კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რატომ ცდილობს სომხეთი საქართველოსთან ვაჭრობას ქართველი დევნილების თემით

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  გაერომ მორიგი რეზოლუცია მიიღო ქართველი დევნილების ოკუპირებულ რეგიონებში დასაბრუნებლად, თუმცა ამჯერად, როგორც მოსალოდნელი იყო, ბელარუსმა ხმა წინააღმდეგ მისცა, თუმცა, აი, სომხეთმა, უკვე მეორე წელია, არც მწვადი დაწვა და არც შამფური (მანამდე, ძირითადად, ისიც წინააღმდეგ აძლევდა ხმას) და უბრალოდ, სხდომას არ დაესწრო, თუმცა ერევნიდან გვაცნობეს, რომ ეს მეგობრული ნაბიჯი უანგარო არ ყოფილა და საქართველოს ხელისუფლებისგან შემხვედრ ნაბიჯს ელიან. „ტრადიციონალისტთა“ ლიდერთან, აკაკი ასათიანთან, გავარჩევთ, რა სურს მეზობელ სომხეთს სანაცვლოდ ან რა ისეთი გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს ამ ერთ ხმას, რომ საქართველოს მთავრობა ფიანდაზად გაეფინოს მათ.
– რუსულ მედიაში აქტიურად ადანაშაულებენ სომხეთის ხელისუფლებას ანტირუსეთულ გამოხდომებში, ამას აქვს კავშირი სომხეთის დელეგაციის გაეროს სხდომაზე არგამოცხადებასთან და რატომ გვემართლებიან?
– დაუსწრებლობა დაგვამადლა სომხეთმა...
– სომხეთი დამოუკიდებლად ვერ ითამაშებს, ყარაბაღი აქვს და გიუმრის ბაზა, რის იმედად აძლევს თავს ფაშინიანი ვითომ დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას და რას ითხოვენ სანაცვლოდ?
– ისეთი გულუბრყვილოებიც არ არიან, ელოდნენ, რომ ჩვენ ყარაბაღს ვცნობთ. შეიძლება, აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნას ელიან, შეიძლება, ირანიდან ენერგომატარებლების გამოტარება უნდათ ჩვენი ტერიტორიიდან ევროპისკენ, რასაც აშშ გადაეღობება. მაგალითად, ჩინელებთან თანამშრომლობას გვიკრძალავს კატეგორიულად, ცუდი ისაა, რომ არაფერს გვთავაზობს სანაცვლოდ.
  ფაშინიანი რომ მოსკოვს უპირისპირდება, ამას უკავშირდება სწორედ აზერბაიჯანთან ხანმოკლე კონფლიქტის დაწყება – ესეც მოსკოვის მიერ იყო ინსპირირებული და, მათი აზრით, ფაშინიანის ჭკუაზე მოსაყვანად. პრინციპში, არ მალავენ რუსები, რომ უკმაყოფილოები არიან ფაშინიანით, იმიტომ რომ სომხეთი ისე ვერ გაიპარება, ვერავინ დაინახოს. მაგრამ ფაქტია, რომ სომხეთი რუსეთის გავლენიდან მიცოცავს დასავლეთისკენ და სწორადაც იქცევა, იმიტომ რომ სტრატეგიულად ის იმავე ცივილიზაციის წევრია, რომლისაც ჩვენ, ვგულისხმობ ქრისტიანულ ცივილიზაციას. თურქეთი და აზერბაიჯანი მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა სომხები თვითონაც გონიერი ხალხია და წარმომადგენელიც ბევრი ჰყავთ კრემლის საშუალო რგოლებში, ბიზნესში, მედიაში, ამიტომ ისინი, დაახლოებით, ხვდებიან, რომ რუსეთს ამ ფორმით, როგორიც არის, დიდი დღე არ უწერია და ფიქრობენ იმაზე, მერე ისე არ მოხდეს, რომ გაუჭირდეთ დასავლეთთან ინტეგრირება, თუნდაც, იმის ნახევრადაც კი, როგორც ჩვენ ვართ ინტეგრირებულები.
– დასავლეთი მოკავშირეებს არ ირჩევს მხოლოდ იმისდა მიხედვითაც, რომ უნდათ დემოკრატია, იმასაც აქცევს ყურადღებას, თუ რაში გამოადგებიან ისინი  მას. რის შეთავაზება შეუძლია სომხეთს დასავლეთისთვის?
– იმდენის არა, რამდენისაც ჩვენ. როგორც ჩვენ გვაქვს ბევრი არჩევანი, ისე ჩვენს მოკავშირეს აქვს არჩევანი, ზღვაზე და ოკეანეზე გასვლა, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით მოქმედების საშუალება. ჩრდილოეთში ვგულისხმობ ჩრდილო კავკასიას. ჩვენ უფრო შეგვეძლება, ურთიერთობა აღვადგინოთ და დავამყაროთ ჩრდილო კავკასიელებთან, ვიდრე სხვას. კავკასიაში ქართული ფაქტორი ჯერ კიდევ მუშაობს.
– აქვე უნდა გკითხოთ ბარემ: ლუკაშენკომ რატომ გვიგანა ასე უცებ და ჩვენი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ მისცა ხმა?
– ლუკაშენკოს ბედი გადაწყვეტილია, მიუხედავად იმისა, დაეხმარება თუ არა მას პუტინი, პუტინს ის ეზიზღება, უკეთეს შემთვევაში, ფული დაუტოვოს, იმასაც კი, ალბათ, ჩამოაფცქვნის, იმიტომ რომ მიაჩნია, რომ რუსეთის ხარჯზე იშოვა.
– ასეცაა.
– დიახ, ასეა. თავის ხალხს ამყოფებდა რუსებზე უკეთეს მდგომარეობაში, ოღონდ იმის ხარჯზე, რა საშუალებებიც პუტინმა შეუქმნა, გინდა ენერგომატარებლების და გინდა, უბრალოდ, ტრაილერების გატარებით. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა რუსეთს, ჩინეთს, აზიას ამ გზით უკავშირდება და პირიქით, რუსეთიდან რაც ვერ გადის გემით, მატარებლით, გადის ბელარუსიდან. ლუკაშენკოს არაფერი უშველის. დასავლეთი არ ერევა, მხოლოდ ბელარუსის უშუალო მეზობლები რეაგირებენ და რუსეთიც რბილად ერევა. ლუკაშენკო ძაფზე კიდია და უნდა, რომ მაქსიმალურად მომგებიანად გააფორმოს ლუკაშენკოს ჩამოვარდნა, ოღონდ რუსებს ერთი რამ ეშლებათ – ვინც გინდა, დასვან ბელარუსში და პირდაპირ ვერც დასვამენ – პუტინიც რომ დაჯდეს, ბელარუსი რაღაც მონაკვეთით დაიკარგა რუსეთისთვის და შეიძლება, სამუდამოდაც. სიმბოლოებს მნიშვნელობა აქვს და რა დროშებსაც აფრიალებენ ბელარუსები საპროტესტო აქციებზე, ის დროშები არ გამოხატავს რუსეთის მომხრეობას, იმ თეთრ წითელზოლიანს, მახსოვს, ეროვნული მოძრაობის დროს აფრიალებდნენ და მაშინ გაცილებით ნაკლები საფუძველი ჰქონდათ რუსეთიდან დამოუკიდებლობის. პარადოქსიც ეს არის: ლუკაშენკომ იმისთვის, რომ თავისი პირადი ძალაუფლება შეენარჩუნებინა და ფული ეშოვა რუსეთის ხარჯზე, ყველანაირად მოიგერია რუსეთის მცდელობები, გადაეყლაპა ბელარუსი. ისეთი კამპანია გააჩაღა, რომ სიტყვა „ანშლუსს“ ამბობდა – ჰიტლერმა რომ ავსტრია მიიერთა პირდაპირ, ასე აპირებს რუსეთიო. ამან მის მომხრესაც და მოწინააღმდეგესაც გაუღვივა თვითცნობიერება, იდენტობა, როგორც დღეს ამბობენ, რაც არ იყო ბელარუსებისთვის მასობრვად დამახასიათებელი. დროთა განმავლობაში მათ ვერ შეძლეს, შეექმნათ ისეთი კულტურული საწყისი, რაც ასაზრდოებს ნამდვილ, კარგი გაგებით, ნაციონალიზმს. უკრაინელებსაც უჭირთ – ვხედავთ. ახლა ეს სხვა სახეს მიიღებს, მაგრამ მახსოვს, „პერესტროიკის“ დროს მათი პირველი პირი მეუბნებოდა, სადღაც, მიყრუებულ სოფლებშიღა დაგვრჩა ათამდე ბელარუსული სკოლაო. ბელარუსული კი ერქვა სკოლებს, რომლებშიც დაწყებით კლასებში ასწავლიდნენ ბელარუსულს. ეს მშვენიერი ხალხია და ამდენი ხანია, რომ არ ჩერდება საპროტესტო აქციები, ამით ამტკიცებენ, რომ ევროპელები არიან, ისევე, როგორც რუსებიც ევროპელები არიან და რაოდენ პარადოქსიც უნდა იყოს, ახლა ხაბაროვსკი უფროა ევროპა, ვიდრე ცენტრალური რუსეთი. ამ ტიპის მმართველები აუცილებლად მთავრდებიან.
– ეს ამბავი კი მთავრდება, მაგრამ, როგორ მთავრდება, ვიცით, ჩვენს მაგალითზე უსაფრთხოების ბალიშები აუცილებელია. ბელარუსი ევროპაა გეოგრაფიულად, აი, სომხეთი რის იმედით შეიძლება, დაუპირისპირდეს რუსეთს?
– ბელარუსში სულ სხვა პრობლემაა, ლუკაშენკომ უნებლიეთ დაიცვა სუვერენიტეტი და მეორე მხრივ, თავისი ამ უგუნური მოქმედებებით გაამძაფრა ეროვნული ცნობიერება. ორივე შემთხვევაში სრულიად სხვა მიზეზებით გამოუვიდა. ასე რომ, ბელარუსი კი იქ არის, ანუ ევროპაში, ფიზიკურად, მაგრამ, ყოფითი კულტურით, ბარე ორ ევროპელს ჯობს სკანდინავიელების გარდა ასეთი მოწესრიგებული ხალხი მე მეორე არ მინახავს.
– მე რაც მიამბო ჩემმა მეგობარმა, რომელიც რამდენჯერმე იყო მინსკში, მაგას ვერ ვიტყვი.
– სომხებს რაც შეეხება: ჩვენ მათ ვუსწრებთ მხოლოდ იმით, რომ სახელმწიფო შევინარჩუნეთ დიდხანს, რუსეთშიც სახელმწიფოდ შევედით და მაშინაც კი კავკასიის ცენტრი ჩვენთან იყო, ყველაზე მეტად გვიწევდნენ ანგარიშს. ეს სხვა თემაა, თორემ, თუ ვინმეს რამე აქვს საამაყო, დედამიწაზე, ათი ხალხიც არ ვიქნებით ასეთი, რომლებიც მოვდივართ ღრმა ანტიკურობიდან დღემდე. ძალიან ღრმა ეროვნული ცნობიერება აქვთ სომხებს.
– მე არავის ვაკნინებ, უბრალოდ, ვიკითხე,  რის შეთავაზება შეუძლიათ დასავლეთისთვის?
– მათ სწორედ გეოგრაფიულ-პოლიტიკური პრობლემა აქვთ, ეგ დაიძლევა ერთხელაც იქნება. სომხეთს აქვს თურქეთისა და აზერბაიჯანის პრობლემა და, თუ თურქეთს განვითარება უწერია, ერდოღანის შემდეგ აუცილებლად ნორმალური ადამიანები მოვლენ სათავეში, ასე ვეღარ გაგრძელდება. იმ ნორმალურ ადამიანებთან კი იმ ტიპის ადამიანი, როგორიც ფაშინიანია საერთო ენას გამონახავს. და ფაშინიანი არის ტერ-პეტროსიანის ტიპის პოლიტიკოსი, მას ახლოს ვიცნობდი და ვიცი, რა განწყობების კაცია, რა საშუალებაც ჰქონდა, იმ საშუალების ფარგლებში მოქმედებდა. ვიმეორებ, სომხეთისა და ჩვენი მდგომარეობა საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან.
– ჩვენ რატომ გვევაჭრებიან?
– აბა, ვის ევაჭრონ?!
დარბაზში არ შევედი და ამიტომ რაღაც უნდა მომცე სანაცვლოდო.
– სომხები არიან და უნდა ივაჭრონ. მეშვიდე საუკუნის დასაწყისში, როდესაც მათმა კათოლიკოსმა დაგვწყევლა, მანაც კი თქვა, ნათლობა, ქორწინება აიკრძალოსო...
– მაგრამ ვაჭრობით ივაჭრეთო.
– დიახ და ვის ევაჭრონ: თურქს, აზერბაიჯანელს თუ ირანელს?! ამიტომ ამაზე გაბრაზება არ ღირს.
– გაბრაზებული არ ვარ, მოტივაცია მაინტერესებს.
– მოტივაციაა ჩვენი მეშვეობით დასავლეთზე გასვლა და აზერბაიჯანელებსაც ეს უნდათ, გასასვლელი დასავლეთისკენ. მათ განა გულზე ეხატებათ რუსეთი, უბრალოდ, კბილების კრაჭუნით ითმენენ, ისიც ჰეიდარ ალიევის შემდეგ. ის ჭკვიანი კაცი იყო, თუმცა „კაგებეშნიკი“. სომხები როგორ გავლენ დასავლეთისკენ?! თურქეთს გადაახტებიან?! ისევე, როგორც აზერბაიჯანელები?! კასპიის ზღვა ტბაა, ოდესღაც ეგეც შავ ზღვას უერთდებოდა, მერე დედამიწა ამოიწია, ლიხის ქედი – ჩვენთან და ტბად აქცია. დიდია საკმაოდ, მაგრამ მაინც ტბაა, ტბით კი ვერაფერს გააწყობ.
– მაგრამ, ვინც უნდა მოვიდნენ რუსეთსა და თურქეთში პირველ პირებად, ყარაბაღის პრობლემას რა გადაწყვეტს?
– არ იტყვიან სომხები ყარაბაღზე უარს. ისინი თამაშობენ, როგორც ისრაელი, ბოლოს, ასე თუ ისე, დაკანონდება, როგორც იერუსალიმი აღიარა ისრაელის დედაქალაქად ტრამპმა. სომხებს ამის იმედი აქვთ და დროში გაწელავენ ამ პროცესს.

скачать dle 11.3