№38 რეჰანის საოცარი თვისებები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ექსპერტების აზრით, რეჰანი უნიკალური მცენარეა. მას აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის ინფექციებს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანისა და თმისთვის, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. არსებობს რეჰანის 150 სახეობა და ყველა მათგანს აქვს სამკურნალო თვისებები. პოტენციურად, მას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაც შეუძლია.
რეჰანს შესანიშნავი ანტისპაზმატიური თვისებები აქვს და ძველი დროიდან გამოიყენება კუნთებისა და სისხლძარღვების მოდუნებისთვის. ძლიერი თავის ტკივილის დროს, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვების სპაზმებით, საკმარისია მიიღოთ მცენარის რამდენიმე ღერი და 5-7 წუთში შესამჩნევ გაუმჯობესებას იგრძნობთ. თუ გაწუხებთ კუნთების კრუნჩხვები და სპაზმები, შეტევის დროს ეფექტურია რეჰანის წვენის შეზილვა, რომელიც სწრაფად მოგიხსნით უსიამოვნო შეგრძნებებს.
ვისაც სურს, აღადგინოს ძალები და გაიძლიეროს იმუნიტეტი, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და ოპერაციების შემდგომ, სახალხო მკურნალები გვირჩევენ, ყოველდღიურად, ყოველი ჭამის წინ მივიღოთ 50 მილილიტრი ახლადგაწურული წვენი 10-12 დღის განმავლობაში.
ეთერზეთების დიდი შემცველობის წყალობით, რეჰანის წვენი წარმატებით შეიძლება, გამოიყენოთ შარდსასქესო გზების ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის დროს და კუჭ-ნაწლავის მუშაობის ნორმალიზებისა და თირკმელებიდან კენჭების გამოდევნისთვის. ამ შემთხვევაში საჭიროა მისი მიღება 100 მილილიტრის რაოდენობით დაძინებამდე 20-30 წუთით ადრე. თირკმელებში კენჭების არსებობისას მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
თავისი ანტისეპტიკური თვისებების გამო რეჰანის ნაყენი ეფექტურია გაციების, მაღალი სიცხის, ძლიერი ხველების, თვალების ანთებითი პროცესების (მათ შორის კონიუნქტივიტის) და ღრძილების ანთებისა და კბილის ტკივილის დროს: 1 სადილის კოვზ გამხმარ რეჰანის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30-40 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. ძლიერი გაციებისა და ხველების დროს მიიღეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნაყენი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ხოლო თვალებისა და ღრძილების ანთების დროს გამოიყენეთ სავლების სახით.
დეპრესიებისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც მუდმივად იმყოფება სტრესის ქვეშ რეკომენდებულია რეჰანის ფოთლების დამატება ჩვეულებრივ ჩაიში, ვინაიდან ეს მცენარე ბუნებრივი ანტიდეპრესანტია და აქედან გამომდინარე არა მხოლოდ ხსნის დაღლილობას, არამედ აუმჯობესებს განწყობას. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ თავისი ეფექტურობით ამ მცენარის ერთი ფინჯანი ჩაი უდრის შავი შოკოლადის რამდენიმე ფილას.
რეჰანი არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისთვის და ბავშვებისთვის 7 წლამდე. ამის გარდა, სიფრთხილით უნდა გამოიყენონ დიაბეტითა და ღვიძლით დაავადებულმა ადამიანებმა.