№37 როგორ აპირებდა ბერია ძირძველი ქართული მიწების დაბრუნებას
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს, ყველა მკვლევარი ცალსახად აღნიშნავს ამ ადამიანის მკვეთრად გამოხატულ პატრიოტიზმსა და საქართველოს სიყვარულს... ისტორიკოს-მკვლევარი, ლატვიელი პროფესორი მევრიკ პეპელსონი წერს: „მე ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ლავრენტი პავლეს ძე ბერია ჯალათი არ ყოფილა. სტალინურ სახელმწიფოში, თანაც ისეთ თანამდებობებზე, რომლებიც ბერიას ეკავა, ასეთი რამ გამორიცხული იყო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბერია ხრუშჩოვივით უწიგნური იყო და ტროცკივით ან სვერდლოვივით – უთვისტომო. არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უდავო ფაქტია, რომ ბერია განათლებულიც იყო და თავისი სამშობლოს მოყვარულიც და ვფიქრობ, რომ თანამედროვე პოსტსტალინურ პოლიტიკას ეს ადამიანი წარმატებით გაუძღვებოდა. თუმცა, მოხდა ერთი შეხედვით წარმოუდგენელი რამ და ყველაზე ჭკვიანი, ფრთხილი, ვერაგი და სტალინის შემდეგ ძლევამოსილი ადამიანი საიქიოში ყველაზე უღირსმა და უჭკუომ გაისტუმრა... ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის მმართველობებმა კი საბჭოთა კავშირი ისე საფუძვლიანად შეარყიეს, რომ მას საყრდენი გამოეცალა, დაინგრა და ჩემმა სამშობლომ, ლატვიამ, თავისუფლება მოიპოვა. ჩემი აზრით კი, ქვეყანას რომ ლავრენტი ბერია გაძღოლოდა, ის მინიმუმ 1970 წლამდე იქნებოდა მმართველი, მაშინ საბჭოეთი არა თუ დაინგრეოდა, არამედ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდებოდა. ჩემი სამშობლო ლატვია კი დღესაც ამ ძლიერი სახელმწიფოს შემადგენლობაში იქნებოდა, ისევე, როგორც დანარჩენი რესპუბლიკები. ლავრენტი ბერია იყო ერთადერთი ადამიანი სტალინის პოლიტბიუროდან, რომელსაც ქვეყნის მმართველობის გამზადებული გეგმა ედო, სადაც თანმიმდევრულად ჰქონდა გაწერილი როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის ასპექტები და რაოდენ საკვირველიც არ უნდა ჩანდეს მრავალი საგარეო პოლიტიკური ასპექტი, ეს ყველაფერი დასავლეთისთვის სარფიანი და მისაღები იყო. მხოლოდ შეცდომაში ნუ შეგიყვანთ და ნუ დაგაბნევთ ჩემი სიტყვები. ბერია უანგაროდ, მით უმეტეს, სულელურად არაფერს აკეთებდა. თუკი საგარეო პოლიტიკაში ბერია რაიმეს დათმობას აპირებდა, ამისთვის მას სამაგიერო უნდა მიეღო და ასეც ჰქონდა გაანგარიშებული. მაგალითად, როგორც კი იოსებ სტალინი გარდაიცვალა, ბერიამ თავისი საგარეო პოლიტიკური კომბინაცია წამოიწყო და ძალიან სარფიანადაც. ბერიას პირადი წარმომადგენელი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ყოფილი საბჭოთა ელჩი გერმანიაში ვლადიმერ დეკანოზოვი საიდუმლო მისიით მიავლინა დიდ ბრიტანეთში. ბერიას პირით დეკანოზოვმა ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსან, გავლენიან დიპლომატებს ლონდონის დახურულ კლუბში უთხრა, რომ საბჭოთა კავშირი იაპონიას დაუბრუნებდა სამხრეთ კურილიის წართმეულ კუნძულებს, ფინეთს კი – წართმეულ მიწებს, ეგრეთ წოდებულ, კარელო-ფინეთის რესპუბლიკას, სამაგიეროდ კი ანგლო-ამერიკელებს თურქეთზე უნდა მოეხდინათ ზეწოლა, რომ ამ ქვეყანას ძირძველი ქართული მიწები დაებრუნებინა, რომელსაც ტაო-კლარჯეთი ეწოდება. ან ხმა არ ამოეღოთ და არ ჩარეულიყვნენ სამხედრო კონფლიქტში, რომელსაც ბერია აპირებდა თურქეთის წინააღმდეგ ქართული მიწების დასაბრუნებლად. ანგლო-ამერიკლები თანახმა იყვნენ ამ გარიგებაზე და თურქეთის მთავრობასთან საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავდნენ. ბერია კი, ერთი მხრივ, არმიას ამზადებდა თურქეთში შესაჭრელად, მეორე მხრივ, პოლიტბიუროს წევრებს „ამუშავებდა“ მომავალი დათმობებისთვის... პატრიოტული კუთხით ბერია ცამდე მართალი იყო. ის სწორ პოზიციაზე იდგა საერთაშორისო პოლიტიკური ასპექტითაც. ჯერ ერთი, რომ რუსეთს ეს ტერიტორიები, ისევე როგორც ყველა სხვა ტერიტორია, ყოვლად უსამართლოდ ჰქონდა მითვისებული. თანაც, არც კურილიის დაბრუნებით და არც ფინური ტერიტორიების დეოკუპაციით, გეო-სტრატეგიულად არაფერს აგებდა. მოგებით კი ძალიან ბევრს მოიგებდა. ბერიამ ეს კარგად იცოდა. რომ იტყვიან, თავისი პატრიოტული მიზნები გლობალურ პოლიტიკურ მიზნებს დაამთხვია. რუსებმა კი რა ქნეს? რა და, ჯერ ბერია მოკლეს ვერაგულად, შემდგომ კურილიების დაბრუნებაზე უარი განაცხადეს, კარელო-ფინეთის რესპუბლიკა კი ავტონომიად გადააქციეს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეიყვანეს და ამით მიზერული იურიდიული უფლებაც კი წაართვეს, რომ სამშობლოს – ფინეთს, დაბრუნებოდა. სამწუხაროდ, ასეთია დღემდე რუსული პოლიტიკა – საკუთარ უზარმაზარ და უდიდრეს ტერიტორიებს ვერ უვლიან და ვერც პატრონობენ, სხვის მიწებს კი ეპოტინებიან. რუსული პოლიტიკის ტრადიციული ასპექტი კიდევ ისაა, რომ ისინი თავიანთი შოვინისტური მისწრაფებებით, ხშირ შემთხვევაში, სასაცილო სიტუაციაში ვარდებიან. ბერიაზეა ლაპარაკი და ვიტყვი, რომ სწორედ ამ ადამიანის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ დღევანდელი რუსეთი არსებობს. რუსები კი, აქ ვითომ არაფერი, სიტყვასაც კი არ ძრავენ ამის შესახებ და ელემენტარულ მადლიერებასაც არ გამოხატავენ მის მიმართ. რაღა ბერია, სტალინსაც კი არ წყალობენ. ჩემთვის და ყველასთვის მისაღებია ის, რაც რუსებმა ბერიას დამართეს, რადგან ამით ჩემმა სამშობლომ იხეირა და რუსეთს მოვწყდით. იმედია, სამუდამოდ. მაგრამ, ადამიანურისა თუ საღი აზრის კუთხით (რუსეთის სასარგებლოდ), ეს საბოლოო ჯამში, რუსეთისთვის აღმოჩნდება სავალალო და იმედია, ის უკან დაუბრუნებლად დაიშლება. ამიტომ ხოტბას ვასხამ რუსებს და ვამბობ – ვივატ, რუსებო, რომ ბერია გაანადგურეთ!“.