№38 ვისი დავალებით მუშაობდა ლავრენტი ბერია მოწინააღმდეგის დაზვერვაში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ლავრენტი ბერია რომ ძალიან მოხერხებული და მზვერავის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო, ამაზე მისი ბიოგრაფიის არაერთი ეპიზოდი მეტყველებს... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ვლადიმირ კალინინი წერს: „ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე (ბერია ამ დროისთვის უკვე ექვსი თვის მოკლული იყო და მის როლს ორეული ასრულებდა). ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იყო სამშობლოს ღალატი და ჯაშუშობა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ უამრავ ხელოვნურად შექმნილ აბსურდს შორის ერთ-ერთი „უტყუარი ფაქტი“ ბერიას მოღალატეობისა იყო ბურჟუაზიული აზერბაიჯანის მუსავატურ დაზვერვაში მუშაობა... 1919-1920 წლებში ბერია, მართლაც, მსახურობდა მუსავატურ დაზვერვაში, თუმცა, ის იქ სტალინის მიერ იყო შეგზავნილი და მას ანასტას მიქოიანი და სერგეი კიროვი კურირებდნენ. ამის თაობაზე წამოჭრილი პოლემიკა 1933 წელს თავად სტალინმა დახურა, რომელმაც ბერიას ოპონენტებს პირდაპირ განუცხადა, რომ მუსავატურ დაზვერვაში ბერია ბოლშევიკებზე მუშაობდა და უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს გვაწვდიდაო. თუმცა, 1953 წელს მიქოიანს სიტყვაც კი არ დაუძრავს, რომ ბერია მოღალატე არ იყო... ან კი როგორ დაძრავდა, რადგან თავადაც ანტიბერიული შეთქმულების მონაწილე იყო, თუმცა თავადაც კარგად უწყოდა, რომ როდესაც „წითელი არმია“ ბაქოს ასაღებად ემზადებოდა, „მოღალატე“ ბერია მუსავატების შტაბიდან ბოლშევიკებს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინფორმაციებს აწვდიდა. ბერია, ამასთანავე, ხელმძღვანელობდა ბოლშევიკთა არალეგალურ ჯგუფებს აზერბაიჯანის დედაქალაქში. მათ კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდათ და „წითელი არმიის“ მოახლოებასთან ერთად ქალაქში შეიარაღებული აჯანყება უნდა დაეწყოთ. ლავრენტი ბერიამ ისარგებლა რა მუსავატური კონტრდაზვერვის მიერ გაცემული საბუთით, ამ მიზნისთვის, არალეგალურად, ბაქოში ათასი ცალი შაშხანა, ასაფეთქებელი მოწყობილობები და უამრავი ტყვია-წამალი შეიტანა და ისეთ ადგილზე და ისე დააბინავა, რომ სხვები ამ არსენალს ვერ დაეუფლებოდნენ და გახსნის მცდელობისას ყველაფერი ჰაერში აიწეოდა. ამის შესახებ იცოდა, აგრეთვე, იატაკქვეშელმა მუხტარ ბაირამოვმა, თუმცა ის ბაქოს ქუჩებში შექმნილი შეტაკების დროს ცხენოსანმა პატრულმა მოკლა და ერთადერთი ბერია დარჩა, ვისაც არსენალის გახსნა შეეძლო. თუმცა, 1930 წლის იანვარში მუსავატურმა კონტრდაზვერვამ ბერიაზე ეჭვი მიიტანა და ის იძულებული გახდა, არალეგალურ მდგომარეობაზე გადასულიყო რამდენიმე დღეში კი ბაქო დატოვა და თბილისში გაემგზავრა, სადაც, ასევე, არალეგალურად ცხოვრობდა.
1920 წლის აპრილის დასაწყისში კი, როდესაც წითელი არმია ბაქოს ასაღებად ემზადებოდა და გაიცა ბრძანება, რომ აჯანყებისთვის მომზადებულიყვნენ, ბერიას კვლავ ბაქოში დაბრუნება დაავალეს. ამ დროისთვის აზერბაიჯანის დედაქალაქი უკვე ისე იყო ჩაკეტილი, იქ შესვლა ურთულეს საქმეს წარმოადგენდა. მით უმეტეს, ბერიასთვის, რადგან მას ეძებდნენ. მისი ფოტოები კედლებზე იყო გაკრული და ბერიას დაჭერისთვის ან თუნდაც მკვლელობისთვის 50 ათასი ოქროს მანეთი იყო დაწესებული, რაც კოლოსალურ თანხას წარმოადგენდა... სერგო ორჯონიკიძის მეუღლე, ზინაიდა ორჯონიკიძე თავის მოგონებებში წერდა: „ბაქოში აჯანყება რომ უნდა დაწყებულიყო, პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, იქ არალეგალურად სერგო გაიგზავნა. თუმცა, მხოლოდ ბერიამ იცოდა, როგორ უნდა გაეხსნათ ბაქოს არსენალი და იქ ბერიას ჩაყვანაც აუცილებელი იყო. სერგო ორჯონიკიძე ბერიას არ იცნობდა და თბილისში ის სერგეი კიროვმა გააცნო. ბერია სერგოსთან ერთად მატარებლით ბაქოში გაუშვეს. თუმცა, გზაში ისინი ერთმანეთს არ ეკონტაქტებოდნენ, ვითომ ერთად არ იყვნენ. ადგილზე რომ ჩავიდნენ, სერგოს საბუთები შეუმოწმეს და ქალაქში შეუშვეს. ბერიას საბუთებში ეწერა, რომ თითქოს ყრუ-მუნჯი იყო და აზერბაიჯანის დედაქალაქში სამკურნალოდ მიემგზავრებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბერიას ყრუ-მუნჯური ენის მცოდნე მოუყვანეს და ის დაელაპარაკა. ბერიამ კი წარმატებით გაართვა თავი ამ გამოცდას და მანაც ჟესტების ენით გასცა პასუხები შემმოწმებელს. ამის შემდეგ ბერიაც შეუშვეს ბაქოში. ცოტა ხანში კი საიდუმლო არსენალიც გაიხსნა. ბაქოში აჯანყება დაიწყო და აზერბაიჯანი გასაბჭოვდა, რაშიც სერგოსა და ლავრენტი ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვით...“ საგულისხმო ფაქტია, რომ ლავრენტი ბერიას და – ანა ყრუ-მუნჯი იყო და ბერიამ სწორედ ამიტომ იცოდა ეს ენა, რაც მას ძალიან დაეხმარა ბაქოში შესაღწევად და ბოლშევიკთა დავალების შესასრულებლად.
ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ როდესაც ბაქოში „წითელი არმია“ შევიდა და ქალაქი აიღეს, ბერიაც იქ იმყოფებოდა და უკვე ლეგალურ მდგომარეობაზე იყო გადასული. კავკასიის ფრონტს კი მიხეილ ტუხაჩევსკი ხელმძღვანელობდა. მისი ჯარისკაცები განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და ქალაქსაც ძარცვავდნენ. ბერიამ მას შტაბში მოაკითხა და კატეგორიულად მოითხოვა ამ ყველაფრის აღკვეთა, რაზეც ტუხაჩევსკიმ ბერიას აგდებული პასუხი გასცა. ბერია კი უკან დახევას არ აპირებდა და მომავალი მარშლისკენ გაიწია.... არავინ იცის, რით დამთავრდებოდა ყველაფერი, შუაში სერგო ორჯონიკიძე რომ არ ჩამდგარიყო და სიტუაცია არ გაენეიტრალებინა. თუმცა ბაქოში განუკითხაობა შეწყდა და ბერიას მოთხოვნა დაკმაყოფილდა.“