კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 შეცდომა

ტიმოტი სტეტჰემი                               

 ჯორჯ სტაფორდი ბავშვობიდანვე ინერტული იყო. მას არავინ არაფერს ეკითხებოდა. ყველაფერს მშობლები წყვეტდნენ. რა უნდა ეჭამა, რა ჩაეცვა, სად ესწავლა ან როგორ დაესვენა. მამამისი დიდგვაროვანი არ იყო, მაგრამ რაღაც მანქანებით ფული იშოვა და საკუთარი საბროკერო კომპანია შექმნა, რომელიც ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ მალე გაფართოვდა კიდეც. ერთ-ერთ დირექტორად ჯორჯი დაინიშნა, მაგრამ ის ნომინალური დირექტორი იყო. ყველაფერს მაინც ჯორჯი უფროსი წყვეტდა. ერთადერთი, რაც ევალებოდა, ძვირფას კაბინეტში ჯდომა იყო. ჯორჯ უმცროსსაც საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მალე არაფრისმკეთებელ, დონდლო არსებად იქცა. იმ ზაფხულს დედამისმა გადაწყვიტა, რომ ჯორჯი არისტოკრატულ საზოგადოებაში უნდა გამოჩენილიყო. მისცეს შვებულება და ელიტურ პანსიონში – „ტისბერიში“ გაამწესეს.
„ტისბერი“ განსაკუთრებული პანსიონი იყო, იქ ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ მოხვდებოდა. წესით, ახალგაზრდა კაცს არც უნდა ნდომოდა ამ პანსიონში ყოფნა, რადგან ხანდაზმული არისტოკრატების გარემოცვაში მოწყენილობისგან სიკვდილი ელოდა, მაგრამ ჯორჯი დაემორჩილა მშობლების სურვილს და გაემგზავრა. დასვენების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. საზოგადოება, რომელიც პანსიონში შეიკრიბა, ძირითადად, მაღალი სოციალური სტატუსით იყო წარმოდგენილი. გრაფინიები და ბარონესები, ღირსეული ჯენტლმენები... მაგრამ მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა სამოცდაათი წლის იქნებოდა. ჯორჯს არც ეს უდარდია. ეძინა, ტბასთან სეირნობდა, მზეს ეფიცხებოდა და ზოგჯერ წითელი ხით მოპირკეთებულ ბიბლიოთეკაში შეივლიდა ხოლმე, სადაც პატივცემული საზოგადოება, გერბიან ფურცლებზე წერილებს წერდა. ფურცლებიც და გერბიც, რა თქმა უნდა, ექსკლუზიურად ტიტულიანი იყო. ჯორჯს უცებ ძალიან მოუნდა, მასაც დაეწერა წერილი, თანაც ტიტულიან ფურცელზე. წავიდა ადგილობრივ მაღაზიაში და ყველაზე ძვირფასი ფურცლები შეიძინა. თუმცა, არც ისეთი ძვირფასი იყო – მოოქრული კიდეები კი ჰქონდა, მაგრამ გერბის ნაცვლად, კიდეში უცნაური ძროხა ეხატა. აალებული რქებით და ოქროსფერი შარავანდედით. ჯორჯი მოჩუქურთმებულ მაგიდას მიუჯდა და დედისთვის გასაგზავნი წერილის წერა დაიწყო. უცებ იგრძნო, რომ ვიღაც მხარს ზემოდან დაჟინებით ჩასცქეროდა მის ფურცელს და გაღიზიანებულმა მეტიჩარას წყრომით გახედა. მსგავსი მშვენიერება მის თვალებს არ ენახა. ქალიშვილი ოცდაორი წლის იქნებოდა. ჟღალი თმა და დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა. ჯორჯმა გაოცებისა და აღფრთოვანებისგან პირი დააღო.
– ოჰ, ეს გერბი... დედიკო, ის არის, შეხედე? როგორი სიმპათიური ახალგაზრდა კაცია.
სანამ ჯორჯი გონს მოეგებოდა, მასთან გამოპრანჭული ქალი მივარდა და სულმოუთქმელად მიაყარა:
– რა კარგია, რომ შეგხვდით, ეს ჩემი ქალიშვილი სესილია. ხომ ლამაზია. მე მისის უილერი გახლავართ. მოხარულები ვიქნებით, თუ სადილზე შემოგვიერთდებით.
გაოგნებულმა ჯორჯმა თავი დაუქნია და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მომდევნო ერთი კვირა, სესილის კლანჭებისგან თავი ვეღარ დაეხსნა. ქალიშვილი არც დილას ასვენებდა, არც საღამოს. ხან ტბაზე ნავით გასეირნებას სთხოვდა, ხან აუზში ცურვაზე შემეჯიბრეო და თუ ჯორჯი დამარცხდებოდა, მასთან, მინიმუმ, ორი გეიმი ჩოგბურთი უნდა ეთამაშა. ერთი სიტყვით, სიქა გააცალა. მალე სესილი გათამამდა და ჯორჯს აშკარად ეხუტებოდა, ხან ლოყაზე ჰკოცნიდა. დაბნეული ჯორჯი, რომელიც ისედაც მიჩვეული იყო მორჩილებას და თან სესილის სილამაზემ გააბრუა, წინააღმდეგობას არ უწევდა.
ჩრდილში თავისთვის იჯდა და ფიქრობდა, როგორ ეტყოდა მშობლებს სესილისთან თავისი ურთიერთობის შესახებ,  როცა ქალიშვილი უკნიდან მიუახლოვდა და მოეხვია.
– საყვარელო, მგონი, დროა დედაჩემს დაელაპარაკო. ის უკვე რაღაცას ეჭვობს.
– ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით რაღაცას ეჭვობენ, – მოიღუშა ჯორჯი, – რატომ სხვა არ არის დედაშენი. ეგ ქალი ძალიან მაღიზიანებს.
– დაელპარაკები, თუ არა? – გაანჩხლდა ქალიშვილი, თვალი მოჰკრა, რომ მკოცნიდი.
– ჯერ ერთი შენ მაკოცე და მეორეც, შენ არ მშორდები გვერდიდან, ამიტომ შენ დაელაპარაკე.
– როგორი მშიშარა ხარ და რამდენი ნაკლი გაქვს. კარგი, მე დაველაპარაკები. მაგრამ შენც ჩემთან ერთად უნდა იყო.
ჯორჯმა პასუხად მხოლოდ ამოიოხრა.
მისის უილერი აშკარად მომზადებული იყო საუბრისთვის. თავისი საუკეთესო კაბა ჩაეცვა და დადარაჯებულს ჰგავდა. იმ მონადირესავით, ზუსტად რომ იცის, მის დაგებულ მახეს ნადირი ვერსად წაუვა.
– დედა, ჯორჯს შენთან რაღაც აქვს სათქმელი, – წკრიალა ხმით დაუძახა სესილიმ.
ქალმა თავი დააქნია
– დიახ. მე ველოდებოდი, როდის ინებებდა ბატონი გრაფი ამ თემაზე საუბარს. კინაღამ ვიფიქრე, რომ იმ უსინდისო ჯენტლმენების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც წესიერი ქალიშვილის ღირსება არად ადარდებთ.
ჯორჯი შეცბუნდა:
– გრაფი? მე გრაფი არ ვარ, ქალბატონო, სინდისი კი ნამდვილად მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ამ დღემდე მქონდა.
– რატომ ცდილობთ თქვენი ნამდვილი ვინაობის დამალვას? თქვენ გრაფი ვუდსტოკსი ხართ. აი, ამ გაზეთში ყველაფერი წერია, – მისის უილერმა გაზეთი აუფრიალა ცხვირწინ.
ჯორჯმა გამოართვა და გადაშალა. გაზეთი ორი კვირის წინანდელი იყო და ელიტურ ქრონიკებში ეწერა: „ცნობილი გრაფი ვუდსტოკსი თავისი მამულიდან ლონდონში გაემგზავრა, საიდანაც გეზს ნიუპორტისკენ აიღებს და ერთ ერთ ცნობილ პანსიონში დაბინავდება.
– კი მაგრამ, ამასთან მე რა კავშირი მაქვს?
– როგორ, ნიუპორტში, მხოლოდ ეს ერთი ღირსეული პანსიონია. თანაც, თქვენი გერბი – ცეცხლოვანი ურჩხული. ვერაფერს გამომაპარებთ. სესილი საგანგებოდ ჩამოვიყვანე. გოგონამ იყოჩაღა. ახლა კი ცდილობთ, პასუხისმებლობას გაექცეთ. სხვას რას ინებებთ?
– ღმერთო, ერთადერთი, რასაც ვინებებდი. თქვენ მისი, ანუ ჩემი ცოლის დედა არ იყოთ. არანაირი გრაფი მე არ ვარ. რა ჩემი ბრალია, თუ რქებზე ცეცხლმოკიდებული ძროხა დრაკონში აგერიათ?
ქალი სიბრაზისგან გაწითლდა.
– ძროხას და დრაკონს ერთმანეთსგან ვარჩევ. თქვენ... თქვენ... უსინდისო ყოფილხართ. სესილი თქვენი ცოლი არ იქნება. ამას მე გპირდებით. სასწრაფოდ უნდა დაშორდეთ ერთმანეთს და აღარასდროს ნახოთ.
– ჯვარი ადგილობრივმა მღვდელმა დაგვწერა. თანაც სესილის ვუყვარვარ.
– არა, სესილი იმას გააკეთებს, რასაც მე ვეტყვი! – იყვირა ქალმა, – გრაფი ხარ, თუ არა, ამას კიდევ გავარკვევთ.
ჯორჯი ოთახიდან გავარდა და კარი გაიჯახუნა.
საღამოს მასთან ნომერში სესილი მივიდა.
– მართლა არ ხარ გრაფი? – ჰკითხა და მხარზე მიეხუტა.
– არა, მე ჯორჯ სტაფორდი ვარ. მდიდარი მამა მყავს, მაგრამ არა – ტიტულოვანი. ესე იგი, შენი როლი კარგად ითამაშე, არა?
– რა მექნა, დედას უნდოდა გრაფზე გავეთხოვებინე, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მე შენი ცოლი ვარ.
– მერე დედაშენი?
– ყავაში საწამლავი ჩავუყარე. ვეღარ გაიღვიძებს. შეუძლია, მშვიდად იძინოს და სიზმარში ნახოს, როგორ გავთხოვდი გრაფზე.
ჯორჯმა შიშით, მაგრამ უნიათოდ გაიღიმა და წარმოიდგინა, რა ელოდა მის მშობლებს, თუკი ამ ქორწინებას წინ აღუდგებოდნენ.
          თარგმნა
ნინო წულუკიძემ      


скачать dle 11.3