№38 რის წინასწარმეტყველება შეუძლია ცისარტყელას ჩვენი მომავლიდან და რომელ სამყაროსთან გადასასვლელ ხიდად მიაჩნდათ ის ჩვენს წინაპრებს
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
ცისარტყელა - ულამაზესი შვიდფერა გვირგვინი ზეცისა: რას გვეუბნება ცაზე მისი გამოჩენა? რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი მოვლენა უყურადღებოდ არ დარჩენიათ ჩვენს წინაპრებს და შესაბამისად, მინიშნებებისა და გადმოცემების უამრავი სხვადასხვა ვარიანტი თუ მაგალითი არსებობს დღემდე. რადგან ცის კაბადონზე აფერადებული მომნუსხველი რკალი გულგრილს არავის ტოვებს, მით უმეტეს ამ სეზონზე, როცა მთასა და ბარს მოდებული ჩვენი დამსვენებელი არაერთხელ შესწრებია მას, ინტერესმოკლებული არ იქნება ისიც გაიგოს, რა უწინასწარმეტყველა ამ შვიდფერა სასწაულმა მომავლისთვის. მით უმეტეს, რომ ცისარტყელას ცაზე გამოსახვა, ძირითადად, ციური სიძლიერის გამოვლინებად და ბედნიერებად აღიქმებოდა ძველთაგანვე. მაშ, რატომ გვახარებს მისი ხილვა ცაზე ან რის წინასწარმეტყველება შეიძლება მისი საშუალებით? - პასუხს კითხვაზე გაგვცემს ეზოთერიკოსი ბატონი შალვა ფ.
- ძველთაგან ხალხს ძირითადად მიაჩნდა, რომ ცისარტყელა, ანუ ეს ციური მოვლენა, გახლდათ ხიდი გარდაცვლილთა სულების მკვდართა სამყაროში გადასასვლელად. თუმცა, ამ ვერსიის პარალელურად, იყო უამრავი მინიშნებაც, რაც ცისარტყელას გამოჩენას სხვადასხვანაირად ხსნიდა.
- ძირითადად რას უკავშირდება ეს მინიშნებები?
- გააჩნია, რა კუთხით დაინახავთ. მაგალითად, როცა ცისარტყელას გაშლილი რკალი თითქმის მიწამდე ეშვება, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი; ხოლო თუ პირიქით, რკალი მკვეთრადაა გამოხატული და თან, მიწის ზედაპირიდან შორს, ეს ძლიერ გვალვას მოასწავებს; თუ ცისარტყელას ფერებში მწვანე ჭარბობს, წვიმების პერიოდი დიდხანს გასტანს; ყვითელი თუ დომინირებს - ეს გამოდარების ნიშანია და მალე ამინდი დასტაბილურდება; ხოლო წითელი ფერის მომატება, ძლიერი ქარის საწინდარია. ზოგჯერ ცისარტყელა წვიმის გარეშეც გამოჩენილა ცაზე, რაც მისი წარმოშობის ბუნებას ეწინააღმდეგება, თუმცა მინიშნება ამ მოვლენას იმით ხსნის, რომ მალე ცივი და მკაცრი ზამთარი მოგვადგება კარს. თუ ქალს ვაჟის გაჩენა სურს, უნდა მონახოს ადგილი, საიდანაც ცისარტყელა იწყება და იქ ჩაიფიქროს თავისი სურვილი. შეყვარებულებისთვის კი ცისარტყელა მყარი ოჯახის, ბედნიერებისა და იღბლიანობის სიმბოლოა. ამიტომაცაა, რომ ქორწილში სიძე-პატარძლის მაგიდას სხვადასხვა ფერის ბუშტებით მორთული თაღი ადგას თავს, რაც თავისთავად მეუღლეთა ბედნიერი ერთობლივი ცხოვრების გამოხატულებაა.
- იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ცაზე ორმაგი ცისარტყელაც ისახება ხოლმე, რას მიგვანიშნებს ეს?
- ერთი ცისარტყელა ხომ კარგია და მისი დანახვა იღბლიანს გაგხდით, მაგრამ იცით, როგორ გაგიმართლათ, თუ ცაზე ერთბაშად ორია გამოსახული? ასეთი მოვლენის შემსწრეთათვის ყველა გზა ხსნილია: შეგიძლიათ, ჩაიფიქროთ ნებისმიერი სურვილი და მისი მასშტაბების მიუხედავად, აუცილებლად აგისრულდებათ. თუმცა ასეთ იღბლიან მოვლენასაც აქვს თავისი კანონები: სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შესრულდება, თუ ამით სხვას არ აყენებთ ზიანს. ნეგატიური სურვილები არ აცხადდება.
- რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ცისარტყელას საზოგადოებისთვის?
- შუა საუკუნეების პერიოდის მხატვრები სამეფო ტახტს ცისარტყელას ფორმისას გამოსახავდნენ, რაც ხელისუფალის ღვთაებრივი წარმოშობის სიმბოლო გახლდათ. ხოლო მისი სამი ძირითადი ფერის: წითლის, მწვანისა და ლურჯის გამოსახვით ტილოზე, ძველი თაობა ახალს დიდი წარღვნის, ხანძრისა და ახალი მიწის შესახებ შეახსენებდა. თუმცა, ყველაზე მეტად, ცისარტყელას ამინდის ცვლილების მაუწყებლად მიიჩნევდნენ და გრძელვადიან პროგნოზსაც გამოითვლიდნენ ხოლმე მისგან თვეების მიხედვით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა აპრილის პირველ ჭექა-ქუხილსა და მას შემდეგ გამოჩენილ ცისარტყელას, რაც დედამიწაზე გაზაფხულის ჭეშმარიტ შემობრძანებასა და ზამთრის დასასრულს ნიშნავდა. ასევე, საყურადღებოა თავად ელვა და ჭექა-ქუხილი, რადგან ეს მოვლენა თეთრი და ბნელი ძალების შერკინებად მიაჩნდათ ჩვენს წინაპრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს გახლდათ ბრძოლა ზამთარ-გაზაფხულს შორის ამინდზე ლიდერობისთვის. ელჭექის შემდეგ თუ ცაზე ცისარტყელა გამოჩნდებოდა, ამას ნათელის ბნელზე გამარჯვებად მიიჩნევდნენ, ხოლო ხსენებული შვიდფერა რკალის გამობრწყინების გარეშე, ეს მოვლენა ბნელი ძალების გამარჯვებას ნიშნავდა, რაც ცუდი ამინდის კიდევ დიდხანს გაგრძელებაზე მიუთითებდა. ზამთარში ცისარტყელა ძლიერი სიცივისა და ყინვის მაუწყებელია, რომელსაც რაიმე გართულება არ მოჰყვება. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ასეთი მოვლენის დროს ჩვენ გვერდით ვერცხლისჩლიქოსანი ჯადოსნური არსება დარბის, რომლის ჩლიქის დარტყმითაც ფერადი ქვები და ოქრო წარმოიქმნება.
- ახლა შემოდგომაა და ზაფხულის შელევა გვიჭირს. შესაბამისად, ვნატრობთ, რომ შემოდგომაზეც გაგრძელდეს თბილი ამინდი. ამაზე რას „გვეტყვის“ ცისარტყელა?
- შემოდგომის ცისარტყელა, როგორც გადმოცემა გვეუბნება, ნიშანია იმისა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში წვიმა და სიცივე გაგრძელდება, მაგრამ მალევე გაივლის და შემოდგომა თბილი ამინდით კიდევ დიდხანს გაგვანებივრებს. თუმცა, ცისარტყელას მიხედვით რომ გაარკვიო, როგორი ამინდი გელოდება წინ, ბევრი რამის ცოდნა სულაც არ არის საჭირო. საკმარისია, სულ რამდენიმე ელემენტარული წესი გაითვალისწინო და ყველაფერი ნათელი გახდება: თუ ცისარტყელა დილაადრიან გამოისახა ცაზე, წვიმა მოვა, მაგრამ თუ საღამოს შენიშნეთ ის, შემდეგ დღეს აუცილებლად კარგი დარი დადგება; თუ ცისარტყელა წვიმის დროს გამოჩნდა, ავდრის დასასრულს კი - გაქრა, მაშინ ამინდის ცვლილებაა მოსალოდნელი, ხოლო თუ არც წვიმის დროს გამოისახა და არ მას შემდეგ, უსიამოვნებას ელოდეთ; მაგრამ თუ ცაზე ერთბაშად რამდენიმე სახის ცისარტყელა აფერადდა, მაშინ ამინდი ძალიან მალე დასტაბილურდება.