№37 როგორ ვიმკურნალოთ კომშით
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
კომშს უძველესი დროიდან იყენებენ მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის, კუჭ–ნაწლავის, თირკმელების, გულ–სისხლძარღვოვანი დაავადებების, დიარეის, ბრონქული ასთმის, სისხლნაკლებობის, საშვილოსნოდან ძლიერი სისხლდენისას, გინგივიტის, პარადონტოზის, ანალურ ნაპრალზე ნახეთქებისას, დამწვრობისა და კანის გაღიზიანებისას, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებისას. არის შარდმდენი, სისხლის აღმდგენი საშუალება. ახასიათებს ანტისეპტიკური მოქმედება, ხველების დროს კი მოქმედებს, როგორც ამოსახველებელი საშუალება. წყლულოვანი დაავადებების დროს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, კარგია მხედველობის გაუმჯობესებისთვის.
ჰიპერტონიის დროს – ერთი ჩაის ჭიქა წყალი დაასხით ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კომშის ფოთოლს. ადუღეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი საათი, შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ. ხველების დროს – ერთ სუფრის კოვზ კომშის თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ წყლის ორთქლზე ოცი წუთის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამის წინ. ანგინისა და ბრონქიტის დროს, როგორც ამოსახველებელი საშუალება – მოხარშეთ ასი გრამი კომშის თესლი ორ ჩაის ჭიქა წყალში, სანამ არ განახევრდება. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ორი სუფრის კოვზი ნახარში დღეში სამჯერ.
ხალხურ მედიცინაში კომშის რბილობის მურაბა და ნახარში ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად. დადგენილია, რომ კომში კარგია გულის აჩქარების, სიყვითლისა და დიარეის დროს.
კომშის ნახარში – 10 გრამ ნაყოფს დაასხით 100 მილილიტრი მდუღარე წყალი და მიიღეთ 1 სადილის კოვზი ჭამის წინ, უმადობისა და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.
მოხარშული კომშის რბილობი გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს და ღებინების საწინააღდეგო საშუალებად.
უმ ნაყოფსა და წვენს იღებენ სისხლნაკლებობისას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებისას, რომელთაც თან ახლავს სიყვითლე და სისხლდენა. გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.
რკინის დიდი შემცველობის გამო კომშის უმ ნაყოფს იყენებენ რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე, მაღალი ტემპერატურის დროს.
თავად კომშის ან მისი წვენის საფენები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ანალური ნაპრალის მკურნალობისას.
უმი კომშის ან კომშის ჩირის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება საშვილოსნოდან სისხლდენის შესაჩერებლად. ამისათვის საჭიროა დღეში სამჯერ მიიღოთ კომშის ნაყოფის ჩაი.
გაითვალისწინეთ: სამკურნალო თვისებების გარდა კომშს ზოგიერთი უკუჩვენებაც აქვს. მაგალითად, კომშის რბილობსა და კურკას აქვს შემკვრელი ეფექტი. იმ ადამიანებში, რომლებიც დაავადებული არიან ენტეროკოლიტით ან კუჭის წყლულით, ამ ხილის ნაყოფმა შეიძლება, გამოიწვიოს ნაწლავური სპაზმები და გაუვალობა და გააღიზიანოს ლორწოვანი გარსი.
ასევე, კომშის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ პლევრიტისა და ყაბზობის დროს. საინტერესოა, რომ ბუსუსი, რომლითაც დაფარულია კომშის ნაყოფი, საზიანოა ხმის იოგებისა და ხორხისთვის და ამიტომ ხშირად ხდება ხველისა და ყელის გაღიზიანების მიზეზი. აქედან გამომდინარე, კომშის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ადამიანებმა, რომელთა საქმიანობა სიმღერას ან საჯარო სიტყვიერ გამოსვლებს უკავშირდება.