№39 როგორ გააცნო სტალინმა მსოფლიოს საბჭოთა სამხედრო-პოლიტიკური ტრიუმფი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– შეგიძლია, შენს უწყებაში ისეთი ინგლისურის, ფრანგულისა და გერმანული ენის სპეციალისტები მოძებნო, რომლებიც გაზეთს გამოუშვებენ?
– ამ ენებზე? – დავაზუსტე მე.
– კი. ამ ენებზე, – დამიდასტურა სტალინმა და დააყოლა, – უფრო სწორად კი, ამ ენებზე გაზეთ „პრავდის“ გამარჯვების ნომერი უნდა თარგმნონ.
– რა თქმა უნდა, ასეთი სპეციალისტები გვყავს, – ვუთხარი სტალინს.
– ჰო და, ძალიან კარგი. მოამზადე ისინი, ყველაფერი კარგად აუხსენი. სულ მალე გამოვიძახებთ, – მითხრა სტალინმა და დაამატა, – ბერლინში უკვე სპეცჯგუფი გავგზავნე და ყველაფერი წითელ არმიასა და მათზეა დამოკიდებული.
სტალინი ბერლინის დაცემას გულისხმობდა...“
სტალინის ბრძანებით, ბერლინში, სწორედ, 5 მაისის დილას გაიგზავნა საბჭოთა ჟურნალისტების ჯგუფი. მათ ფაშისტური გერმანიის დედაქალაქის დაცემა ფირზე უნდა აღებეჭდათ. გადაეღოთ როგორც კინოფირები, ასევე ფოტოსურათები. დაეწერათ, ეგრეთ წოდებული, გამარჯვების მოწინავე სტატია გაზეთ „პრავდისთვის“. ამ ჯგუფს კონსტანტინე სიმონოვი ხელმძღვანელობდა და მოწინავეც, სწორედ, მას უნდა დაეწერა. თავად სიმონოვი იხსენებდა: „სტალინთან გამოძახება ჩემთვის სიურპრიზი იყო. თავად მან დამირეკა სახლში 4 მაისს, დილით და კრემლში დამიბარა. რომ მივედი, შუა კაბინეტში შემეგება. ხელი მაგრად ჩამომართვა. შემდეგ ორივე ტყავის სავარძლებში მოვთავსდით და მითხრა:
– ამხანაგო სიმონოვ, რას იტყვით ბერლინში გამგზავრებაზე?
მე ფეხზე წამოვხტი და მივუგე:
– როგორც მიბრძანებთ, ისე მოვიქცევი. სადაც გამიშვებთ, იქ გავემგზავრები.
სტალინს გაეცინა. ხელით მანიშნა, დაჯექიო და მითხრა:
– დაჯექით. ბერლინში იმიტომ გაგზავნით, რომ ეს ჰიტლერული ბუნაგი დღე-დღეზე დაეცემა და მინდა, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტურად აღიბეჭდოს კინოფირსა და ფოტოფირზე აგრეთვე, პირადად თქვენ კი მოწინავე დაწეროთ გაზეთ „პრავდისთვის“. მე ძალიან მომწონს თქვენი წერის მანერა. ჯგუფის ხელმძღვანელადაც თქვენ გნიშნავთ.
მეორე დღეს უკვე სპეცრეისით ჩავფრინდით ბერლინში, სადაც ბრძოლები ჯერ კიდევ არ შეწყვეტილიყო.
ბერლინური ვოიაჟის მთავარი მიზანი კი ის იყო, რომ სტალინი უმძლავრეს პროპაგანდას გეგმავდა, რომელიც დიდი წარმატებით შეასრულა და რაც საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდა. ასეთი „ფულის ფლანგვა“ კი, სწორედაც რომ, უჩვეულო იყო საბჭოთა ბელადისთვის. საქმე ის იყო, რომ 1945 წლის 9 მაისს დაცემული ბერლინის ძალიან ბევრი კადრი გადაიღეს და სიმონოვის „პრავდის მოწინავეც“ მზად იყო. იმავე ღამეს საბჭოთა ჟურნალისტების ჯგუფი სპეცრეისითა და სამხედრო თვითმფრინავების სპეცგაცილებით მოსკოვში გადმოაფრინეს. მთელი 10 მაისის განმავლობაში ათეულ ათასობის კინოფირისგან დამონტაჟდა 60-წუთიანი გამარჯვების ფილმი, რომელიც ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად გახმოვანდა და 30 დუბლიკატი გაკეთდა. სიმონოვის მოწინავე და მთელი 11 მაისის პრავდა ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად ითარგმნა და შესაბამისენოვან ტიპოგრაფიებში დაიბეჭდა. შესაბამისი ტიპოგრაფიები კი სასწრაფოდ იქნა გადაწყობილი. შემდგომ ეს გაზეთები და კინოფილმები სპეციალური რეისებით გაიგზავნა ვაშინგტონში, ლონდონსა და ბერლინში... მთელი ეს კამპანია 11 მილიონი მანეთი დაჯდა და ფული სტალინის ბრძანებით დაიხარჯა. თუმცა, ამას უდიდესი პროპაგანდისტული ეფექტი ჰქონდა – საბჭოთა სამხედრო-პოლიტიკური ტრიუმფი მთელმა მსოფლიომ გაიგო“.