№37 ჩემი ქმარი მამამისზე ეჭვიანობს და მასთან მარტო დარჩენას მიკრძალავს
გააზრებულ ასაკში გავთხოვდი. შეხვედრებისა და შეყვარებულობის პერიოდი რომ ამოვწურეთ და მივხვდით, ერთმანეთის გვერდით გვინდოდა ცხოვრება, დავინიშნე, ქორწილიც დავგეგმეთ და ისე გავყევი ცოლად. თავიდან არც ეჭვიანი იყო და არც აკრძალვებს მიწესებდა. თან, ისეთ ასაკში ვიყავით, ამის საჭიროებაც არ იყო. მეგონა, ერთმანეთს ვენდობოდით, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა. ჩემი დედამთლ-მამამთილი გაშორებულები არიან. თუმცა, მამამთილი ხშირად მოდის ჩვენთან. საკმაოდ კულტურული, მშვიდი და მოსიყვარულე კაცია. ყოველ შემთხვევაში, ჩემ მიმართ ასეთია. ყოველთვის ცდილობს, გამანებივროს, საჩუქრები მომიტანოს, შვილივით მიკრავს გულში. წლების განმავლობაში ოჯახთან არ ურთიერთობდა. საყვარელი ჰყავდა, მასთან შვილიც ჰყავს და ერთად ცხოვრობენ. თუმცა, რაც მე მათი რძალი გავხდი, მოსვლას მოუხშირა, შვილთანაც უნდა, დაალაგოს ურთიერთობა და არც ჩემს დედამთილს აქვს პრეტენზია იმაზე, რომ მოდის. მოკლედ, არ ვიცი, რის გამო, მაგრამ ჩემმა ქმარმა ეჭვიანობა დაიწყო. სულ მეუბნება: არ მომწონს ასე რომ გექცევა, ახლა გაუსკდა სიყვარულის ბუშტი? წავიდეს, თავის ნაბიჭვარს ჩაეხუტოსო. ვერაფერს ვეუბნები. ვხვდები, ის ბრაზი და ბოღმა ვერ ამოიგდო გულიდან, რაც მამის მიმართ წლების წინ გაუჩნდა. თუმცა, დედამთილმა მომიყვა, როგორი სიტუაციაც იყო. მითხრა: უსიყვარულოდ გავთხოვდი, მხოლოდ მოვალეობის გამო ვიყავით ერთად, არ ვამტყუნებ, რომ იმასთან გაიქცა, ვინც შეუყვარდა, უბრალოდ, მაშინ შეურაცხოფილი ვიყავი, ქმრისგან მიტოვებული ქალის სტატუსის ტარება გამიჭირდა, თორემ შვილისთვის არასოდეს მოუკლია რამეო. განსაკუთრებით პირველ წლებში არ უნდოდა თურმე მისი დანახვა, სახლში შვილთან მოსვლა აუკრძალა და ისიც სხვისი ხელით უგზავნიდა ფულს. არც ვამტყუნებ. ქალი ვარ და იმავე სიტუაციაში, მეც ასე მოვიქევი. მოკლედ, ჩემს ქმარს დედამისიც დაელაპარაკა, მეც ვცადე, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდა. მკაცრად მოითხოვს, მამამისი არ მოვიდეს. არადა, ამის თქმა მეც და ჩემს დედამთილსაც გვიჭირს. თან, როგორც ვამჩნევ, ჩემს დედამთილს მის დანახვაზე, თვალები სხვანაირად უციმციმებს. მეც პატივს ვცემ. ცუდი არაფერი უკადრებია და რის გამო უნდა მოვიძულო და ვაქციო ზურგი. მინდა, მის შვილსაც შეეცვალოს მამის მიმართ დამოკიდებულება, ისეთი მიიღოს, როგორიც არის და ახალგაზრდობაში დაშვებული შეცდომა აპატიოს. თუმცა არ გამომდის. თან, შვილიშვილზე გიჟდება, ისე უყვარს. ჩემი ქმარი კი მის ჩახუტებასაც უკრძალავს. თუ ის სახლშია და მამამისი მოვიდა, დაავლებს ბავშვს ხელს და სასეირნოდ მიჰყავს. იქიდან დაბრუნებული, მე და დედამისს გვეჩხუბება: რას შემოიჩვიეთ, წავიდეს თავის ცოლ-შვილთან, დაგვანებოს თავი. შენ კი არ დაგინახო, მასთან მარტო დარჩეო. ვხვდები, ეჭვიანობს და არ სიამოვნებს წლების წინ დაკარგული მამის უკან მობრუნება. ერთხელ ისიც კი მითხრა: რით შეგაყვარა მამაჩემმა თავი, ასე რომ გიხარია მისი დანახვაო. ვხვდები, უნდა, მეც აგრესია გამოვხატო მის მიმართ, მაგრამ ჩემთვის არაფერი დაუშავებია და თუ საყვარელი ქალის გამო ადრე ცოლ-შვილი მიატოვა, ეს ჩემი საქმე არ არის. მისი ცხოვრებაა, მე ვერ ჩავერევი. ფაქტია, ჩემმა დედამთილმა აპატია და ახლა უნდა, შვილთანაც ურთიერთობა დაალაგოს, მაგრამ არ გამოსდის. კიდევ ვამბობ, არ ვიცი, მსგავს სიტუაციაში მე როგორ მოვიქცეოდი, მაგრამ ადამიანები შეცდომებს ხშირად ვუშვებთ და თუ მისი მონანიება და პატიება გვინდა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. არც ქმრის წყენინება მინდა და უმიზეზოდ ვერც მამამთილს მივუხურავ კარს. ვხვდები, ოჯახში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება და მეშინია, ამ ეჭვიანობამ და დაძაბულობამ ჩემსა და ჩემი ქმრის ურთიერთობაზეც არ იმოქმედოს.
ნინი, 31 წლის.