№38 ზურა მანჯავიძე: დიდმა ტკივილმა ღმერთის რწმენა გამიჩინა და ეკლესიაში სიარული დამაწყებინა
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: ზურა.
გვარი: მანჯავიძე.
პროფესია: მუსიკოსი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ძალიან ცელქი ვიყავი და ბავშვობიდან რაც ყველაზე მეტად მახსენდება, ეს არის ტრავმატოლოგიური საავადმყოფო (იცინის). ხშირად ვიტეხავდი ხელებს, თითებს და ასე შემდეგ. კლინიკაში რომ შევდიოდი, უკვე მცნობდნენ. მე თვითონ ვუხსნიდი ექიმს, რა მჭირდა: შიდა მოტეხილობა მქონდა, ნაღრძობი თუ გაბზარული ძვალი. რენტგენს რომ გადამიღებდნენ, მერე მეუბნებოდნნე: ყოჩაღ, სწორი დიაგნოზი დაუსვი საკუთარ თავსო. ფაქტობრივად, უდიპლომო ექიმი ვიყავი.
– მშობლების როლი...
– გადამწყვეტი. მამა დაკავებული იყო და ხშირი ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ ყოველ შაბათ-კვირას დავყავდით მე და ჩემი ძმა სოფელში. ამით გვასწავლა სოფლის სიყვარული და მიგვაჩვია შრომას. დედა ყოველთვის ჩემი მეგობარი იყო. ჩვენს აღზრდაში, გაზრდასა და ჩამოყალიბებაში ლომის წილი მიუძღვის. – ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– მილიონერი „მაღაზიონერი“ – ეს ჩემი გამოგონილი გამოთქმაა. მაღაზიაში რომ დავყავდი ხოლმე დედას და ვხედავდი, გამყიდველს აძლევდა ყველა ფულს, რომელსაც ყუთში ინახავდა, მეგონა, ეს თანხა მთლიანად მისი იყო. ჰოდა, ერთ დღესაც გამოვუცხადე დედაჩემს, რომ გავიზრდები, მილიონერი „მაღაზიონერი“ უნდა გავხდე-მეთქი (იცინის). მერე მსახიობობაზე დავიწყე ოცნება, რომელიც დღემდე მომყვება.
– ჩემი მეტსახელი...
– ძირითადად, „მანჯოს“, „მანჯავას“ მეძახდნენ. ერთი პერიოდი „მღვდელი“ შემარქვეს, რადგან გრძელ თმას ვატარებდი. კომუნისტური წყობის დროს სკოლაში გრძელი თმით სიარული მიუღებელი იყო. ერთხელ მასწავლებელმა მითხრა: რა მღვდელივით გაქვს თმაო და მის მერე შემრჩა „მღვდელო“. ხშირი მოტეხილობების გამო „თაბაშირასაც“ მეძახდნენ (იცინის).
– ადამიანში ვაფასებ...
– შრომისმოყვარეობას, ერთგულებასა და სიყვარულის უნარს. ძალიან მიყვარს მორწმუნე ადამიანები, ოღონდ გულით მორწმუნე და არა ეკლესიაში სხვის დასანახად რომ დადიან. სიკეთის ჩუმად კეთება რომ შეუძლიათ, მსგავს ადამიანებზე ვგიჟდები, ასეთები იშვიათად არიან ამ სამყაროში, რადგან ადამიანი ყოველთვის ელოდება უკუგებას. „მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე...“ ურთულესი რამეა. მეც ყოველთვის მიხარია, როცა მადლობას მეუბნებიან. ადამიანობის უმაღლესი ხარისხია, სიკეთის გაკეთების შემდეგ, უკან რომ არ იხედება.
– წარმატებული ადამიანი არის...
– ის, ვინც აკეთებს იმ საქმეს, რომელიც უყვარს და ამით ცხოვრობს კარგად. ბედნიერებაა, როცა დილით სამსახურში მიგეჩქარება და საღამოს – სახლში. ეს წარმატებული ადამიანის ფორმულადაც შეიძლება, ჩაითვალოს. თუმცა, წარმატება სხვადასხვანაირად გაიგება, კიდევ ისაა წარმატებული, ვინც ბევრ ადამიანს უყვარს, ვისაც იცნობენ და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, აფასებენ.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ადამიანმა ყველაფერში, ნებისმიერ მოვლენაში უნდა დაინახოს ღმერთი და ღვთიური საწყისი. უნდა ხედავდეს მის სიკეთეს, რომელიც ჩვენი მოვლინების დღიდან იწყება – მილიონიდან ერთი შანსი მოგვეცა, რომ გავჩნდით და ჩვენს სიცოცხლეს ისე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ღვთიურ საჩუქარს.
– მეშინია...
– სიკვდილის, მაგრამ უფრო მეტად მეშინია უსახური და უსახელო სიკვდილის. მეშინია იმის, რომ ცხოვრებაში არ დავუშვა ისეთი შეცდომა, რომელიც რაც
ჩემი არსებობის განმავლობაში მიკეთებია, ჩრდილს მიაყენებს. მოკლედ რომ ვთქვა, „სახელის გატეხვას, თავის გატეხვა მირჩევნია“.
ჩემი არსებობის განმავლობაში მიკეთებია, ჩრდილს მიაყენებს. მოკლედ რომ ვთქვა, „სახელის გატეხვას, თავის გატეხვა მირჩევნია“.
– ვრისკავ...
– საკმაოდ ხშირად, თუმცა ადრე უფრო რისკიანი ვიყავი. არ მიყვარს უაზრო რისკი, სიცოცხლეს რომ ეთამაშები, ასეთი რისკის მომხრე არ ვარ. სისულელე მგონია გადაჭარბებული სიჩქარით სიარული, როცა საფრთხეში იგდებ საკუთარ თავს და ხშირად, სხვის სიცოცხლესაც. შეიძლება, გარისკო შემოქმედებაში და ექსპერიმენტი ჩაატარო, მაგრამ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის თამაში მიუღებელია.
– ვერიდები...
– ახლობლების გულის ტკენას და ამის გამო, ხშირად თავად შემქმნია პრობლემა. ვინმესთვის დროულად ვერ მითქვამს რაღაც, რადგან მას მოვფრთხილებივარ, რომ არ სტკენოდა, რასაც შემდეგ უარყოფითი შედეგი გამოუწვევია. ჩემი მხრიდან ყველაფრის ამომავალი წერტილი ის იყო, რომ ზიანი არ მიმეყენებინა ვინმესთვის.
– ვემტერები...
– სიბრიყვეს, გულგრილობას, შეუბრალებლობას ბუნებისადმი და ცხოველებისადმი. გულგრილობა არის ყველაზე ცუდი რამ, რადგან ვთვლი, რომ ეს ბოროტების მარაგია.
– ბედისწერა...
– არსებობს. შენს ცხოვრებაში არის რაღაცები განსაზღვრული, მაგრამ უმეტესი ნაწილი, მაინც ადამიანზეა დამოკიდებული, საკუთარ ბედისწერას თავად ქმნის. მართალია, მასზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ არჩევანი ყოველთვის არსებობს. რამდენად სწორ არჩევანს გააკეთებ და სწორი მიმართულებით წახვალ, იმის მიხედვით ააწყობ შენს ბედისწერას.
– სიყვარული...
– ყველაფერია. ეს არის გრძნობა, რომელიც არ იხსნება და არც არავინ უნდა ეცადოს მის ახსნას. სიყვარულით უნდა იცხოვროს ადამიანმა. ეს გრძნობა რაც უფრო ამოუხსნელია, მით უფრო სასურველი და სანატრელია.
– დრო და სიყვარული...
– სხვადასხვა მხრივ შეიძლება, განვითარდეს, შეიძლება, განელდეს ან გაძლიერედეს. სიყვარულის ყველა ეტაპს აქვს თავისი ხიბლი და მინუსები. ნამდვილი სიყვარული კი არასოდეს მთავრდება.
– იდეალური ქალი არის...
– თბილი, მოსიყვარულე, ერთგული, ჭკვიანი, რაც მთავარია, მან იცის საკუთარი თავის ფასი.
– შემშურებია...
– რა თქმა უნდა, კი და ახლაც მშურს ხოლმე ვიღაცების, ოღონდ ვინმეს ცუდს ნამდვილად არ ვუსურვებ. მშურს სურვილის დონეზე და მითქვამს „მეც მინდა“. „იმას რატომ აქვს და მე რატომ არა“ – ეს არ მახასიათებს.
– სამაგიეროს გადახდა...
– ყოფილა შემთხვევა, როცა მსგავსი რამ გამიკეთებია. ძალიან მიჭირს ხოლმე შეურაცხყოფის მოთმენა და ხანდახან გამხარებია, ვისაც ჩემთან შეშლია და მერე მას რაღაც დამართნია. ცოდვა გამხელილი ჯობია და მითქვამს: „ეგეც მაგას“. თუმცა, რა თქმა უნდა, სხვისი ტრაგედია და უბედურება არ გამხარებია.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს, ოღონდ დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩემი ბრალი იყო. ცხოვრებაში ბევრი რამ შემშლია, შესაბამისად, ბევრი ბოდიშიც მომიხდია. ზოგადად, მგონია, ვისაც ბოდიშის მოხდა შეუძლია, ეს მისი ღირსებაა.
– ვნანობ...
– უფრო მეტი განათლება რომ არ მივიღე, მეტად არ ვიმუშავე ჩემს თავზე, მეტი დრო ვერ დავუთმე გიტარას... ვნანობ იმ უაზროდ გატარებულ დროს, რომელიც თუნდაც ტელევიზორთან გამიტარებია უაზრო გადაცემის თუ ფილმების ყურებაში.
– თავისუფლება არის...
– ის, როცა შეგიძლია, საკუთარი თავის რეალიზება და ამაში ხელი არ გეშლება. თავისუფლებაა, როცა გამოთქვამ საკუთარ აზრს, ნაფიქრს და არ ფიქრობ, ამის გამო შეიძლება, რაღაც მოხდეს. თავისუფლება არის მუდმივად ბრძოლის პროცესი, პირველ რიგში კი საკუთარ თავთან – შენს მეს თავად თუ არ მიანიჭე თავისუფლება, ზეციდან არაფერი „დაგეცემა“.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– 9 აპრილმა, რომელსაც შემდეგ მთელი პერიპეტიები მოჰყვა, სამოქალაქო ომით დამწყებული, აფხაზეთის ომით დამთავრებული. ჩემი ცხოვრების გარდამტეხი მომენტები დიდ ტკივილებთან არის დაკავშირებული, რომლებმაც ღმერთის რწმენა გამიჩინა და ეკლესიაში სიარული დამაწყებინა.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– მამაჩემი მეუბნებოდა: როცა დიდ წინააღმდეგობას წააწყდები, ლავირების უნარი უნდა გქონდეს, იმ ხესავით არ უნდა გაშეშდე, რომელიც ვერ გადაწვება და შეიძლება, ძლიერმა ქარმა ძირფესვიანად ამოთხაროსო.
– ცხოვრება რომ თავიდიან იწყებოდეს...
– ბევრს არაფერს შევცვლიდი, ერთადერთი, უფრო მეტს ვისწავლიდი და ვიმუშავებდი საკუთარ თავზე.