№39 გამოიწვევს თუ არა ადამიანის ხუთი გრძნობის ორგანოს გადაგვარებას დისტანციური სწავლება და მუშაობა
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ სწავლებამ დისტანციური ფორმა მიიღო, რაც მთლად დადებითადაც ვერ უნდა წაადგეს კაცობრიობის მომავალს, იმ მარტივი მიზეზით, რომ არის საგნები, რომლებსაც ვერ ისწავლი შორიდან. მაგალითად, წერას (ცნობილია, რომ ასოების გამოყვანა მხოლოდ ადამიანის უნარია, მაშინ, როდესაც ყვავიც კი სწავლობს კლავიატურაზე ბეჭდვას, შესაბამისად, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ადამიანის ხელწერის კლავიატურით ჩანაცვლება ტვინის შესაბამისი უბნის ატროფიას და, ზოგადად, ადამიანის დეგრადაციას გამოიწვევს), ხატვას, ძერწვას, დაკვრას, გამოქანდაკებას, ანუ იმ უნარებს, რაც ადამიანს ცხოველებისგან გამოარჩევს, იმას გარდა, რომ სოციუმი აუცილებელი გარემოა ადამიანის განვითარებისთვის: ადამიანი მხოლოდ ადამიანებს შორის იძენს ადამიანურ თვისებებს და, მათ შორის, სწავლობს მეტყველებასაც და სიარულსაც. რამაზ საყვარელიძესთან ვიმსჯელებთ დისტანციური სწავლების დადებითსა და უარყოფით მხარეებზე.
– რა შედეგი შეიძლება, მოიტანოს დისტანციურმა ურთიერთობებმა, მათ შორის, დისტანციურმა სწავლებამ დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სოციალური ურთიერთობის გამოცდილება? ბოლოს და ბოლოს, 5 გრძნობის ორგანოც იმიტომ გვაქვს, რომ ვიგრძნოთ სურნელი, გემო, ფაქტურა, მათ შორის, მეორე ადამიანისაც.
– ბუნება მბრძანებელიაო და ბუნებაში ჩარევა, თუნდაც, კეთილი მიზნით, ყოველთვის შეიცავს სხვადასხვა სირთულეს. თავის დროზე, როდესაც კოსმონავტები გაუშვეს კოსმოსში, რაკი თითოეულ გრამს მნიშვნელობა აქვს, ამიტომ საკვები გაატანეს ტაბლეტების სახით, კომპაქტურად და ერთი ტაბლეტი ლამის ერთ საცივს უდრიდა. ანუ კალორიულობის პრობლემა არ იდგა, მაგრამ კოსმონავტებს შიმშილის გრძნობა მაინც ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ შიმშლის გრძნობის ერთ-ერთი გამომწვევი იყო ყბების მოძრაობა. რადგან ყბების მოძრაობა უკავშირდება ჩვენს სიმაძღრეს, ანუ ვღეჭავთ საკვებს, ისინი კი არ ამოძრავებდნენ ყბებს და სიმაძღრის განცდაც არ ჰქონდათ. ეს მაგალითი მოვიტანე საიმისოდ, რომ, რაც უნდა პარადოქსულად გამოიყურებოდეს ჩვენი ზოგიერთი რეაქცია, ეს რეაქციები გვაქვს და როდესაც მილიონობით წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მექანიზმებს ადამიანი უწყებს კირკიტს, შედეგი ყოველთვის სახარბიელო არ არის. წარმოიდგინეთ, რამხელა განსვლაა, როდესაც ადამიანი ჩამოყალიბებულია, როგორც არსება, რომელმაც გარემოსგან ინფორმაცია უნდა მიიღოს ურთიერთობით, ასევე, ურთიერთობითვე დაამყაროს კავშირი გარემოსთან, თუ მეორე ადამიანთან არ დაამყარა კავშირი, საერთოდაც, მისი ადამიანობა დამთავრდება და ეს უცებ იშლება. ეს ყველაფერი დეფორმირდება, თუ ასეთი დაბეჯითებით ავიღებთ კურსს დისტანციისკენ. არადა ეს უკვე დაწყებულია და იმდენად ძლიერია ნევროტული შედეგები, რომ ნაწილობრივ მაგ მიზეზითაც, რომ სოციალური ჩვევების მთელი სისტემა, რომელიც შეიძლება, არც კი გვაქვს გაცნობიერებული, არ მოიშალოს, დასავლეთში უკვე იძლევიან რეკომენდაციას, რომ ბავშვებმა იარონ სკოლაში, შეძლებისდაგვარად უნდა განაწილდეს სასკოლო დრო ისე, რომ ადამიანს ადამიანობა არ დავუკარგოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი მერე დეპრესიაში ვარდება.
– გავიხსენოთ ინკლუზიური სწავლება: სმენის, მეტყველების დეფექტის მქონე ბავშვებს, აუტიზმით დაავადებულებსაც კი ჩვეულებრივ სკოლებში ასწავლიან, იმიტომ რომ ეს ხელს უწყობს მათი დეფექტის დაძლევას და კარგა ხანია, აკრძალულია სპეციალიზებული სკოლები ასეთი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის, იმიტომ რომ, თუ მხოლოდ თავისნაირებთან ექნათ ურთიერთობა, პრობლემები ურთულდებათ.
– დიახ. არ მიყვარს რეცეპტებით ლაპარაკი, ლოგიკით მირჩევნია და გასაგები უნდა იყოს ჩვენი ბუნების ლოგიკა. საუკუნეების განმავლობაში ისე ვართ აწყობილები, ჩვენი ბუნებით, რომ მასზე ზემოქმედება, რაც უნდა კეთილი მიზნებით, ბოლომდე დადებით შედეგს არ იძლევა და ყოველთვის სრულდება მსჯელობით, თუ სად მეტია ბოროტება, ხელოვნურ ჩარევაში თუ ხელოვნური ჩარევის გარეშე. კორონამ ყველა მოულოდნელობის წინაშე დააყენა და ამან გამოიწვია საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმი და არა კეთილმა ნებამ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბუმისკენ მიდიოდა კაცობრიობა, ოღონდ ასეთი ტემპით არა. მაგრამ ნელ-ნელა მიდიოდა, ესაა მთავარი. ჩემი ახლობელი გერმანიაში მუშაობს საინფორმაციო ტექნოლოგიების რომელიღაც დიდ ორგანიზაციაში და მან მითხრა, რომ მოგვივიდა რეკომენდაცია, რომ 15 წუთზე მეტ ხანს არ შეიძლება კომპიუტერთან ჯდომა. უნდა წამოდგე, ტანი გაშალო, გაიარ-გამოიარო... იმიტომ რომ დამღლელია კომპიუტერთან მუშაობა და დამღლელია სწორედ მისი ხელოვნურობის გამო. იგივე დრო რომ ქეიფში გაატარო და გაგვიტარებია კიდეც, არ იღლები. ერთ-ორ საათზე მეტი ხნით კომპიუტერთან ჯდომა ღლის ადამიანს, იმიტომ რომ ფსიქიკა არაბუნებრივ რეჟიმში მუშაობს, რაც, როგორც გითხარით, დამღლელია. ნებისმიერი ერთგვარობა, ერთფეროვნება დამღლელია და კომპიუტერზე მუშაობაც ერთგვაროვანია, ერთი და იგივე ფუნქციებია ჩართული: თვალები, ტვინი... მრავალფეროვნება, რაც ადამიანს სჭირდება, არ მიიღწევა და ადამიანს რომ მრავალფეროვნება სჭირდება, ეს კარგად ჩანს პატარა ბავშვის მაგალითზე. პატარა ბავშვი და ცხოველი გაუნძრევლად და მხოლოდ ერთ რამეზე ყურადღებამიქცეული ვერ ძლებს. ეს მათთვის არაბუნებრივი და დამღლელია. ანალოგიურად, თავის უზარმაზარ პლუსებთან ერთად, რაც კოპიუტერთან და ინფორმაციის მიღებასთანაა დაკავშირებული, მიუღებელია კომპიუტერით ცხოვრება, რადგან მხოლოდ ინფორმაციის მიღებისთვისაა კომპიუტერთან ადამიანი, რაც მისთვის ბუნებრივი ნამდვილად არ არის. გავიხსენოთ, რომ ადამიანი ბუნების შვილია და არა კომპიუტერის ქმნილება.
– გარდა იმისა, რომ არაბუნებრივია, კომპიუტერით ვერ ისწავლი ხელის გამოყენებას წერისას, ხატვისას, ძერწვისას, რამის ქმნისას და თუ ხელი არაფერში გამოიყენე, გარდა კლავიატურაზე კაკუნისა, ატროფირდება თავისი შესაბამისი უბნებითურთ ტვინში?
– ექსპერიმენტებიც ჩატარდა, სულ რამდენიმე თვის ბავშვს აჩვენებდნენ გაღიმებული და გაბრაზებული ადამიანების ფოტოებს. გაღიმებულ ფოტოს ბავშვი პასუხობდა ღიმილით, გაბრაზებულ ფოტოს – ტირილით. ანუ რამდენიმე თვის ბავშვმა უკვე ისწავლა სახის გამომეტყველების ამოცნობა და კომპიუტერით როგორ უნდა ისწავლო სახის გამომეტყველებების გამოცნობა?! თუ ამისთვის სპეციალური კურსი არ ააგეს?! ჩვენ კომპიუტერს თაყვანს ვცემთ, რადგან ის გვემსახურება უკვე მოზრდილ ასაკში, თორემ ადამიანი ჩამოყალიბებას დაბადებამდეც იწყებს და დაბადებისთანავე უზარმაზარ ინფორმაციას, რაც მთავარია, სოციალურს ამუშავებს და ხდება ამ სოციუმის წევრი. ეს კომპიუტერული სწავლებით არ მიიღწევა. კომპიუტერული სწავლებით შეიძლება, მიაწოდო რაღაც ინფორმაცია, ოღონდ ინფორმაციის მიწოდება და სოციალური გამოცდილების შევსება ერთი და იგივე არ არის.
– ერთია, რომ კომპიუტერი ადამიანს ღლის და, მეორე, რომ კომპიუტერი, ვირტუალური ურთიერთობა ადამიანის განსოციალურობას უწყობს ხელს, ამიტომაც ხომ არ არიან ადამიანები აგრესიულები სოციალურ ქსელებში?
– აგრესიულებიც არიან და, რაც მთავარია – დეპრესიულები. როდესაც ადამიანი ვერ იკმაყოფილებს თავის ბუნებრივ მოთხოვნილებებს, ისე რომ, ვერც აცნობიერებს, დეპრესიული ხდება. აგრესია და დეპრესია ერთმანეთთან ახლოს დგას, საკუთარი თავისა და გარემოს მიმართ აგრესიის საფუძველი ხშირად დეპრესია არის ხოლმე. ილიას გმირი ამბობს „განდეგილში“: ხსნა ყველგან არის, მაგრამ გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსა და მოჰყვება უზარმაზარი პასაჟი, თუ რატომ უბედურს. ცხოვრების წესის მთელი სირთულე და, შესაბამისად, უბედურება სწორედ ის არის, რომ იზოლირებულია სხვებისგან.
– დიახ, ასკეზა ურთულესია და ყველას არც შეუძლია.
– დიახ. ეს არის ტვირთი და ამას განიცდის უბედურებად და ასეთივე ასკეზები ხდებიან კომპიუტერის ინტენსიური მომხმარებლები. კომპიუტერული ასკეტიზმი ეყრება მათ, რომლებიც უმთავრესად კომპიუტერთან ატარებენ თავიანთ ცხოვრებას.
– და არიან გაბრაზებულები საკუთარ თავზე, სამყაროზე, ყველასა და ყველაფერზე. მასკიც უჩივის სოციალურ ქსელში აგრესიულობას, ანუ ეს ყველგან ემართებათ ადამიანებს, ეს ჩვენ გვგონია, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ ასეთი აგრესიულები.
– იქაც იგივე ხდება?! ძალიან საინტერესო ფენომენები იშლება, ოღონდ საინტერესოობა არ ნიშნავს, რომ უნდა აჰყვე. საინტერესოა მეცნიერებისთვის, მაგრამ ასეთი საინტერესო ექსპერიმენტის შვილზე ჩატარება არავის უნდა და, ამდენად, ვვარაუდობ, რომ ნელ-ნელა დაიწყება ამ კომპიუტერული ცხოვრების წესის რევიზია.
– მაგრამ, მგონი, საქმეს სხვა პირი უჩანს. იგივე ილონ მასკი აცხადებს, რომ, რაკი კომპიუტერი უკვე შემოსულია ჩვენს ცხოვრებაში და, ფაქტობრივად, ნაწილობრივ კიბორგია ადამიანი, 20-25 წელიწადში ადამიანის ტვინის კომპიუტერზე მიერთება გახდება შესაძლებელი და მისი შრომისნაყოფიერებაც გაიზრდება და უფრო დაჭკვიანდებაო. იმის თქმა მინდა, რომ უფრო იქით გვექაჩებიან.
– თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია ბევრი რამ და რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ხდება დამოკიდებული პრობლემების გადაჭრა ცალკეული ადამიანების ინტელექტზე. ეს ასე არ იყო.
– ჩვენ ზრდასრულები ვართ და შეიძლება, რაღაც გავახერხოთ, მაგრამ ის თაობები, რომლებიც ახლა იწყებენ სოციალურ ურთიერთობებს, როგორ მოახერხებენ ადამიანებად, როგორც სოციალურ არსებებად დარჩენას? დისტანცირებას, სოციალური დისტანციის ჩათვლით, მე დავარქვი გან-ადამიანება.
– მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი ოპტიმიზმით. მე ჩვენზეც არ ვარ მასეთი კარგი წარმოდგენის.
– მე არ ვარ უკმაყოფილო ჩემი თავის.
– ამიტომაც ვთქვი, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა იზრდება-მეთქი. არც მე ვარ უკმაყოფილო საკუთარი თავით და, მგონია, რაც შემეძლო, იმის მაქსიმუმი გავაკეთე, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას რომ გავხედოთ, ერთი გზააბნეული საზოგადოება ვართ. უფრო შორიდან რომ დავიწყოთ: ხან აღმოსავლური ღირებულებებით ვცხოვრობდით, ხან – საბჭოთა, სლავური ღირებულებებით, ხან – ევროპული ღირებულებებით. პერიოდი, რომ გაგვეაზრებინა, რა ღირებულებების მატარებლები ვართ ჩვენდა თავად, რთულად გვქონია, გადარჩენაზე დაგეშილი ხალხი ვიყავით. გაყუჩებული დაფიქრების საშუალება ღრმა, ფილოსოფიურ საკითხებზე არ გვქონდა, ამიტომ ნუ დავიჩემებთ, რომ ეს გზა გაგვივლია. არ გაგვივლია და ბევრს არ გაუვლია. თქვენ, მე თუ სხვამ რომ მოახერხა ჰარმონიის პოვნა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თაობებისთვისაა ეს დამახასიათებელი.