№37 ანუნა მდივნიშვილი: რადგან ასეთი ცნობილი და სიმპათიური იყო, ფიქრობდა, რომ მაშინვე დავთანხმდებოდი
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
საქართველოს კალათბურთის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, დუდა სანაძე დაქორწინდა. მისი რჩეული საოცრად მომხიბლავი, ლამაზი და მშვენიერი ანუნა მდივნიშვილია, რომელსაც საზოგადოება „ჯეოსტარიდან“ და ტელეეკრანიდან იცნობს. სპორტსმენმა საკუთარ დაბადების დღეზე სთხოვა ხელი ანუნას, რაც ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. წყვილმა მათი სიყვარულის ისტორია გვიამბო.
დუდა: ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ანუნა სპორტის სამინისტროში მუშაობდა. ისე დაემთხვა, რომ მე გამოვდიოდი შენობიდან, ანუნა კი სამსახურში შედიოდა. უცებ დავინახე, შევამჩნიე და ძალიან მომეწონა. მერე, როგორც ხდება, გავარკვიე ვინ იყო და მოვიძიე კონტაქტები.
ანუნა: ძალიან მალე, სადღაც 10 წუთში, გაარკვია ყველაფერი და სოციალურ ქსელში გამომიგზავნა მეგობრობის თხოვნა (იცინის).
– დუდა, ანუნას „ჯეოსტარიდან“ და ტელევიზიიდან ბევრი იცნობს და ვერ იცანი? რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?
დუდა: მაშინ ამერიკაში ვცხოვრობდი და დიდად არ მქონდა ქართულ ტელევიზიასთან შეხება, შეიძლება, ითქვას, მოწყვეტილი ვიყავი აქაურ რეალობას. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ვერ ვიცანი.
– ანუნა, დუდა ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული კალათბურთელია. თავად თუ იცოდი მის შესახებ?
ანუნა: ვიცოდი, ვინც იყო, მაგრამ კალათბურთში დიდად არ ვიყავი გათვითცნობიერებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს სპორტი ყოველთვის მომწონდა. ნაკრების ყველა წევრის სახელი და გვარი არც ვიცოდი. 10 წუთში მეგობრობის შემოთავაზება რომ მივიღე, მაშინვე არ დავამატე, ვიფიქრე, განებივრებულია გოგონებისგან-მეთქი (იცინის). თან, რადგან ასეთი ცნობილი და სიმპათიური იყო, ალბათ, თავად ფიქრობდა, რომ მაშინვე დავთანხმდებოდი მეგობრობის შემოთავაზებას, თუმცა ასე არ მოხდა.
დუდა: ანუნასთან ურთიერთობის დაწყება მარტივი მართლა არ ყოფილა. მერე მეორედ ვცადე ბედი და გამიმართლა (იცინის). ამის შემდეგ უკვე ნელ-ნელა აეწყო ყველაფერი.
ანუნა: სამსახურიდან მომიწია კალათბურთის თამაშზე მისვლა და იქ რომ დავინახე, მეც მომეწონა. ამის შემდეგ ისევ სცადა ურთიერთობის დაწყება და მერე ყველაფერი ნელ-ნელა განვითარდა.
– დუდას ხშირად უწევს უცხოეთში ყოფნა, დისტანციური ურთიერთობა დისკომფორტს არ გიქმნიდათ?
– კი და დაახლოებით ექვსი თვე მიმოწერით გვიწევდა ურთიერთობა, პირადად საერთოდ არ ვიცნობდით, უბრალოდ, ნანახი გვყავდა ერთმანეთი. ვიდეოზარიც კი არ გვქონია (იცინის). ოღონდ, მთელი დღეები ვლაპარაკობდით, არც ერთი დღე არ ჩაგვიგდია. როცა ჩამოვიდა, მერე გავიცანით ერთმანეთი და დავახლოვდით.
დუდა: თან, მაშინ ნაკრების პაუზები დაემთხვა და ყოველ ორ თვეში ერთხელ მიწევდა ჩამოსვლა. რთული იყო დისტანციურად ურთიერთობა, მაგრამ გაგვიმარტივა იმან, რომ ხშირად ჩამოვდიოდი. მერე ფეხი ვიტკინე და დიდი ხნით დარჩენა მომიწია.
ანუნა: პირველად სამი თვით ჩამოვიდა და იმ პერიოდმა კარგად დაგვაახლოვა. მერე იტალიაში წავიდა, მაგრამ ტრავმა დაემთხვა. დაახლოებით, 8 თვე დარჩა საქართველოში. ამ პერიოდმა სულ შეცვალა ჩვენი ურთიერთობა. რაც შეეხება მანძილს, ბოლოს განსაკუთრებით გაგვიჭირდა. დასაწყისში მაინც სიახლე იყო და არ გვიქმნიდა დისკომფორტს, პირიქით, რაღაც მომენტებში კარგიც კი იყო, მაგრამ მერე ამ კუთხით გარკვეული სირთულეები დაიწყო. თან, ბოლოს, დაახლოებით, ოთხი თვით წავიდა, ისე მოხდა, რომ პანდემიის პერიოდიც დაემთხვა და მართლა გაგვიჭირდა. ასე მგონია, ყველა ვერ უძლებს. როცა შორს ვართ ერთმანეთისგან, ემოციური კავშირი უფრო მეტია, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში ამას მხოლოდ დადებითი მხარე ჰქონდა. ალბათ, სულ აქ რომ ყოფილიყო, ურთიერთობა იმდენად საინტერესო აღარ იქნებოდა.
– ამ დროის განმავლობაში რთული პერიოდი თუ გქონდათ?
– სულ იმას ვამბობთ, რომ არ გვახსენდება მსგავსი პერიოდი. ის მომენტიც კი არ გვქონია, რომ რამდენიმე დღე არ დავლაპარაკებოდით ერთმანეთს. კი ყოფილა რაღაც გაუგებრობა, მაგრამ მაქსიმუმ, დღის ბოლოს გაგვირკვევია ყველაფერი. თითქოს ორივე ვუთმობთ ერთმანეთს და იმედია, ასე იქნება მომავალშიც.
დუდა: გვირჩევნია, საუბრით მოვაგვაროთ პრობლემა, ვიდრე დღეები, კვირები არ მივწეროთ ერთმანეთს. ხან მე ვუთმობდი, ხან ანუნა და ასე ვაგვარებდით პრობლემას.
– იცოდი, რომ ხელის თხოვნას აპირებდა?
ანუნა: თითქოს დუდა არ არის ძალიან რომანტიკული ტიპი, თუმცა გარკვეული პერიოდის მერე მივხვდი, რომ შეუძლია მსგავსი რამეების კეთება. ძალიან უყვარს სიურპრიზები, ჩამოსვლის დროს სულ მატყუებდა ხოლმე. ხელის თხოვნასთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი ვიცოდი, მარტო ჩემმა დამ და დუდას ერთ-ორმა მეგობარმა იცოდნენ. დუდას დაბადების დღეზე დავპატიჟეთ ბევრი მეგობარი, მათ შორის ჩემებიც, გვინდოდა, ყველა ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ თურმე, ამ ყველაფერს სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონია. ისე, ძალიან კი ნერვიულობდა და მიკვირდა (იცინის). ზოგადად, ამ საკითხზე გვქონდა საუბრები და ისედაც ვაპირებდით დაქორწინებას, მაგრამ ჩემთვის ასე მოულოდნელად რომ მოხდა ყველაფერი, საოცრად ემოციური იყო. ვიდეოში ჩანს, ხელებით ვეუბნები არას, რეალურად, ბიჭები ყვიროდნენ, დაიჩოქეო და ამაზე ვეუნებოდი, რომ არ დაეჩოქა.
დუდა: სამჯერ მოვატყუე ზედიზედ. არ მელოდებოდა და მოულოდნელად ჩამოვედი საქართველოში. პირველად, კარგი, არ იცოდა, მაგრამ მერე მეუბნებოდა, მეორედ შანსი არაა, არ გამოგივაო, თუმცა, მეორედაც მოვატყუე და მესამედაც (იცინის). რაც შეეხება ხელის თხოვნას, ჩემი დაბადების დღე იყო და ისედაც ვგეგმავდი, უფრო სწორად, დაგეგმილი მქონდა უკვე. თან, ვიცოდი, ანუნას არ უყვარს რაღაც ძალიან რომანტიკული სიურპრიზები, დაჩოქილი ხელის თხოვნები და რაღაც მსგავსი. ამიტომ აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ ეს მისთვის მოულოდნელი და გულწრფელი ყოფილიყო, დადებითი ემოციები დარჩენოდა. ჩემს დაბადების დღეზე მეგობრები ისედაც ხომ უნდა დამეპატიჟა და ეჭვს ვერ აიღებდა. სტუმრებისთვისაც სიურპრიზი გამომივიდა. მთელი დღე დაძაბული ვიყავი, მაინც არ იყო მარტივი. ვნერვიულობდი, საჭმელს ვერ ვჭამდი და ვერაფერს ვაკეთებდი, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა მჭირდა (იცინის).
– ქორწილს გეგმავთ?
– ჩემი მეჯვარეები აქ არ არიან, თან პანდემიის გამო ბევრი რამე ვერ ხერხდება, ამიტომ, როცა ყველა საქართველოში იქნება, მაშინ აღვნიშნავთ, ალბათ, უფრო მომავალ ზაფხულს. ახლა ჯვარს დავიწერთ.