№37 ირმა სოხაძე: დედა სულ ამბობდა, აღარ მინდა აქ, თქვენთან კი კარგია, მაგრამ როდის წავალო
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ირმა სოხაძეს ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალა. მომღერალმა ოთხი წლის წინ დაკარგა მამა, რომელმაც მის ცხოვრებაში, ულამაზეს დედასთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ირმა სოხაძე: მადლიერი ვარ განგების იმის გამო, რომ ჩემს ასაკში მშობლები მყავდა. მამა ოთხი წლის წინ დამეღუპა, დედა – ახლა. დედა ნებისმიერ ასაკში ძნელი დასაკარგია, მაგრამ ბავშვობაში ერთ ჩემს მეგობარს არ ჰყავდა დედა და რომ წარმოვიდგენდი, შეიძლება, მეც დამმართნოდა მსგავსი რამ, თავზარი მეცემოდა, სიცოცხლე აღარ მინდოდა. პატარა ასაკში ადამიანის მთავარი საყრდენი ხომ დედაა და ჩემს ასაკში უკვე, პირიქით, მე ვიყავი დედის იმედი და რაც შემეძლო, თან ვყვებოდი. ასაკთან ერთად როლები იცვლება. დედას ამაგს ვერასდროს გადავუხდიო, ამბობენ, მაგრამ რაც სჭირდება, ყველაფერს რომ გაუკეთებ, იმიტომ კი არა, რომ ამაგი გადაუხადო, იმიტომ, რომ ეს შენი ელემენტარული ვალია, ამის შემდეგ უფრო ჰარმონიულად ცხოვრობ საკუთარ სინდისთან. მამის გარდაცვალების შემდეგ დედა სულ ამბობდა, აღარ მინდა აქ. თქვენთან კი კარგია, მაგრამ როდის წავალო... არაფერი აწუხებდა, მაგრამ ასაკი თავისას შვება, 89 წლის იყო. ორი წლის წინ დაემართა ინფარქტი, მაშინ გამოვძვერით, გასულ წელს ემბოლია და მაშინაც გამოვძვერით. ახლა იშემიურ ინსულტს ვეღარ მოვერიეთ. ნელ-ნელა ჩააქრო და წაიყვანა ჩემი დედიკო. არ შეიძლება, ამ დროს ზედმეტ სასოწარკვეთაში გადავარდნა. ცხოვრება გრძელდება და ღვთის მადლით, მომავალი თაობა მოდის. როცა ბუნების კანონები არ ირღვევა, ყველაფერი კარგადაა.
– ულამაზესი ქალბატონი იყო, როგორ გზრდიდათ?
– ძალიან ლამაზი ქალი იყო, ყველაფერი ლამაზი ჰქონდა და ამის არასდროს სჯეროდა. სიბერეში, ჩემი შვილებიც რომ ეუბნებოდნენ, „ჰოლივუდის“ ვარსკვლავს ჰგავხარო, ცოტა დაიჯერა. სულ ვფიქრობდით, დედა ერთხელ მაინც რომ გადაეღოთ ფილმში, შეიძლებოდა, ულამაზესი ქალბატონების კოჰორტას შემატებოდა. უბრალოდ, არავინ იცნობდა. სულ სახლში იყო, ჯერ მე და ჩემს ძმას, შემდეგ ჩვენს შვილებს ზრდიდა. არაჩვეულებრივი დედა და დიასახლისი იყო. მამაჩემის არაჩვეულებრივი მეუღლე და მეგობარი. ქალის უპირველესი დანიშნულება პირნათლად შეასრულა. საკუთარი კარიერისთვის ვეღარ მოიცალა. იმ თაობაში და ახლაც ასეა, ეს ცხოვრება არჩევანია. დიდი კარიერა რომ შექმნა, რაღაცაზე უარი უნდა თქვა პირად ცხოვრებაში.
– სამაგიეროდ, თქვენ გეხმარებოდათ კარიერაშიც და შვილების აღზრდაშიც.
– კი, ჩემი უფროსი ქალიშვილი, სალომე, ძირითადად მისი გაზრდილია და არაჩვეულებრივად გაზარდეს მან და მამამ. ბევრად უფრო თავისუფლად, ვიდრე მე და ჩემი ძმა. ჩვენ სხვა ეპოქაში ვიზრდებოდით და დედაც უფრო მკაცრი იყო. ჩემს შვილს ძალიან ლიბერალური, თანამედროვე და შეიძლება ითქვას, ისეთი ფემინისტური აზრები ჩაუნერგა, რომ თავად მიკვრიდა, საიდან ჰქონდა ასეთი აზროვნება დედაჩემს, რაც ჩემთან არ გამოუვლენია.
– მამაც საამაყო გყავდათ.
– მამა პროფესიით ინჟინერ-მშენებელი იყო, პროფესორი და გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს, ძალიან უყვარდა სტუდენტები. 84 წლის ხდებოდა, რომ გარდაიცვალა და ბევრ ახალგაზრდაზე უფრო ენერგიული იყო. ძალიან მენატრება მამა. საოცრად ვგავარ მას. კონსერვატორიაში ჩაბარებამდე მე სიმღერის პედაგოგი არ მყოლია, მხოლოდ მამა მასწავლიდა, ჩემი პროდიუსერიც ის იყო. უბრალოდ, მაშინ არ ვიცოდი, რომ ამ საქმეს ეს სახელი ერქვა. დედა ჩემს ჩაცმაზე ზრუნავდა – კაბებს მიკერავდა, მიქსოვდა... სანიმუშო მშობლები მყავდა.
– ალბათ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
– ძალიან. დედას ოსტეოქონდროზი ჰქონდა, წელში მოიხარა და მოძრაობა უჭირდა, მაგრამ მამა რომ ავად იყო, ცდილობდა, ყოველდღე თავად მოემზადებინა მისთვის საკვები. ძალიან კარგად უძღვებოდა სახლის საქმეს. მამა რომ წავიდა, იმის შემდეგ მეუბნებოდა, ხახვის დაჭრა აღარ მინდაო. ძალიან კარგი ქალბატონი უვლიდა დედას ეს ოთხი წელი და ამის საჭიროება არც იყო, მაგრამ განწყობა ჰქონდა ისეთი, რომ აღარაფრის გაკეთება აღარ უნდოდა და ამბობდა, როდის წავალო... ძალიან უყვარდა შვილები, შვილიშვილები, მაგრამ... 60 წლის იუბილეზე ბრილიანტის ქორწილი გადავუხადეთ გრანდიოზულად. 65 წლის იუბილე ვეღარ მოვასწარით. ერთი წელი აკლდათ, როცა მამა გარდაიცვალა. 64 წელი გაატარეს ერთად. 19 წლისები შეუღლდნენ.
– ძალიან პატარა იყავით, როცა პოპულარული გახდით და ბევრ კარგთან ერთად არასასიამოვნო ამბები, ჭორებიც იყო...
– ვიღაცის თვალით რომ შეხედო ჩემს ცხოვრებას, შეიძლება, იფიქრო, რა მოსწონს ამ ადამიანს თავის ცხოვრებისო, მაგრამ მთავარი ხომ ისაა, ჩვენ რამდენად ბედნიერად და შემდგარ ადამიანად ვგრძნობთ თავს?! მე მიმაჩნია, რომ ჭორების, ინტრიგების, ღია მტრობის, ძალიან ბევრი დაბლოკვის, შურის მიუხედავად, მე ძალიან მშვიდი და კარგი ცხოვრება მაქვს. ვიღაცას შეიძლება, ძალიან აშლოდა ნერვები და ეფიქრა, როგორ მბლოკავენ ჩემი ნიჭის პატრონსო, მაგრამ ყველაფერი პერიოდულია. ახლა ასეა, მერე ისევ ისე იქნება. რომ დავიბოღმო, მაგაზე ფიქრით გავივსიო გული და შემოქმედებასა და განვითარებაზე არ ვიფიქრო, კარგი იქნება? ახლაც არის კონცერტები და რომ დაგიძახებენ და გაბრაზების გამო ფორმაში აღარ ხარ, ეს სჯობს? ინტრიგებს თავს ვერ დავაჩაგვრინებ. როგორი ადამიანი და მომღერალი ვარ, ეს ჩემი მსმენელის ძალიან დიდმა ნაწილმა იცის. ყველაფრით კმაყოფილი ვარ, რაც ჩემს თავს ხდება და უფალს მუდმივად მადლობას ვწირავ.
– ძალიან პატარა ასაკიდან შეგიყვარათ მსმენელმა. განებივრებული ბავშვი იქნებოდით.
– არ ვიცი, ამას ინტუიცია დავარქვა თუ ჩემი მშობლები დიდი პედაგოგები იყვნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან სწორად გამზარდეს. ჩემისთანა ვარსკვლავური ბავშვობის შემდეგ, დიდი შანსი იყო, დავღუპულიყავი და ვერ შევმდგარიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები, ძალიან ძნელია ამის მიღწევა. მარტო საბჭოთა კავშირში კი არა, მის ფარგლებს გარეთაც ძალიან ხშირად მქონდა კონცერტი. ათი წლის ასაკში ოლიმპიის სცენაზე, პარიზში ვმღეროდი, სადაც ბევრ დიდ მომღერალს არ უმღერია. არატიპური ბავშვობა მქონდა, მით უმეტეს, საბჭოთა ეპოქაში. მინისტრთა კაბინეტის დონეზე აღიარებული ბავშვი ვიყავი. აქედან გამომდინარე, ჩემს მშობლებს აღზრდის სწორი მეთოდი რომ არ დაეჭირათ, მერე ძალიან გამიჭირდებოდა. მე არ ვიცოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული ბავშვი ვიყავი. დედა არასდროს მაქებდა. ყოველთვის ძალიან ზომიერი იყო. კი, დედიკო, კარგი კონცერტი იყო, მაგრამ ხომ იცი, ხვალ სკოლაში მიდიხარ და გაკვეთილები უნდა ისწავლო. არ შეიძლებოდა, სკოლაში ისე წავსულიყავი, რომ გაკვეთილი არ მესწავლა. ყველა საგანში ხუთიანი მყავდა და სკოლა ოქროს მედლით დავამთავრე, რაც მაშინ ადვილი არ იყო. მერე, გარდატეხის პერიოდში, ცუდი ჭორების გარდა, დაიწყეს ლაპარაკი: ვაიმე, ვეღარ მღერის, ხმა გაუფუჭდა. სინამდვილეში ხმა კი არ გამიფუჭდა, რეპერტუარი არ მქონდა, ცუდი მანერით ვმღეროდი, აღარც ბავშვი ვიყავი და მაგრამ არც დიდი. იმ პერიოდის ჩანაწერებს თვითონაც ვერ ვიტან. ეს ყველაფერი რომ მესმოდა, ცოტა კი მწყინდა, მაგრამ ეს ჩემთვის ქვეყნის დასასრულის ტოლფასი არ იყო. არ მიფიქრია, მე ვარსკვლავი ვარ და როგორ მიბედავენ-მეთქი, ძალიან ჯანსაღად მივიღე, რომ რაღაც ისე კარგად აღარ იყო და მთლიანად სწავლაში გადავეშვი. შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარე, მანამდე შევხვდი რეზოს, დაიწყო კვარტეტ „თბილისის“ პერიოდი, ისევ დავიწყე კარგად სიმღერა, კარგი რეპერტუარი შევადგინეთ, მერე მეც დავიწყე წერა და გამოვძვერი ამ კრიზისიდან. დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, რომ არ გამზარდეს, როგორც განებივრებული ვარსკვლავი ბავშვი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
– თაყვანისმცემლებთან დაკავშირებული ისტორიები რომ დაიწყო, მაშინ როგორ რეაგირებდნენ მშობლები? ოჯახიც საკმაოდ ადრე შექმენით.
– 19 წლის გავთხოვდი. თაყვანისმცემლებს რაც შეეხება, არ იყო ეს შემაწუხებელი ჩემი მშობლებისთვის. მართლა ძალიან ბევრი კარგი ბიჭი მოდიოდა ჩემს სახლში. ჩემი უფროსი ძმის სამეგობრო, ჩვენთან სულ სუფრა იყო გაშლილი, მაგრამ დედა და მამა ამ ყველაფერს ხედავდნენ და აკონტროლებდნენ. იცოდნენ ისიც, რომ მე არავინ მომწონდა და არც ვიყავი ისეთი, რომ დღეს ერთი, ხვალ მეორე მომწონებოდა. ვინმეზე გავგიჟებულიყავი და გავპარულიყავი ან რამე მსგავსი. პირველივე, ვინც დავინახე და შემიყვარდა 16 წლის ასაკში, ჩემი მომავალი მეუღლე იყო. ერთ წელიწადში დავინიშნეთ და კიდევ ორ წელიწადში დავქორწინდით. მშობლებმა ყველაფერი იცოდნენ. თან რეზოს იცნობდნენ და უყვარდათ. მგონი, სიძედაც ძალიან მოსწონდათ და რეზომაც არ გაუმტყუნა იმედები.