№37 თბილისელმა ადვოკატმა არკადი რაიკინი „კაგებეს“ კლანჭებიდან გამოსტაცა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მკვეთრი ანტისემიტი
ლეონიდ მიტროფანეს ძე ზამიატინი საბჭოთა კავშირის პროპაგანდისტული მანაქანის მთავარი მესაჭე იყო და სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შესაბამის განყოფილებებს განაგებდა. ბოლო პერიოდში კი, სანამ „პერესტროიკა“ დაიწყებოდა, ლეონიდ მიტროფანეს ძე „ტასის“, ქართულად – „საკდესის“, ანუ საკავშირო დეპეშების სააგენტოს ხელმძღვანელი იყო და მისი ცენზურის გარეშე რადიო-ტელევიზიასა და პრესაში ერთი სიტყვაც კი ვერ გავიდოდა. ზამიატინი, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, საბჭოეთის მთავარი „პიარშჩიკი“ იყო, უდიდესი ზეგავლენა და ძალაუფლება ჰქონდა და ამხელა კალიბრის კაცი მკვეთრი ანტისემიტი, ანუ ებრაელების მოძულე იყო. ანტისემიტობას ზამიატინი ყველაფერში ავლენდა და როდესაც მას პოლიტბიურო ანტიისრაელურ დავალებებს აძლევდა, ის ამ სამუშაოს განსაკუთრებული „შთაგონებით“ ასრულებდა. მიწასთან ასწორებდა ისრაელსა და ებრაელებს და მისი წყალობით, საბჭოთა პროპაგანდა გაპოხილი იყო ანტისემიტიზმით. ზამიატინს განსაკუთრებულად სძულდა გამოჩენილი იუმორისტი და მსახიობი არკადი რაიკინი და მას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ უსწორდებოდა თავისებურად, სასტიკად და დაუნდობლად, რომ რაიკინი ძალიან მოსწონდა ბრეჟნევს. ლეონიდ ილიჩს კი ზამიატინი კრიჭაში ვერ ჩაუდგებოდა. ზამიატინის განსაკუთრებული სიძულვილი რაიკინის მიმართ იმით იყო გამოწვეული, რომ დიდმა მსახიობმა 1964 წელს ლენინგრადის მინიატურების თეატრში დადგა სპექტაკლი. „ჯადოქრები ჩვენ შორის ცხოვრობენ“. რაიკინმა ბოროტი, სულელი ცენზორის პროტოტიპად ზამიატინი გამოიყენა. მართალია, შენიღბულად, მაგრამ ზამიატინმა გადაწყვიტა, შური ეძია და შესაფერის მომენტს ეძებდა, რომელიც მალევე დადგა...
ანტისემიტური ტანდემი
ზამიატინზე არანაკლები ანტისემიტი იყო საკავშირო „კაგებეს“ შეფი ვლადიმერ სემიჩასტნი. რაიკინი არც მას ეხატებოდა გულზე და რადგან ისინი მეგობრობდნენ, გადაწყვიტეს, მოესპოთ... ამ მიზნით, მათ მოქმედების გეგმა შეიმუშავეს, ყველაფერი დეტალურად გაწერეს და შესაფერის მომენტს ელოდებოდნენ...
1965 წელს არკადი რაიკინს დედა გარდაეცვალა. ლეა ბორისის ასულ გურევიჩს ნაანდერძევი ჰქონდა, რომ ისრაელში დაეკრძალათ და ცნობილმა მსახიობმა დედის სურვილის აღსასრულებლად მთავრობას მიმართა. დასტური მალევე მიიღო და „ცინკის“ (თუთიის) კუბოში ჩასვენებული ქალი თვითმფრინავით მოსკოვიდან თელ-ავივში უნდა გადაეტანათ. ცხედარს კი შვილი, არკადი რაიკინი აცილებდა. ბოლო მომენტში გადამსვენებლებს კუბო „მძიმედ მოეჩვენათ“. გახსნეს და შიგ 40 კილოგრამი ოქრო და ძვირფასეულობა აღმოაჩინეს. „კაგებემ“ რაიკინი დააპატიმრა. მას დიდი რაოდენობის ძვირფასეულობის კონტრაბანდაში დასდეს ბრალი. დედა მოსკოვში დაუსაფლავეს, ხოლო თავად კი ლუბიანკის ციხეში გამოამწყვდიეს. აშკარა იყო, რომ ეს პროვოკაცია „კაგებემ“ განახორციელა და ამის უკან ზამიატინისა და სემიჩასტნის ანტისემიტური ტანდემი იდგა.
ადვოკატის გმირობა
ლუბიანკაზე გამომწყვდეულ არკადი რაიკინს დასახვრეტი საქმე შეუკერეს და ამის გამო დიდ არტისტს ინფარქტმა დაარტყა და ციხის სპეციალურ საავადმყოფოში გაამწესეს უმკაცრესი ზედამხედველობის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური საბჭოთა მმართველობის პერიოდი ადვოკატებს მხოლოდ მინიმალური დანიშნულება ჰქონდათ და სასამართლო, ძირითადად, ზემდგომების შეკვეთებს ასრულებდა, რაიკინის ახლობლებმა საქმეში მაინც ჩართეს თბილისში დაბადებული და გაზრდილი, შემდგომ კი მოსკოვში გადასული ადვოკატი – მოსე ყვითელაშვილი. გაეცნო რა საქმეს, სადაც „უტყუარად“ იყო დადასტურებული, რომ არკადი რაიკინი დედის ნეშტის ისრაელში გადასვენებასთან ერთად დიდძალ ქონებას ეზიდებოდა თავის ისტორიულ სამშობლოში და იქ დარჩენას აპირებდა, მაინც შეძლო დიდი მსახიობის გამართლება. ყვითელაშვილმა დოკუმენტალურად დაამტკიცა, რომ თითქოსდა რაიკინის მიერ დედის კუბოში ჩადებული ბრილიანტის ორი კულონი და დიდი ლალისთვლიანი ბეჭედი, ჯერ კიდევ 1959 წელს იყო კონფისკირებული თბილისში, ერთ-ერთი სახლის დანგრევის დროს და ყვითელაშვილს, როგორც ადვოკატს ხელი ჰქონდა მოწერილი ამოღების აქტზე. ანუ, ეს იყო ბედნიერი დამთხვევა. ამის საფუძველზე ადვოკატმა „კაგებეს“ განუცხადა, რომ თუკი უდანაშაულო რაიკინს არ გაათავისუფლებდნენ, შესაბამის მტკიცებულებებს უცხოელი ჟურნალისტების დახმარებით საზღვარგარეთულ პრესაში გაასაჯაროებდა. ყვითელაშვილი, რა თქმა უნდა, ძალიან რისკავდა ამ ნაბიჯით და მსოფლიოს უმძლავრეს სპეცსამსახურს მტრად იკიდებდა, მაგრამ ადვოკატმა მაინც გააკეთა ეს. მესამე და მთავარი კი ამ საქმეში ის იყო, რომ მოსე ყვითელაშვილმა, 1965 წლის 7 ნოემბერს დიდ თეატრში ოქტომბრის რევოლუციისადმი გამართულ საზეიმო კონცერტზე ლეონიდ ბრეჟნევთან მოახერხა შეხვედრა, ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და შესაბამისი საბუთებიც გადასცა. არკადი რაიკინი მეორე დღესვე გაათავისუფლეს. თუმცა ერთი საათის შემდეგ კარდიოლოგიურ კლინიკაში დააწვინეს, სადაც მსახიობი ორი თვე მკურნალობდა და ის პირადად ბრეჟნევმა მოინახულა. ძალიან მალე, ბრეჟნევის მითითებით, რაიკინს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს. ყვითელაშვილმა კი 1972 წელს ისრაელში გამგზავრება მოახერხა, რადგან ეროვნებით ებრაელი იყო და ამაში მას უკვე თავად არკადი რაიკინი დაეხმარა, რომელიც სიკვდილისგან ადვოკატის გმირობამ იხსნა.