№37 რის გამო ააფეთქა მთავრობამ ავტორთან შეთანხმების გარეშე მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალი“ ქუთაისში
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
…საქართველოში თითქმის არ არსებობს ადგილი, სადაც მერაბ ბერძენიშვილის მასშტაბური პროექტი არ იყოს განხორციელებული. თითოეული დიდი შრომისა და განცდების ფასად ჯდებოდა... არც ისე იოლი გზა განვლო მისმა პირველმა დიდმა ნამუშევარმა – დავით გურამიშვილის ძეგლმა ჩანაფიქრიდან საბოლოო შედეგამდე. აი, რას წერდა ამაზე თავად ავტორი საკუთარ „მოგონებებში“ (“საბჭოთა საქართველო“, 1979 წელი):
„კულტურის სამინისტრომ დავით გურამიშვილის ძეგლი დამიკვეთა. მე ის შევასრულე. ნამუშევარს მოწონება ხვდა სპეციალისტთა შორის, შემდეგ კი ქალაქში დასადგმელად მივიღე დაკვეთა. ესკიზი სამი თვის განმავლობაში ხან სად იყო გამოფენილი და ხან სად, საბოლოოდ კი დამტკიცდა. ის იყო, მუშაობას უნდა შევდგომოდი, რომ ამბავი მომივიდა, მოქანდაკეები წერილებს წერენ ზემდგომ ორგანოებში, რომ კონკურსი ჩატარდესო. მართლაც ასე მოხდა. კონკურსში მე არ მიმიღია მონაწილეობა. ვერაფერი შეარჩიეს და კვლავ მე შემომთავაზეს საქმის გაგრძელება. უსახელოსნოდ ძალზე მიჭირდა. სახელდახელოდ გაკეთებულ სახელოსნოში ვიყავი დილიდან საღამომდე. ზოგჯერ ღამითაც იქ ვრჩებოდი. ძეგლი კომისიამ მიიღო და გაგზავნა ქალაქ ლენინგრადში, ბრინჯაოში ჩამოსასხმელად. ეს იყო სწორედ მაშინ, როდესაც აიკრძალა ბრინჯაოში ქანდაკების ჩამოსხმა. საშინელ დღეში ვიყავი. ლენინგრადში კვლავ კომისიას უნდა ენახა ის, რომ გამოეყოთ ბრინჯაო. კომისიის თავმჯდომარეს ჩემი ნამუშევარი არ მოეწონა და ბრინჯაოზე უარი თქვა: „თქვენ სად გინახავთ ასეთი ქართველი? – მკითხა მან. „მე ქართულ ქანდაკებებს ვაკეთებ და არა იმ ქართველებს, რომლებსაც თქვენ იცნობთ მოსკოვში, ცხვირიღა რომ შერჩენიათ ქართული“. იგი ადგა, უეცრად პალტო მიართვეს და ყველას დაემშვიდობა. იქ დარჩენილებმა იმსჯელეს და თუჯი გამომიყვეს ჩამოსასხმელად. ჩამოსხმული ქანდაკება ჩამოვიტანე თბილისში. აქ აღარავის ახსოვდა მის შესახებ რამე. მე იგი სპილენძით დავაფარინე. ქანდაკება 1960 წლიდან 1965 წლამდე დიდუბეში („იუჟნი პარკი“) „პერონზე“ ეგდო. დღესაც იქ იქნებოდა, მე რომ არ მემოქმედა. ძალიან დიდ რისკზე მივდიოდი – უტილიტარულ ქანდაკებებს მიჩვეულთ, მხატვრულ ქანდაკებებს ვუდგამდი. დიდი წინააღმდეგობები მეღობებოდა. დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშებთან ერთად ვცოდვილობდი – ხან რა სჭირდებოდათ, ხან – რა. ვინ იყო მშველელი, ვის აინტერესებდა გურამიშვილის ქანდაკება! ამიტომ, მე ვიყავი ყველაფრის მშოვნელიცა და შედეგით დაინტერესებულიც. დაღლა რა იყო, არ ვიცოდი. კიდევ ის იყო, რომ დღეში ასობით შეკითხვაზე მიხდებოდა პასუხის გაცემა. ასე გადიოდა დღეები. ერთმა და იმავე შეკითხვებმა აპარატად მაქცია, თორემ, ამდენი გინება ძნელად რომ კაცმა აიტანოს. მოახლოვდა ქანდაკების გახსნის დღე. მე გულზე გასაკეთებელი სამახსოვრო ნიშნები – გურამიშვილის თავი გავაკეთებინე და დავურიგე იმათ, ვისაც გულწრფელად მოსწონდა ძეგლი. მოსაწვევი ბარათებიც მზად იყო, მას გურამიშვილის ლექსი ამშვენებდა. ეს ჩემი პირველი ქანდაკება იყო. აღფრთოვანებულმა მოქანდაკე ამირან ბილანიშვილმა სიყვარულით მთხოვა – ვისაც ქანდაკება მოსწონს, ყველას ვპატიჟებ, წავიდეთ, დავილოცოთ... ჩემი ხუთი წლის წვალების შემდეგ მე გავიმარჯვე. ეს ბედნიერი დღე იყო ჩემთვის, ვერც იმ საღამოს დავივიწყებ.
ერთხელ, როდესაც გურამიშვილის ძეგლზე ვმუშაობდი, გამაფრთხილეს, დიდად პატივცემული სიმონ ჩიქოვანი მოდისო ძეგლის სანახავად. მე ძალიან ავღელდი, რადგან დავით გურამიშვილის სულს თუ ვინმე ჩასწვდა – ეს იყო სიმონ ჩიქოვანი… და აი, ჩემთან მოდის პოეტი, რომელმაც მთელი არსებით, სიყვარულითა და ღრმა განცდით უმღერა დავით გურამიშვილს. ბუნებრივია, ავღელდებოდი. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ სიმონ ჩიქოვანს მე ვთვლიდი გურამიშვილის ტკივილების თანაზიარ პოეტად, რომელმაც ასე ძლიერად განასახიერა სიტყვაში. მე ვღელავდი და ვფიქრობდი, ის კი იდგა მდუმარედ. სიჩუმე
საუკუნედ მეჩვენა და შემდეგ ჩემს სახელოსნოში გაისმა დაბალი ხმა: „სანთელივით ცად აწვდილო დავით, შენ ჰგოდებდი ასტრახანში ღამით...“ ვმუშაობდი და ღრმად მჯეროდა, რომ, რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი კეთდებოდა პოეტის სახის შესაქმნელად – ლაკონური კაბა, გაწვდილი ხელი, ნატანჯი და დაგრეხილი ისე, როგორც სული პოეტისა. სადა, სხეულზე აქცენტირებული სახე, ღრმა, ფორმათა მეტყველებით… ყველაფერი მიზნისთვის კეთდება. მე გავაკეთე არა მეომარი, მებრძოლი დიდებული, რომლის მსგავსნი მრავალნი იყვნენ მის გვერდით და უკვალოდ გაქრნენ, არამედ, სულის ადამიანი, რომლის პოეზია დღესაც აღაფრთოვანებს და უმაღლეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს… მე სწორედ ეს ავიღე და პლასტიკურ ენაზე გადავთარგმნე მისი წამება, ტანჯვა, გოდება საკუთარი ბედისწერისა და სამშობლოს ხვედრის გამო“...
საუკუნედ მეჩვენა და შემდეგ ჩემს სახელოსნოში გაისმა დაბალი ხმა: „სანთელივით ცად აწვდილო დავით, შენ ჰგოდებდი ასტრახანში ღამით...“ ვმუშაობდი და ღრმად მჯეროდა, რომ, რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი კეთდებოდა პოეტის სახის შესაქმნელად – ლაკონური კაბა, გაწვდილი ხელი, ნატანჯი და დაგრეხილი ისე, როგორც სული პოეტისა. სადა, სხეულზე აქცენტირებული სახე, ღრმა, ფორმათა მეტყველებით… ყველაფერი მიზნისთვის კეთდება. მე გავაკეთე არა მეომარი, მებრძოლი დიდებული, რომლის მსგავსნი მრავალნი იყვნენ მის გვერდით და უკვალოდ გაქრნენ, არამედ, სულის ადამიანი, რომლის პოეზია დღესაც აღაფრთოვანებს და უმაღლეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს… მე სწორედ ეს ავიღე და პლასტიკურ ენაზე გადავთარგმნე მისი წამება, ტანჯვა, გოდება საკუთარი ბედისწერისა და სამშობლოს ხვედრის გამო“...
რაც შეეხება „დიდების მემორიალს“, ის ქუთაისში 1982 წელს დაიდგა, თუმცა 2009 წელს არსებულმა ხელისუფლებამ მის ადგილზე ახალი პარლამენტის შენობის ასაშენებლად, მემორიალის დემონტაჟი მოახდინა (წყარო: ambebi.ge). მთავრობამ ის ავტორთან შეუთანხმებლად გაანადგურა (ააფეთქა), რაზეც მერაბ ბერძენიშვილი თავის დღიურებში წერდა: „ვგრძნობდი, „დიდების მემორიალის“ დროც დადგებოდა: „მანამდე რა მოხდა, იცით? დაარბიეს, შუაგული ამოჭრეს და თითქმის ორი წელიწადი იყო ეგრე ამოჭრილი. ვწერდი გაზეთში, მივმართე ქუთაისის საზოგადოებას, იქაურ მთავრობას – არავითარი ყურადღება“. ავტორი, ასევე, გულდაწყვეტილი იყო იმაზე, რომ მისი „დავით აღმაშენებელიც“ ხელისუფლებამ ერთი ადგილიდან მეორეზე მასთან შეუთანხმებლად გადაიტანა, თუმცა იგი მადლიერი იყო ქართული საზოგადოების, რომელიც ნამუშევარს ყოველთვის გულწრფელად უფასებდა და მის მიმართ მუდმივად კეთილგანწყობილი იყო...