№37 „დროშები ჩქარა“?!
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
და ფერი?!
ისე მოხდა, რომ ქართული პოლიტიკა სტანდარტებით არ გამოირჩევა (მეტიც, ტრადიციული ღირებულებებიც კი გადაშენების გზაზეა, ისინი, სხვათა შორის, რის გამოც რეგიონში პატივს გვცემდნენ, მიუხედავად სახელმწიფოს სისუსტისა) და ჩვენებური პოლიტიკოსების უმეტესობაც მიიჩნევს, რომ, რაც მეტ უგვანობას ჩაიდენს და მეტ ისტერიკას მოაწყობს (იყვირებს და ხელებსაც ფართო-ფართოდ გაშლის), მით მეტად მოხიბლავს ამომრჩეველს (გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ მათი უგვანობა ამომრჩევლის „დამსახურებაა“, იმიტომ რომ კარგი თვით ცხენიც დაირტყამს მათრახს).
ჰოდა, რაკი არ გამოირჩევა, არათუ რაც ენაზე მოადგებათ, ვგონებ, სხედან და თხზავენ, ამჯერად რა თქვან ისეთი, რაც სახელმწიფო ინტერესს დააზიანებს (ვიმედოვნებ, იმ მიზნით, რომ, თავად თუ დასხდებიან სკამებზე, გამოასწორებენ, რაც იმთავითვე მცდარია, თუმცა განზრახ შეუქცევადი ზიანის მიყენების სურვილს ჯობია).
ასეა თუ ისე (არადა, ინტუიცია მკარნახობს, რომ სწორედ ისეა, მე რომ მგონია), „ლეიბორისტული პარტიის“ უცვლელმა ლიდერმა აგერ უკვე გასული საუკუნის მიწურულიდან, მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა. სახელდობრ, ცენტრალურ მაგისტრალზე იმ ადგილას მივიდა, საიდანაც სამას მეტრში, ეგრეთ წოდებული, საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებია განთავსებული და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა (ამბავიც ისაა, რომ ამ ქვეყნის ყველა პოლიტიკოსმა იცის, რომ ვერანაირი ქმედითი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც კრემლმა „იუჟნაია ოსეტია“ 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. არადა ბ-ნი ნათელაშვილი ამ ეტაპზე ეპარტნიორება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა მმართველობითი შეცდომების გამო აღიარა რფ-მ ჩვენი სეპარატისტული რეგიონები, მაგრამ, უდიდესი ალბათობით, ამ ისტორიას „ლეიბორისტთა ლიდერი“ მათ მომავალში გაუხსენებს, როდესაც თავისი პოლიტიკური კარიერისთვის საჭიროდ ჩათვლის). ამიტომაც ამომრჩეველს ხელისუფლების დამარცხებისკენ მოუწოდა (ვითომ იმიტომ, რომ „ქმედითი ნაბიჯების“ გადადგმის ჟინი აწუხებს?!), რითაც „პუტინის საოკუპაციო რეჟიმსაც დავამხობთო“.
რაც მთავარია, დაგვპირდა (მომყავს ციტატა): „მალე ავაფრიალებთ დროშას რუსულ სამხედრო ბაზაზე“. გამომდინარე იქიდან, რომ დროშის ფერი არ დაუკონკრეტებია (უკან დასახევ გზას იტოვებს?!), ლოგიკურად, არც ისაა გამორიცხული, რომ თეთრ დროშას გულისხმობდეს?!