№37 ექიმის რჩევები
კითხვა: შეიძლება თუ არა ანტი DNA ანალიზმა პლაქვენილით მკურნალობის შემდეგ დაიწიოს?
პასუხი: დიახ, ეს პრეპარატი წარმატებით გამოიყენება სისტემური დაავადებების სამკურნალოდ.
კითხვა: 5 წელია, რაც ალერგიული რინიტი მაქვს. სამწუხაროდ, ვერ დავადგინეთ – რისგან. მაინტერესებს, ამდენი ალერგიის წამლის მიღება თუ არის საშიში ორგანიზმისთვის? დაახლოებით კვირაში ორჯერ მაინც უნდა მივიღო რომ კარგად ვიყო.
პასუხი: ალერგიის წამლის მიღება აუცილებელია არა კვირაში ორჯერ, არამედ ალერგენთან შეხების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, აგრეთვე, მასთან უშალო შეხების დროსაც. აქედან გამომდინარე, თუ გაქვთ სეზონური ალერგია, სეზონზე ანტიალერგიულები ყოველდღიურად უნდა მიიღოთ. აუცილებელია, ეს საკითხი ალერგოლოგთან ერთად განიხილოთ.
კითხვა: ვარ 6 კვირის ორსული, მაწუხებს ხშირი შარდვა და შემდეგ წვის შეგრძნება. რა შეიძლება, იწვევდეს და არის თუ არა საშიში?
პასუხი: შესაძლოა, შარდ-სასქესო გზების ინფექცია გაქვთ, დროულად მიმართეთ გინეკოლოგს და/ან უროლოგს.
კითხვა: მაინტერესებს, რისგან ჩნდება მოზრდილებში კონტაგიოზური მოლუსკი? მქონდა სახეზე და მექანიკური დამუშავების შედეგად გამიქრა.
პასუხი: კონტაგიოზური მოლუსკი – კანის ქრონიკული, ვირუსული ინფექციაა. გამომწვევი ვირუსი პათოგენურია მხოლოდ ადამიანისთვის. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის დროს ან მოხმარების საგნებით. კონტაგიოზური მოლუსკის დიაგნოსტირება ხდება კლინიკური ნიშნებისა და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე, კერძოდ, კალიუმის ჰიდროქსიდით ფართო, ნათელი უჯრედების გროვების აღმოჩენით.
კითხვა: 20 წლის ვარ. ბევრი სიარულის დროს არაადამიანურად მტკივდება მუხლები და წვივები, ძლიერი გამაყუჩებელი ძლივს მშველის. ოდნავი ტერფის დეფორმაცია მაქვს და შეიძლება, ამის ბრალი იყოს? ან რითი გავიმაგრო სახსრები, ბევრი სიარული მიწევს.
პასუხი: ტერფის დეფორმაციის ხარისხი უნდა შეაფასოს ტერფის სპეციალიტმა ორთოპედ-პოდიატრმა, ამის შემდეგ გაირკვევა უკავშირდება თუ არა თქვენი ჩივილი ტერფის პროლემებს, თუ ეს მიზეზი გამოირიცხა და ფეხსაცმელიც კომფორტული გაცვიათ, მაშინ რევმატოლოგის კონსულტაცია იქნება საჭირო.
კითხვა: მაინტერესებს, ანტიბიოტიკით მკურნალობის დროს თუ ბაქტერია რეზისტენტური გახდა, ეს მარტო ამ ანტიბიოტიკის მიმართ ხდება თუ ყველა ანტიბიოტიკის მიმართ?
პასუხი: შესაძლოა, მხოლოდ ამ ანტიბიოტიკის მიმართ იყოს რეზისტენტული და მოიძებნოს სხვა მედიკამენტი, რომლის მიმართაც მგრძნობელობა მაღალია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე