№38 კობა ბარათელი: ჩემი პროფესიის გამო ავარიების გამომწვევიც ვხდები
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მართალია, კობა ბარათელი მსახიობი არ არის, თუმცა, როლების გამო ისე კარგად ახერხებს გარდასახვებს, რთული წარმოსადგენია, რომ ის პროფესიით მშენებელია. ამბობს, რომ სხვადასხვა, მათ შორის, ქალის ტყავში შეძრომაც არ უჭირს, თუმცა, ამის გამო ბევრჯერ კურიოზულ სიტუაციაშიც ხვდება.
კობა ბარათელი: ხალხს რომ ჰგონია, ეკრანზე გამოჩენა და ხალისი მარტივია და ამბობენ: შენ რა გიჭირს, ხარხარში გიხდიან ფულსო, ასე არ არის. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საკმაოდ შრომატევადია. მაყურებლის გახალისება დიდი შრომის ფასად მიჯდება. ცხოვრება ისეთი მარტივი ნამდვილად არ არის, როგორც ეს ეკრანიდან ჩანს.
– რა რეაქცია გაქვს, როცა გხედავენ და ეცინებათ ან პანაშვიდზე სერიოზული სახით მისულს რომ გიღიმიან?
– მიყურებენ და იცინიან, მაგრამ იპოლიტე ხვიჩიას დონის მსახიობი ნამდვილად არ ვარ, პანაშვიდზე რომ დამინახავენ და გაეცინოთ. თუმცა, მიყვარს, როცა ადამიანს ვაცინებ და რამდენად გამომდის, არ ვიცი.
– ამ სიცილის მიღმა, როგორი ცხოვრება აქვს კობა ბარათელს?
– რომ გითხრათ, ეკრანის მიღმა დაღვრემილი დავდივარ-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, ხშირად არ მეცინება, ცხოვრებისგან დარტყმებიც ბევრი ყოფილა, თუნდაც ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო. ამ ბოლო წლებში, ადრეულ ასაკში ბევრი ახლობელი დავკარგე და ეს ისეთი ტკივილია, რასაც ადამიანი ვერაფრით გადაფარავს, თუმცა ჩემი პროფესია მოითხოვს, ეკრანზე სხვანაირი ვიყო და ეს განცდა დავმალო.
– პროფესიით მშენებელი ხარ. დღეს საქართველოში ეს სფერო „ყვავის“ და არ გერჩივნა, კამერის წინ დგომას, ხარაჩოზე მდგარიყავი?
– ჩინეთის კედელი რომ ავაშენე, იმის მერე ისე დავიღალე, შევეშვი ხარაჩოზე დგომას. ასე რომ, ჩინეთის კედლის აშენებით სამშენებლო სფეროში მე ჩემი ვალი მოხდილი მაქვს. ბაბილონის გოდოლი არ მაცალეს, თორემ იმასაც დავასრულებდი. ისე, ჩემი ნებართვის გარეშე, ვერცერთი მშენებლობა ვერ იწყება, მე ვაკონტროლებ საქართველოში მშენებლობის ბიზნესს. ეს ხუმრობით, მაგრამ ჩემი კორპუსის წინ, იმხელა კორპუსს აშენებენ, ჟანგბადის ბალიშებს თუ დაგვირიგებენ, თორემ აქ ცხოვრება გაუსაძლისი ხდება.
– ისე, ჟანგბადის ბალიშების ბიზნესზე რომ დაფიქრდე, ცუდი არ იქნება.
– კი, მშვენიერი იდეაა. ჩამოვკიდებ ადამიანებს ჯერ ჟანგბადის ტომსიკებს და მერე ცხვირზე დავამაგრებ „სოჩიკებს“ – აღრიცხვა რომ გავაკეთო, ვინ რამდენი ისუნთქა. ამ ბიზნესზე სერიოზულად ვფიქრობ.
– სკეტჩებში ქალის ტანსაცმლის მორგებაც გიწევს. რამდენად გიადვილდება ქალის ტყავში შეძრომა, მაკიაჟის გაკეთება, პარიკის და ფუშფუშა კაბის მორგება?
– ყველაზე მეტად გრიმის მოშორება მეზარება. მთელი სამი საათი უნდებიან ჩემს სახეზე მაკიაჟის გაკეთებას და მერე მე ვუნდები ექვსი საათი სახიდან ტუშის, პომადისა და „რუმიანების“ ჩამორეცხვას. იმდენად ვუყვარვარ გრიმს, არ მშორდება (იცინის). ერთხელ შრეკი უნდა მეთამაშა. შემღებეს მწვანედ. მას სამსახურში მარტივად, აბანოში შესვლის გარეშე, ვერ მოვიშორებდი და გადავწყვიტე, სახლში ამ ფორმით წავსულიყავი. მივუჯექი საჭეს მწვანე სახით, თვალებზე სათვალე გავიკეთე, იქნება ვერ მიცნონ-მეთქი და გავუდექი გზას. გვერდით მანქანამ ჩამიარა, მძღოლმა გოგონამ გამომხედა და რომ დამინახა, ისე შეეშინდა, კინაღამ საპირისპიროდ მომავალ მანქანას შეეჯახა. თან, სიგარეტს ვეწეოდი და ფანჯარა ჩამოწეული მქონდა (იცინის). ასე რომ, ჩემი პროფესიის გამო, ავარიების გამომწვევიც ვხდები. აი, როცა წამწამებს მიპრეხენ, ტონალურს მისვამენ და პომადას მიგოზავენ, ქალები მეცოდებიან. მართლა, რა დღეში ხართ? რომ დავინახავ „ჩაკრასკულ“ გოგოს, წარმოდგენილი მაქვს, რამდენი ხანი იყურებოდა სარკეში. თუმცა, ქალი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, თავს გავუფრთხილდებოდი, მივხედავდი და არ ვიქნებოდი ამ სისქე, მაგრამ, კიდევ კარგი ქალი არ ვარ, თორემ პირველი ბოზი ვიქნებოდი.
– რატომ, უარს ვერ ეტყოდი მამაკაცებს?
– რატომ და, ახლა ხომ ქალები მიყვარს და მაშინ მამაკაცები მეყვარებოდა (იცინის). სხვათა შორის, ჩვენი გრიმიორები, მართლა ჯადოქრები არიან. მაგალითად, ეროსი მანჯგალაძეს ისე დამამსგავსეს, არ მეგონა თუ ასე ვგავდი (იცინის). სხვათა შორის, ქალის გრიმს რომ მიკეთებენ და სარკეში ვიყურები, დედაჩემს ვგავარ. ამას წინათ კი უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მოკლედ, სოციალურ ქსელში დავდე ფოტო და ერთმა მეგობარმა კომენტარში დამიწერა: მამაშას ჰგავხარო, მეორე მეგობარმა კი – დედამისია გამოხოხებულიო. რა გამოდის? (იცინის).
– სუსტი სქესის როლის შესრულებისას, ის დამახასიათებელი ქალური სინაზე, რასაც ეკრანზე ვხედავთ, როგორღა იღვიძებს შენში?
– ზოგადად, ნაზი არსება ვარ, თან, ქალთა დღეს, 8 მარტს ვარ დაბადებული. ახლა დავფიქრდი, „კალგოტკა“ არ მცმია, ალბათ, ჩემი ზომა ვერ იშოვეს. პრობლემა კი არაა, ალბათ, რომც იშოვონ და ჩავიცვა, ასე მგონია, დენს დამარტყამს (იცინის).
– არაჩვეულებრივი მეუღლე და ქალიშვილი გყავს. ერთი ეს მითხარი, სახლში ქალების გარემოცვაში ყოფნა არ გიჭირს?
– სახლში, გენდერული ბალანსი დაცულია – ორი ქალი და ორი მამაკაცი ვართ.
– შვებულება სად გაატარე ამ ზაფხულს?
– შვებულება არ მიყვარს. ძირითადად, ქუთაისში, ჩემს ქალაქში ჩასულს, სულ სმა მიწევს და უფრო ვიღლები, ვიდრე ვისვენებ. მოკლედ, შვებულებას სულ პახმელიაზე ვატარებ (იცინის). წელს, პროფილაქტიკა ჩავიტარე, მოვერიდე სმას. აღარ ვარ 18 წლის ბიჭი, ყანწები ვატრიალო ხელში. ახლა რომ თმა მქონდეს, კი მექნება ჭაღარა, თუმცა, წარბებში რომ არ მაქვს ჭაღარა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. მთავარია, წარბები შავია და ჩემს ასაკს მალავს და ელოდონ ჩემს თმას, რა ფერი ამოვა (იცინის).
– და, მიუხედავად შენი წონისა, ძალიან მოქნილი და ელასტიკური ხარ.
– ერთ ადგილასაც ვერ ვჩერდები, ესეც დაამატე (იცინის). მიუხედავად ჩემი წონისა, ისეთი მოძრავი ვარ, დღეში 30-35 კილომეტრს გავდივარ... ოღონდ, მანქანით.