კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 თეა დარჩია: სიყვარული არის საკუთარი მეს ბოლომდე გადახაზვა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: თეა.
გვარი: დარჩია.
პროფესია: მოცეკვავე.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ყველაზე ხშირად მახსენდება, გაგრაში რომ ვისვენებდი, ხოფერიების ოჯახში. იქ ეკა ხოფერია ცხოვრობდა თავის დიდ ოჯახთან ერთად და ჰქონდა ულამაზესი სახლი – გრძელი კიბეები, რომლებსაც გარშემო პალმები ერტყა და პირდაპირ ზღვაში ჩადიოდა. ეს იყო ზღაპარი.
– მშობლების როლი...
– იყო მთავარი. ზუსტად ამარჩევინეს ის, რაც სიცოცხლეზე მეტად მინდოდა – ცეკვა. შეამჩნიეს, რომ არ ვიყავი გულგრილი ხელოვნების ამ დარგის მიმართ. როცა ცეკვას ვუყურებდი, ცრემლები მომდიოდა, თან, სულ ვცეკვავდი. ჩვენ ქვემოთ მცხოვრები მეზობლები მეუბნებოდნენ: შენ თუ გამოჩენილი მოცეკვავე არ გახდები, გიჩივლებთო. მეზობლებმა სხვა გზა არ დამიტოვეს და იძულებული გავხდი, ცნობილი და კარგი მოცეკვავე ვყოფილიყავი (იცინის).
– ჩემი მეტსახელი...
– მამა მეძახდა თიკოს. მეუბნებოდა: შენ ხარ თეა და არა თია, თეონა და ასე შემდეგ. ნინო რამიშვილი მომმართავდა თეიათი. ანსამბლში მეძახდნენ ხან „ჰიტაჩის“, ხან „ტოშიბას“ (იცინის). იაპონიაში რომ ჩავედით და „ტოშიბას“ რეკლამები იყო, მეხუმრებოდნენ: თეა, ნახე, როგორ გხვდებიან, იციან, რომ ჩამოხვედიო. ცოტა აზიური გარეგნობა მაქვს, ბავშვობაში დიდი ლოყები რომ მქონდა მთლად აზიური გოგო ვიყავი და ამის გამო, შემარქვეს ეს სახელები.
– ადამიანში ვაფასებ...
– ადამიანების სიყვარულს, კაცთმოყვარეობას, დანარჩენი არ მაინტერესებს. თუ ვინმეს ადამიანები არ უყვარს და სიყვარულის გაზიარება არ შეუძლია, მაშინ არის შურიანი, ბოღმა და ბოროტი. კაცთმოყვარეობიდან მოდის ყველაფერი კარგი.
– მაბედნიერებს...
– ის საქმე, რომელსაც ვუზიარებ ახალ თაობას და რომელშიც ვარ პროფესიონალი. ჩემს სიყვარულს გადავცემ ბავშვებს და მათაც უყვარდებათ ქართული ცეკვა. რთულ მომენტებში ამით ბევრს ვშველი კიდეც. თუ არ შეგიძლია, ეკლესიაში იყო და ილოცო, მაშინ უნდა იცეკვო, რომ გადარჩე. ასევე, მაბედნიერებს, როცა ჩემ ირგვლივ ყველა კარგადაა, მარტო კარგად ყოფნა არ შემიძლია.
– წარმატებული ადამიანი არის...
– ის, ვინც საქართველოში გულწრფელად უყვართ, ოღონდ ცოცხალი, რადგან ქართველებს, როგორც წესი, მარტო თევზი გვიყვარს ცოცხალი, სიკვდილის მერე კი ყველას უყვარდები.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ღმერთი არის სიყვარული, მამა გაბრიელი ამბობდა ამას და ეს მართლაც ასეა. ღმერთი სიყვარულის ნიჭია. აუცილებლად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ღმერთი და საკუთარი თავი, რადგან ჩვენ ღმერთის ჭურჭელი ვართ.
– ვრისკავ...
– ხშირად. როცა გულწრფელი, მშრომელი, საკუთარი საქმის პროფესიონალი ხარ და ამ საქმეს ამბიციების, ქონების დაგროვების მიზნით კი არ აკეთებ, არამედ
სიკეთით ამრავლებ, ღმერთი სულ შენ გვერდითაა, გეხმარება და შენ გარშემო სასწაულებს ახდენს.  უბრალოდ, ამ სასწაულებს უნდა დაუკვირდე და უფალს მადლობა გადაუხადო.
– სიყვარული არის...
– ბოლომდე საკუთარი მეს გადახაზვა. შენი ეგოს, ამბიციების, თავმოყვარეობის, პატივმოყვარეობის დავიწყება და სხვისთვის სიცოცხლის ჩუქება. ეს ასე ქრისტემ ახსნა, სიკვდილზე წავიდა, რომ გადავერჩინეთ, ჩვენ კიდევ ამას ვერ ვაფასებთ...
– დრო და სიყვარული...
– ჩემს შემთხვევაში ძლიერდება, რადგან რაც მიყვარდა, როგორც მიყვარდა უფრო გამძაფრდა. მივხვდი, ზუსტად ის მიყვარს, რაც უნდა მყვარებოდა. ხშირად ყოფილა გულის ტკენა, იმედგაცრუება, მაგრამ პატიების ნიჭი, რომელსაც ღმერთი გაძლევს, ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ამით შენ გარშემო არავის და არაფერს კარგავ. სხვას რომ პატიობ, მაღლა ბონუსები გეწერება, რომელიც მიწაზე ცხოვრების შემდეგ გამოგადგება.
– ის, რაც უპატიებელია...
– ჩემთვის მსგავსი არაფერია, რადგან თავად იმდენი ცუდი გამიკეთებია და იმდენი შეცდომა დამიშვია, რომ უფლება არ მაქვს, ვინმეს რამე არ ვაპატიო.
– სამაგიეროს გადახდა...
– არასოდეს მიცდია, იმიტომ, რომ არ ვიმახსოვრებ ვინ რა მატკინა, იმ წუთშივე  ვივიწყებ, რომ მერე ამან არ დამამძიმოს. როცა ვგრძნობ, ადამიანმა ტკივილი უნდა მომაყენოს, იქვე გული მიმდის, ან ჩემი ყურები იხურება.
– ვეჭვიანობ...
– ვეჭვიანობდი და ამ საკითხზე ბევრი ვიმუშავე. ეგოისტური სიყვარული ვიცოდი: მე მინდა, მე, მე, მე... ეს კი უკვე აღარ არის სიყვარული. ვისაც მსგავსი რამ სჭირს, ამაზე აუცილებლად უნდა იმუშაოს. ეს ცხოვრება იმიტომ მოგვეცა, რომ ვიმეცადინოთ. შეგვეშალა? უნდა ვისწავლოთ, რომ არ შეგევშალოს, აღარ გავიმეოროთ, დასკვნები გამოვიტანოთ, ვიაზროვნოთ, ვიფიქროთ. გამოცდილება მხოლოდ საკუთარი შეცდომების გამოსწოროების ხარჯზე უნდა დავაგროვოთ. მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ხშირად მეუბნება:  ადამიანს მოეწონა ყვავილი, მოწყვიტა, გულში ჩაიკრა და გაუხმა, მოეწონა ნაკადული, გადაკეტა  და დაშრაო. თუ რამე ან ვინმე გიყვარს, თავისუფლება უნდა მისცე, სხვა შემთხვევაში ის კვდება.
– ბოდიშის მოხდა...
– საერთოდ არ მიჭირს. იქაც კი ვიხდი ბოდიშს, როცა არ ვარ დამნაშავე, ოღონდ არ იყოს ბუნტი და დაძაბულობა.
ვიტყუები...
– როცა არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო. მომიტყუებია მოტივაციისთვის,  რომ ადამიანმა დაიჯეროს, მართლა კარგია. ასეთ დროს ისეთ რაღაცებს ვეუბნები ხოლმე, რასაც არ იმსახურებს, მაგრამ ეს მიდგომა ამართლებს და სამომავლოდ ის მართლა ძალიან კარგი ხდება.
– ბედისწერა...
– ყველაფერი ღმერთის ნებაა. შენ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებ დღეს, იმას მოიმკი ხვალ. სულ არჩევნის წინაშე ხარ: სიკეთე აკეთო თუ ბოროტება, ადამიანისკენ იყო თუ ცხოველისკენ, ღმერთისკენ თუ ეშმაკისკენ... ყველა ნაბიჯზე აკეთებ არჩევანს.  თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა და ამისთვის მოგეზღვება, ოღონდ ღმერთი აქ არაფერ შუაშია.
– ვნანობ...
– ბვერ რამეს, ბევრ შეცდომას, ბევრ სიტყვას, ბევრ აწეულ ხმას, ვისაც უნებლიეთ ვატკინე გული. ვნანობ, რაც გავაკეთე და არ მეკადრებოდა. სანანებელს რა გამოლევს...
– ვაგროვებ...
– ადამიანების კოლექციონერი ვარ, კარგი ადამიანების. სხვა არასოდეს არაფერი შემიგროვებია. თავად სიტყვა დაგროვება არ მეისმის, რას ნიშნავს.
– არასოდეს დამავიწყდება...
– სიკეთე, სიყვარული და მომენტები, რომლებიც მაბედნიერებს.  სიკვდილის წინ ამ ბედნიერ წუთებს დავამონტაჟებ და ძალიან მაგარ კინოს ვუყურებ, მერე მადლობას მოვიხდი და წავალ. ასე ბევრად მარტივი და სასიამოვნოა ცხოვრება.
– თავისუფლება არის...
– როდესაც საკუთარი თავის უფალი ხარ, როცა შენში ღმერთია. თავისუფლება ის კი არ არის, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, არამედ პირიქით, რაც გინდა, იმას რომ არ გააკეთებ. „მინდას“ მონა რომ არ ხარ, აი,  ესაა თავისუფლება.
– ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
– სიკვდილზე და თურმე, რა კარგი ყოფლა, ნაკლებ შეცდომას უშვებ. იმას ვაცნობიერებ, ხვალ შეიძლება, აღარ ვიყო და დღეს ისე უნდა ვიცხოვრო, გული რომ არ დამწყდეს.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– მთავარი ცვლილება და მეტამორფოზა ჩემში მაშინ მოხდა, როცა გადავწყვიტე, ეკლესიურად მეცხოვრა; როცა მივხვდი, რომ დანარჩენი ყველაფერი ამაოა. მოცეკვავისთვის რთულია ეკლესიური ცხოვრება, მაგრამ უკვე ათი წელია, ვცდილობ.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– ნინო რამიშვილის რჩევები მახსოვს, თითოეული მათგანი დიდ სიბრძნეს შეიცავს და ყველა გამოვიყენე ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე. პირველი რჩევა იყო: იცეკვე რეპეტიციაზე 150-200 პროცენტით, რომ სცენაზე გაგყვეს 50 პროცენტი მაინც. ანუ ყოველდღიურად ისეთი თავგანწირვით უნდა იცეკვო, რომ სცენაზე იმის ნახევარზე ცოტა მაინც გააკეთო. ეს მხოლოდ ცეკვას არ ეხება, ყველაფერში ასეა, 200 პროცენტით უნდა იცხოვრო, რომ 50 პროცენტით ცხოვრება მაინც გამოგივიდეს.
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
– ერთი შეცდომაც რომ არ დამეშვა, დღეს ვინც ვარ, არ ვიქნებოდი. მომწონს ჩემი განვლილი გზა, ბოროტულად არ შემშლია და სპეციალურად არ მიწყენინებია ვინმესთვის.  ჩემს ყველა ქმედებას სარჩულად ყოველთვის სიყვარული ჰქონდა.

скачать dle 11.3