№38 ძველი თბილისის დამნაშავეები
ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი
მარტირუზ ნუბაროვი – მეტსახელად „მარტიშკა“, ჯიბგირი. ჯიბის ქურდები გამორჩევით ბლომად ვორონცოვის ძეგლთან იკრიბებოდნენ. ასევე, რიყეზე, საცა კონკის გაჩერებებთან იყრიდნენ თავს და იმ ასვლა-ჩამოსვლაში ხეირობდნენ და დაჯახებებსა და ერთმანეთს მიწეპებულობაში ჯიბეებში დაძვრებოდნენ. მერე ცირკთანაც დაიწყეს თავშეყრა, წარმოდგენის დაწყებისას და მის გასრულებისას მათი დროც დგებოდა და ამ ხალხმრავლობაში იოლად ჭრიდნენ ჯიბეებს, ყოფდნენ შიგ ხელებს, აცლიდნენ საათებსა და პორტსიგარებს. ისინი სარგებლობდნენ იმით, რომ პოლიციელები გამწკრივდებოდნენ გოლოვინსკის პროსპექტზე ცირკის წინ, თვალი ჰქონდათ ეკიპაჟებისკენ და მათ მოძრაობას აწესრიგებდნენ. „მარტიშკაც“ დაძვრებოდა და კარგად გამოუდიოდა. როცა ცირკში ოლგა სურის ცხენზე ჯირითი და გაწვრთნილი აფრიკული ლეოპარდები და აზიური ვეფხვები ჩანდნენ, აქ, გარეთ, „მარტიშკა“ ხვდებოდა და დაეცემოდა თავის მსხვერპლს და იშვიათად რომ ვინმე გაქცეოდა. ის 1900 წელს დაიჭირეს, როცა დავით ჯაფარიძეს 15 მანეთი მოპარა.
ფხაკაძე, ვავილკოვი და ხელაევი – თაღლითები. 1900 წელს გააცურეს ვიღაც ლეკი და აართვეს სამასი მანეთი, თუმცა ფხაკაძემ და ვავილკოვმა ხელაევი წილის გარეშე დატოვეს და ისიც მეორე განყოფილების ბოქაულ პოპოვთან მივიდა და ყველაფერი მოუყვა. პოპოვმა, რაკი თაღლითები ხელთ ვერ იგდო, ლეკი დაიჭირა. შემდეგ მას ფული გამოსძალა და გაუშვა. ლეკმა კი უჩივლა და ყველა ისინი სამართალს იქნენ გადაცემული. იმავ დროების ტფილისელი თაღლითებიდან შეიძლება, ასევე, ანტონ პიკინგერის ხსენება, თავის დამქაშ ერნსტ შტრაუსთან ერთად რომ ყიდდნენ დასტად შეკრულ სამმანეთიანების ზომაზე დაჭრილ ქაღალდებს, ვითომ და ყალბ ფულს. პიკინეგერის პიჯაკში აღმოაჩინეს 72 სამმანეთიანი და წერილი ვინმე თომა მულინის სახელზე, სადაც ყალბი ფულისა და 16 დასტა სამმანეთიანების ფორმაზე დაჭრილი ქაღალდის ყიდვას სთავაზობდა. ამ ხანებშივე ყალბი ოქროს შემპარებელი იყო ოჰანეს სარქისოვი, ძველებური ოქროს ვითომ მპოვნელი და გამყიდველი. ტფილისში მიწის თხრა ხშირი იყო. ცალკე თიხას თხრიდნენ აგურის ქარხნებთან, ცალკე – ნარიყალას ძველი დაბნეული მონეტების მაძიებელნი. სარდაფების გათხრაც არ იყო იშვიათი. სარქისოვი თიხის გასვრილ ფილებს შეაპარებდა მყიდველს, ვითომდა, შიგ ძველი ოქროთი.
ალექსანდრე რაბინოვიჩი – ქურდავდა როგორც ტფილისში, ისე რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქში. მას დაეძებდა სანქტ-პეტერბურგის სამძებრო პოლიცია და ბაქოელი გამომძიებელი. ტფილისში იძებნებოდა ვინმე რაფაელ მუშიაშვილის გაქურდვის გამო. 1905 წლის არეულობების დროს შეკრა ბანდა და ისინი ფულს სძალავდნენ მდიდარ ტფილისელებს. მუქარის წერილებს წერდნენ და სიკვდილით აშინებდნენ. მას თავად ოქრომკედით კერვის სახელოსნო ეჭირა, სათათბიროდ კი ობუხოვსკის ქუჩაზე, ღვინის სარდაფში იკრიბებოდნენ. მათ გამოძალეს ფული არიფ-ხოჯას, მდიდარ მოქალაქეს და ფულის გამოსართმევად მისული ბანდის წევრი ცეცხლაძე ჩავარდა ამაზე და ის დაიჭირეს. ბანდის ორი სხვა წევრი, ერთი – გვარად ტიგრანიანი, მამათმავალი და პატარა ბიჭების მოყვარული, ლუდხანაში შეამჩნიეს, თუმცა მათ სროლა ატეხეს და ლუდხანისა და გვერდითა ნაგებობათა სახურავებზე სირბილით გაექცნენ პოლიციას. რაბინოვიჩი კი იმავ წელს მესამე ნაწილის აკალადჩიკმა, ბექტაბეკოვმა დააკავა.
ნიკო რაზმაძე – ქურდი. დამქაშობდა სანდრო დემუროვთან და 1893 წელს მათ გიორგის მოედანზე გალუსტ თუმანოვის სარდაფი გატეხეს. სარდაფი ხშირად იმისთვის ტყდებოდა, რომ იქიდან ჭერს ჭრიდნენ და სათავსოში ადიოდნენ. ხშირად სარდაფის კედელსაც ანგრევდნენ იქიდან უფრო მდიდარ საწყობში რომ შეეღწიათ, ანდაც იმ გვერდითა სარდაფის თავზე მყოფ მაღაზიაში ამოეღწიათ. იატაკის ამომჭრელები და კედლის გამანგრეველები კიდევ ცალკე ხელობა იყო. იმათ თან ხელსაწყოები და სხვადასხვა ხსნარი მოჰქონდათ. კედლების ასეთ მნგრეველად ამ დროებაში ჩანს ისიდორე მაზიაშვილი, ლეწავდა და შლიდა, რაც რამ შეხვდებოდა. ასე გაანგრია ძმები პოღოსოვების სავაჭრო სახლის მანუფაქტურის მაღაზია და შუა ბაზარში, ნახიჩევანის მკვიდრის გეურქ მარქაროვის საწყობი, რაზედაც დაიჭირეს კიდევაც.
ღვთისავარ რამაზაშვილი – ხელის დამცლელი სალდათის ბაზარზე. 1906 წელს ის დაიჭირეს მას მერე, რაც ოგან ხეჩუმოვმა მღვდელ ინიევს მოგლიჯა ოქროს ჯვარი და რამაზაშვილს მისცა გასაყიდად. სალდათის ბაზრის დუქნები არის ავაზაკების თავშესაფარი ჯერ კიდევ ძველი დროიდან. აქ ბლომად სარდაფებია. ზედ დუქნები, ლუდხანები, სპარსელების საჩაიეები, სპარსელი სომხების ძველმანების დუქნები, მეთუნუქეები, ყასბები, სირაჯები, გერმანული ეკლესიაც კი არის. ამაში არეულია დახლები და ათასი ნახმარი ნივთი, მოყრილი ერთი მეორეზე. ნაქურდალიც იყიდება ამათ შორის. დროდადრო პოლიცია ამ დუქნებში აწყობს ჩხრეკას და შიგ ასეულობით უპასპორტო, ყოველგვარი საქმიანობისა და ხელობის გარეშე მყოფ ადამიანს აკავებს. რამაზაშვილთან ნაძარცვი მოჰქონდათ ტიგრან კაჩაროვის შაიკასაც. ის იყო იარაღის გამყიდველიც და მასთან ბლომად ნაძარცვი იარაღიც მონახეს, სხვადასხვა „მაუზერის“, „სმიტ ვესონის“, „ბულდოგის“, „მარტინის“ რევოლვერები.
შლიომა რაშკევიჩი – კონტრაბანდით ოქროსა და ვერცხლის საათების შემომტანი იყო ტფილისში ოდესელი იუველირის მიერ მოკლული რაშკევიჩის შვილი. დგებოდა „სევერნიე ნომერაში“ და იქიდან ასაღებდა სხვადასხვა მაღაზიებში. მოჰქონდა ვარშავიდან, იქაური პირველი გილდიის ვაჭარი ისააკ გინსბერგის ძვირფასეულობა. მასთან დამქაშობდა კიეველი, ასევე, პირველი გილდიის ვაჭრის, იაკობ კოხრიხტის საქონლის აქ შემომტანი სრული პობერეჟნი. მათ გააბეს ურთიერთობა ტფილისელ ოქროულობის მაღაზიების პატრონებთან, ზოგან ყალბი საბუთებით, ზოგან კი შეთანხმებით ყიდდნენ ბაჟგადაუხდელ საქონელს. 1901 წელს მათ უპოვეს 91 ოქროსა და 154 ვერცხლის საათი.
დავიდ როზენბერგი – 1900-იანი წლების ქურდი, ქერჩის მკვიდრი, ტფილისში მცხოვრები, დამქაშობდა ტფილისელ დიმიტრი იაცუნოვთან. როზენბერგი 36-ჯერ დააკავეს ქურდობაზე, მათ შორის ელისაბედის ქუჩაზე გერმანიის ქვეშევრდომი ლანგესბინის გაქურდვისას. ის ვერასევის სარძევედან გამოიტყუა თამაზ ხაბაზიანცმა და გამოიხმო ესიკოვსკების ცირკთან, ვერის დაღმართთან და იქ მოსთხოვა, რომ თავი დაენებებია მეძავ ვერა ოვსიანიკოვასთვის, რაც როზენბერგმა იუარა და ხაბაზიანცმა მას ბებუთი დაკრა მუცელში. როზენბერგი დაეცა, მერე წამოდგა, გადმოყრილი ნაწლავები უკან შეილაგა, ფაეტონში ჩაჯდა და მიხეილის საავადმყოფოში წავიდა, თუმცა მისვლისას მოკვდა.
დათიკო როინიშვილი – რვაკაციანი ბანდის წევრი 1871 წელს რომ თავს დაესხნენ კიტოევს სახლში მიხეილის ქუჩაზე და მისი შვილი სალომე დანით დაჭრეს. მას მერეც იჭერენ ალბერტ ფილადელფის ცხოველების ფილოპატში, საცა სპილო ეხატა გამოკრული დიდზე, კვერცხი ესროლა მთვრალმა და იქ ატეხილი ჩხუბის გამო დაიჭირეს. ბავშვებს აპარინებდა სხვადასხვას და როცა ჟაკ და ლუი გოდფრუას ცირკში 80-მდე ბავშვი თამაშობდა, თითქოს და ვირთხაჭერიას მოპარულები, ის ტფილისელი ბავშვების გონებას იპარავდა და საქურდად რაზმავდა. ასე მისმა პატარა დამქაშმა სალდათის ბაზარზე გენერალ კელბალი-ხან-ნახიჩევანელის ფაეტონიდან 500 მანეთად ღირებული შინელი მოიპარა და შესახვევში მიიმალა. მან გაქურდა წიგნის გამყიდველი არსენი კალანდაძე, მიხეილის ხიდზე, მესაათე პეისეხ ბერტველი და კალანტაროვის ქარვასლაში – სპარსელი ებრაელის, ხახამ დავიდ სულეიმან-ოღლის ოთახი, საიდანაც ორი რევოლვერი და 250 მანეთი მოიპარა. შემდეგ ის ჩანს 1877 წელს ბოგდან კულიბეკოვის, მეორე გილდის ვაჭრის დუქნის შელეწვისას და ამაზე აკავებენ.
(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)