№38 ჰაკერი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #37(1028)
ნატო მელაძე გაბისონიასთან 30 ივლისს იყო, ხოლო ოთხი დღის შემდეგ, ანუ 3 აგვისტოს, ყოფილ პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკს ამ საქმის მოკვლევისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სრული მასალები ჰქონდა. ბესიკმა ყურადღებით შეისწავლა მის ხელთ არსებული საბუთები და ჩაფიქრდა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაბისონია თვალებდახუჭული იჯდა სავარძელში. ასეთ დროს ბესიკი ანალიზს უკეთებდა საქმის მასალებს და მასთან ლაპარაკი აკრძალული იყო. ეს კარგად იცოდა თორნიკე მახარაძემ და ისე იყო გასუსული სავარძელში, რომ ოთახში ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით. ანალიზი რომ დაასრულა, გაბისონიამ თვალები გაახილა და მახარაძეს უთხრა:
– ამ მასალებისა და ნატოს მონათხრობის შეჯერებისა და ანალიზის შედეგად შემიძლია, თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით ვთქვა, რომ ზეზვა გიგაური მოკლულია. უბედური შემთხვევა კი – გათამაშებული. მოკვლევის მასალებში წერია, რომ მდინარეში გადავარდნილ „ბეემვეში“ დამცავი ბალიში იყო გახსნილი და გარდაცვლილი ღვედებით იყო საიმედოდ შეკრული. ექსპერტიზის დასკვნაში კი სიკვდილის მიზეზად დასახელებულია არმატურით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა ხერხემლიდან დიაფრაგმის მიმართულებით, რასაც მდინარეში გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს. მდინარეში ბეტონის ძველი საყრდენია, რომელზეც მსხვილი არმატურაა და მანქანა რომ ათმეტრიანი სიმაღლიდან გადავარდა, არმატურამ ჯერ მანქანის გარსი გახვრიტა, შემდგომ კი მძღოლს გამჭოლი ჭრილობა მიაყენა და ადგილზევე მოკლა. ანუ, ბეტონზე ამოშვერილმა არმატურამ მანქანა და მძღოლი ასეთ მდგომარეობაში გააქვავა და პოლიციას ასე დახვდა. ახლა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის, ანუ გაკვეთის დასკვნას ჩავუღრმავდეთ და სწორედ იქაა დამარხული ძაღლის თავი. ამ დასკვნაში პათოლოგ-ანატომს დაღუპული გიგაურის სხეულზე ყველა დაზიანება აქვს აღწერილი. მათ შორისაა შუბლის არეში, თვალებს შუა მიყენებული დაზიანება, რის შედეგადაც თავის ქალის ის ადგილი გაბზარულია. ეს დაზიანება, ჩემო თოკა, გარდაცვლილს წყალში გადავარდნამდე აქვს მიყენებული, რადგან ფოტოებზეც ჩანს და ისედაც აშკარაა, რომ ცხედარი ზურგითაა ჩამოცმული არმატურაზე, ხოლო მანქანის წინა მხარე, ფაქტობრივად არცაა ჩაღუნული. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩაღუნვა ვერ მისწვდებოდა გიგაურის შუბლს. ანუ, გიგაური ვიღაცამ ჯერ შუბლში ძლიერი დარტყმით გათიშა, შემდგომ კი მისი „ბეემვე“ დიდი სისწრაფით გადააგდო მდინარეში, რაც ძალიან იოლი საქმეა. ხვდები, რას ვამბობ?
– დიახ. ვხვდები, ბატონო ბესო, – მიუგო გაბისონიას მახარაძემ.
– ძალიან კარგი, ჩემო თოკა, რომ ხვდები. მკვლელობა სახეზე გვაქვს. ახლა კი ის უცნობი ან უცნობები უნდა მოვძებნოთ, ვინც იმ ღამეს ეს მკვლელობა მოაწყო. ამიტომ უნდა ამოვიღოთ გიგაურის ტელეფონზე შემავალი ზარები ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში და მათი ანალიზი ჩავატაროთ, რომ ბოროტმოქმედებზე გავიდეთ. ასევე, უნდა მოვიპოვოთ ვიდეოკამერების ჩანაწერები თბილისში, გიგაურის მოძრაობის სავარაუდო მარშრუტებზე იმ ღამეს და ასევე, თბილისიდან მცხეთის გზაზე. თანაც, ეს ყველაფერი საიდუმლოდ უნდა განვახორციელოთ, რადგან ინტუიცია მკარნახობს, რომ ძალიან დიდ დანაშაულთან გვაქვს საქმე, – თქვა გაბისონიამ.
– ბატონო ბესო, შეიძლება, რაღაც დავამატო? – მოკრძალებით იკითხა მახარაძემ.
– დაამატე, – უპასუხა გაბისონიამ.
– ბატონო ბესო, როგორც ნატო მელაძე ამბობს, – გიგაური არ სვამდაო, ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გიგაურის ორგანიზმში ალკოჰოლის მნიშვნელოვანი დოზაა აღმოჩენილი, გამოდის, რომ მას მერე, რაც გიგაური გათიშეს, მას პირში ბოთლით სპირტიანი სასმელი ჩაასხეს, რომ სიმთვრალისა და უბედური შემთხვევის ვერსია გაემყარებინათ. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხიდის შორიახლო ის ბოთლი ან ბოთლის ნამსხვრევები ეყაროს, საიდანაც მკვლელებმა გათიშულ გიგაურს პირში სასმელი ჩაასხეს, – თქვა მახარაძემ და გაჩუმდა.
– ყოჩაღ, თოკა. შენ თვალსა და ხელს შუა იზრდები. ძალიან საყურადღებო აზრია. ახლავე წავიდეთ და იქნებ ბედმა გაგვიღიმოს, ბოთლი ან მისი ნამსხვრევები ვიპოვოთ, – თქვა გაბისონიამ და მახარაძეს გაუღიმა.
ათიოდე წუთის შემდეგ, ბესიკ გაბისონია და თორნიკე მახარაძე შავი „ბეემვეთი“ მცხეთისკენ მიემართებოდნენ. მათ ჯერ შემთხვევის ადგილი მოინახულეს და ხიდი დაათვალიერეს, რომლის ჯებირიც განგრეული და ჯერ კიდევ შეუკეთებელი იყო. შემდგომ უკან გაბრუნდნენ და იმ რადიუსში შეუდგნენ ბოთლის ძებნას, სადაც, სავარაუდოდ, გიგაურის „ბეემვე“ იყო გაჩერებული იმ ღამეს. გაბისონიამ თვალები მოიჩრდილა, აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და მახარაძეს უთხრა:
– გიგაურის „ბეემვე“, სავარაუდოდ, აქ გაჩერდა. ის ჯერ გათიშეს, შემდგომ სასმელი ჩაასხეს პირში და თუკი ბოთლი გადააგდეს, ამ რადიუსში უნდა ვეძებოთ.
დეტექტივების წყვილი გულდასმით შეუდგა ბოთლის ძებნას და სავარაუდო არეალში ორი ცალი შამპანურის, ერთი ცალი არყისა და ერთიც „ბორჯომის“ შუშის ბოთლი იპოვეს, რომელსაც სპირტის სუნი ასდიოდა. ბოთლები თორნიკემ ცალ-ცალკე პაკეტებში ჩაალაგა და გაბისონიას უთხრა:
– კიდევ მოვძებნოთ, ბატონო ბესო?
– სავარაუდო არეალი გადავჩხრიკეთ და საკმარისია. უკვე ორი საათია ამ ადგილებს ვათვალიერებთ. წავედით, ახლა ვიდეოკამერებს დავაკვირდეთ ტრასაზე, ვნახოთ, რას მოგვცემს და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ, – თქვა გაბისონიამ და მანქანისკენ გაემართა.
დღის სამი საათი იყო და აგვისტოს მცხუნვარე მზე მთელი ძალით აჭერდა მცხეთის შემოგარენს. მანქანამ თბილისისკენ აიღო გეზი.
კერძო დეტექტივების ამ საქმიანობას ერთ-ერთი ფეშენებელური ახლომდებარე აგარაკიდან შუა ხნის მამაკაცი დურბინდით გულდასმით ადევნებდა თვალ-ყურს. ეს აგარაკი სამასიოდე მეტრში, ტყეში მდებარეობდა და დურბინდიანს არცერთი მოძრაობა არ გამოჰპარვია. ხოლო, როდესაც გაბისონია და მახარაძე წავიდნენ, მოთვალთვალე მესამე სართულის ვერანდაში შებრუნდა და სავარძელში მჯდომ ოცდათხუთმეტიოდე წლის მამაკაცს უთხრა:
– მე მგონი, პრობლემები გვაქვს, ჯემალ.
– რა პრობლემები, ბატონო გასტონ? – იკითხა ჯემალმა.
გასტონმა ჯემალს ფურცელზე დაწერილი მანქანის ნომერი მისცა და უთხრა:
– აი, ამ შავი „ბეემვეს“ მფლობელი დამიდგინე, ოღონდ ფრთხილად. თანაც ჯუმბერი და ჯონდო მომითრიე აქ სასწრაფოდ.
***
– აი, ბატონო გასტონ, თქვენ რომ შავი „ბეემვეს“ მფლობელის ვინაობის დადგენა დამავალეთ, ყველაფერი აქ წერია, – უთხრა ჯემალმა შუახნის მამაკაცს და ფურცელი მიაწოდა.
გასტონმა ფურცელზე ჩამოწერილი მონაცემები წაიკითხა და სახეწამოჭარხლებულმა უთხრა ჯემალს:
– ესე იგი, ოცდარვა წლის თორნიკე მახარაძე, ვისაც შავი „ბეემვე“ ეკუთვნის ბესო გაბისონიას კერძო დეტექტიურ სააგენტოში მუშაობს. დურბინდით რომ ვათვალიერებდი მდინარის შემოგარენს დღისით, გულმა მიგრძნო, რომ რაღაც „ნიტო იყო“. ის ორი ტიპი ბოთლებს „ჩიჩმავდნენ“ იქ და სწორედ ამიტომ დაგავალე ჯუმბერისა და ჯონდოს აქ მოთრევა. სად არიან ამდენ ხანს?
– ბორჯომში, ბატონო გასტონ და მალე ჩამოვლენ. როგორც კი დავურეკე და ვუთხარი, რომ იბარებდით, მაშინვე წამოვიდნენ, – მიუგო ჯემალმა და მორიდებით იკითხა, – მაინც, რა მოხდა, ბატონო გასტონ?
– ის მოხდა, ჯემალ, რომ გამოსირებულები არიან ეგ შენი ჯუმბერი და ჯონდო და სუფთად მუშაობა არ შეუძლიათ! თუკი ჩემი ვარაუდი გამართლდა, მაშინ მაგათი თავიდან მოშორება მოგვიწევს, – თქვა გასტონმა.
– გასაგებია, მაგრამ რატომ? – იკითხა ჯემალმა.
– ამ ნაბიჭვრის დაღუპვაზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და პოლიციამ დაღუპვის ფაქტი უბედურ შემთხვევად გამოაცხადა. იქ კი, ანუ იმ ადგილზე, სადაც ის ნაბიჭვარი მითიშეს და პირში არაყი ჩაასხეს, კერძო დეტექტივები დღეს ბოთლებს ეძებდნენ და რამდენიმე ბოთლი კი თან წაიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ კერძო დეტექტივები დაიქირავა და ისინი სწორ გზაზე დგანან. თუკი ჯუმბერმა და ჯონდომ არყის ბოთლი თან არ წაიღეს და შორს იმ ადგილიდან მდინარეში ან სანაგვეში არ გადაისროლეს და იქვე დააგდეს, მაშინ გამორიცხული არაა, რომ დეტექტივებმა სწორედ ის ბოთლი იპოვეს. ჩაუტარებენ დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზას და ჯონდოზე ან ჯემალზე გავლენ, რადგან მათი თითების ანაბეჭდები, როგორც არაერთხელ ნასამართლევი პირების, პოლიციის კარტოთეკაშია. ხოლო თუკი მათზე გავიდნენ და აალაპარაკეს, მაშინ ჩვენზე გამოვლენ, ახლა გასაგებია?
– დიახ. გასაგებია, – თქვა ჯემალმა და დაამატა, – აი, მოვიდნენ, ბატონო გასტონ. ჯუმბერის მანქანა გაჩერდა ჭიშკართან.
ჯემალი ოთახიდან გავიდა, ათიოდე წუთის შემდეგ კი ჯონდომ და ჯუმბერმა გასტონს უთხრეს, რომ როდესაც ზეზვა გიგაურს პირში ჭაჭა ჩაასხეს, „ბორჯომის“ შუშის ბოთლი მდინარეში მოისროლეს.
– დარწმუნებულები ხართ, რომ ბოთლი ნამდვილად მდინარეში ჩავარდა?
– იკითხა გასტონმა.
– დიახ, ბატონო გასტონ. მე მთელი ძალით მოვიქნიე ბოთლი, – თქვა ჯუმბერმა. ჯონდომ კი დაამატა:
– კი. ბოთლი ნამდვილად მდინარეში ჩავარდებოდა. რომ არა, მაშინ მსხვრევის ხმას გავიგონებდით.
***
მცხეთური ვოიაჟიდან ხუთი დღის შემდეგ, ბესო გაბისონია და თორნიკე მახარაძე, როგორც ამას ყოფილი პოლიციელი უწოდებდა, ირიბ კვალზე გავიდნენ. მართალია, ვიდეოკამერების გაშიფვრამ მხოლოდ ის დააფიქსირა, რომ ზეზვა გიგაური 16 ივლისის ღამეს თბილისიდან მცხეთაში თავისი „ბეემვეთი“ მარტო ჩავიდა და მას არავინ დამგზავრებია, მაგრამ ზეზვას გათიშვის სავარაუდო ადგილზე ვიდეოკამერები არ იყო და გაბისონიას აზრით, მკვლელები სწორედ იქ შეხვდნენ ზეზვას. ეს მოსაზრება ირიბად დაადასტურა „ბორჯომის“ შუშის ბოთლმა, რომელშიც ჭაჭა ესხა და რომელიც კერძო დეტექტივებმა მდინარის პირას მოიძიეს. ამ ბოთლზე ჯუმბერ კულაშვილის თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა. პოლიციის კარტოთეკაში კი ავჭალელი კულაშვილი დაფიქსირებული იყო, როგორც ორჯერ ნასამართლევი ბოროტმოქმედი. პირველი ხუთი წელიწადი მან ადამიანის დაჭრისთვის მოიხადა. კიდევ ხუთი წელი კი ციხეში დიდი რაოდენობით მსხვილფეხა საქონლის ქურდობისთვის გაატარა. დეტექტივების ტანდემმა მოიძია და გაშიფრა გიგაურის მობილურზე შემავალი ზარები და გაირკვა, რომ 15 ივლისს, ღამის თერთმეტ საათზე ზეზვა გიგაურთან დაირეკა იმ ამბონენტის ნომრიდან, რომელიც ვინმე ჯილდა კოკინაშვილზე იყო დარეგისტრირებული. გაბისონიამ რომ ეს მონაცემები შეაჯერა და გააანალიზა, თორნიკე მახარაძეს უთხრა:
– თოკა, ჯერჯერობით ირიბ კვალზე ვდგავართ, მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ მკვლელებს ვასხდეთ კუდზე და ძალიან ფრთხილად, მაგრამ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. კულაშვილის ასავალ-დასავალია გასარკვევი და ჯილდა კოკინაშვილიც უნდა გავშიფროთ. ამიტომ, ახლავე შევუდგეთ საქმეს.
დეტექტივებმა დაადგინეს ისიც, რომ ჯილდა კოკინაშვილის საყვარელი იყო ჯონდო ოლიანიძე. ამის შესახებ გაბისონიას ოლიანიძის ცოლმა ჟანამ უთხრა. ჟანა ოფიციალურად არ იყო გაყრილი ოლიანიძესთან, მაგრამ მისი სახლიდან წამოსული იყო. გაბისონიამ ქალს მისი მშობლების ბინაში მიაგნო, ესაუბრა და ქალმა მას უთხრა:
– იმ ჩათლახს გადაეკიდა, ჯილდაა ერთი, კოკინაშვილი, ძველი ბორდელის ბოზი.
***
გასტონ პაპაშვილი თავის კაბინეტში იმყოფებოდა და ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა, როდესაც მას ჯვებე კორიანი ეახლა.
– აბა, რას მეტყვი, ჯვებე, რით გამახარებ? – უთხრა გასტონმა ჯვებეს.
– ცოტა რთულადაა საქმე, – თქვა კორიანმა.
პაპაშვილს სახეზე მწვანე ფერმა გადაჰკრა და ჯვებეს სიტყვა გააწყვეტინა:
– რთულად? სირთულეში რას გულისხმობ?
– რას, ბატონო გასტონ და იმას, რომ გაბისონია კვალზე გავიდა და ჯილდა კოკინაშვილი – ჯონდოს საყვარელი დაჰკითხა. იმ კრეტინს გიგაურთან ამ ქალის ტელეფონიდან დაურეკავს და შეხვედრაზე დაუბარებია, – თქვა კორიანმა.
– ქალს რა უთქვამს მერე გაბისონიასთვის? – იკითხა გასტონმა.
– ულიმიტო ტელეფონი მაქვს და ჯონდო ხშირად რეკავდა იქიდან. მე არაფერი ვიციო. ქალმა მართლაც არაფერი იცის, მაგრამ გაბისონია სწორ კვალს მიჰყვება და დროზეა შესაჩერებელი, – თქვა კორიანმა, პაპაშვილმა კი უთხრა:
– მერე, მიდი, ეს საქმე შენ კარგად გამოგდის.
– გაბისონია უნდა მოვიტაცოთ და ავალაპარაკოთ.
– მართალი ხარ. მიდი და იმოქმედე, – თქვა გასტონ პაპაშვილმა.
– ბიჭებისთვის უკვე მიცემული მაქვს დავალებები და ამ საკითხზე მუშაობენ, – მიუგო პაპაშვილს კორიანმა და ოთახიდან გავიდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში