№38 ექიმის რჩევები
კითხვა: ჩემი ქმარი სახსრების გამო სვამდა მეტოტრექსატის აბებს. ვგეგმავთ ორსულობას და რამდენი თვე უნდა იყოს გასული, რომ ნაყოფს საშიშროება არ შეექმნას.
პასუხი: მეტოტრექსატი არ წარმოადგენს უკუჩვენებას ორსულობისთვის და ინტერვალის გაკეთება არ არის საჭირო.
კითხვა: მირჩიეთ ისეთი პრეპარატი, რომლის მიღების შემდეგაც პაციენტს ალკოჰოლის მიმართ ზიზღი გაუჩნდება.
პასუხი: მკურნალობის დასანიშნად ნარკოლოგს უნდა მიმართოთ. სქემა ინდივიდუალურია.
კითხვა: თუ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში კბილის დაპლომბვა და ანესთეზია?
პასუხი: ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია კბილების მკურნალობა, დაბჟენა და ამოღებაც კი. მაგრამ წინასწარ გააფრთხილეთ მკურნალი ექიმი, რომ მეძუძური დედა ბრძანდებით, შესაბამისად, ექიმი შეგირჩევთ ლაქტაციასთან შესაბამის ანესთეტიკს. დაახლოებით 3-6 საათში პრეპარატი გამოდის ორგანიზმიდან. ექიმთან წასვლის წინ აჭამეთ თქვენს პატარას, კლინიკიდან დაბრუნებულმა კი გამოიწველეთ ერთი ულუფა და გადაღვარეთ. მაქსიმუმ, რასაც იგრძნობს თქვენი პირმშო, ეს რძის მომწარო გემო იქნება.
კითხვა: ინიშნება თუ არა ანტიდეპრესანტები ნევროზის დროს?
პასუხი: დიახ, ნევროზის მედიკამენტური მკურნალობის დროს ანტიდეპრესანტები ინიშნება.
კითხვა: ვარ 28 წლის, მწეველი. დაახლოებით, 6-7 თვეა, შემჩნეული მაქვს, რომ ყელიდან ხანდახან ამომდის პატარა, ზოგჯერ უფერული და ზოგჯერ ყავისფერი ბურთულებივით ნახველი. ხველა არ მაქვს, სიცხე არ მქონია. გაციებული არ ვყოფილვარ, ალერგია არაფერზე მაქვს. რისი ბრალი შეიძლება, იყოს?
პასუხი: ვფიქრობთ, ნუშურებში ლაკუნებში დაგროვილია ჩირქი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაქვთ ქრონიკული ტონზილიტი (გლანდების ანთება), დიაგნოზის დაზუსტებისა და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნის მიზნით, ყელი ლარინგოლოგმა უნდა დაათვალიეროს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე