№37 ხვიჩა მაღლაკელიძე: ბევრი ისეთი ამბავი მაქვს ცხოვრებაში გადატანილი, საკუთარ თავსაც რომ ვუმალავ
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მუსიკოს-შემსრულებელი ხვიჩა მაღლაკელიძე სულ ხუმრობის ხასიათზეა, ირგვლივ პოზიტივს ასხივებს და ჰგონიათ, ასეთი ხალისიანი ცხოვრების გზა გაიარა. არადა, იყო ბევრი განცდა, ტკივილი, ერთ წელში საყვარელი ადამიანების დაკარგვა, ცარიელ სახლში დედ-მამის სუნის შეგრძნება... და, როგორც თავად ამბობს, იუმორი სწორედ ის ნიღაბია, რომლის წყალობითაც, ამ ყველაფერს მალავს.
ხვიჩა მაღლაკელიძე: ბევრი მძიმე დღე მაქვს გამოვლილი, თუმცა, ვცდილობ, არ შევიმჩნიო და ჩემი იუმორით გადავფარო. 44 წლის ვარ და 44 ათასი მწარე დღე და სიტუაცია მქონია ცხოვრებაში. ზოგადად, ყველა ადამიანს თავისი წილი სევდა უკან მოსდევს და ამ სევდით უწევს გზის გაგრძელება. ზოგს აღიზიანებს კიდეც ჩემი ზედმეტი პოზიტივი. ამბობენ: რას ტინგიცობს, რას მაიმუნობსო. ყოფილა ასეთი შეფასებებიც. რა ვქნა, მე ასე ვცხოვრობ, არ შემიძლია, ვიყო სერიოზული და ეს ჩვევაში მაქვს. არ მიყვარს, როცა სევდასა და დარდს გახვევენ თავს. თუმცა, ყოფილა მომენტები, ხმაც ამიწევია, მიყვირია, გავბრაზებულვარ.
– გამოდის, ერთგვარად ნიღბის ტარება გიწევს. ეს რთული არაა? და ამ ნიღბის უკან, რა იმალება?
– ნიღბის ტარება, ბოლო წლებში, რთული გახდა. ეს ნიღაბი ორკომპონენტიანი წებოთი გავიკეთე და სახეზე მივიქვავე. თუმცა, მასაც ვადა აქვს და ნელ-ნელა მსხვრევას იწყებს. ალბათ, ეს ჩემი ნიღაბიც ასაკთან ერთად ჩამომემსხვრევა და ღრჯო და ჯმუხი „სტარიკი“ ბერიკაცი „გავიჩითები“ ბოლოს. რომ დადიან და ყველას უყვირიან (იცინის). ეს დროც დადგება. ასე რომ, იმ ნიღაბსაც თავისი დრო აქვს, თუმცა, მის მიღმა ნამდვილად არ იმალება მანიაკი, რომელიც ღამით გრძელი პლაშით დადის სკვერებში. ღმერთმა დამიფაროს! მის მიღმა არის, ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემები, რომლებიც შეიძლება, არ გაძლევს იმის უფლებას, სულ იცინო და იმაიმუნო. მაგრამ, როცა ხალხი გხედავს, ისინი შენგან სასიამოვნოს და ხალისს ელოდებიან, ამიტომ, ასეთი უნდა იყო და გიწევს ნიღბის კარგად მორგება. თუმცა, არასოდეს მომიყოლია ისეთი ამბავი, რომელიც გამოგონილია, მე არ გადამხდენია და არ მინახავს.
– არასოდეს, არსად მოგიყოლია შენი ცხოვრების იმ ტკივილზე, რომლის გადატანაც მოგიხდა. არ გიყვარს ამ ამბების გახსენება თუ, უბრალოდ, არ მიგაჩნია საჭიროდ ამ ამბებით უცნობი ადამიანების „დამძიმება“?
– მიუხედავად იმისა, რომ დედ-მამა მუშაობდა და ჩემთვის არ ეცალათ, ბედნიერი ბავშვობა გავიარე. მე დღეს მათი ერთგვარი სარკე ვარ, რადგან მეც ვერ ვიცლი ჩემი შვილებისთვის. ძალიან დიდი დარტყმა და ტკივილი იყო, როცა ერთ წელში გამომეცალა ერთიც და მეორეც. მძიმე იყო, რადგან სიკვდილის წინ მათ გვერდით ვერ ვედექი. რომ დამირეკეს, სამ საათში „ჩავასკდი“ ბათუმში ჩემი „დაიჰაცუთი“, რომელსაც ხუმრობით „დაიხოცეს“ ვეძახი, მაგრამ ცოცხალს ვერ მივუსწარი. თან, უცნაურ თარიღებს ემთხვევა ეს ყველაფერი – მამა დედის დაბადების დღეზე გარდაიცვალა, დედა – ახალ წელს, ზუსტად 31 დეკემბრის ღამეს, 12 საათზე, ჩემი სიმამარი – ჩემს დაბადების დღეზე. ასეთი უცნაურობები ხდება და სულ თარიღების შიში მაქვს.
– მშობლების უდროო ასაკში იმქვეყნად წასვლით რა დასრულდა შენთვის?
– მშობლების იმქვეყნად წასვლით, სამწუხაროდ, დასრულდა ვალდებულება და ზრუნვა. სულ მირეკავდნენ: სად ხარ? რას შვები? თუ სამი ზარის მერე ყურმილს არ ავიღებდი, მორგში რეკავდნენ და იქ მეძებდნენ. ახლა მენატრება მათი ნომრის აკრეფა და იმის თქმა, რომ კარგად ვიმგზავრე, კარგად ვარ. რთულია, როცა მშობლის ზარს არ ელოდები, როცა ვერ დაურეკავ და ეტყვი: მშვიდობიანად ვიმგზავრე. რამდენჯერმე ამიკრეფია ნომერი და მერე გამხსენებია, რომ ისინი აღარ მყავს.
– მამა სკოლის დირექტორი იყო და როგორც ვიცი, ყოველთვის არასერიოზულად უყურებდა შენი გიტარით გატაცებას. ალბათ, უნდოდა, მასავით კაბინეტში მჯდარიყავი, კარზე დაეკაკუნებინათ და ისე შემოსულიყვნენ. ამის გამო დაძაბული ურთიერთობა თუ გქონდა?
– გიტარის გამო მამასთან სიტუაცია იმ დონეზე არ იძაბებოდა, რომ საქმეში კავკასიური გენი ჩართულიყო, რასაც მათრახი და ქამარი ჰქვია. სულ მეუბნებოდა: სირცხვილია, მამა სერიოზული კაცი გყავს, დედაც სერიოზული და შენ, ამ ტაკიმასხრობით გინდა ცხოვრებაო? ვფიქრობ, სწორედ მათი სერიოზულობის ფონზე გამიჩნდა ერთგვარი კომპლექსი და ამიტომ გავხდი ასეთი არასერიოზული. ზოგადად, ყველა ქართველ მამას უნდა, თუნდაც, ათი კაცის უფროსი იყოს მისი შვილი, მაგიდაზე ხელი დაარტყას, მაგრამ, ალბათ, რომ არა გიტარა, მე ვერ გადავრჩებოდი და გზასაც ავცდებოდი. სხვათა შორის, ჩემთან არასოდეს უღიარებია, მაგრამ რამდენიმეჯერ მოვკარი ყური, მამა როგორ ამაყობდა ჩემით. ისე, ჩემი მშობლები არცერთ ჩემს კონცერტზე არ ყოფილან. ადრე,) ძალიან ხშირად მესიზმრებოდნენ და საშინელ სიზმრებს ვხედავდი. ალბათ, ეს სტრესის ბრალი იყო. ნამდვილ, ჰიჩკოკურ საშინელებათა ფილმის სერიებს ვხედავდი. შიშით აღარ მინდოდა დაძინება. მერე ეკლესიაში მივედი და პანაშვიდის გადახდა ვთხოვე. ამის მერე შემეშვნენ და იშვიათად ვნახულობ. თუმცა, თუ ვნახე, ავადმყოფობის მომასწავებელია – ან მე უნდა გავხდე ავად და ან ბავშვები. ყველაზე ცუდად ბებიის დასიზმრება მაქვს დაცდილი. ის თუ დამესიზმრა და სოფელი, მეტეორი ჩამოვარდება და ჩამეცემა თავში. პანდემიის დაწყებამდეც კი ბებიაჩემი ვნახე სიზმარში და გაბრაზებულმა გავიღვიძე. მერე ვხუმრობდი: სულ ბებიაჩემის, ნინა მჟავანაძის ბრალია ეს ამბავი-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, დედ-მამა ბათუმთან ახლოს, სოფელში არიან დასაფლავებულები. საოცრად ლამაზი ადგილია და ყოველ ასვლაზე, წამოსვლა არ მინდა. თან, მგონია, მშობლებთან ახლოს ვარ და თან, სილამაზითა და სიმშვიდით ვტკბები. მამაჩემს კაბინეტში ჰქონდა პატარა პალმა. ეს პალმა ახლა მის სასაფლაოზეა, უზარმაზარი გაიზარდა და რომ ვუყურებ, ასე მგონია, მამის სული მასში ხარობს, მისმა სულმა რეინკარნაცია განიცადა. მის ჩრდილში რომ ვჯდები, ასე მგონია, მამის ფრთების ქვეშ ვზივარ.
– ალბათ, ყველაზე მეტად, სახლში შესვლა გაგიჭირდა, როცა კარი გააღე და იქ მშობლები აღარ დაგხვდა. ასეა?
– მართლა საშინლად მძიმე იყო, როცა კარი გავაღე და მივხვდი იქ დედ-მამას ვეღარასოდეს ვნახავდი. დედაჩემის და მამაჩემის სუნი დიდი ხანი არ გასულა სახლიდან. დედაჩემს ჰქონდა სუნამო „კლიმა“, კარადაში იდო მისი გარდაცვალებიდან დიდი ხანი და დედის სუნი წლები ასე შემოვინახე. ამ ცარიელ ბოთლს დიდხანს ვინახავდი, თუმცა, მერე რემონტი გავაკეთე, ყველაფერი გამოვცვალე და გამოვიდა, რომ მშობლების სუნი სამუდამოდ განვდევნე სახლიდან. თან, გული მწყდება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, სახლი ინგრეოდა. თუმცა, მამაჩემს ჰქონდა მეოთხე სართულის აივანზე ვაზი და მას დღესაც ვუვლი. კორპუსის სადარბაზოში რომ შევდივარ, ასე მგონია, ბავშვობაში ვბრუნდები, მახსენდება ის ბედნიერი წლები. მხოლოდ სადარბაზო შემორჩა ძველი იერით, თორემ ისეა შეცვლილი ბათუმი, მამაჩემი რომ გაცოცხლდეს, ალბათ, სახლს ვერ მოაგნებს. ვხუმრობ, ხოლმე: მადლობა, ყველა მთავრობას და პარტიას, რომ არცერთმა არ ითავა სადარბაზოს შეკეთება, რომ ამით ბავშვობა არ დამიკარგეს, მადლობა გადაბრუნებული ფეხისთვის და ცხრაჯერ ამოვარდნილი ჩემი კოჭისთვის-მეთქი (იცინის). თუმცა, სადარბაზოში რომ შევდგამ ფეხს, დრო უკან ბრუნდება. რაც უფრო ასაკში ვარ, მით მეტი უბედურების მომსწრე ვხდები, ბავშვობის ბევრი მეგობარი და კლასელი დავკარგე... რაც წლები მემატება, მეგობრის როლი სხვა კუთხით დავინახე ჩემს ცხოვრებაში. დიდობაში რთულია მეგობრის პოვნა და მერე შენარჩუნება. გამოგიტყდებით და, ფულის გამო, ბევრი მეგობარი მყავს დაკარგული. სწორედ, ფული აფუჭებს მეგობრობას – ასესხებ და მერე გემალება, აღარ გეკარება... არადა, იქნებ ქეიფი მინდა, რომ გირეკავ და სულ არ გთხოვ ვალის დაბრუნებას? ასე რომ, გამოდის, ას ლარად ნაყიდი ბევრი მეგობარი მყავს და გული მწყდება.
– ეს მეგობრები ას ლარად ნაყიდია თუ დაკარგული?
– ნაყიდია, რადგან ის იმ გასესხებულ ას ლარად მყავს ნაყიდი და მერე დაკარგული. ახლა სიბერეში ვისწავლე ჭკუა, გავხდი ბოროტი, ძუნწი და არავის არაფერს ვაძლევ. მირეკავენ, ვეუბნები: არ მაქვს და შევინარჩუნე ძალიან ბევრი ადამიანი. სიამოვნებით ამოვჭრიდი ჩემი ცხოვრების რაღაც პერიოდებს, თუმცა, არ გავბედავ და არ ამოვჭრი. ის გზა რომ არ გამევლო, ეს ხვიჩა ვერ ვიქნებოდი. მართალია, 16 წლიდან დიდ ფულს ვშოულობდი, მაგრამ ოცდაოთხი საათი ვიჯექი და ვუკრავდი. ფაქტობრივად, მე გიტარამ ამაცილა ბევრ ხიფათს და გზას რომ არ ავცდი, ესეც მისი დამსახურებაა, გადამარჩინა. წარმოიდგინეთ, გიტარის წყალობით ჯორჯ ბუშის ძმაც კი გავიცანი. ბადრი პატარკაციშვილთან იყო ჩამოსული – მისი მეგობარი იყო და იქ გავიცანი. ჯიგარი კოვბოი იყო. ჯორჯ ბუში ვერა, მაგრამ მისი ძმა ჩამივარდა ხელში და მაგას ვაპატიებდი, რომ არ გამეგიჟებინა? ჰოდა, ისე ვუკრავდი, ამოვძვერი შარვლიდან და კი გადავრიე (იცინის). მთელი ცხოვრება ისეთ ხალხთან მიწევდა უეცარი ურთიერთობები, სიზმარში მეგონა თავი. ეს იყო აზარტი და ადრენალინი.
– გავიგე, შუაღამით, როცა ყველას სძინავს, შენთვის თენდება, უცხო ქვეყნებში მოგზაურობ კარანტინის და ვიზების გარეშე და რა ხდება?
– უცხოეთში მყავს მოსწავლეები – ამერიკა, ინგლისი, რუსეთი, გერმანია, საბერძნეთი. ღამეების თენება კი მიწევს, მაგრამ ფაქტობრივად, მთელი ღამე ვმოგზაურობ, კარანტინისა და ვიზის გარეშე (იცინის). გაგანდობთ – ერთ-ერთ ძალიან ცნობილ უცხოელ მსახიობ ქალს ვასწავლი ონლაინ გიტარაზე დაკვრას, თუმცა, ეს ამბავი არც ჩემმა ცოლმა იცის და ამას ახლა გაიგებს, ინტერვიუს რომ წაიკითხავს. მისი მოთხოვნა იყო, არავის გაეგო ეს ამბავი. მეც გარანტია მივეცი, ვიკეტები ოთახში, ვამეცადინებ და ამის შესახებ ვერც ვერავინ გაიგებს. ასე რომ, ცხოვრებაში ბევრი ისეთი ამბავი მაქვს გადატანილი, რასაც საკუთარ თავსაც კი ვუმალავ (იცინის). არც არაფერს ვნანობ, უბრალოდ, ნერვები მეშლება, რომ ცოტა დრო მრჩება შვილებისთვის. არადა, არ ვარ ბიზნესმენი, რომ ფეხი-ფეხზე გადავიდო და ფულები „მოვიდეს“. ღმერთმა იმდენი ფულიც ნუ მაშოვნინოს, რომ ბანკიდან პოლიტიკაში წავიდე. რაც მაქვს, ჩემი შრომითა და ღამეების თენებით, მადლობა ღმერთს და, მყოფნის.