კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

  სარქის ხალათოვი – მეტსახელად „საქულა“, გამომძალველი. 1905 წლის არეულობების დროს დაიწყო ტფილისში სიკვდილის მუქარით ფულის წართმევა, დაშინება. ამისთვის სამი წელი მეტეხის ციხე მიესაჯა. იქიდან მალევე გაიქცა და სატვირთო მატარებლით არმავირში მიიმალა, სადაც ერთი თვე თელაველი იოსებას დუქანში აფარებდა თავს. შემდეგ ის ვლადიკავკაზში გადადის, იქ ცირკის გოლიათებს ეჭიდავება და თავს ამით ირჩენს. აქედან სიღნაღში მიდის, თუმცა იქ მალევე ბოქაულის თანაშემწე კალანტაროვი აკავებს და უკან მეტეხის ციხეში აბრუნებენ. ციხეში ხალათოვმა გამოაცხადა, რომ შეუძლია ნიკო კასრაძის, იგივე „პატარა ნიკოსა“ და მისი ბანდის ადგილსამყოფლის დასახელება. მისი თქმით, სწორედ, კასრაძის დასმენით დააკავა ის ბოქაულმა. სიღნაღში ყოფნისას ის გადაეყარა ერთხელ „პატარა ნიკოს“ ბანდას და მათ ის ჩაფრად ჩათვალეს და მოკვლა დაუპირეს. ხალათოვმა კი მოყვა, რომ გაქცეული ტუსაღია და მალვაშია. მათ მას ათი მანეთის პურის ყიდვა და მათთან მიტანა დაავალეს და ადგილიც დაუთქვეს. ხალათოვმა შეასრულა ეს და როდესაც ყაჩაღებთან მივიდა, მათ „ბრაუნინგი“ მოპარა და გამოიქცა. შემდეგ დღეს ტფილისში მიმავალი, ის კალანტაროვმა დაიჭირა, ვინც ხალათოვის თქმით, ყაჩაღებთან შეკრული იყო, ხშირად მათთან ერთად ქეიფსა და მოლხენაში დროს ატარებდა. ნიკოს ბანდის თავშესაფრად მან მუღანლო დაასახელა, ასევე, პირუსის დუქანი თელავში. ბანდის წევრებად კი „პატარა ნიკოს“ გარდა ზალიკო, ჩიტო და გოგია ჩამოთვალა, ყველა შეიარაღებული, მაუზერებითა და „მანლიხერის“ თოფებით. ასევე, დაასმინა ყაჩაღების ერთი სხვა ბანდა, „პატარა ნიკოსთან“ რომ დამქაშობდნენ და მისი წევრები ლეკიშვილი, იგივე „ლეკი“, ხარება და ჟორჟიკა იყვნენ.
  დავით ასლამაზოვი – ერევნის ზასტავასთან და ტრაქტზე ხვდებოდა ქალაქში მოსულ ხალხს და სძარცვავდა. შიგ ტფილისშიც თუ ვინმეს მოფარებულში გადაეყრებოდა, არც იმათ აკლებდა. ღამე ქალაქში სიარული იყო მეტად სახიფათო, გამცილებლის გარეშე სახლში მობრუნება – ფათერაკი ნამდვილი. 1871 წელს ასლამაზოვმა გაძარცვა ტაბახმელასთან სოლომონ არაკელოვი და ათას ხუთასი მანეთი წაართვა. ეს ამბავი გაცხადდა და ეჭვი მასზე აიღეს. ახალი არ იყო, რომ ის გამვლელებს აყაჩაღებდა. მეცხრე ნაწილის პოლიციელი კაგანოვი, მეტად თავზეხელაღებული, ასლამაზოვს აბანოს კართან გადაეყარა. ის იქ ერთ-ერთ დუქანში იჯდა და მიხეილ გედერზაშვილი ახლდა. კაგანოვი მათ ერთ სხვა პოლიციელთან ერთად შეუვარდა. ჯერ ქარქაშიდან ხანჯალი ამოაცალა, რევოლვერიანი ქამარიც მოხსნა და დაჰკითხა. ასლამაზოვი თავის ვინაობას არ მალავდა, მაგრამ ყაჩაღობას არ აღიარებდა. არც ფულის ქონას ადასტურებდა, სულ სამი მანეთი მაქვს ქისაშიო. ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა სარატოვის გუბერნიის მცხოვრები ვასილ იაკულშინის პასპორტი, ორი მედალი, გასაშლელი დანა და ბაღდადში გახვეული და ფეხზე შალვარს შიგნიდან თასმით აკრული ნაძარცვი საკრედიტო ბილეთები.
  ალექსი ამირხანოვი – ყალბი ფულის მჭრელი, დაიჭირა თათრის მეიდანზე მეწვრილმანის დუქანი, მაგრამ სიმთვრალეში გაფლანგა და დაკეტა. მერე საზანდარ აბდულ ბაღის დასტაში შევიდა, თარს უკრავდა, მაგრამ არც აქ დაუჯდა ბედი ალჩუს და ყალბი ფულის კეთება დაიწყო. იდგა კლდის უბანში და სჭრიდა ოსმალურ მეჯიდიეს და რუსულ აბაზიანებს. კარგად გამოუდიოდა, მაგრამ მე-10 ნაწილის ბოქაულმა გლებოვმა მიაგნო. ამ აბაზიანების საკეთებელი ყალიბებიც აღმოაჩინა, სხვა იარაღი, რამდენიმე ყალბი რუსული და თათრული ფულიც. მეჯიდიეს მოსაჭრელი ხელსაწყო კი ვერ უპოვეს. ფული ისე კარგად იყო გაკეთებული, რომ სიყალბეს გამოცდილი კაციც ვერ შეატყობდა. შეიპყრეს 1891 წელს. თავი დამნაშავედ ცნო და თქვა, სიმთვრალისგან მომივიდაო. არ უთქვამს, სად იშოვა ყალბი რუსული ფულის ყალიბი და ან საიდან ჩაუვარდა ხელში თათრული მეჯიდიე. მისი სახელი კაი ხანს დარჩა ქალაქში, „ამირხანოვის აბაზს“ ყალბ ფულს მერეც ეძახდნენ.
თბილისში მოჭრილი მეჯიდიე
  რეუმორის თერმომეტრი ოცდახუთს აჩვენებდა, როცა ტფილისში ოჰანეზ ტერ-ზაქაროვი შემოვიდა, ოსმალეთის ქვეშევრდომი.
მან განჯის კარით შემოაბიჯა და ქალაქის გულისაკენ გამოსწია. თავზე კარტუზი ეხურა, ხელში კი დიდი ხის ჩემოდანი ჰქონდა, შიგ ორნაირი სამოსითა და ორნაირი ფულით, ნამდვილითა და ყალბით. ეს ორთავე ფული, მეჯიდიე, ყრანი, შაჰი და აბაზი მისთვის ოსმალეთის კონსულ ჰუსეინ-ჰასიბ ბეის მიეცა. მისია ტერ-ზაქაროვისა ტფილისში ყალბი თურქული მეჯიდიეს მომჭრელთა გამოძებნა იყო.
ფული ხომ ორნაირი ჰქონდა და ქალაქიც ორნაირი დაუხვდა. აქეთ ჯერ სულ აზია იყო, გზად აქლემებიც შეხვდნენ, ზედ აკრული საპალნეებითა და ბოხჩით.
ასე იარა მან ქარვასლებით, აბანოებით, თათრის მეიდნითა და შუა ბაზრით. ერთმანეთში ჩალაგებული ქუჩებითა და ღია სახელოსნოთა რიგებით.
სახელებიც აღმოსავლური ხმოვანებისა იყო, დაბახანა, ბაყალხანა, აშპაშხანა, ლილიხანა, ზარაფხანა და მისთანანი და ამ ყველაფერს შუა კიდევ შაითან-ბაზარი.
აზია რომ მოილია, ოჰანეზა პასკევიჩ-ერევანსკის მოედანზე ავიდა, საცა ევროპა იწყებოდა და მისდევდა ქუჩას აქეთ-იქით აშენებული სახლებით, ქონგურითა და თუნუქის მამალოთი სხვენის თავზე. აქედან დაადგებოდა სასახლის ქუჩას, საცა იდგა კიდევაც რუსთა მეფისნაცვლის სასახლე. უკვე რამდენი მობინადრე რომ გამოეცვალა და მათ გვარებს შემდეგ ქუჩათა და მოედანთა დასარქმევად მოიხმარდნენ, რაც აქაურობას რუსულად ჰკაზმავდა.
ახლა აქ მთავარმართებელი გენერალ-ადიუტანტი დონდუკოვ-კორსაკოვი იჯდა და იალბუზიდან დანახულ მთელ არემარეს აქედან ჰმართავდა. ტფილისი რუსთა იმპერიას კავკასიის ცენტრად ექცია და აქეთ ბლომად ხალხი მოიჩქაროდა, აქ სცდილობდა, ფესვი გაედგა და ნაცნობობა დაეჭირა. ოდესიდან და პეტერბურგიდან ჩამოსული არქიტექტორები, ადგილობრივებთან ერთად, ტფილისის ქუჩებს ახალ-ახალი შენობითა და ნაგებობით ავსებდნენ და ევროპას მიმსგავსებას ცდილობდნენ. მაღაზიებიც ასეთი იერისა და ხმოვანების იხსნებოდა, დავუშვათ, დონერისა და ლაიცის მანუფაქტურის მაღაზია არწრუნის ქარვასლაში, თან ელექტრონით განათებული. ბლანშოსა და ამხანაგობის ფირმა ზრუნავდა ამაზე და საღამოს ევროპულ ყაიდაზე ანათებდა. სასახლის ქუჩის ვიტრინებში კი ნებისმიერ ცილინდრ ქუდსა და ყოველგვარ ღონისძიებისათვის გამოსადეგ სერთუკსა და ხელის ჯოხს მოსძებნიდი. როიალებისა და პიანინოთა სასყიდელ ალაგსაც, საცა დიდერიხსის, შმიტისა და შროიდერის საუცხოო პიანინოებს იყიდდი. ოლღას ქუჩაზე კი ეტლების ფაბრიკებში, ანაც მიხელის ქუჩაზე კოტრინის ეტლთა ქარხანაში სხვადასხვა კალიასკასა და ეკიპაჟს დაუკვეთავდი და მერე იმით ივლიდი ქალაქის ქუჩებში, საცა ხალხი ერთი მეორეს გასჯიბრებოდა კეთილდღეობის გამოჩენაში. ტფილისის მთავარ ქუჩებზე გასვლა უკვე კაი ხანია ევროპულ ყაიდაზე სეირნობად ქცეულიყო. იდგა ათას რვაას ოთხმოცდაათი წლის გვიანი გაზაფხული.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)


скачать dle 11.3