№38 ვინ გახდა ოთარ ტატიშვილის შვილის რჩეული და რატომ არ უნდა უხსენოს მას ცოლმა გენდერული თანასწორობა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მომღერალი შოთი ტატიშვილი დაქორწინდა. შოთი ყველასთვის საყვარელი ოთარ ტატიშვილის შვილია, რომელიც მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ „ვოისიდან“ გაიცნო.
შოთი ტატიშვილი: ცოლი მოვიყვანე. უფრო ადრე მქონდა დაგეგმილი, მაგრამ კორონას გამო გადაგვედო. ხელი საკუთარ დაბადების დღეზე ვთხოვე. არ იხდიდა და სიურპრიზი გავუკეთე. გადავიწყვიტე, მე გადამეხადა. ყველა შევკრიბე და ხელი ვთხოვე. ივნისში უნდა დავქორწინებულიყავით, მაგრამ 30 აგვისტოს ნიშნობა გვქონდა და 7 სექტემბერს – ქორწილი. მანამდე ერთად გადასვლაც არ გამოვიდა, ტრადიციებს ვეცით პატივი და ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით გავაკეთეთ. ძალიან გაგვიმართლა, რომ ქორწილის გადახდა მოვასწარით. ჩემი ძმაკაცის დამსახურებაა. ცხრაში მიფრინავდა და დავაჩქარეთ. საოცარი ქორწილი გამოვიდა, გრანდიოზულ კონცერტს ჰგავდა. ყველა სტუმარი ამბობდა, რომ ასეთ ქორწილში ნამყოფი არ იყო.
– ვინ არის შენი რჩეული?
– მეოთხე კურსის სტუდენტი, კავკასიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიაზე სწავლობს – მარიამ ხულელიძე. ჩემგან განსხვავებული ადამიანია. მე ძალიან აქტიური ვიყავი, ხმამაღალი ადამიანი ვარ, სიცილი, ქეიფი, დროსტარება. მარიამი, პირიქით – სიმშვიდე, სახლი, წოლა. ალბათ, ასეც იყო საჭირო, რომ ჩემი ცხოვრება დაებალანსებინა.
– პირველს ვის შეუყვარდა?
– მგონი მას, მაგრამ არ მეთანხმება (იცინის). მეც კავკასიის უნივერსიტეტი დავამთავრე. ერთ-ერთ ივენთზე ვუკრავდი. მერე „ინსტაგრამზე“ ვნახე, რომ ვიღაცას ვიდეოზე ვყავდი მონიშნული. გადავედი მის გვერდზე, მომეწონა, კარგი გოგოა-მეთქი და „სთორიზე“ გულები მივწერე. მერე რამდენჯერმე მივწერე. ბევრჯერ ვთხოვე შეხვედრა და ბოლოს მომწერა, შეყვარებული არ მყოლია და არ მინდა სერიოზული ურთიერთობებიო. შენი საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, არ გეწყინოსო. კარგი-მეთქი. ერთი კვირა აღარაფერი მიმიწერია. მერე ისევ მივწერე და დავითანხმე შეხვედრაზე. სადმე რომ ვპატიჟებდი, არსად მომყვებოდა. უბრალოდ, მანქანით ვსეირნობდით. სახლში რომ მივიყვანე, იმ დღესვე მივწერე, შენ ჩემი ცოლი გახდები-მეთქი და ავასრულე კიდეც (იცინის). წელიწადი და სამი თვე ვიყავით შეყვარებულები. მარიამისთვის პირველი ურთიერთობაა. არასდროს პაემანზე არ ყოფილა, არავისთვის საჩუქარი არ გამოურთმევია. მოხევეა, ყაზბეგიდანაა და სხვანაირი შეხედულებები ჰქონდა. მაგრამ მე ვერ გამექცა ხელიდან.
– არ მინდა, მარიამი ვაეჭვიანო, მაგრამ შენ ძალიან განსხვავებული ცხოვრება გქონდა და არაერთი სასიყვარულო ურთიერთობა.
– ახლა – აღარ, მაგრამ ეჭვიანობდა. საერთოდ, ყველაფერს ვუყვებოდი, არაფერი დამიმალავს. თავიდან კი მეკითხებოდა რაღაცებს და განიცდიდა, შენ სხვასაც ასე ეუბნებოდიო? მერე გადაუარა.
– ნათქვამი გაქვს, მთავარია, გოგომ, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, გენდერულ თანასწორობაზე არ დამიწყოს საუბარიო. ასეთია მარიამი?
– ერთ-ერთი მიზეზი, დღეს მარიამი რატომაცაა ჩემი ცოლი, ისიცაა, რომ სხვანაირად გაზრდილი ადამიანია. ტრადიციულ ოჯახში, მოხევეებში და მოგეხსენებათ, რომ იქ გენდერული თანასწორობა ცოტა ისეა. ამიტომ, მაგ კუთხით არანაირი პრობლემა არ მაქვს და როგორც ჩაფიქრებული მქონდა, ზუსტად ისეა ყველაფერი.
– მარიამ, შოთი რის გამო შეგიყვარდა?
მარიამ ხულელიძე: თურმე, „ვოისშიც“ გამოდიოდა, მაგრამ არ ვიცოდი ამის შესახებ. პირველად საგურამოში გავიგე მასზე ჩემი დაქალისგან. არ ვიცი, რატომ მოვნიშნე „სთორიზე“. ბედის მჯერა და ალბათ, ამიტომაც. პირველს მე არ შემყვარებია, თვითონ შევუყვარდი (იცინის). მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი წინააღმდეგობისა, არ დანებებულა. ძალიან ყურადღებიანია და იმდენად თბილი, რომ ორივეს გვყოფნის. ძალიან საყვარელი ადამიანია. ყველაფერს გაგიგებს და გვერდით დაგიდგება. სიტყვა ქმარი ჯერ ცოტა მეუცხოება, მაგრამ ძალიან კარგი მეგობარია.
– აქამდე არავინ ჰყვარებიაო. უკარება გოგო ხარ? გაუჭირდა შენი მოხიბვლა?
– ძალიან უკარება ვარ და რომ არა შოთის ასეთი მონდომება, დღეს ეს ურთიერთობა არ გვექნებოდა. გენდერულ თანასწორობას რაც შეეხება, ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, სადა ქალმაც და კაცმაც თავის ადგილი და მოვალეობა იცის. ქალის პატივისცემა ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო და უფროსი ყოველთვის კაცი იყო. ამიტომ, საერთოდ არ გამკვირვებია შოთის დამოკიდებულება გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯერ არაფერზე უთქვამს, ქალი ხარ და ამას არ გააკეთებო და არც მე მითქვამს, კაცი ხარ და შენი მოვალეობაა-მეთქი.
– ჩაცმაზე გართულება აქვს?
– ზედმეტად არაფერი უნდა ჩანდეს – თვითონ ასეთი დამოკიდებულება აქვს (იცინის). არც მაქვს ეს სტილი, არასდროს მაცვია ზედმეტად მოკლე ან დეკოლტე, ამიტომ არ აქვს პრობლემა.
– მამამთილს რაც შეეხება, მთელ საქართველოს რომ ძალიან უყვარს, ისეთი ადამიანია. როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?
– ძალიან მეუცხოება სიტყვები „მამამთილი“ და „დედამთილი“. ოთარიც არაჩვეულებრივი ადამიანია. ისეთივე თბილი, მოსიყვარულე და ხალისიანი, როგორიც ტელევიზიიდან ჩანს. დედამთილიც ჩემთვის კარგი მეგობარი, დაქალია. სასწაული ქალია.
– შოთი, შენ როგორ მიგიღო მარიამის ოჯახმა?
შოთი: მარიამს ძალიან კარგი ოჯახი აქვს. სამწუხაროდ, დედამ ვერ მოახერხა ქორწილში ჩამოსვლა. ამერიკაში ჩარჩა, მაგრამ იმედია, ყველაფერი მალე დალაგდება და ჩამოვა. პირველად რომ მივედი მის ოჯახში, ძალიან თბილად მიმიღეს, გემრიელად დამხვდნენ. ძალიან ვნერვიულობდი, მაინც მთაში მიდიხარ და იქ ტრადიციები გაასმაგებულად უყვართ. მაგრამ, რომ მივედი, მივხვდი, რომ სანერვიულო არაფერი იყო.
– სახლური ამბები რომელს გამოგდით?
– ჯერ სახლში არ ვყოფილვართ (იცინის). მაგრამ დარწმუნებული ვარ, მარიამს თქმა არ სჭირდება, რომ სახლი სულ მოწესრიგებული უნდა იყოს, მიკრიალებულ-დალაგებული. კეძების მომზადებას რაც შეეხება, გურმანი ვარ და მიყვარს კეთება, ამიტომ, რა თქმა უნდა, დავეხმარები.
– მარიამ, პროფესიულად რა გეგმები გაქვს?
შოთი: რა გეგმები აქვს და ბავშვები უნდა გაზარდოს (იცინის). უნივერსიტეტს რომ დაამთავრებს, ვაპირებ, რომ ერთად ჩავაბაროთ მაგისტრატურაზე, რასაც მე გადავწყვეტ, მარიამიც იქ ჩააბარებს ჩემთან ერთად (იცინის). ისეთ მიმართულებას ავირჩევ, რაც მისთვისაც საინტერესო იქნება.