№37 როგორ დაიწყო ხატვა 30 წლის შემდეგ თინათინ კობახიძემ და როგორ მოხვდა მისი ნამუშევარი ვენეციის ბიენალეზე
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
3 სექტემბერს „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ ნიჭიერი, თვითნასწავლი მხატვრის, თინათინ კობახიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. ტილოზე დახატული განსხვავებული, გამორჩეული, ნაზი, მხიარული, ზოგიც ცოტა სევდიანი გოგონა და მათი სასიამოვნო ფერთა გამა, ყველა სტუმრის აღფრთოვანებას იწვევდა. ხატვა და ხელოვნება ქალბატონი თინათინისთვის ყოველთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, თუმცა, ოჯახის დიდი სურვილის გამო, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი ფრიადზე დაამთავრა და საქმიანობა ამ მიმართულებით განაგრძო. 30 წლის შემდეგ კი, შეიძლება ითქვას, ბავშვობის ოცნება აიხდინა და ფუნჯს, საღებავებსა და ტილოს დაუბრუნდა.
თინათინ კობახიძე: კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი მაქვს ფრიადზე დამთავრებული. ძალიან მიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდი, თუმცა ხატვასთანაც ღრმა ბავშვობიდან მქონდა შეხება. მინდოდა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში გამეგრძელებინა, მაგრამ ეს საკითხი ჩემს ოჯახში არ განიხილებოდა. დღეს ვფიქრობ, ძალიან კარგია, ასე რომ მოხდა, რადგან ჩემი მეგობრებიდან, რომლებმაც აკადემია დაამთავრეს, ახლა ცოტა ხატავს. აქედან გამომდინარე, რომ მესწავლა, შეიძლება, მეც აღარ დამეხატა. ამ სფეროს მიმართ ინტერესი და ხატვის სურვილი ყოველთვის მქონდა. ალბათ, ეს ყველაფერი 30 წელი ვითმინე და უკვე ექვსი წელია, რაც ინტენსიურად ვხატავ.
– 30 წლის შემდეგ, როგორ მიხვედით ამ გადაწყეტილებამდე?
– მანამდე, 2005 წელს, რომ ვერ მოვიფიქრე, ფუნჯი, საღებავი მეყიდა და ხატვა დამეწყო, წერა დავიწყე. გამოვეცი ლექსების კრებული, დათო ტურაშვილის წინასიტყვაობით. წიგნს დართული აქვს აწ გარდაცვლილი მხატვრის, გია ცხადაიას არაჩვეულებრივი ესკიზები. 2010 წელს კი ჩემი მეორე წიგნი დაიბეჭდა, რომელიც თეა მურვანიძის ნახატებითაა გაფორმებული. ვფიქრობ, ეს იყო ტრამპლინი, რომ მივმხვდარიყავი, რა მსურდა. წერა და ლექსები ჩემი არაა, თუმცა, როგორც მეუბნებიან, ესეც გამომდის. ბოლო ექვსი წელია, ინტენსიურად ვხატავ, ოღონდ ეს პროცესი თავიდან გიჟური და ქაოტური იყო – ყველაფერს ვედებოდი, ყველაფერს ვხატავდი. ჩემმა მეგობარმა, თეა გოგუაძემ რამდენიმეჯერ მოწიწებით შემომაპარა, რომ ერთი მიმართულება ამერჩია, მაგრამ ამას ცოტა ვეწინააღმდეგებოდი. ამ გამოფენაზე კი უკვე შეინიშნება ერთი კონცეფცია.
– ეს თქვენი მერამდენე პერსონალური გამოფენაა?
– საქართველოში მეორეა. პირველი პერსონალური გამოფენა „თიბისი“ ბანკის საგამოფენო დარბაზში მქონდა და ეს იყო საქველმოქმედო – შემოსული თანხის
ნაწილი ონკოლოგიურ პაციენტებს გადავურიცხე. ამის შემდეგ ვენეციაში მქონდა გამოფენა და გამარჯვებული ნახატები ვენეციის ბიენალეზე ერთი თვის მანძილზე იყო წარმოდგენილი. მერე ჩემი ნამუშევრები მილანში, ერთ-ერთ გალერეაში გაგზავნეს. პანდემიამდე მოვასწარი ბერლინში, ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობის მიღება, სადაც სულ შვიდი მხატვარი მონაწილეობდა. რაც შეეხება უშულოდ ამ პერსონალურ გამოფენას, ძალიან სპონტანურად დაიგეგმა, უფრო სწორად, მე არც ვიყავი ქალაქში და ყველაფერი ჩემმა მეგობრებმა გააკეთეს. გამზადებული მასალა გამომიგზავნეს: დღე, რიცხვი, ადგილი და მოკლედ რომ ვთქვა, ეს დღე მათი დამსახურებაა. ამიტომ, გამოფენა მივუძღვენი ყველას: ჩემს საყვარელ ადამიანებს, მეგობრებს, ახლობლებს... ყველა ადამიანი მიყვარს, განურჩევლად იმისა, ბოროტია, თუ კეთილი, შესაბამისად, ყველა მათგანს ეძღვნება ეს გამოფენა.
ნაწილი ონკოლოგიურ პაციენტებს გადავურიცხე. ამის შემდეგ ვენეციაში მქონდა გამოფენა და გამარჯვებული ნახატები ვენეციის ბიენალეზე ერთი თვის მანძილზე იყო წარმოდგენილი. მერე ჩემი ნამუშევრები მილანში, ერთ-ერთ გალერეაში გაგზავნეს. პანდემიამდე მოვასწარი ბერლინში, ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობის მიღება, სადაც სულ შვიდი მხატვარი მონაწილეობდა. რაც შეეხება უშულოდ ამ პერსონალურ გამოფენას, ძალიან სპონტანურად დაიგეგმა, უფრო სწორად, მე არც ვიყავი ქალაქში და ყველაფერი ჩემმა მეგობრებმა გააკეთეს. გამზადებული მასალა გამომიგზავნეს: დღე, რიცხვი, ადგილი და მოკლედ რომ ვთქვა, ეს დღე მათი დამსახურებაა. ამიტომ, გამოფენა მივუძღვენი ყველას: ჩემს საყვარელ ადამიანებს, მეგობრებს, ახლობლებს... ყველა ადამიანი მიყვარს, განურჩევლად იმისა, ბოროტია, თუ კეთილი, შესაბამისად, ყველა მათგანს ეძღვნება ეს გამოფენა.
– თქვენს ნამუშევრებში გოგონები ჭარბობს, ყველაზე ხშირად მათ ხატავთ?
– ორი შვილი მყავს: მარიამი, რომელიც ფიზიკურად ჩემთან არის და ნათია, რომელიც ცათა შინაა, სამი წლის წინ წავიდა... ერთი ანგელოზი მყავს, მეორე კი ჩემ გვერდითაა. ამიტომ ვხატავ გოგონებს თავისი ხასიათით, მოძრაობებით, ჩაცმულობით, გაპრანჭულებს, გაღიმებულებს... ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ და არ მბეზრდება.
– კერძო კოლექციონერები თუ არიან დაინტერესებული თქვენი შემოქმედებით?
– უცხოეთში ბევრია დაინტერესებული და ბევრს მოსწონს. უამრავი ნახატი ნიუ-იორკშია გაყიდული, ზოგიც – გერმანიაში, ჰოლანდიაში, ინგლისში, საფრანგეთში, თბილისში... სულ ვცდილობ, ფასები დავაბალანსო ხოლმე, რადგან ჩვენმა ხალხმაც შეძლოს შეძენა. ძალიან ბევრი გამიჩუქებია სრულიად უცხო ადამიანებზეც კი. იმიტომ კი არა, რომ მას შესაძლებლობა არ ჰქონია, უბრალოდ, ისეთი კარგი დამოკიდებულება წამოსულა მათგან, რომ გულით მომნდომებია, მეჩუქებინა. ხშირად ყოფილა, კონკრეტული ნახატი მოსწონებიათ, რომელიც უკვე გაყიდული იყო და უთხოვიათ, მსგავსი დამეხატა, მაგრამ ეს გამორიცხულია, რომც მოვინდომო, ვერ შევძლებ.
– გყავთ მუზა?
– გარდა ხატვისა, ვმუშაობ ჩვეულებრივად. სამსახურში დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ვარ. მერე დავჯდები და ვიდრე ნამუშევარს არ დავამთავრებ, გამორიცხულია, ავდგე. ერთი ამოსუნთქვით ვამთავრებ ყველას, შეიძლება, მთელი ღამეც დამჭირდეს და 24 საათიც გადავაბა, მაგრამ აუცილებლად უნდა დავამთავრო. მუზას არ ველოდები, იმიტომ, რომ სულ მინდა, ვხატო, სულ პროცესში ვარ და სულ ვფიქრობ. მოლბერტთან რომ დავჯდები, ბრმად ვაკეთებ ხელით მონახაზს და მერე იხატება ჩემი გოგონები. მეკითხებიან, ბიჭებს რატომ არ ხატავო, ვცადე, მამა დავხატე და ბევრს მოსწონს კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, რომ გოგონები უფრო ჩემია. რაც მთავარია, არ ვხატავ იმისთვის, რომ გაიყიდოს. ხატვა ჩემთვის არის ყველაფერი: ბედნიერება, სიყვარული, სიხარული და ის, რაც საოცარ სიმშვიდეს მანიჭებს.