№38 როგორ ატარებს ღამეებს გარდაცვლილ ცოლ-შვილთან გელა დაიაური და რატომ ვერ შეძლო მან პატრიარქის გვერდით ცხოვრება
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ახლახან, შატილის გზაზე მომხდარმა ავტოავარიამ, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი უმძიმეს მდგომარეობაშია, პოეტ გელა დაიაურს ათი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის ჭრილობა კიდევ ერთხელ გაუხსნა. 2010 წლის 22 ივლისს, მთელი საქართველო შეძრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ – მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, როცა მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში, მანქანა მოცურდა და მდინარეში გადავარდა. ამ ტრაგედიამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყვნენ გელას მეუღლე, უნიჭიერესი მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და მათი პატარა ანგელოზები – ჯარჯი და დემეტრე. თავად გელა კი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა, თუმცა, მის ცხოვრებაში გაჩნდა დიდი სიცარიელე და ტკივილი, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ღრმავდება და ამოვსება შეუძლებელია.
გელა დაიაური: როგორც ყველა ბავშვი, მეც მეოცნებე ვიყავი, ცხოვრება ფერადი და ლამაზი წარმომედგინა. გაგიკვირდებათ და, მინდოდა გამომძიებელი ვყოფილიყავი და თან, კოსმონავტობაზეც ვფიქრობდი. ვოცნებობდი, საქართველოდან პირველი კოსმონავტი ვყოფილიყავი (იცინის). ვერცერთი ოცნება ვერ ავიხდინე. მეოთხე კლასიდან შეყვარებული ვიყავი და ხშირად მიშტერდებოდა თვალები (იცინის).
– რეალური სიყვარული რამდენი წლისას გეწვია და თეონას დანახვისას თუ გიშტერდებოდა თვალები?
– რეალური სიყვარული, თეონას სახით, 33 წლის ასაკში მეწვია. მას რომ თვალებში ვუყურებდი, დიდ სიყვარულს, სითბოს და იმედს ვხედავდი. უსიტყვოდ, თვალებით მიხსნიდა სიყვარულს. ის სიყვარული არასოდეს ნელდება. პირიქით, დღითი დღე მატულობს.
– ერთმა ტრაგიკულმა, საბედისწერო დღემ მთლიანად შეცვალა შენი ცხოვრება – ერთდროულად დაკარგე ყველაზე საყვარელი ადამიანები, დაიმსხვრა დიდი სიყვარული, ოცნებები და მომავალი... ალბათ, 22 ივლისი ყველაზე რთულად გასათენებელია შენთვის.
– ათი წელი გავიდა და არა მარტო 22 ივლისი, მათ გარეშე ყველა ღამე რთულად გასათენებელია. ვცდილობ, იმ საბედისწერო დღეზე ნაკლებად ვიფიქრო და გავაანალიზო, რა მოხდა ჩემს თავს. ვერიდები იმ დღეზე ფიქრს, თუმცა ხშირად ვფიქრობ: რატომ მოხდა? რატომ მე?.. 22 ივლისიდან 22 ივლისამდე, წლიდან წლამდე სულ ფიქრში მივდივარ. ბედისწერისა რა გითხრათ, მაგრამ უფლის ნებაა ყველაფერი, მე ამის მჯერა. იმ დღეს ჩემთვის ცხოვრება, ყველაფერი დასრულდა და დარჩა დიდი სიცარიელე, რომლის ამოვსებასაც დრო ვერ შეძლებს და ის გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც კი არ ყუჩდება, დღითი-დღე იმატებს და აუტანელი ხდება. ის, ვინც ამბობს, რომ დრო ყველაფრის მკურნალიაო, ცდება... ეს სულელების ნათქვამია. ტკივილი ჩნდება გულში, მას ეჩვევი, არ ნელდება, მაგრამ სწავლობ მასთან ერთად ცხოვრებას. შეგუებული ხარ, რომ გულში უნდა გტკიოდეს და ამ ტკივილით იცხოვრო, სანამ პირში სული გიდგას. ტკივილს მერე უფრო განიცდი, როცა აანალიზებ, რა მოხდა შენს თავს.
– როგორ ფიქრობ, იმ დღის მერე, რამ გადაგარჩინა?
– სამი-ოთხი დღე აზრზე არ ვიყავი, ვერ გავიგე, რა მოხდა ვერ გავიაზრე. მერე იყო მეგობრების ყურადღება, ძმებისა და მეჯვარის გვერდით დგომა, უწმიდესთან შეხვედრა და მასთან საუბარი... მეორე მომენტი ის იყო, რომ სულის არსებობისა და სამოთხის მწამს. თუ ღმერთი არ გწამს და რწმენაში არ ხარ, ვერცერთ ტრაგედიას ვერ გადაიტან. ამან გადამარჩინა. თან, მთაში ბავშვობიდან მეტად გვაჩვევენ ტკივილთან შეგუებასა და გაჭირვებისთვის გაძლებას.
– ეს როგორ ხდება?
– ისე გზრდიან თავის მაგალითებზე, რომ სიმტკიცეს შეეჩვიო და მომავალში სიძნელეებისთვის მზად იყო. უყურებ, რომ ქმარი ცოლს არ ტირის გარდაცვალების მერე, დედა შვილს არ მიჰყვება საფლავში... დგანან მიცვალებულის წინ, სტკივათ, როგორ არ სტკივათ, მაგრამ არ ტირიან, უძლებენ.
– თუმცა, იმასაც ხომ ამბობენ, ძლიერი მამაკაცები ყველაზე მეტს ტირიანო?
– მაგალითად, მე იმდენად ძლიერი მამაკაცი ვარ, რომ ხშირად არა, მაგრამ მიტირია. კიდევ ვამბობ, იმ მომენტში გაიყინა ჩემი ცხოვრება, თუმცა სიცოცხლეს ვაგრძელებ. გონზე უნდა მოხვიდე და იცხოვრო იმ განცდითა და ტკივილით, სხვა გზა არაა. შენც იქით რომ წახვიდე, რას უშველი? ამიტომ, არ უნდა იარსებო, უნდა იცხოვრო. მეც ვმუშაობ, მათთვის ვლოცულობ და ვცდილობ, ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს.
– სიზმრად თუ მოდიან პატარები და თეონა და თუ გაქვს შეგრძნება, რომ ისინი შენ გვერდით არიან?
– რასაკვირველია, ხშირად მიგრძნია მათი არსებობა ჩემ გვერდით, თუმცა, ამაზე არ მინდა საუბარი. სხვათა შორის, ბავშვებს ხშირად ვხედავ სიზმარში, ასაკის მიხედვით არიან გაზრდილები. დაიზარდნენ – 11-12 წლის არიან ჩემი ბიჭები. 2 წელში დაიბადა ორივე. წელიწადი და ექვსი თვე იყო მათ ასაკში სხვაობა. 2 წელი და რვა თვე ვიყავით მე და თეონა ერთად და ამ პერიოდში, მთელი ცხოვრება ჩავატიეთ. თეონას კი ვერ აღვიქვამ რომ გარდაცვლილია. სიზმარში მგონია, სადღაც იყო, მოვიდა, მაგრამ დააგვიანა და ვსაყვედურობ ხოლმე. ამას წინათ გაბუტული ვნახე და ბიძაშვილს მოვუყევი. მითხრა: ალბათ, რაღაც დააშავე და ამიტომ გაგებუტაო (იცინის). თითქოს, რეალური სიზმრებია და რომ ვიღვიძებ, განცდა მაქვს, რომ ისინი მთელი ღამე მართლა ჩემ გვერდით იყვნენ.
– ტრაგედიის მერე გავრცელდა ჭორები. ამბობდნენ, რომ სმას მიჰყავი ხელი. იმასაც ამბობდნენ, რომ თავის მოკვლა გინდოდა. იყო ეს მომენტები?
– არც სმა დამიწყია და არც თვითმკვლელობა მიცდია. უწმიდესმა ილია მეორემ იმიტომ მიმიღო, რომ უთხრეს თავის მოკვლა უნდაო. როცა შევედი, მითხრა: ასე ფიქრი და ასე ცხოვრება არ შეიძლებაო. მე ჩემს წარსულ ცხოვრებას გადავხედე და ვიფიქრე: ალბათ, ჩემს წარსულ ცოდვებზე მესაუბრება-მეთქი. მერე მიმანიშნა და მითხრა: მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ თავის მოკვლა გინდოდა და ამიტომ დაგიბარეო. ახლობლებსაც ეშინოდათ და უკან დამდევდნენ. არადა, მართლმადიდებელი ვარ და ეს აზრადაც არ გამიფიქრია.
– მართალია, რომ პატრიარქმა, რაღაც პერიოდი, მის გვერდით ცხოვრება შემოგთავაზა?
– კი, მართალია. ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი მიმყვა და კურთხევა აიღო პატრიარქისგან, მონასტერსში წავსულიყავი. გულში ვფიქრობდი: ნეტავ არ დაეთანხმოს პატრიარქი-მეთქი. იმ ტრაგედიის დროს, ცოლ-შვილის გარდა ჩემი ახლობლებიც დაიღუპნენ და პატრიარქმა მითხრა: თუ გინდა, წადი სამძიმარზე და მერე მოდი და ჩემ გვერდით იყავიო. ვერ გავბედე მის გვერდით ცხოვრება და ვერც მონასტერში წავედი. ვფიქრობ, ძალიან სუფთა უნდა იყო, იქ რომ იცხოვრო.
– ის, რომ სასმელი დარდს კლავს?
– სადღაც, ორი კვირა ყოველ საღამოს ლუდს ვსვამდი, თუმცა არ გავლოთებულვარ. ჩემი პირადობა და საბუთები იმ ტრაგედიის დროს წყალმა წაიღო. რომ დამჭირდა პირადობის მოწმობა, სარკეში ჩავიხედე და შევხედე ჩემს სახეს, მივხვდი, არც თეონას ეკადრებოდა ასეთი ქმარი და არც მე – ასეთი საქციელი.
– იმ გზაზე, სადაც ტრაგედია მოხდა, რამდენი ხნის შემდეგ მოგიწია გავლა და რა იგრძენი?
– იმ გზაზე გავლა ცხრა წლის მერე მომიწია. ჩემი სოფლის ზემოთ არის სალოცავი და იქაც აღარ მივდიოდი, რომ ის გზა არ გამევლო. ცხრა წლის მერე გადავწყვიტე იქ გავლა. მეწყერი ჩამოწოლილა, მთლიანი ჭალა ჩაუტანია და ის გზაც აღარ არსებობს. და ის ადგილი რომ ვერ ვიპოვე, საიდანაც მანქანა გადავარდა, გამიხარდა. მხოლოდ, მდინარე დამხვდა. ახლახან საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ავარიას 17 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა და სოციალურ ქსელში დავწერე კიდეც: სიმძიმე ვიგრძენი, ჩემი ძველი ჭრილობა გამეხსნა-მეთქი. ყოველ მსგავს შემთხვევაზე, ჩემი ამბავი მახსენდება, უკან მაბრუნებს და ვხვდები და ვგრძნობ, რისი ატანა და რა ტკივილით ცხოვრება ელით მათ ახლობლებს მომავალში.
– თქვი, ცხოვრება გრძელდებაო და დაოჯახებაზე თუ გიფიქრია?
– დაოჯახებაზე მიფიქრია, თუმცა, ჯერ არავინ ჩანს. თუ იქნება, იქნება... თუ არა და არც ვეძებ.
– თეონას სიმღერებს დღესაც მღერიან, არ დაძველდა, არ გაიცვითა... თუმცა, მისნაირი ხმის ტემბრი და შესრულების მანერა განუმეორებელია და ის ისტორიას შემორჩა. დღეს თუ უსმენ მის სიმღერებს, თუ გიჭირს მისი ხმის გაგონება?
– თეონა ძალიან ნიჭიერი იყო. თერთმეტი საავტორო სიმღერა აქვს. თავად წერდა ტექსტსა და მუსიკას და თავად ასრულებდა. დღე არ გავა, მის ერთ სიმღერას არ მოვუსმინო და მისი ხმა არ გავიგო. სხვათა შორის, სანამ არ დავოჯახდით, თეონა ჩუმად იყო, არ აჩენდა ხმას, არ უყვარდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. ვაძალებდი: უნდა გამოჩნდე-მეთქი და მეჩხუბებოდა, არ მინდაო. თუმცა, მისი განსხვავებული ხმის ტემბრი, შესრულების მანერა მართლაც უნიკალურია. ის ისტორიას შემორჩა და ჩემს გულშიც სამუდამოდ დარჩა. პატარა იყო ტანით და „კუნწულას“ ვეძახდი. მოსწონდა და თავადაც ასე მეძახდა. ასე მგონია, რაც მეტს ვცოცხლობ, მის წილ წუთებს, წამებს, წლებს და დღეებს ვიპარავ, ასე მგონია, ჩვენი ერთად ყოფნის დრო ვერ გავანაწილე და დრო მოვპარე. მაგრამ მე რომ წავსულიყავი, იქაც ასე მარტო ვიქნებოდი, მის გარეშე. ერთი რამე ვიცი, აქაც და იქაც მის გარეშე ცარიელი ვარ, მაინც მეიმედება, ჩემი ერთადერთია, მიყვარს ჩემი კუნწულიკო გოგო. ვფიქრობ, ცოლ-ქმარი ერთად უნდა კვდებოდეს. ასეთი სიცოცხლე არ მინდოდა. სახლში სურათებიც კი არ ჩამომიკიდია კედელზე, ტელეფონში მეყენა და ისიც წავშალე. ისეც მახსოვს ისინი და მეტად დატანჯვა აღარ მინდა. მტკივა, როცა მათ ვუყურებ. მხოლოდ, თეოს პირსახოცი დავიტოვე, დანარჩენი ყველაფერი, მისიც და ბავშვებისაც ეკლესიაში წავიღე. ბავშვების ნათლობის ჯვრები კი ნათლიებს დავუბრუნე. საფლავზეც რომ ავდივარ, ვხვდები, ის მათი სხეულია, მათი სულები კი, სულ ჩემ გვერდითაა.