№38 მაცდური
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #36-37(1028)
***
ჯვრისწერის დღეც დადგა. გვანცამ ძმა და რძალი ადვილად „მოტეხა“ სიტუაციიდან. რძალთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, მაგრამ მარადიულ „კაიფში“ მყოფი ძმის ჯერ ტაძარში და მერე სუფრაზე მისვლა ნამდვილად არ სურდა. გვანცას უნდოდა, გათხოვების დღიდანვე შეეცვალა თავისი ცხოვრება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, თავიდანვე გადაეკეტა მისი ოჯახისკენ მიმავალი გზები დედისთვის და ძმისთვის, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ორჯერ ჰყავდა ნანახი, ისიც უგონო მდგომარეობაში...
მაკა მაინც მივიდა შვილის ჯვრისწერაზე. როგორც იტყვიან ხოლმე, „სამკვდრო-სასიცოცხლოდ“ იყო გამოპრანჭული – აშკარად თავის ყოფილ კავალერზე უნდოდა შთაბეჭდილების მოხდენა. შთაბეჭდილებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ არჩილმა იცნო ყოფილი სატრფო, თუმცა არა მაშინვე. „ძალიან კი ცდილობს, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, მაგრამ მაინც მაგრად მოტეხილა“, – გაიფიქრა კაცმა, როცა ამ ბოტოქსებიან-სილიკონებიან ქალში მაკა ამოიცნო. თუმცა არ შეიმჩნია, თავაზიანად მიესალმა, ხელი ჩამოართვა, სასიამოვნოა თქვენი გაცნობაო, – უთხრა ოფიციალურად და სხვა სტუმრებთან გადაინაცვლა.
მაკამაც, ცხადია, იცნო ახალგაზრდობის დროინდელი თაყვანისმცემელი და დააპირა კიდეც გამოცნაურება, მაგრამ კაცის მკაცრი და გაქვავებული სახის დანახვაზე ჭკუა იხმარა და ხმა აღარ ამოუღია.
არჩილმა თავისიანებს არაფერი უთხრა, მაგრამ მოსვენება დაკარგა. მაკას დანახვაზე საშინელ ხასიათზე დადგა და ცოლს დაუწყო თვალის დევნება. თავადაც და მაკაც ჩუმად იყვნენ, მაგრამ ლალი თავს ვერ შეიკავებდა და ამდენ ხალხში ისეთი სამარცხვინო სკანდალი მოხდებოდა, შესაძლოა, ლაშას ქორწილის დღესვე დანგრეოდა ოჯახი. მაგრამ, საბედნიეროდ, ლალიმ ვერ იცნო მძახალი, რომელმაც ოდესღაც ჯერ საქმრო, მერე კი ქმარი კინაღამ წაართვა. სხვათა შორის, არც გვანცა იყო ნაკლებად შეშინებული, მაგრამ საშიშროების პირველმა ტალღამ მშვიდობიანად გადაიარა.
მაკას ძალიან უნდოდა, თავი გამოეჩინა იმ წრეში, რომელიც მისთვის ყოველთვის მიუწვდომელი იყო, თუმცა შვილმა არ მისცა ამის საშუალება: ლაპარაკიც აუკრძალა, ცეკვაც, სიმღერაც და სხვა აქტივობებიც. უფრო მეტიც, როგორც კი სუფრიდან პირველი სტუმრები წავიდნენ, გვანცამ დედამისს მკლავში წაავლო ხელი, ღიმილ-ღიმილით სულ ძალით გაიყვანა გარეთ, რესტორნის წინ გაჩერებულ ტაქსიში ასევე ძალით ჩატენა და ძალიან მკაცრად უთხრა:
– სანამ მე არ დაგირეკავ, მოსვლა არ გაბედო, იცოდე. არც გასაცილებლად მოხვიდე და არც დასახვედრად. დღეს ბეწვზე გადავრჩი შერცხვენას და ჩემს მომავალს რისკზე ვეღარ დავდებ. როცა მომენატრები, მე თვითონ გინახულებ, მანონიკო, ხომ გაიაზრე, რაც გითხარი? – მერე მძღოლს მისამართი უთხრა, ფული გადაუხადა, ტაქსის კარი მიაჯახუნა და რესტორანში ისეთი ღიმილით დაბრუნდა, ვერც ვერავინ მიხვდა, სად იყო და რა გააკეთა. მხოლოდ ლაშამ შენიშნა ახალშერთულ ცოლს დაძაბულობა, მაგრამ არაფერი უკითხავს, თუმცა სადღაც გულის კუნჭულში მიხვდა, რომ ეს დაძაბულობა მაკას გამოჩენით იყო გამოწვეული. მხოლოდ ლალიმ ჰკითხა რძალს, დედაშენი სად არის, ვერ ვხედავო.
– შეუძლოდ გახდა და გავაცილე. თქვენ ბოდიში შემოგითვალათ, რომ დაუმშვიდობებლად მოუწია წასვლა, – უხერხულად გაუღიმა გვანცამ და მაშინვე ქმრისკენ გაეშურა.
სახლში მისულმა მაკამ აკანკალებული ხელით გააღო ბინის კარი, შუქი არც კი აუნთია, ისე დაემხო ტახტზე და მთელი ხმით აბღავლდა. ცხოვრებაში პირველად ტიროდა ასე გულწრფელად და ასე ხმამაღლა. პირველად იგრძნო, რომ მთელი მისი ცხოვრება შეცდომებით სავსე კი არა, ერთი დიდი შეცდომა იყო და მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ვის მიუძღოდა ამაში ბრალი. მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ მეორე შვილიც სამუდამოდ დაკარგა, მაგრამ უცებ იგრძნო, რომ დიდად არ დასწყვეტია გული.
„დაბადების წუთიდან დაკარგული მყავდა ორივე, იმიტომ, რომ არასდროს არ ვყოფილვარ მათთვის დედა... ვერასდროს ვერ მოვიცალე შვილებისთვის და ორივე დავღუპე. გოგიტას ნამდვილად აღარაფერი ეშველება, თუმცა, არც გვანცას ბედნიერ მომავალში ვარ დარწმუნებული. ერთხელ უკვე ვუთხარი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ მთლიანად ჩემი დამპალი გენები აქვს: როგორი კარგი კაციც არ უნდა აღმოჩნდეს მისი ქმარი და როგორ ბედნიერადაც არ უნდა იგრძნოს თავიდან თავი, მაინც მოჰბეზრდება სიმშვიდეც, ბედნიერებაც, სიყვარულიც; მაინც ახალი სიყვარულის ძებნას დაიწყებს. ასე ვიყავი მე და ასე იქნება ისიც. ვიცი, რასაც ვამბობ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არ ვცდები, მაგრამ ღმერთს ვთხოვ, რომ არ ვცდებოდე. ოღონდ კი ვცდებოდე და, თუ უნდა, ნუღარასოდეს გამცემს ხმას“, – ფიქრობდა მაკა და თან ხმამაღლა მოთქვამდა. მერე ამ ტირილში ნელ-ნელა დამშვიდდა და ძალიან ღრმა ძილით ჩაეძინა.
დილით გვიან გაახილა თვალი. ნაცემივით იყო. სარკეში რომ ჩაიხედა, ტირილისგან ისეთი დასიებული ჰქონდა სახე, საკუთარი თავი ვერ იცნო. მაშინვე გავარდა აბაზანაში, ცივი წყალი შეიშხაპუნა და სახეზე ცივი კომპრესები დაიდო.
სინდისის ქენჯნა და აფეთქებული დედობრივი გრძნობები, რაც ცხოვრებაში პირველად იგრძნო წინა საღამოს, უკვე განელებული ჰქონდა. მის გულში ახლა მხოლოდ წყენა და პატივმოყვარეობაღა იყო დარჩენილი. ამიტომ გადაწყვიტა, არანაირი კონტაქტი აღარ ჰქონოდა ქალიშვილთან.
– რომც დამირეკოს და მეხვეწოს, მუხლებზე რომ დაემხოს ჩემ წინ, აღარასოდეს შევურიგდები. მეყო მისგან ამდენი დამცირება და საყვედური. მეც ადამიანი ვარ, ბოლოს და ბოლოს. მეც მაქვს თავმოყვარეობა! მორჩა! დამთავრდა! ახლა მხოლოდ საკუთარ თავს ვეკუთვნი! – ეს მონოლოგი ტახტზე წამოწოლილმა წარმოთქვა, თან სველ ტილოებს ინაცვლებდა სახეზე. მერე წამოდგა, მაცივარში შეიხედა და ნაირ-ნაირი გემრიელობები რომ დაინახა, გაუხარდა. მაშინვე ეცა მობილურს და თავის დაქალს დაურეკა.
– ქეთუსი, მე ვარ. გამოდი, რა ჩემთან კარგი სასუსნავები მაქვს. თან, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და მარტო ყოფნა არ შემიძლია. ხომ მოხვალ? ჰო, ახლავე წამოდი. იმიტომ ვგიჟდები შენზე, ასეთი ბეზატკაზნი რომ ხარ. არა, ყველაფერი მაქვს, მარტო სიგარეტი წამომიღე და ფულს აქ მოგცემ. უბრალოდ, გარეთ ვერ გავდივარ, ისე ცუდად ვგრძნობ თავს. აბა, გელოდები!
მაშინვე გამოუსწორდა ხასიათი, თუმცა წუხანდელმა საკუთარი თავის მხილებამ მაინც დაუტოვა სინდისის ამოფრქვევიდან დარჩენილი ცოტაოდენი ნალექი და უცნაური კრიტიკული განწყობა თავისი პერსონის მიმართ: ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მისი პიროვნება გაორდა და ერთი მათგანი მეორეს გარედან აკვირდებოდა თუ უთვალთვალებდა. ამის მიუხედავად, მაინც ღიღინით გააწყო სუფრა სამზარეულოში და დაქალის მოსვლას დაელოდა. თავიდან ეგონა, ქეთუსის დავიბარებ და გულს გადავუშლიო, მაგრამ რატომღაც უცებ გადაწყვიტა, რომ თავისი შვილი სხვასთან არ უნდა განეკითხა, მასზე არ უნდა ეჭორავა და, ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილმა, სრულიად განყენებული თემა მოიფიქრა საჭორაოდ.
***
ქმრის გვერდით და ქმრის ოჯახში გვანცამ პირველად იგრძნო, რა არის ნამდვილი ბედნიერება, ანუ სიმშვიდე, ზრუნვა, გულწრფელობა და სიყვარული ერთად. ეგონა, სიზმარში იყო და უნდოდა, ეს სიზმარი არასდროს დამთავრებულიყო.
ლაშა ხელისგულზე ატარებდა. დედამთილ-მამამთილი თვალებში შესციცინებდა. ქმრის ნათესავები თან ჰყვებოდნენ. ასეთ იდილიას მიუჩვეველი გვანცასთვის ეს იყო ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე. მისთვის ეს ახალი მდგომარეობა იმდენად ძვირფასი იყო, რომ ყოველ ღამით, დასაძინებლად დაწოლისას, ეშინოდა, ვაითუ, დილით, როცა გავიღვიძებ, ეს ყველაფერი აღარ დამხვდესო. ამიტომ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, შეენარჩუნებინა ეს სამოთხე.
დედას ძირითადად მესიჯებით ეკონტაქტებოდა, ისიც დაახლოებით თვეში ერთხელ და ორიოდე ფრაზით: „როგორ ხარ? ჩემთან ყველაფერი წესრიგშია. თუ ფული დაგჭირდეს, მომწერე“, – და მეტი არაფერი. გულნატკენი მაკა არც ფულს სთხოვდა, არც პასუხს სწერდა და არც ურეკავდა. თვითონაც უკვირდა, ასეთი პრინციპული და თავმოყვარე რომ აღმოჩნდა. უკვირდა, მაგრამ მოსწონდა და ამაყი იყო თავისი საქციელით.
გვანცას უხაროდა, რომ მაკა მოსაგერიებელი აღარ ჰყავდა, ოჯახში კი, როცა ლაშა და ლალი ეკითხებოდნენ, დედაშენი რატომ არ მოდის ჩვენთანო, ხან რას იგონებდა და ხან – რას. ბოლოს ქმარმა და დედამთილმა იფიქრეს, ალბათ, უცნაური ხასიათის ქალიაო და შეკითხვებს თავი დაანებეს.
საბოლოოდ ისე წარიმართა საქმე, რომ დედა თავისთვის ცხოვრობდა, შვილი – თავისთვის და, პრინციპში, ორივე კმაყოფილი იყო, რადგან ერთ დღეს ორივემ აღმოაჩინა, რომ ერთმანეთისგან დაისვენეს.
ბედნიერების პიკს კი გვანცამ მაშინ მიაღწია, როცა ქორწინებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე ტყუპი ქალ-ვაჟი გააჩინა. სიხარულისგან ჭკუიდან გადასულმა ლაშამ ცოლს უძვირფასესი მანქანა უყიდა, სამშობიაროდან გამოყვანისას კართან დაახვედრა და გასაღები ხელში ჩაუდო.
გვანცა არაჩვეულებრივი ცოლი და დედა გამოდგა. ქმარმა ბავშვებს ძიძა აუყვანა, მაგრამ ძირითადად მაინც თვითონ უვლიდა შვილებს. სამსახურშიც კი არ გავიდა მთელი სამი წლის განმავლობაში. მერე კი საერთოდ დაანება თავი მუშაობას და მთელი ცხოვრება ბავშვებს მიუძღვნა.
ლაშა ხშირად დადიოდა მივლინებებში და, სადაც არ უნდა ყოფილიყო, დღეში რამდენჯერმე ელაპარაკებოდა ცოლს სკაიპით. რამდენიმე ხნის შემდეგ ლაშა დააწინაურეს და მისი მივლინებები კიდევ უფრო გახშირდა, სახლიდან შორს ყოფნის ხანგრძლივობა კი ერთიორად გაიზარდა. მართალია, ასეთ დროს ლაშა თავის მეჯვარესა და ტყუპების ნათლიას, გიორგის ავალებდა გვანცასა და ბავშვების მიხედვასა და მშობლების დახმარებას, მაგრამ ერთ დღეს, თავისთვისვე მოულოდნელად, გვანცამ იგრძნო, რომ საშინლად მობეზრდა ეს ერთფეროვნება: შვილების მოვლა, სახლში ჯდომა, ქმრის ლოდინი, დედამთილის მოსაბეზრებელი ისტორიების მოსმენა, მამამთილის დაძაბული საუბარი. რაღაც პერიოდის შემდეგ კი მიხვდა, რომ ქმარიც მობეზრდა: აღარც მისი ზრუნვა სიამოვნებდა და აღარც ერთფეროვანი ალერსი და სიყვარული. რაღაც ახალი მოუნდა – ახალი ემოციები, ახალი პერსონაჟები, დედისთვის საქმის გარჩევები... ყელში ამოუვიდა დედამთილ-მამამთილთან მონოტონური და მდორე კეთილგანწყობილი ურთიერთობა და, ზოგადად, ცხოვრება ინტრიგების გარეშე. მთავარი კი ის იყო, რომ მიხვდა: ახალი მამაკაცი უნდოდა – უფრო ცეცხლოვანი, უფრო მკაცრი, უფრო მომთხოვნი – სექსში, რა თქმა უნდა. ერთი სიტყვით, იგრძნო, რომ მაკას ენამ უყივლა – მასში დედის გენებმა გაიღვიძა, კი არ გაიღვიძა, ვულკანივით იფეთქა და თავისი მოითხოვა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში