№38 რა კავშირშია ფერები ადამიანის ბედ-იღბალთან
ბინის თითოეულ ოთახს თავისი დანიშნულება აქვს, თუმცა დიდ გავლენასაც ახდენს ჩვენს განწყობასა და ყოველდღიურობაზე. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მათ ფერს სწორად შეარჩევთ. როცა სახლის რემონტს იწყებთ, უნდა გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები, ხოლო, თუ უკვე მოწყობილ ბინაში ცხოვრობთ და ინტერიერის შეცვლის სურვილი გაგიჩნდათ, დაიწყეთ დეკორის ელემენტებით.
* მწვანე ფერი – ხის ფერია, რომელიც გაზაფხულთან და ზრდა-განვითარებასთან ასოცირდება. ის განასახიერებს მშვიდობას, კურნავს სტრესისგან, ამცირებს სულიერ ტკივილსა და შფოთვას. მწვანე უხდება საძინებლებს და იმ ოთახებს, სადაც ადამიანი ისვენებს. ღია მწვანე ფერი, იდეალურია საბავშვო ოთახისთვის. თუ არ გსურთ მთლიანი ოთახი მწვანედ შეღებოთ, მაშინ ამ ფერის ელემენტები ინტერიერში შეიტანეთ.
* წითელი – ცხოვრებისეული ენერგიის გამომხატველი, მკვეთრი და გამომწვევი ფერია. განაგებს სიძლიერესა და ვნებას. წარმატებით გამოიყენება საწინააღმდეგო სქესის მოსაზიდად. ის ათბობს განწყობას და იქცევს ყურადღებას. ეს ფერი ასოცირდება ცეცხლთან, სიცხესთან და სიმდიდრესთან. დაუშვებელია წითელი ფერის გამოყენება საბავშვო ოთახის მოწყობისას. თუ გსურთ, გქონდეთ მხურვალე და ვნებიანი პირადი ცხოვრება, გაამრავალფეროვნეთ საძინებელი წითელი ფერით, თუმცა, მთლიანად ნუ შეღებავთ, ვინაიდან, შეიძლება, უძილობის მსხვერპლი გახდეთ. უმჯობესი იქნება, საძინებელი ჩალისფრად შეღებოთ და დეკორის წითელი ელემენტებით მორთოთ.
* ცისფერი და ლურჯი – ცისფერი, სიმშვიდის ფერია. მას ძლიერი დამამშვიდებელი გავლენა აქვს და სამყაროს შეცნობის სურვილს აღძრავს. ლურჯი ფერი კი ამძაფრებს ინტუიციასა და ადამიანის სულიერ მისწრაფებებს. ეს ორივე ფერი, იდეალურია აბაზანისთვის.
* ყვითელი ფერი – მზის, აყვავებისა და წარმატების სიმბოლოა და განასახიერებს პოზიტივს. ყვითელი აცოცხლებს ყველაზე უღიმღამო გარემოს, განაპირობებს ადამიანში კეთილგანწყობასა და სიცოცხლის ხალისს. ეს ფერი აქტიურად გამოიყენება წარმატების მისაღწევად. შეიტანეთ ის თქვენს ბინაში სულიერი სიმშვიდის, სითბოს, კარგი განწყობისა და პოზიტიური აზროვნების მოსაზიდად. იდეალურია სასტუმრო ოთახის გასაფორმებლად. შეგიძლიათ, მთლიანად ოთახი შეღებოთ ღია ლიმონისფრად ან ინტერიერი ყვითელი ფერის ელემენტებით გაამდიდროთ როგორც სასტუმრო ოთახში, ასევე, სამზარეულოში, მაგრამ, ის ნეგატიურია აბაზანისთვის. ყვითელი კარგია გონებრივი შესაძლებლობების სტიმულაციისთვის. ამ ფერის ტანსაცმელი ან აქსესუარები რეკომენდებულია მორიდებული ადამიანებისთვის.
* ოქროსფერი – პატივისცემისა და შენდობის ფერია. ამ ფერის თბილ ანარეკლს ადამიანის ცუდი განწყობის შეცვლა შეუძლია, მოაქვს ოპტიმიზმი და აძლიერებს ღირსების შეგრძნებას, აღვივებს ადამიანში ყველა დადებით თვისებას. ოქროსფერი ფულის ფერია, წითელთან შეხამებაში კი ის სიმდიდრისა და ბარაქის სიმბოლოა. ინტერიერში ოქროსფერი, ყველაზე ხშირად სწორედ მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად გამოიყენება.
* ნაცრისფერი – იდეალურია მოსაცდელი ოთახისთვის და შემოსასვლელისთვის.
* ყავისფერი – სტაბილურობის ფერია, უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნებას. კარგია ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. იდეალური ფერია სასადილო ოთახის, სამზარეულოსა და საძინებლისთვის.
* იასამნისფერი – ძალაუფლებასა და სიმდიდრეს განასახიერებს. მჭიდრო კავშირშია ადამიანის სულიერ მხარესთან, აღვივებს ფანტაზიის უნარს, აერთიანებს ენერგიულობასა და სიმშვიდეს. არ შეეფერება ისეთ ოთახებს, სადაც ადამიანი ისვენებს. ბარაქისა და შემოსავლის გააქტიურებისთვის ეს ფერი ყველაზე კარგად სიმდიდრის ზონაში გამოავლენს თავს. თუ ზედმეტად მეოცნებე ნატურა ხართ, მოერიდეთ ამ ფერს.
* სტაფილოსფერი – მოაქვს წარმატება, სიკეთე და კეთილგანწყობა. საბავშვო ზონაში პოზიტიური ენერგიის დამკვიდრება, სწორედ სტაფილოსფერის საშუალებით შეგიძლიათ. ასტიმულირებს გონებრივ აქტივობას, ფანტაზიის უნარსა და წარმოსახვას. სასურველია მისი გამოყენება ოფისებში, სასტუმრო და საკლასო ოთახებში. ის ხელს უწყობს გონებას, დიდი რაოდენობით აღიქვას და მაქსიმალურად დაიმახსოვროს მთელი ინფორმაცია.
* თეთრი – განასახიერებს ადამიანის წმინდა, უბიწო ზრახვებს. სახლში არ უნდა დომინირებდეს მხოლოდ თეთრი. ის საკმაოდ ცივ ფერად არის მიჩნეული, ამიტომ გაამდიდრეთ თეთრი კედლები სხვა ფერების საშუალებით.