№38 მუზათა დაცემა
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ დამკვრელური შრომის გმირები
მსოფლიო ისე გადაირია, ანუ ნეოლიბერალები ისე ემსგავსნენ ბოლშევიკებს, ტროცკისტებთან ნაზავებს, რომ ბერლინალეს ვინ ჩივის, ქალისა და მამაკაცის როლების შემსრულებლებისთვის კი აღარ გავცემთ პრიზებს, არამედ პრიზ ერთსა და პრიზ ორსო, თვით ამერიკის კინოაკადემიამ მიიღო ახალი წესები, რომლებიც (ერთი იმედიც ესაა) 2024 წლიდან ამოქმედდება.
სახელდობრ: მთავარი ან მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის კატეგორიაში, მინიმუმ, ერთი მსახიობი უნდა იყოს: აზიური ან ლათინოამერიკული წარმოშობის, შავკანიანი, ალასკის ძირძველი მოსახლე, ინდოელი, ახლოაღმოსავლური ან ჩრდილოაფრიკული, ჰავაისა და სხვა წყნარი ოკეანის კუნძულებზე მოსახლე სხვა რასებისა და მცირე ეთნიკური ჯგუფების წევრები. ამას გარდა, ფილმის სრული სამსახიობო შემადგენლობის მესამედს უნდა შეადგენდნენ ქალები, „ელ გე ბე ტე“ თემის წარმომადგენლები, კოგნიტური და ფიზიკური ნაკლის მქონე პირები, სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონენი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფილმი ჯილდოს ვერ მიიღებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ კინოს გადაღება, ისევე, როგორც სცენარის წერა, შემოქმედებითი პროცესია და ექვემდებარება მუზას და არა წესებს (ანუ ცენზურას), ზემოთქმული მოწმობს, რომ აწ კინოხელოვნება მუზას არ აღიარებს და ეს გაქანებული კაპიტალისტები გაქანებული კომუნისტების გზას დასდგომიან, როდესაც ერთი გმირი კოლმეურნე უნდა ყოფილიყო და მეორე – სტახანოველი.
მეორე მხრივ, ეს არაა მთლად ცუდი, იმ მარტივი მიზეზით, რომ აკრძალვები და ცენზურა მუზას უფრო და უფრო სიცოცხლისუნარიანსა და ხარისხიანს ხდიან (სწორედ, დევნილმა ხელოვანებმა შექმნეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი შედევრები).