№37 რას ურჩევს ექიმი ირაკლი ბერაძე გინეკოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს
ნინო კანდელაკი ეკა სულხანიშვილი
თბილისში ცნობილი ექიმი, ირაკლი ბერაძე, ქალბატონების რჩეული გინეკოლოგია. ლოკალური კვლევების თანახმად, მას პაციენტები პროფესიონალ და გულისხმიერ ექიმად ახასიათებენ. არცთუ დიდი ხანია, რაც ბატონი ირაკლი ავსტრიის ცნობილ კლინიკაში მუშაობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და თბილისში აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას გინეკოლოგის სტატუსით. თუმცა, ვენასთან კავშირი არ გაუწყვეტია, მისი სამივე შვილი ისევ ავსტრიაში სწავლობს, ხოლო მეუღლე – ქალბატონი ქეთი სირბილაძე, ასევე, ვენის ცენტრალური კლინიკის რადიოლოგია. თავად ბატონი ირაკლი, გარდა 30-წლიანი გინეკოლოგიური გამოცდილებისა, ექიმი-ექსპერტი გახლავთ, რომელიც ამერიკელ და ევროპელ ექიმებთან ერთად ჩართულია საერთაშორისო გინეკოლოგიური გაიდლაინების შემმუშავებელ ჯგუფში. არის კოლპოსკოპიური კვლევისა და კრიოდესტრუქციის ერთ-ერთი პიონერი და ფუძემდებელი. ბატონი ირაკლი საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის საერთაშორისო ფონდის დირექტორია.
– თქვენ 5 წლის განმავლობაში მუშაობდით ექიმად ავსტრიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. თავად ბრძანეთ, საკმაოდ ნაყოფიერი იყო ეს პერიოდიო. სხვათა შორის, ევროპულ კლინიკებში მუშაობისა და გამოცდილების ფუფუნება ბევრ ექიმს არ ჰქონია.
– დიახ, ეს მართლაც გამორჩეული პერიოდი გახლდათ ჩემთვის და ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. ეს არის ვენის ცენტრალური კლინიკა Algemaine Kranken Hause (AKH). ერნსტ ვერტჰეიმის სახელობის მეანობა-გინეკოლოგიის, რეპროდუქციული მედიცინისა და ონკოგინეკოლოგიის დეპარტამენტში ევროპაში გამორჩეულ პროფესორთან, პაულ შპაიზერთან მომიწია მუშაობა. მან ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ჩემთვის და ზოგადად, მსოფლიო მედიცინაშიც თავისი წვლილი შეაქვს. ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც უანგაროდ ჩადო ჩემში მთელი ევროპული გამოცდილება, ის ხაზი, რაც გამორჩეულია ამ დეპარტამენტში. მეანობა-გინეკოლოგიის, რეპროდუქციისა და ონკოგინეკოლოგიის დეპარტამენტში ყველა ჩემი კოლეგისგან, სამუშაო პროცესისგან ავიღე და ვისწავლე ბევრი რამ. საერთოდ, ევროპულ სამედიცინო სკოლას ახასიათებს ურთიერთგაზიარება, გადაწყვეტილებების მიღება კონსილიუმებით. ამ კლინიკაში ყველა მიმართულია იმისკენ, რომ დაავადება დაამარცხოს. მთელი კოლექტივი აწყობილია პაციენტის გამოჯანმრთელებაზე.
– როგორ დაგამახსოვრდათ ეს პერიოდი? შენიშნეთ რამე სხვაობა იქაურ პაციენტებთან ურთიერთობისას?
– ვიტყოდი, რომ იქ ექიმი და პაციენტი მეგობრები არიან. მათი ურთიერთობა არის ღია, გახსნილი. სამსახური დილის შვიდის ნახევარზე იწყება, იქ რაღაც სხვა მობილურობაა. გეგმიური ოპერაციები და პაციენტების მიღება ხდება ამბულატორიულად, ზუსტად გაწერილი საათებით, გამორიცხულია, ექიმმა დაიგვიანოს 1 წუთიც კი. მე იქ მხოლოდ თერაპიული გინეკოლოგი კი არ ვიყავი, არამედ – გინეკოლოგი კომპლექსურად. ერთ დღეს შეიძლება, მიიღო პაციენტი ამბულატორიულად და მეორე დღეს ჩაატარო ოპერაცია, მესამე დღეს – ინ ვიტრო განაყოფიერება და ასე შემდეგ. იქ ხარ მეანიც, გინეკოლოგიც და ონკოქირურგიც კი.
– ვენის ცენტრალურ კლინიკაში მუშაობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდით.
– კი, დავბრუნდი. სიმართლე გითხრათ, ეს თბილისში ჩემი პროფესიული გამოცდილების დასახარჯადაც მინდოდა. თუმცა, ვენაში პერიოდულად ჩავდივარ და პროფესიულად ვმუშაობ, ვესწრები სამეცნიერო სიმპოზიუმებს. ამჟამად დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის ამბულატორიულ დეპარტამენტში ვარ, ასევე, ხეჩინაშვილის კლინიკაში და კლინიკა „სოლო პერტეში“, სადაც ლაზერულ-პლასტიკური მიმართულებით ვმუშაობ.
– ბატონო ირაკლი, თქვენ საკმაოდ ცნობილი ექიმი ხართ. როგორია, თქვენი ძირითადი პროფესიული კრიტერიუმები?
– საკვანძო პოსტულატებია: ერთი – პაციენტს არ ავნო. ანუ არ დაუნიშნო ის პრეპარატები, რაც პაციენტს შვებას კი არა, პრობლემებს მოუტანს. მე ერთი ხელის მოსმით ანტიბიოტიკების დანიშვნის წინააღმდეგი ვარ – მერე, როგორც წესი, როცა საჭიროა, ანტიბიოტიკები ვეღარ მუშაობს ხოლმე. ეს იწვევს პაციენტის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას. ასეთია ვეროპული მიდგომა, არცერთ ევროპულ კლინიკაში არ ნიშნავენ 2 მედიკამენტზე მეტს. მეორე ძირითადი პოსტულატი გახლავთ მტკიცებითი მედიცინა – როცა კონკრეტული წამალი, ქმედება და მანიპულაცია სჭირდება კონკრეტულ პაციენტს, ეს უნდა დავამტკიცო ინდივიდუალური განსაზღვრით და დიაგნოზისადმი სკურპულოზური მიდგომით. მესამე მნიშვნელოვანი პოსტულატია – კეთილსინდისიერი მიდგომა და მეგობრული, გახსნილი ურთიერთობა პაციენტთან. ეს ჩემი მთავარი პროფესიული მიდგომებია.
მე ვურჩევ ყველა ქალბატონს, წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ სრული გინეკოლოგიური კვლევები, ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფიული კვლევა, კოლპოსკოპია პაპტესტთან ერთად. თუმცა, ინდივიდუალური საჭიროებისდა მიხედვით, შესაძლოა, პაციენტს სამ, ან 6 თვეში, ან წელიწადში ერთხელ სჭირდებოდეს. ექიმმა ზუსტად უნდა განსაზღვროს, რა სჭირდება მის პაციენტს.