კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 მაცდური

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #36(1027)



***
იმ დღეს გვანცა სახლიდან აღარ გასულა. იჯდა და ფიქრობდა საკუთარ თავზე, „ახალ ბიჭზე“, რომელიც ასე მოულოდნელად გამოჩნდა მის ცხოვრებაში და ლევანთან გიტარასავით აწყობილი ურთიერთობა თავდაყირა დაუყენა, უფრო სწორად, მთლიანად დაუნგრია და ნაცარტუტად უქცია. ახლა რომ უფიქრდებოდა, ვერ ხვდებოდა, რამ მოაწონა ლევანი. არა, მისი დასაწუნი ნამდვილად არაფერი ჰქონდა, მაგრამ ლაშა მაინც სულ სხვა იყო: სხვა ენერგეტიკით, სხვა ქარიზმით, ძალიან ვნებიანი და სექსუალური, მაგრამ არა ბილწი...
ამ ფიქრებში გაათენა მთელი ღამე, მხოლოდ დილით ჩაეძინა. ისევ ლაშა დაესიზმრა: იდგა მის წინ, თვალებში შესცქეროდა და უღიმოდა. ისეთ ნეტარებას განიცდიდა ძილში, ეგონა, ბედნიერებისგან ცაში აფრინდებოდა.
– სახლში ხარ? – მოესმა უცბად დედის ცოტა ხრინწიანი ხმა, რასაც კარის მიჯახუნება მოჰყვა.
გვანცა ისე შეხტა, კინაღამ საწოლიდან გადმოვარდა. ხშირად ყოფილა მის ცხოვრებაში, დედის მოსვლა რომ არ გახარებია, მაგრამ ამჯერად განსაკუთრებით გააღიზიანა მისმა დანახვამაც და ხმის გაგონებამაც. მაკას შეძახილმა და კარის ჯახუნმა ღრუბლებიდან მიწაზე დაანარცხა და ისე დასწყდა გული, ტირილი დაიწყო.
– არ შეგეძლო, ცოტა გვიან დაბრუნებულიყავი, ან ხმა არ ამოგეღო და ისე შემოსულიყავი? – უყვირა ტირილნარევი მრისხანებით.
– ვიცი, არ მაფასებ, მაგრამ, სამაგიეროდ, თითქმის სრული სივი მოგიტანე.
– ვისი? – უცებ ვერ მიხვდა გვანცა.
– ვისი და, იმ შენი ახალი ვაჟბატონის.
– მერე? – გვანცა სიტყვაზე აღარ გამოეკიდა დედას, რადგან თვითონაც დაინტერესდა, რა ინფორმაცია შეაგროვა მაკამ ლაშაზე.
– პირდაპირ დავიწყო?
– ჰო, დროზე!
– ხანდახან მეც ვყოფილვარ საჭირო, არა? – მაკა ნეტარებდა სიტუაციით.
– დროზე-მეთქი, ნუ მეკაიფები!
– არა, ზრდილობა მაინც ვერ გასწავლე, მაგრამ მაგასაც გაპატიებ. რა ვქნა, ჩემი შვილი ხარ! – მერე ჩაისუნთქა და საზეიმო ხმით დაიწყო: – წყალბურთელია, ინჟინერი. კარგი სამსახური აქვს. ცოლი ნამდვილად არასდროს ჰყოლია. არაჩვეულებრივად უკრავს პიანინოზე და გიტარაზე და კიდევ უფრო უკეთესად მღერის. ყოფილი მოცეკვავეა. მშობლები ექიმები ჰყავს... – აქ მაკამ ხმას დაუწია და ცოტა ორჭოფული ხმით ჩაიჩურჩულა: – მგონი, მამამისს ვიცნობდი სტუდენტობისას...
– მგონი თუ ნამდვილად იცნობდი? იცოდე, არ მომატყუო!
ცოტაოდენი დუმილის შემდეგ მაკამ თავი დაუქნია შვილს:
– ნამდვილად ვიცნობდი.
– ანუ, საყვარლები იყავით?
– ჰო, – უკვე თამამად თქვა ქალმა.
– მერე?
– მერე ის, რომ არჩილი ღარიბი იყო და არ გავყევი ცოლად. მე რომ მივატოვე, მალე ეს ქალბატონიც გამოჩნდა, მისი ახლანდელი ცოლი, ანუ მაგ შენი ვაჟბატონის ძვირფასი დედიკო და იმან დაუბნელა გონება. ათასი სიბინძურე მომიგონა, რომ მისთვის ჩემი თავი შეეძულებინა.
– ესე იგი, არჩილმა გაიგო, სინამდვილეში რასაც წარმოადგენდი და, მსუბუქად რომ ვთქვა, თავიდან მოგიშორა, რითაც, უნდა ვაღიარო, რომ საკუთარი მომავალი გადაარჩინა.
– ერთადერთი შვილი ჰყავდეს ქალს და ასეთი დაუნდობელი?! – ამჯერად მართლა ეწყინა მაკას.
– შენი სკოლაა, დედიკო. თანაც, რატომ ერთადერთი, გოგიტა რატომ წაშალე შენი მეხსიერებიდან?
– გოგიტა აღარ მიხსენო! ის მარტო მეხსიერებიდან კი არა, გულიდანაც ამოვშალე!
– რა ვიცი, კარგად კი „გაათხოვე“: ჭკვიან, ლამაზ და შეძლებულ გოგოს სულ ძალით შესტენე.
– არაფერიც, ნუციკოს შეუყვარდა გოგიტა.
– მიუხედავად იმისა, რომ ლამის ბავშვობიდან ნარკომანობდა?
– სამაგიეროდ, ჩემი შვილი პატარაობიდან გამორჩეული და ყველასგან განსხვავებული იყო თავისი სიკეთით, ნიჭიერებით და... და... – მაკამ ვეღარ გაიხსენა, კიდევ რით იყო გამორჩეული მისი შვილი.
– და კიდევ, აფერისტობითა და თვალთმაქცობით. შენ კი, დედიკო, ისე ყელში ამოგივიდა მისი „ფოკუსები“, შენი სატრფოების ჩარევა ციხიდან მის დასახსნელად, კლინიკებში დაწვენა მის სამკურნალოდ და, რაც მთავარია, უშედეგოდ, რომ გადაწყვიტე, საიმედო პატრონი და „სიდელკა“ მოგეძებნა მისთვის: ისეთი, რომელიც კიდეც არჩენდა, კიდეც მოუვლიდა და, თუ საჭირო გახდებოდა, კუდშიც დაუწყებდა დევნას, რომ წამალში არ გაპარულიყო. ჰოდა, მოძებნე კიდეც – გააცანი ერთი ჭკვიანი, მაგრამ გულუბრყვილო გოგო შენს ბედოვლათს, რომელიც კარგად გყავდა დარიგებული, როგორ უნდა მოქცეულიყო ნუციკოსთან, რომ თავი შეეყვარებინა. ისე, შენ მართალი ხარ, ნამდვილად ნიჭიერია შენი შვილი, ზუსტად შეასრულა დავალება. სხვათა შორის, მანონიკო, იმ პერიოდში ბოროტი ენები ამბობდნენ, რამდენჯერაც გაექცა ნუციკო გოგიტას, იმდენჯერ მოუხშირე მკითხავებთან სირბილს და მათ შესარიგებლად არაფერზე უკან არ იხევდი.
– შენც ჩემთან ერთად არ დარბოდი ნუცასთან და არ ეხვეწებოდი, გოგიტას უყვარხარ და აპატიეო?
– იმიტომ ვეხვეწებოდი, რომ შენს ნარკომან შვილს ნუცას ნაცვლად მე შემომტენიდი მოსავლელად.
– შენ, რა, რამდენჯერაც დამინახავ, იმდენჯერ ჩემი მხილებისა და დადანაშაულების ხასიათზე დგები? კარგი აღარაფერი გახსოვს ჩემგან?
– თითქმის არა, – არ დაინდო შვილმა, – შენ, პრაქტიკულად, ორივე გაგვწირე, ოღონდ სხვადასხვანაირად.
– გოგიტა სულ მთლად მამამისია, შეუძლებელია მისი ატანა.
– როგორც მახსოვს, გოგიტას მამა შენი ერთადერთი ქმარი და ერთადერთი მამაკაცი იყო შენს მამაკაცებს შორის, რომელსაც ნამდვილად უყვარდი, მაგრამ ისიც გაგექცა, თანაც შვილიანად – შენთან ბავშვის დატოვება სახიფათოაო, გითხრა. მერე კი ათი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გინახავს შვილი.
– მაგრამ მერე მაინც ჩემთან დაბრუნდა, თვითონ, ჩემი თხოვნის გარეშე! – დაიტრაბახა მაკამ, – თანაც, იმიტომ ვერ ვნახე, რომ სხვა ქალაქში ცხოვრობდა.
– და ამით დაიღუპა კიდეც თავი. სხვა ქალაქში ცხოვრობდაო, რომ ამბობ, სხვა პლანეტაზეც რომ ეცხოვრა, მოყვარული დედა ერთხელ მაინც როგორ არ მოისურვებდა და როგორ ვერ მოახერხებდა შვილის ნახვას?! კარგი, წარსულს დავანებოთ თავი, მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ შესტენე ნუციკოს, რამდენჯერ მოინახულე, რამდენჯერ დაურეკე, ან თუნდაც ნუციკო რამდენჯერ მოიკითხე? რძალსაც და შვილიშვილსაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციე და არც კი კითხულობ, როგორ არიან?
– რა გინდა, გოგო, ჩემგან, რატომ მკბენ და მგესლავ, ვეღარ გაიგე, როგორიც ვარ? შენ გამო ათასი ვინმე შევაწუხე, სრული დოსიე მოგიტანე იმ შენს ახალზე, შენ კი ლამის გილიოტინაზე ამიყვანო და თავი მომკვეთო! ასეთი საშინელი თუ ვარ, რატომ ცხოვრობ ჩემს სახლში, ჩემს ხარჯზე?
– აი, მაგაში კი მართალი ხარ, მაგრამ აქაც შენი გენი მოქმედებს: მუქთაზე მიყვარს ცხოვრება. თუმცა, ნუ ნერვიულობ, მალე გაგიფრინდები ბუდიდან და ორივე დავისვენებთ ერთმანეთისგან. ერთი სული მაქვს, ეს დღე როდის დადგება! – გვანცას მართლაც ერთი სული ჰქონდა, მით უფრო, რომ ლაშა უკვე ნამდვილად უყვარდა.
– მეც, – თითქოს ჯინაზე უპასუხა დედამ, მაგრამ მასაც ერთი სული ჰქონდა, სახლში მარტო დარჩენილიყო და თავის ჭკუაზე და გემოზე ეცხოვრა.
– კარგი, დავანებოთ ჩხუბს თავი, – უკან დაიხია გვანცამ, შენი აზრით, ლაშას მშობლებმა თუ გაიგეს, ვისი შვილიც ვარ, მიმიღებენ ოჯახში?
– ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული, როგორ „დაამუშავებ“ ლაშას. თუმცა, ჯობია, ხელის მოწერამდე არ გაიგონ, მერე კი იხტუნაონ, რამდენიც უნდათ, ფეხებსაც ვერ მოგჭამენ.
– იცი? ცხოვრებაში პირველად მომინდა წესიერი და მშვიდობიანი ცხოვრება, ნამდვილი სიყვარული, მყუდრო ოჯახი...  – ოცნებით თქვა გვანცამ და თვალები დახუჭა.
– ღმერთმა გისმინოს, თუკი ასე გინდა, მაგრამ ეს ჩვენი გენეტიკისთვის ცოტა უჩვეულო რამაა.
– რა გინდა, რატომ მწყევლი და რატომ მთარსავ? – ხმაში ტირილი გაერია გვანცას.
– კარგი, მე ხმას აღარ ამოვიღებ ამ თემაზე და ვილოცებ შენთვის, მაგრამ ჩემი სიტყვები არ დაგავიწყდეს, – თქვა მაკამ და წამოდგა, – მე აბაზანაში შევდივარ.
– მე ცოტას გავისეირნებ, არ შემიძლია სახლში ჯდომა, – გვანცა წამოდგა, ბოტასები ჩაიცვა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და კარი მთელი ძალით გაიჯახუნა.
„შენ თუ ილოცებ, ესე იგი, არაფერი ამისრულდება. შენს ლოცვას შეისმენს ღმერთი?1“ – გაიფიქრა მწარედ და ფეხით გაუყვა ლამპიონებით განათებულ ქუჩას. ახლა არავის ნახვის სურვილი აღარ ჰქონდა, მარტო უნდოდა ყოფნა.
***
მართალია, დედა კარგა მაგრად გამოლანძღა, მაგრამ მისი მოტანილი ინფორმაცია ლაშას შესახებ მაქსიმალურად გამოიყენა. შედეგმაც არ დააყოვნა: ორიოდე კვირის შემდეგ ისინი ხელიხელჩაკიდებულები დასეირნობდნენ ქალაქში ბედნიერი სახეებით.
გვანცამ რამდენჯერმე დააპირა, ეთქვა ისიც, ვისი შვილი იყო და ისიც, რომ მამის ვინაობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა, მაგრამ ვერცერთხელ ვერ შეარჩია შესაფერისი დრო, არადა, ნამდვილად არ უნდოდა, ლაშასთან ურთიერთობა და, მით უმეტეს, ოჯახის შექმნა ტყუილებით დაეწყო. ასე იყო თუ ისე, საჭირო მომენტი ვერ დადგა და სიმართლე უთქმელი დარჩა. თავიდან გვანცა ნერვიულობდა, მაგრამ მერე იფიქრა, რაც მოსახდენია, მაინც მოხდებაო და ამ თემაზე საერთოდ აღარ ფიქრობდა.
ურთიერთობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ლაშამ მოკლედ გააცნო დედ-მამას თავისი გადაწყვეტილება:
– ცოლს ვირთავ!
მამას არაფერი უთქვამს, მხოლოდ გაეღიმა, დედა კი მოწყვეტით დაეშვა სკამზე და სასოწარკვეთილი ხმით წარმოთქვა:
– ელენეს?
– არა, დედა, რა ხანია, ელენეს დავშორდი. ჩემს საცოლეს გვანცა ჰქვია.
– ოღონდ ის არ ყოფილიყო და ნებისმიერ გოგოზე თანახმა ვარ, – შვებით ამოისუნთქა დედამ. მერე ქმარს მიუბრუნდა: – შენ რას იტყვი, არჩილ?
– მე, ლალიკო, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შვილის არჩევანს ვენდობი. ვინც ჩემს შვილს შეუყვარდა, იმას მივიღებ მეორე შვილად.
– როდის რას გეგმავთ, დედიკო? – დაინტერესდა ლალი.
– დიდი ქორწილი არ გვინდა. ჯვრისწერა და ხელის მოწერა ერთ დღეს გვექნება. მერე ორმოცდაათკაციან სუფრას გავშლით რესტორანში და მეორე დღეს საქორწინო მოგზაურობაში წავალთ ერთი თვით.
– ნიშნობა?
– ნიშნობა აუცილებელი არ არის. ასე გადავწყვიტეთ.
ლალი დაეთანხმა – როგორც თქვენ გინდათ, ისე მოიქეცით, ოღონდ ქორწილამდე ჩემი მომავალი რძალი და მისი ოჯახი უნდა გადმოვიპატიჟოთო.
– არ გინდა ეგ ფორმალობები, დედა. თუ ასე ძალიან გინდა, მე და გვანცა ისე შემოვირბენთ ამ დღეებში და გაგაცნობთ, – გაეცინა ლაშას.
– ხვალ საღამოს გელოდებით, – მაშინვე აიტაცა ლალიმ და სასწრაფოდ ჩამოწერა იმ პროდუქტების სია, რაც ვახშმის მოსამზადებლად იყო საჭირო, – ახლავე წაბრძანდით შენ და მამაშენი და რაც აქ წერია, დღესვე ამომიტანეთ, რომ ხვალისთვის ყველაფრის მომზადება მოვასწრო. რესტორნიდან მოტანილი არაფერი მჭირდება, იცოდე...
***
სასიამოვნო საღამო გამოვიდა. ათას რამეზე ისაუბრეს. ბოლოს ლალიმ „ქართულ-ხალხურ-დედამთილური“ შეკითხვების ნაკადი გაუშვა გვანცასკენ:
– სტუდენტი ხარ თუ უკვე მუშაობ?
– წელს კონსერვატორია დავამთავრე და მუსიკის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, მაგრამ არ ვიცი, რამდენ ხანს გავუძლებ, – ღიმილით უპასუხა გვანცამ სიმართლე.
– მშობლები რას წარმოადგენენ?
– მამა არ მყავს, ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა, დედას პატარა ბუტიკი აქვს და...
– და-ძმა? – ვერა და ვერ ამოივსო ლალის ცნობისმოყვარეობის ბუშტი.
– ერთი ძმა მყავს და ცოლ-შვილით ცალკე ცხოვრობს, – ისეთი ტონით უპასუხა გვანცამ, რომ აგრძნობინა, ასეთი დაკითხვა არ მსიამოვნებსო. ლალი მიხვდა და მაშინვე სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
ვახშამი მხიარულად წარიმართა და მხიარულადვე დასრულდა. ლაშას მშობლები აღფრთოვანებულები დარჩნენ სარძლოთი, გადაკოცნეს და სთხოვეს, ხშირად გამოგვიარეო. არჩილმა კი უკვე კარში მდგარი გვანცა შეაჩერა და დაფიქრებით უთხრა:
– ვიღაცას მაგონებ, მაგრამ ვერ ვიხსენებ, ვის. თითქოს სადღაც მინახავს შენი სახე, უფრო კი – თვალები... თუმცა, არა, ალბათ, ვიღაცას მიგამსგავსე, – კაცმა უცებ შეწყვიტა ფრაზა და სარძლოს თბილად გამოემშვიდობა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3