№37 როგორ ავირიდოთ თავიდან შაკიკის შეტევა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
აღსანიშნავია, რომ ქალაქის მაცხოვრებლები უფრო ხშირად უჩივიან შაკიკს, ვიდრე სოფლის მკვიდრნი, ვინაიდან ძლიერ თავის ტკივილს აპროვოცირებს ფსიქოლოგიური ხასიათის შინაგანი კონფლიქტები, ხოლო მეგაპოლისი ხელსაყრელი ნიადაგია სტრესისა და შესაბამისად, შაკიკის განვითარებისთვის. რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება ემოციური არამდგრადობა, დეპრესიისადმი მიდრეკილება, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება.
შაკიკის შეტევის პროვოცირება შეიძლება, გამოიწვიოს უჰაერო შენობაში დიდხანს ყოფნამ, ამინდის ცვალებადობამ, ქალებში – მენსტრუაციის დაწყებამ, გაუწყლოვნებამ, კვების რეჟიმის დარღვევამ. შაკიკის პროვოკატორად ითვლება ზოგიერთი პროდუქტი: შოკოლადი, თხილი, ყველი, კაკაო, ყავა, ალკოჰოლი, განსაკუთრებით – წითელი ღვინო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ადამიანისათვის ეს ინდივიდუალურია.
გამოყოფენ შაკიკის შემდეგ ფორმებს: ძირითადად, გავრცელებულია შაკიკი აურით, შაკიკი აურის გარეშე, ხოლო ბაზილარული და პანიკური შაკიკი ძალიან იშვიათია. შაკიკი აურით – ეს იგივე კლასიკური შაკიკია. ამ დროს შეტევას წინ უძღვის, ეგრეთ წოდებული, აურის პერიოდი, რომელიც შეიძლება, იყოს: ყნოსვითი (ადამიანს თითქოს თან სდევს გარკვეული სუნი), მხედველობითი (თვალების წინ მოციმციმე წერტილები, ლაქები და ასე შემდეგ), მოძრაობითი (კიდურების სისუსტე, დამბლა, სხეულის ზოგიერთი ნაწილის დაბუჟება), მეტყველებითი. შაკიკი აურის გარეშე – ტიპური შეტევა ხასიათდება: ზომიერი ან ინტენსიური, ცალმხრივი, პულსირებადი თავის ტკივილით, თან ახლავს გულისრევა, მომატებული მგრძნობელობა სინათლისა და ბგერების მიმართ, მხედველობის გაბუნდოვნება, სიფერმკრთალე. მკურნალობის გარეშე შეტევა გრძელდება 4-დან 72 სთ-მდე, სიხშირე მერყეობს: კვირაში – 2-ჯერ, წელიწადში – 2-ჯერ, საშუალოდ თვეში – 2-ჯერ. შაკიკი ქალებში 3-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. მნიშვნელოვანია გენეტეკური განწყობა, განსაკუთრებით – დედის ხაზით, ხოლო თუ შაკიკი ორივე მშობელს აღენიშნება, შვილს ათიდან მხოლოდ ერთი შანსი აქვს, იყოს ჯანმრთელი. შაკიკის შეტევის თავიდან ასაცილებლად ან სიხშირის შესამცირებლად უმჯობესია პრევენციული ღონისძიებები. უნდა მოვერიდოთ მაპროვოცირებელ ფაქტორებს: შევამციროთ, ან საერთოდ შევწყვიტოთ ალკოჰოლის, კოფეინისა და თამბაქოს მოხმარება, დავიცვათ ძილის რეჟიმი, თავიდან ავიცილოთ გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა, ვისწავლოთ სტრესის მართვა. სუფთა ჰაერი, მოსვენებითი რეჟიმი, მშვიდი გარემო, არამკაფიო განათება, დაბალი ფიზიკური და გონებრივი აქტივობა ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას. ზოგჯერ ხანმოკლე ძილსაც შეუძლია შეტევის კუპირება.
შაკიკის წინააღმდეგ კარგი საშუალებაა ჰიმალაის მარილი, რომელიც 84 სხვადასხვა მინერალისგან შედგება და ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ამ მინერალებს შეუძლიათ, გაგათავისუფლოთ შაკიკისგან. ეს მარილი, ასევე, აძლიერებს იმუნურ სისტემას, წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან. მას ძლიერი ეფექტი აქვს, ის სწრაფად იწყებს ჯანმრთელობის პრობლემების აღმოფხვრას.
ორი ლიმონის წვენი და ცედრა კარგად აურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ჰიმალაის მარილი. მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ. დალიეთ საშუალო ჭიქით.
ბევრისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა მთელი დღე ლუკმა არ ჩაუდევს პირში და შიმშილისგან კანკალი გვეწყება. ზუსტად ეს მდგომარეობა შეიძლება, გახდეს თავის ტკივილის მიზეზი. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ სისხლში დაბალი გლუკოზის დონემ შეიძლება, ჩვენს ტვინში ცვლილებები გამოიწვიოს, რაც შაკიკის წინაპირობაა. თუ ვერ იძინებთ ან გძინავთ დღეში 7-8 საათი და მაინც გრძნობთ დაღლილობას, მაშინ სასურველია, თქვენს ექიმს დაელაპარაკოთ. დიდი ალბათობით, თქვენ ძილი დაგერღვათ, გაქვთ ძილის აპნოე ან ინსომნია (უძილობა). ორივე მდგომარეობამ შეიძლება, გამოიწვიოს თავის ტკივილი, მათ შორის შაკიკი.
თავის ტკივილისა და ისეთი სიმპტომების იგნორირებამ, როგორიცაა აურა, შესაძლოა, გააუარესოს მდგომარეობა და გააძლიეროს თავის ტკივილი. ამ მდგომარების დროს, სასურველია ბნელ და მშვიდ ადგილას ყოფნა მანამ, სანამ ეს უჩვეულო შეგრძნებები არ გაგივლით. ასევე, შეგიძლიათ, შუბლზე დაიდოთ ცივი ან გრილი ტილო.