№38 პანაშვიდზე
ნინო კანდელაკი არდაშელ თაქთირიძე
ჩემი უბნელი, დათო ბოლქვაძე, მეგობრები „ელანძეს“ რომ ვეძახდით, იტალიის საელჩოში მუშაობდა, თუ არ ვცდები, მომმარაგებლად. ერთხელ, „ელანძეს“ ჩოხატაურში ბიძია გარდაეცვალა – კოლია. რაიონში დაურეკავს და თავისიანები გაუფრთხილებია:
– უცხოელები მომყავს და აბა, თქვენ იცით, არ შემარცხვინოთო! თვითონ „მარშუტკა“ დაიქირავა, უცხოელები ჩასვა, თვითონ მძღოლის გვერდით მოკალათდა და რადგან მანქანაში ორი ადგილი თავისუფალი დარჩა, მე და მამუკაც „ხელს გაგვაყოლა“.
„ელანძე“, როგორც უკვე გითხარით, გურულია, სხარტი იუმორით, სიტყვისთვის ჯიბეში რომ არ ჩაიყოფს ხელს. მამუკა მძიმე კახელია, ქიზიყელი. ისე, კახური იუმორი გურულს არ ჩამოუვარდება. „ისეთს იტყვის, ორსულს გააბერწებსო“, – მამუკაზე ამბობს ხოლმე „ელანძე“.
მოკლედ, მივდივართ „მარშუტკით“ ტრასაზე.
– ამის დედა ვატირე, უფროსმა სამსახურიდან დამითხოვაო! – შემოგვჩივლა მამუკამ. დავინტერესდით, მიზეზი ვკითხეთ.
– ჩემი განყოფილების უფროსი მეგრელი კაცი იყო, შურღაია, – დაიწყო მამუკამ მოყოლა, – რაიონიდან დაურეკეს, დედა გარდაცვლია. თანამშრომელ ბიჭებს დაგვიბარა: „ჩემი ხელფასი აიღეთ, იმ ფულით 46 ზომა შავი კაბა იყიდეთ, 38 ზომა შავი ფეხსაცმელი და ზუგდიდში ჩამოიტანეთო!“ წავედით საყიდლად. კაბაც ვიყიდეთ და 50-ლარიანი შავი ლაქის ფეხსაცმელებიც შევათვალიერეთ, მაგრამ გამყიდველი ვირზე შეჯდა, კაპიკი არ დააკლო.
– თუ მეორე წყვილსაც იყიდით, ორივეს 75 ლარად მოგცემთო!
– მკვდრისთვის მიგვაქვს, მეორე წყვილი რა ჯანდაბად გვინდა-მეთქი, მაგრამ არ ქნა, მაინც 50 ლარად მოგვყიდა.
ჩავედით ზუგდიდში, გამოპრანჭეს ქალბატონი აგრაფინა ახალთახალ კაბაში. ფეხსაცმელიც კონკიას ბროლის ქოშივით მოერგო. დავასვენეთ „ზალის“ ცენტრში და დავდექით ჭირისუფალთა მწკრივში.
მოდიან და მოდიან მოსამძიმრეები.
– ჩემო აგრაფინა, ჩემს ქმარს ეს წაუღე, სიზმარში ვნახე, მთხოვდაო! – ხილი მოიტანა ერთმა.
– ეს ჩემს ძმას გადაეციო! – ქაღალდში გახვეული რაღაც ჩაუცურა „სასახლეში“ მეორემ.
– ეს ჩემს სანდროს გადაეციო!
– ეს ჩემს გოგისო!..
არ წყდება მთხოვნელთა რიგი.
– ამას იმდენი სასიარულო ჰქონია, კი უნდა აგვეღო მეორე ფეხსაცმელიც, თორემ შეიძლება, შემოაცვდეს-მეთქი. – გადავულაპარაკე გვერდით მდგომ თანამშრომელს. იმან კიდევ, არც აცია, არც აცხელა, სიტყვასიტყვით ჩაუკაკლა განყოფილების უფროსს.
განყოფილების უფროსმა, აქამდე რომ მპატიობდა, პირველივე დაგვიანებაზე სასტიკი საყვედური მომარტყა და მეორეზე გამომაგდოო, – დაასრულა მამუკამ მოყოლა.
– გახსოვს, მამუკას ბაბუის გასვენებაში რომ ვიყავითო? – გადმომილაპარაკა „ელანძემ“. როგორ არ მახსოვდა: მამუკა გადასულა „ელანძესთან“,
– ბაბუაჩემი შურა გარდაიცვალა, კვირას ვასაფლავებთ ნუკრიანშიო! - შეუტყობინებია. „ელანძე“ ჩემთან გადმოვიდა და ეს სამწუხარო ამბავი გამაგებინა,
– მამუკას ბაბუა გარდაცვლია, შურაო! წავედით კოლმეურნეობის მოედანზე, ვიყიდეთ გვირგვინი, დავამაგრეთ ლენტი წარწერით: „დავტირით ბატონ ალექსანდრეს“ და წავედით სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში. მივედით და რას ვხედავთ, ქალის გასვენებაა. ჯერ გვეგონა სახლი შეგვეშალა, მაგრამ ჭირისუფლებში მამუკა რომ დავინახეთ მივვარდით:
– ეგ არის ბაბუა მომიკვდაო?
– ჰო, რა არის, ბაბუაჩემია, შურაო! - გვიპასუხა მაშინ გაკვირვებულმა მამუკამ.
– ჰო, მახსოვს, ეს უკუღმართი, ბებიას ბაბუას რომ ეძახდა-მეთქი! – ჩუმად გადავულაპარაკე „ელანძეს“, მაგრამ მამუკას ყურები დაცქვეტილი ჰქონია, გაიგო და მოაყოლა და რა მოაყოლა:
– აბა, თქვენ, პაპას ბაბუას რომ ეძახითო? კიბეს პწკალას რომ ეძახითო? თუთას ბჟოლას რომ ეძახითო? ქვაბს კასრულას რომ ეძახითო? – ავტომატივით დაგვაყარა. ამას მოჰყვა დაუსრულებელი კამათი პაპა უფრო სწორი იყო თუ ბაბუა. „ელანძეს“ აზრით, „ბაბუა“ იყო ქართული, მამუკას აზრით – „პაპა“, ჩემი აზრით – ორივე, მაგრამ ვინ მაქცევდა ყურადღებას, ჩოხატაურამდე იკამათეს. მამუკამ იმარჯვა, „ვეფხისტყაოსნიდან“ მოიყვანა ციტატა, სადაც „პაპა“ იყო ნახსენები. „ელანძე“ შეჰპირდა:
– დამაცადე, უფრო ძველ ტექსტს ვიპოვი, სადაც „ბაბუა“ იქნება ნახსენებიო!
ამასობაში კიდეც მივადექით „ელანძეს“ სახლს, სადაც კოლია ბიძია მეორე სართულის „ზალის“ ცენტრში, „სასახლეში“ გამოწკეპილი ხვდებოდა პანაშვიდზე მისულთ.
შეგვიძღვა ზალაში „ელანძე“ თავის უცხოელ სტუმრებიანად. აბა, უცხოელები მოვიდნენო,
– დონ’ტ სლიპ, კოლიაა! – დაატირა მიცვალებულს დამ.
– ოფენ იორ აის, კოლიაა! – აჰყვა რძალი.
– სტენდ აფ, კოლიაა! – დასჭექა ცოლმა. უცხოელმა სტუმრებმა იფიქრეს, ემანდ, მართლა არ წამოდგესო, იშვირეს ფეხი და ერთმანეთს ასწრებდნენ, სულ ფართხაფურთხით დაეშვნენ კიბეზე.