№37 რა ახალ სირთულეებს წარმოშობს საქართველოს წინაშე რუსეთის მიერ ჩრდილო კავკასიის დაკარგვა და რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას ჩინელი და პაკისტანელი სამხედროები „კავკაზ 2020-ში“
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ჯერ ხაბაროვსკში გამართული საპროტესტო აქციებისა და შემდეგ ბელარუსში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოების ნაწილი რუსეთის დაშლას წინასწარმეტყველებს და ამ იმედის მიზანი მარტივია – მტერს მოვიშორებთ, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არ არის. მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ სცენარს, რუსეთის მიერ კავკასიაზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში, რა ახალი საფრთხეები ჩნდება საქართველოსა და, ზოგადად, რეგიონის წინაშე.
– ოსებთან და აფხაზებთან ვერ ვახერხებთ ისეთი თემის გამონახვას, რომ დაველაპარაკოთ მშვიდად და ძალიან საინტერესოა, როგორ წარმოგვიდგენია ურთიერთობა ჩრდილო კავკასიელებთან, როდესაც მათი შემაკავებელი ფაქტორი არ იარსებებს რუსეთის ფედერაციის სახით?
– უბედურება ისაა, რომ ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის თავისი მეზობლების ისტორია, მათ შორის, არც რუსეთის ისტორია. გარდა ამისა, საერთოდ ვერ ერკვევა იქ მიმდინარე პროცესებში, იქნება ეს უსაფრთხოება, რელიგია თუ სხვა საკითხი, რომელიც წინააღმდეგობრივია ჩრდილოეთ კავკასიაში, ძლიერი დაპირისპირების საფუძველია და დაკონსერვებულია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კრემლი მკაცრი ხელით არეგულირებს ამ საკითხს. საკმარისია, ჩრდილო კავკასია არ იყოს რუსეთის შემადგენლობაში, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც მუდმივად არსებობდა და იყო მიჩუმათებული, აუცილებლად იჩენს თავს. ჩვენ ამ პრობლემების გააქტიურება ვიხილეთ 1990-1991 წლებში. ეს იყო მიწის, არასწორად შექმნილი ავტონომიების, გადასახლებული ხალხების საკითხი, უამრავი პრეტენზია გაუჩნდათ ერთმანეთისადმი კავკასიელებს და რომელი ერთი ჩამოვთვალო. და ეს წინააღმდეგობები იქნება მუდმივი თავის ტკივილი რეგიონისთვის, რასაც ჰქვია დიდი კავკასია. ასევე, თუ ვინმე ფიქრობს, რომ დემოკრატიული ძალების მოსვლის შემთხვევაში რუსეთი შეიცვლება, ძალიან ცდება. იმიტომ რომ დამოუკიდებელი რუსეთი, დემოკრატიული მმართველობის ქვეშ იქნება თუ იმპერიალისტურის, მაინც ეფუძნება ერთ მთავარ იდეოლოგიას, რაც გულისხმობს ტერიტორიების მითვისებასა და შენარჩუნებას. ეს არის იდეოლოგია, რომელიც საფუძველს იღებს მეცამეტე საუკუნიდან და რომელზეც იდგა რუსული იმპერია ამ საუკუნეების განმავლობაში. ამდენად, უახლოეს პერიოდში იდეოლოგიური ცვლილება შედეგს ვერ მოიტანს, იდეოლოგიური, ანუ ფორმაციული ცვლილება, მაგალითად, ტოტალიტარულიდან დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლა. რუსეთი შეკოწიწებული ქვეყანაა და ამიტომ დემოკრატიული ფორმით ის ვერ იარსებებს. როდესაც აშშ იქმნებოდა, უამრავი სისხლი დაიღვარა იმისთვის, რომ დემოკრატიული საფუძვლები შექმნილიყო და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ დემოკრატიული საფუძვლების შექმნის პარალელურად, უმძიმესი სამოქალაქო ომი გადაიტანეს და ადგილობრივი მოსახლეობის – უმძიმესი გენოციდი. ასე რომ, მარტივად არ მომხდარა ეს ამბავი. უბრალოდ, როდესაც ინდიელებთან მიაღწიეს უპირატესობას ჩასულმა კოლონისტებმა, ძირითადად, ევროპელებმა, პარიტეტი რომ შექმნილიყო, ამიტომაც შეთანხმდნენ თამაშის იმ წესებზე, რასაც ფუძემდებლურ დოკუმენტებს ვუწოდებთ. ვგულისხმობ აშშ-ის დამფუძნებელი მამების მიერ შექმნილ დოკუმენტებს. ეს იყო პარიტეტი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული თეთრკანიანების, რომლებსაც მოლაპარაკების გარდა სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, თორემ მუდმივად ომი იქნებოდა. ასე რომ, რაზეც ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ოცნებობს, ასე მარტივი არ არის. პირიქით – რუსეთი გარკვეულწილად ბევრი ფაქტორის შემაკავებელია. მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა რუსეთი. ის, რასაკვირველია, ოკუპანტია, ის, რასაკვირველია, იმპერიალისტური ქვეყანაა, მაგრამ, ამავდროულად, სხვადასხვა ქვეყნისა და ცივილიზაციების ექსპანსიის შემაკავებელი ფაქტორია.
– გარდა ჩრდილო კავკასიისა, რუსეთი, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, აბალანსებს თურქეთის, ირანისა და ჩინეთის გავლენებსაც რეგიონზე, უფრო ზუსტად, ერთმანეთს აბალანსებენ. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ხომ გვახსოვს, ერთა ლიგაში როგორი რუკები წარადგინეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ჩვენ, მგონი, ტერიტორია საერთოდ არ დაგვიტოვეს.
– დიახ, გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლა აუცილებლად გამოიწვევს მუდმივ ომსა და დაპირისპირებას რეგიონში. რეგიონი ქაოსში ჩაიძირება, იმიტომ რომ დღეს რუსეთი ასრულებს მედიატორის როლს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში. ის არის ერთგვარი შემაკავებელი.
– როგორი უცნაური კონფიგურაციაა, გამომწვევიც ისაა და შემაკავებელიც.
– დიახ. არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ: ფორმულად უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მსხვილ მოთამაშეს, რომელიც რეგიონშია, სჭირდება არა მოგვარებული, არამედ დაკონსერვებული კონფლიქტი, რადგან დაკონსერვებული კონფლიქტის მეშვეობით, საკუთარი პოლიტიკის გატარება უმარტივდებათ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: დღეს თანამედროვე თურქეთი იმართება არა საერო იდეოლოგიით, ათა თურქის იდეოლოგიით, რომელიც, ასევე, შეიცავდა თავის თავში ჩვენთვის სახიფათო დიდი თურანის შექმნის იდეას, არამედ „ძმები მუსლიმანების“ იდეოლოგიით. ეს არის მეოცე საუკუნის 20-იან წლებში შექმნილი ორგანიზაცია, რომლის მთავარი იდეოლოგიაა რელიგიის მეშვეობით პოლიტიკური უპირატესობის მოპოვება. უფრო სწორად: მსოფლიოში გაბატონება. დღეს ერდოღანი, ფაქტობრივად, არის ამ იდეოლოგიის მიმდევარი. ამოფარებულია იდეოლოგიას, რომელსაც ჰქვია პანოსმანიზმი, ანუ ოსმალეთის იმპერიის აღდგენა თუ პოლიტიკურად არა, გავლენებით მაინც, მაგრამ ეს იდეოლოგია არის ფარი, მთავარია „ძმები მუსლიმანების“ იდეოლოგია, რამაც თავის დროზე გამოიწვია დაპირისპირება ერდოღანსა და გიულენს შორის. იმის თქმა მინდა, რომ აქაც გარკვეული ხიფათია. ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში ისე დალაგდა, რომ რუსეთი აბალანსებს ამ ვითარებას. ბევრად უკეთესია, რომ სხვა იდეოლოგიის ქვეყანა იყოს დამბალანსებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ფუნქციას ასრულებს რუსეთი.
– მეზობლად ვინც არის, ის აბალანსებს, ეს ბუნებრივია, მისი გავლენა მეტია და მას მეტი ბერკეტი აქვს.
– მარტო ჩვენთან არა, მთელ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რასაც ჰქვია დიდი კავკასია და მისი მიმდებარე ტერიტორია, ესაა სივრცე, რომელსაც რუსეთი აბალანსებს. მიკვირს ადამიანების, რომლებიც ამას ვერ ხვდებიან. მაგალითად, რისხვის ქარიშხალი დაატყდა „პატრიოტთა ალიანსს“ ბათუმში განთავსებული ბანერის გამო, როგორც ირკვევა, ის ბანერი მათი შექმნილი არ არის, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან ანტითურქული განწყობები აქვს „ალიანსს“ და ვითომ ესაა რუსული ნარატივი. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, თურქეთი რომ დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, არ ნიშნავს, რომ ეს მუდმივია. ეს არის იმ პოლიტიკის ინერცია, რომელიც თავის დროზე შექმნა ათა თურქმა და რაც გულისხმობს დასავლეთთან დაახლოებასა და საერთო პრინციპებით სახელმწიფოს აშენებას. მაგრამ ის იდეოლოგია დამარხა ერდოღანმა და, აქედან გამომდინარე, თურქეთი დღეს არის სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ ხვალ შეიძლება, აღარ იყოს, და იმის ნაცვლად, რომ ზომიერები ვიყოთ თურქული პოლიტიკის შეფასებაში, ჩვენ ხშირად ტანზე ვიხევთ ხოლმე და ვამტკიცებთ, რომ თურქეთი, რაკი სტრატეგიული პარტნიორია, არ დაუშვებს შეცდომებს. იგივეა აზერბაიჯანთან მიმართებაშიც.
– შეცდომებსაც რომ თავი დავანებოთ, სურვილები და ინტერესები არ ჰქონდეს თავისი სასარგებლო.
– რასაკვირველია. ჩვენ სუსტი სახელმწიფო, უპირველესად, იმიტომ ვართ, რომ არ გვაქვს იდეოლოგია და არ გვაქვს თანამედროვე მიდგომების გამოყენების სურვილი. ის კი არა, რომ არ გვაქვს უნარი, უბრალოდ სურვილი არ გვაქვს, იმავე რბილი ძალის გამოყენების. არადა ყველა და არა მხოლოდ რუსეთი ცდილობს, ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენოს რბილი ძალა, ჩვენი საპასუხო რეაქცია კი, ჩვეულებისამებრ, არის დუნე და არაინიციატივიანი.
– გარდა თურქეთისა, აქ არის ირანიც, ჩინეთიც...
– არაბებიც და ბევრი სხვაც, უბრალოდ, მე ძალიან მოკლედ მოვყევი, თორემ ყველას თავისი ინტერესი აქვს კავკასიაში. სხვათა შორის, 1990-იანი წლების დასაწყისში პოსტსაბჭთა სივრცეში პირველები გამოჩდნენ თურქები, მაგრამ იქვე იყვნენ არაბები. იმ პერიოდში ირანი საერთოდ არ აქტიურობდა. პირველი ვაჰაბიტური ორგანიზაციები დაღესტანსა და ჩეჩნეთში არაბებმა შექმნეს 1991 წელს. ძალიან აქტიურად მუშაობდნენ, უპირველესად, საუდიტები. საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ სადაც არის ნავთობი, ენერგომატარებლები, ყველგან აქვთ თავიანთი ინტერესები არაბებსა და თურქებს, ირანელებსაც, ცხადია.
– ჩრდილოეთ კავკასია მასეთი ადგილია სწორედ.
– ჩეჩნეთსა და დაღესტანში ნავთობი მცირეა, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხისაა. გარდა ამისა, ისინი, წინა აზიაში გავლენების თვალსაზრისით, მუდმივად აღიქვამენ რუსეთს თავიანთ მოწინააღმდეგედ. ამიტომ საჭირო იყო ჩრდილო კავკასიის რუსეთისთვის ჩამოშორება და მუშაობდნენ ამ მიზნით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ცოტა მოგვიანებით გამოჩნდნენ სამხრეთ დაღესტანსა და აზერბაიჯანში ირანელები. ისევ პირველ კითხვას რომ დავუბრუნდეთ: რუსეთი უმდიდრესი ქვეყანაა წიაღისეულით და მხოლოდ ნავთობი და გაზი არაა საქმე. მათ აქვთ მთელ მსოფლიოში მტკნარი წყლის უდიდესი მარაგი, ხე-ტყის უზარმაზარი მარაგი კანადასა და აშშ-თან ერთად, ეს არის უზარმაზარი აუთვისებელი ტერიტორია, მენდელეევის მთელი პერიოდული სისტემაა მათ მიწაში. ამდენად, ამის დაპატრონების მსურველი ბევრია და უპირველესად – ჩინეთი, რომელიც ძალიან ინტენსიურადაა შესული რუსეთში. საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსეთი იძულებულია, ჩინეთთან იმუშაოს, როგორც „უმცროსმა ძმამ“ და ჩინეთის დელეგაცია, სამხედრო ძალები, დაპატიჟებულია „კავკასია 2020-ის“ საწრთვნელ თამაშებში და მათთან ერთად დაპატიჟებულია პაკისტანი. ინდოეთმა უარი თქვა. ესე იგი, ჩვენს სამეზობლოში უახლოეს მომავალში რუსულ-ჩინურ-პაკისტანური ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაიმართება.
– ეს არ არის კარგი ამბავი.
– ასე რომ, რუსეთის დაშლის შემთხვევაში, ჩვენი რეგიონი იქნება სამხედრო დაპირისპირებისა და სამოქალაქო ბრძოლების დიდი ასპარეზი.