხან აქეთ-იქით მოსიარულეებს.
„მე მეძებს, – ჩაეღიმა გვანცას, – საცურაოდ რომ მოსულიყო, სხვანაირად იქნებოდა ჩაცმული და ასე გაფაციცებით არ დაიწყებდა ხალხის თვალიერებას. გაები, ჩიტო, მახეში? ჯერ სადა ხარ! ქალი არ ვიყო, თავი თუ არ დაგაკარგვინო!“ – დაიქადნა გულში გვანცამ, მერე წამოდგა, ტანის ნარნარი რხევით მივიდა აუზის ნაპირამდე, მეგის ხელი დაუქნია და ხმამაღლა გასძახა, მომყევიო და მოხდენილად გადაეშვა წყალში. მიზანი მიღწეული იყო: გიორგიმ ის დაინახა და აწრიალდა. თან, გვანცას ტყუილიც არ გამოუვიდა – ექსპრომტად მოგონილი სიტყვებით – დაქალთან ერთად აუზზე მივდივარო, შეასრულა. მოკლედ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, გვანცას ბრძანებით, მეგიც ამოვიდა წყლიდან და ორივემ დატოვა აუზის ტერიტორია. გასვლისას გვანცამ თვალი გააპარა გიორგისკენ და დაინახა, რომ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და მას უყურებდა, ოღონდ ამჯერად შავი სათვალე ეკეთა და პერიოდულად აქეთ-იქით ატრიალებდა თავს – ვითომდა, ხალხს ათვალიერებდა. გვანცა მიუხვდა ეშმაკობას, მაგრამ ყურადღება აღარ მიუქცევია მისთვის, პირსახოცი მხარზე გადაიგდო და გასასვლელისკენ ტანის რხევით გაემართა.
– რა მანევრები ჩაატარე? – ჰკითხა მეგიმ მანქანაში ჩაჯდომისას.
– არაფერი, – მოკლედ მოუჭრა გვანცამ.
– ხომ იცი, მოხარშულს გიცნობ. გგონია, რამეს გამომაპარებ? ვინ გყავდა მიზანში, ვისზე ნადირობდი? რა ხდება?
– ან მოკეტე, ან გადადი ჩემი მანქანიდან! – ლამის უყვირა გვანცამ, – არაფერი-მეთქი, ვერ გაიგე, რა გითხარი?
მეგის ეწყინა, მკვეთრი მოძრაობით გააღო კარი, სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან, მიაჯახუნა და ნახევრად ჩამოწეული მინიდან შეუსისინა დაქალს:
– სხვა დროს, ტრაკის საქნევად წასვლა რომ მოგეხასიათება, მე ნუღარ დამირეკავ, ვინმე შენნაირი ბოზანდარა მოძებნე და იმას უკაჩავე პრავები! რადგან გამდიდრდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიყვირო და დამამცირო!
– შენ მე მეუბნები, ბოზანდარა ხარო?! – ირონიულად გაეცინა გვანცას.
– ყოველ შემთხვევაში, თან გადაყოლილ ქმარს რქებს არ ვადგამ! – მიაძახა მეგიმ და აწ უკვე ყოფილი დაქალის პასუხი რომ არ გაეგონა, სწრაფი ნაბიჯით გაშორდა იქაურობას.
– წადი, შენი... – მიაგინა გვანცამ. მეგის საქციელმა ძალიან კი გააღიზიანა, მაგრამ ისეთ დიდ კმაყოფილებას გრძნობდა გიორგიზე გამარჯვებით, რომ დაქალის დაკარგვა აღარაფრად ჩაუგდია და ღიღინით ჩართო მანქანის ძრავა.
***
ამ დღის შემდეგ გიორგი კარგა ხანს აღარ გამოჩენილა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ იძულებული გახდა, ისევ მისულიყო ძმაკაცის ოჯახში, რადგან ლაშამ დაურეკა და სთხოვა, არჩილი მანქანით წაეყვანა კლინიკაში, გულში სტენტის ჩასადგმელად.
– მაპატიე, ყველაფერზე შენ რომ გაწუხებ, მაგრამ დედაჩემი რომ გაჰყვეს, ისე ინერვიულებს, თვითონ გახდება მოსასულიერებელი და სამკურნალო.
– პრობლემა არ არის, წავიყვან, – გიორგი შეეცადა, მხნედ ეპასუხა, მერე კი ვითომ სხვათა შორის ჰკითხა: – შენ როდის გიმთავრდება მივლინება?
– სამწუხაროდ, მინიმუმ სამი კვირა კიდევ მომიწევს აქ ყოფნა. ხომ იცი, ძალიან დიდ ობიექტს ვაშენებთ და საქმეს თავზე თუ არ დაადექი, არაფერი გამოდის. გვანცა გაგიჟებულია, სულ მებუზღუნება, მოგვენატრეო. მეც ძალიან მომენატრა, მაგრამ რა ვუყო, დიდი საქმე მსხვერპლს მოითხოვს, – გაეცინა ლაშას, – მეცოდება გვანცა, ჩემებიც და ძიძაც კი ეხმარებიან, მაგრამ მაინც მარტოა უჩემოდ.
– ჰო, ნამდვილად ცოდოა, ახალგაზრდა ქალი დიდხანს რომ რჩება ქმრის გარეშე, მით უმეტეს, როცა ძალიან უყვართ ერთმანეთი, – გიორგიმ თვითონვე ვერ გაუძლო თავის სიტყვებში შემოპარულ ირონიას თუ მზაკვრობას და ჯერ უხერხულად დახარა თვალები, მერე კი მოუსვენრად აწრიალდა. „კიდევ კარგი, ახლა ლაშა ვერ მხედავს“, – გაიფიქრა და ცოტათი მოეშვა გულზე.
– კარგი, წავედი მე. შენი იმედი მაქვს, გიო. მერე დამირეკე ან სკაიპით დამელაპარაკე, როგორ იქნება საქმე, კარგი?
– აბა რას ვიზამ. ნუ გეშინია, ყველაფერი მაგრად იქნება. დროებით!
გიორგიმ ტელეფონი გათიშა და შუბლიდან ცივი ოფლი მოიწმინდა. სინდისის ქენჯნისგან კინაღამ გული გაუსკდა. მერე ბარიდან ბოთლი გამოიღო, კარგა ბლომად ჩაისხა ჭიქაში, ერთი ყლუპით გადაუშვა ყელში, სავარძელში ჩაეშვა და შიშით დაელოდა მეორე დილის გათენებას.
... არჩილის კლინიკაში წაყვანამაც და სტენტების ჩადგმამაც მშვიდობიანად ჩაიარა. ამჯერად გვანცა არც კი დანახვებია – იცოდა გოგომ ინტრიგების ხლართვა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში