კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ხატია სიჭინავა: ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, როდის დავეცემი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე, სამი ქალიშვილის შემდეგ, ნანატრი ბიჭის მშობლები გახდნენ და ახლა უკვე ოთხ შვილზე ზრუნავენ.
ხატია სიჭინავა: ბავშვის დაბადების შემდეგ, სამი თვე კიკეთში ვიყავით, ასე რომ, იქიდან დაიწყო ჩემი ოთხშვილიანობა და აგვისტოში ბათუმში წავედით. მგონი, კარგად ვუმკლავდები, მაქსიმალურად ჩართული ვარ ბავშვების აღზრდაში, გართობასა თუ განვითარებაში. ჩემი დღე იწყება ბავშვებით, შუადღეს – ისევ ბავშვები და საღამოს კვლავ ბავშვებით სრულდება (იცინის).
– არ გიჭირს გამკლავება?
– რომ არ ვიტრაბახო, ძალიან მიჭირს. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, როდის დავეცემი, საბოლოოდ როდის დამიჯდება ბატარეა-მეთქი (იცინის). ჯერჯერობით „ნონ სტოპის“ რეჟიმში მუშაობს. ბათუმში ბავშვს რომ დავაძინებდი, იმ დონემდე ვიყავი მიჩვეული ფეხზე დგომას და წინ და უკან სიარულს, ოთახში ვცემდი ბოლთას, როცა უკვე შემეძლო, წამოვწოლილიყავი და ფეხებს მაინც დაესვენა (იცინის). მუდმივი აქტიურობა ჩვევაში გადამივიდა. ოთხი შვილის დედობა არ არის ადვილი, არც სამის და თუ ბოლომდე ხარ ჩართული ბავშვის აღზრდაში, არც ერთი შვილის დედობა არაა მარტივი. დედობა პროფესიაა და ძალიან იღლები. რაღაც მომენტში, ყველა დედას სჭირდება დასვენება. ბათუმიდან რომ ჩამოვედი, ჩემს ქმარს პირველი ის ვუთხარი, რომ ორი დღით მარტო მე და ის უნდა წავსულიყავით სადმე – ფსიქოლოგიურადაც იღლები, მარტო ფიზიკურად არა. ოთხი მხრიდან რომ დედა, დედა გესმის და ყველა რაღაცას გთხოვს, ძალიან ძნელია. ჯერ პატარები არიან და მით უმეტეს, დიდ ენერგიას ითხოვენ. ნამდვილად არ ველოდი ჩემი თავისგან ამ ყველაფერს. ჩემმა მულმა მითხრა, პირველი შვილის მერე ვფიქრობდი, რომ მეტს აღარ გააჩენდი, ახლა რომ გიყურებ, თვალებს არ ვუჯერებო და შენ კი არა, მე თვითონ ვერ ვუჯერებ თვალებს-მეთქი (იცინის).
– თან, მიქაელი პანდემიის დროს დაიბადა.
– ძალიან ვნერვიულობდი. რომ გავაჩინე, ჩემი ქმარი სამშობიაროში არ შემოუშვეს და ეს ნანატრი ბავშვი ვერ ნახა (იცინის). რომ გაიზრდება, არ ვიცი იამაყებს თუ იმ პერიოდში როგორ გაიხსენებენ ამ პანდემიას, მაგრამ 2020 უკვე ისეთი თემაა... ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვან დროს დაიბადა, რომელსაც წლების მერე ან საშინელ პანდემიად შეაფასებენ და ან საშინელ ტყუილად. მეოთხე ძალიან განსხვავდება პირველი სამისგან, რომლებსაც არც დღე ეძინათ და არც ღამე. ფანტასტიკური ბავშვია, თვალი არ ეცეს, ძალიან კარგად სძინავს, სულ იცინის და ძალიან მიწყობს ხელს ენერგიის აღდგენაში. თავიდან სულ გოგოს ვეძახდი, იმდენად ვიყავი გოგოებს მიჩვეული. გოგონები რომ დაიბადნენ, სამივეს მალევე გავუხვრიტე ყურები და მას რომ ვუყურებდი საყურე არ ეკეთა, მეხამუშებოდა (იცინის).
– „პროფილში“ თქვენს სიუჟეტს დიდი ამბავი მოჰყვა, ვისაც არ დაეზარა, ყველა გაკრიტიკებდათ და ილანძღებოდა, როდის უნდა მორჩეს ქართულ ოჯახში ბიჭის გაღმერთებაო.
– ჩემი ცხოვრების განმავლობაში იმდენნაირი კრიტიკა მომისმენია, ეს ნამდვილად არ გამკვირვებია. ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩემსავით გაზარდონ გოგოები, ჩემი გოგოებივით ბედნიერები იყვნენ მათი შვილები, ვინც ჩემს ოჯახს აკრიტიკებს და მერე ილაპარაკონ. ჩემი გოგოებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც კი შესაძლებელია, რომ კარგი და ბედნიერი ადამიანები გაიზარდნონ. დაჩაგვრა და ბიჭისგან გამორჩევა კი არა, მუდმივად მათზე ვზრუნავ, რაც ბუნებრივია. თუმცა, სამი გოგოს მერე, რა გასაკვირია, რომ ბიჭი გვინდოდა. მაინტერესებდა, როგორი იყო ბიჭის დედობა და ეს ძალიან ჩვეულებრივი მომენტი მგონია. ჩემი მეუღლე ოლიმპიური ჩემპიონია და ბიჭი ძალიან უნდოდა, იმიტომ რომ ისიც ჩემპიონი გაეზარდა. ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. მაგრამ ჩვენ პოზიტივშიც ხომ ნეგატივი უნდა დავინახოთ?! ამიტომ დიდად არ მიმიტანია გულთან. თან, ისეთები მაკრიტიკებდნენ, რომ სიცილით ვკვდებოდი. ასეთ
ადამიანებს პასუხსაც არასდროს გავცემ. მაკრიტიკონ, ესაა ამ ადამიანებისთვის გასართობი და ამაში ხარჯავენ მთელ ენერგიას. მე ნამდვილად არ მრჩება საიმისო ენერგია, რომ მათ ამ სიდებილეზე გავცე პასუხი. რაც შეეხება სცენას, რომელშიც ჩვენი სამი გოგო დაჩოქილია და მამას წინ ბიჭი უჭირავს ხელში, ესაა „მეფე ლომიდან“ და ეტყობა ეგეც არ აქვთ ნანახი. მე ჩემს შვილებთან ერთად ყველა მულტფილმი მაქვს ნანახი და ვურჩევ, მათაც უყურონ და ყველაფერს მარტივად მიხვდებიან.
– მეუღლე რამდენად გეხმარება პატარას მოვლაში?
– მიქაელი ჯერ იმდენად თოთოა, რომ ხელში აყვანისაც კი ეშინია. სულ ფრთხილობს, რამე არ ატკინოს და ელოდება როდის გახდება ერთი წლის. ჰგონია, ერთი წლის უკვე ძალიან დიდი იქნება (იცინის). ვსო, მერე შენ აღარ დაგანახვებ, მე წავიყვან, ყველგან ვატარებო და დიდი სამომავლო გეგმები აქვს, როგორ დააკავებს სპორტით და როგორ გაზრდის ძალიან მაგარ ბიჭად.
– სახელი როგორ მოიფიქრეთ, სხვათა შორის, იხსენებდი, მესამე გოგოსთვის სახელის დარქმევა დედამთილმა მთხოვა და გული გამისკდაო.
– მესამე ექოზე რომ მითხრეს, გოგოაო, ჩემს ქმარს დავურეკე და ვუთხარი, თუ გინდა ბიჭის სახელი დაარქვი, გოგოა-მეთქი. მეჩხუბა, რას ჰქვია ბიჭის სახელი დავარქვა, ნახე, რა მაგარი გოგო იქნებაო. დედამთილმა მთხოვა, მე დავარქმევ, მინდა, ჩემი დიდი ბებიის სახელი დავარქვაო. გული გამისკდა, რა შეიძლებოდა რქმეოდა მის ბებიას – აგრაფინა? ჩვენს დროში რომ აქტუალური აღარ იქნებოდა, ისეთ სახელს ველოდები. გულგახეთქილი ვუყურებ, რას იტყვის და იცით, ბებიას ევანგელია ერქვაო. რაც მე ის ქალი ვლოცე და დღემდე ვლოცავ იმის დედასაც, ესეთი კარგი სახელი რომ დაარქვა თავის შვილს (იცინის). ძალიან მომეწონა ეს სახელი და ასე დაერქვა ევას, ევანგელია. მიქაელს რაც შეეხება, სანამ ექოზე მივიდოდი, მამა გიორგის საფლავზე მივედი და ვუთხარი, თუ ბიჭი იქნება, აუცილებლად შენს სახელს დავარქმევ-მეთქი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემს ქმარს უნდოდა, მთავარანგელოზის სახელი დაერქმია. მე რომ მითხრეს, ბიჭი იყო, პირველ რიგში მამა გიორგის ვუხდიდი მადლობას და ჩემს სიტყვას არ გადავუხვევდი. არცერთი არ დავთმობდით და ამიტომ პატარას გიორგი-მიქაელი დავარქვით. ყველაფერთან ერთად, მამა გიორგის უკეთ რომ დაერწმუნებინა ჩემი ქმარი, ბავშვი გიორგობის დღესასწაულზე დაიბადა. ამიტომ შერჩა ორი სახელი, რომელსაც ინგლისურად თუ დავწერთ ჯორჯ მაიკლი გამოდის.
– განებივრებს მეუღლე ოთხი შვილის დედას?
– ჩემი ნებივრობის დრო ჯერ არ მოსულა. იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს, ამისთვის დრო არ მრჩება. მაგრამ ჩემი ნებივრობა ისაა, რომ მამას გოგოების მიხედვა მთლიანად საკუთარ თავზე ჰყავს აღებული. თან, სკოლაში რამდენი ხანია არ ყოფილან და თამაში და გართობა უნდათ. თვითონ დაჰყავს ყველგან, მათთან ერთად თამაშობს ყველაფერს და ამიტომ სინდისის ქენჯნა არ მაწუხებს, რომ გოგოებს რამეს ვაკლებ.
– რომანტიკისთვის თუ გრჩებათ დრო?
– არ დავიწყებ რაღაცების მოგონებას. ოთხი თვეა, რაც ბავშვი შეგვეძინა და ამ დროის განმავლობაში, არ გვქონია საშუალება, დრო მხოლოდ ერთმანეთისთვის დაგვეთმო და თუნდაც რომანტიკული მოგზაურობა მოგვეწყო. თუმცა 16 ოქტომბერს ჩემი ქმრის დაბადების დღეა და აქედანვე ვემზადები. ვიტაცებ ხოლმე დაბადების დღეზე და მარტო მიმყავს ქალაქგარეთ. სხვათა შორის, შარშანდელ ტორტზე ჩემი ქმარი იდგა, სამივე გოგო გვერდით ჰყავდა და ხელში ეჭირა ტრაფარეტი წარწერით – „ბიჭი მინდა“, რომელიც მეორე დაბადების დღეზე უკვე ჰყავს. გისურვებთ, რომ ყველას ასე სწრაფად აგესრულებინოთ ერთმანეთისთვის სურვილები.
– მეუღლესთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურებოდი, ქალზე ძალადობის თემასთან დაკავშირებით, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.   
– ჩემმა მეუღლემ ინტერვიუში საკუთარი აზრი დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ კაცმა ორსული გოგო სცემა და მერე ამ გოგოს ძმამ მოსთხოვა პასუხი ამ კაცს – რა თქმა უნდა, მეც მოვთხოვდი პასუხს ჩემს სიძეს, ჩემი და რომ ეცემაო. მე ვფიქრობ, ჩემი შვილი რომ სცემოს ქმარმა, პასუხს მოვთხოვ კი არა, ცოცხალი ვერ გადამირჩება. თუნდაც მოძალადე დამარქვან, საზოგადოების აზრი არასდროს მაინტერესებდა. მეც მყავს და და რომ გათხოვდება, სიძემ რომ ხელი დაარტყას, ხმამაღლა ვამბობ, ორივე ხელს მოვტეხავ. ასე შორიდან რომ უყურებენ საქართველოში ყველაფერს და მარტო კომენტარებში არიან მაგრები, იმიტომაცაა ძალადობა ასეთი გახშირებული. დროა, ყველამ ყურები შეიბერტყოს, ძალადობის წინააღმდეგ აღდგნენ და არა იმაზე, ძმამ როგორ მოსთხოვა სიძეს პასუხი დის ცემისთვის.
P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის Kiddo Studio-ს.

скачать dle 11.3