№36 ლიკა ყაზბეგი: მაქვს გართულება, გამოვიყურებოდე ჩემს ასაკზე ბევრად ნაკლებად
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ბოლო პერიოდში ლიკა ყაზბეგი ხშირად „ჩექინდებოდა“ ჩაჩავას კლინიკაში და გავრცელდა ჭორი, რომ ბავშვს ელოდება და დედობისთვის ემზადება. რასაკვირველია, ეს ამბავი თავად ლიკასთან გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ის იქ, უბრალოდ, მუშაობს, რაც მისთვის თავიდან შოკი იყო, მერე შეჩვევა, ახლა კი სასიამოვნო, ყოველდღიურ საქმედ იქცა. ლიკამ ათი კილოგრამიც დაიკლო და არც იმას მალავს რომ, ყოველთვის ცდილობს, ასაკით თავის წლოვანებაზე გაცილებით პატარად გამოიყურებოდეს.
ლიკა ყაზბეგი: სამოდელო სააგენტო წლების წინ, 1996 წელს, უკვე მქონდა. პირველი ჩვენება მაშინდელ პოპულარულ კლუბ „ახალგაზრდულში“ გავაკეთე და პატარა თიკა ფაცაცია გამოვიყვანე. თიკა საკმაოდ გამორჩეული ბავშვი იყო და ზუსტად ვიცოდი, დიდ წარმატებას მიაღწევდა. სხვათა შორის, მეც პატარა ვიყავი – 24 წელი საკმაოდ მცირე ასაკია იმისთვის, რომ ქალაქში ერთ-ერთი პოპულარული სააგენტო მქონოდა. ჩემი მოსწავლეები, ზოგი ჩემხელები იყვნენ, ზოგი – ჩემზე ორი-სამი წლით პატარები. სხვათა შორის, ჩემი ასაკი ხელს მიშლიდა. მშობლები სერიოზულად არ აღმიქვამდნენ, რადგან მათ თვალში, ფაქტობრივად, ბავშვი ვიყავი, რომელსაც მათ შვილებთან კონტრაქტის გაფორმება უნდოდა. ამის გამო მშობლებმა უარი მითხრეს. არც ვამტყუნებ მათ. თუმცა ამან პრობლემა შემიქმნა, მაგრამ ნერვები აღარ მომიშლია. საერთოდ დავანებე თავი კონტრაქტზე ფიქრს – მივხვდი, ჩვენ არ ვართ არც მილანში, არც პარიზში და არ ვიქნებით კიდევ დიდხანს. ამას, იმ თვალსაზრისით ვამბობ, რომ სამოდელო სფერო არ არის ისე განვითარებული ჩვენთან, რომ გოგო კონტრაქტით „დააბა“ შენთან. მთავარი ისაა, რომ ჩემი სააგენტო 24 წელია, ფუნქციონირებს. იყო პაუზები საქმეში და მათ შორის, ოთხწლიანიც, თუმცა პროექტების გაკეთება არ შემიჩერებია, სულ ვმუშაობდი. ასე რომ, სამოდელო საქმე მქონდა დაპაუზებული, თუმცა, ვიცოდი, რომ ჩემს საყვარელ საქმეს, აუცილებლად გავაგრძელებდი. ახლაც, მსოფლიოში შექმნილმა სიტუაციამ ჩემი საქმეც დააპაუზა, თუმცა, სექტემბრიდან ისევ განახლდება.
– ყოველდღე გხედავენ ჩაჩავას კლინიკაში. ჭორიც კი გავრცელდა, რომ ბავშვს აჩენ და რეალურად რა ხდება?
– ბავშვის გაჩენას არ ვაპირებ. მაგრამ, როცა ჩაჩავას კლინიკაში ყოველდღე „ვჩექინდებოდი“, ყველას ეგონა ვმშობიარობდი, შვილს ვაჩენდი და მილოცავდნენ (იცინის). მიწევდა ახსნა-განმარტება, რომ არ ვმშობიარობ და შვილის ყოლას ჯერჯერობით არ ვაპირებ. მოკლედ, პრობლემიდან გამომდინარე, გაჩნდა იდეა და ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. როგორც გითხარით, მყოფნიდა ის საქმე, რასაც ვაკეთებდი. ჩემს სამოდელო სტუდიაში ბევრი ბავშვი დადიოდა, მაგრამ ვისაც არ ჰქონდა მოდელისთვის საკმარისი სიმაღლე კარიერას ვერ ვუკეთებდი. ამის გამო ბევრჯერ შექმნილა ცუდი და უხერხული მომენტი, მათ თვალზე ცრემლიც მინახავს. როცა მოდის ქასთინგზე დიზაინერი ჩვენებისთვის მოდელს არჩევს და ვერ აჰყავს ისეთი, ვისაც სიმაღლე არ ჰყოფნის, ეს მათთვის ფსიქოლოგიური სტრესია. შემთხვევით გავიცანი ქალი, რომლის ბიძაც იყო რუსეთში მოღვაწე ცნობილი ექიმი, აკადემიკოსი ანატოლი პალკო, ვის შესახებაც ბევრი რამ ვიცოდი. როგორც გითხარით, სერიოზული პრობლემის წინაშე ვიდექი იმის გამო, რომ ძალიან ბევრ კარგ გოგოს ვერ შევუქმენი სამოდელო კარიერა მხოლოდ იმის გამო, რომ სიმაღლე არ ყოფნიდათ. სამწუხაროდ, ფოტომოდელობა არ არის ჩვენთან განვითრებული, თორემ ფოტომოდელს არ სჭირდება სიმაღლე. მას მხოლოდ ფოტოგენურობა და პროპორციები ესაჭიროება. ჩვენთან კი ყველა გოგოს ოცნება პოდიუმზე გამოსვლაა, თუნდაც ერთხელ შედგას ფეხი. ჩემს ჩვენებაზე გამომიყვანია დაბალი მოდელები, თუმცა დღემდე დიზაინერები ჩვენებებისთვის მაღალ გოგონებს ეძებენ. მოკლედ, რადგან ამის საჭიროება შეიქმნა და გავიცანი ეს ადამიანი, ორივემ იდეა რეალობად ვაქციეთ და ანატოლი პალკოს მეთოდით, ბუნებრივი გზით, ყოველგვარი ჰორმონების გამოყენების გარეშე,
მხოლოდ ვარჯიშებითა და მასაჟებით სიმაღლეში ვზრდით ადამიანებს. ამ ვარჯიშებით, არა მარტო სიმაღლეში გაზრდაა შესაძლებელი, არამედ წონის კლება და ჯანმრთელობის გაკაჟებაც.
მხოლოდ ვარჯიშებითა და მასაჟებით სიმაღლეში ვზრდით ადამიანებს. ამ ვარჯიშებით, არა მარტო სიმაღლეში გაზრდაა შესაძლებელი, არამედ წონის კლება და ჯანმრთელობის გაკაჟებაც.
– ეს მხოლოდ მოდელებზეა გათვლილი?
– ადრე თუ მხოლოდ მოდელები დადიოდნენ, ახლა დადიან კალათბურთელები, ბალერინები, მოცეკვავეები, სპორტსმენები... მშობლები რეკავენ და რვა-ცხრა წლის ბავშვების მოყვანა უნდათ და იქით ვეხვეწები: დააცადეთ ბუნებრივად სიმაღლეში ზრდა-მეთქი. სხვათა შორის, 38 წლის ქალბატონი, სიმაღლეში გასაზრდელად კი არა, ჯანმრთელობის გამო მოვიდა და სიმაღლეშიც, ერთი სანტიმეტრით, თავისთავად მოიმატა.
– როგორც ვიცი, ფიზიკურად არასოდეს გიმუშავია, ახლა კი გიწევს და რამდენად იყავი ამისთვის მზად?
– ჩემს ასაკში სირცხვილია ამის თქმა და წესით, არც უნდა ვამბობდე, მაგრამ მოხევური სისხლი მაიძულებს სიმართლე ვაღიარო: 40 წელს გადაცილებული ვარ და ფიზიკური შრომა პირველად ახლა მომიწია. თავიდან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შოკი მქონდა, მერე ამ ყველაფერს მივეჩვიე და ახლა იმ სტადიაში ვარ, როცა ეს ყველაფერი მომწონს. სხვათა შორის, ჩემს სხეულსაც წაადგა ეს შრომა და მეგობრები ვერ მცნობენ (იცინის). გაჭიმვისა და გაწელვების ვარჯიშის შესრულებისას, სხეულის ტრანსფორმაცია ხდება და თან წონაშიც დავიკელი. პანდემიის დროს ისე გავსუქდი, თან, მე განსაკუთრებით არ მომიხდა ზედმეტი კილოგრამები და აქ უკვე ათი კილო დავიკელი. დარჩენილ ხუთსაც, მალე დავიკლებ.
– სიმაღლეში თუ მოიმატე?
– 40-45 წლის მერე, ადამიანები სიმაღლეში იკლებენ. მომატებისა რა გითხრათ, მაგრამ მილიმეტრიც რომ არ დამაკლდეს, ყოველ წელს მე თვითონ გავდივარ ორ კურსს. ახლა კი ყოველდღიურად მიწევს ვარჯიში. სხვათა შორის, ზედმეტი წონა ასაკს მატებს, მე მაქვს გართულება და მინდა, ჩემს ასაკზე ბევრად ნაკლებად გამოვიყურებოდე, ვიდრე ვარ. ახლა, ზედმეტი კილოგრამები რომ დავიკელი და სარკეში ვიყურები, ვფიქრობ, დაახლოებით, ათი წელი მომაკლდა.
– ეს, მხოლოდ წონის ბრალი არ არის, ალბათ, გენეტიკა და გარკვეული ქირურგიული პროცედურებიც საჭიროა.
– გეთანხმები, ამაში გენეტიკაც თავის როლს ასრულებს. ხოლო, რაც შეეხება ქირურგიულ ჩარევებს, მეტყობა კიდეც, რომ ცხვირის პლასტიკა მაქვს გაკეთებული. ხუთი წლის ასაკში ცუდი შემთხვევა მომივიდა – ყაზბეგის კლდეებზე მიყვარდა სიარული, ცუდად დავეცი წვეტიან ქვაზე და ცხვირი გავიტეხე კი არა, საერთოდ ცოცხალი რომ გადავრჩი სასწაული იყო. 18 წლამდე არ შეიძლებოდა ოპერაცია, ცხვირით ჰაერის შესუნთქვა მენატრებოდა. პირით სუნთქვამ და უჟანგბადობამ გულზე შემიქმნა პრობლემა და შემდეგ, ოპერაცია რომ გავიკეთე და 18 წლის ასაკში ცხვირით პირველად ჩავისუნთქე ჰაერი, ასე მეგონა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. სხვა შემთხვევაში ცხვირის ოპერაციას არ გავიკეთებდი, რადგან არც დამჭირდებოდა. თან, არასოდეს მიმიკურად არ ვსაუბრობდი და მიმიკური ნაოჭებიც არ მაქვს. ჩემი ემოცია მიმიკებში კი არა, ხმაში, ინტონაციასა და თვალებში იგრძნობა. არადა, ყველას ჰგონია, შუბლზე ბოტოქსი მაქვს გაკეთებული. თუმცა, თხელი კანი მაქვს, ლამაზია, მაგრამ პრობლემურია და ამიტომ, ბიორევიტალიზაცია მჭირდება და ორჯერ გავიკეთე. ზოგადად, ჩემი ნაკლია, რომ ბევრად მეტს უნდა ვაკეთებდე ჩემი თავისთვის და არ ვაკეთებ. ვაღიარებ, ქირურგიული ჩარევების მეშინია, მაგრამ მიწევს საზოგადოებაში ტრიალი და არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ ანა მანიანივით ვთქვა: ჩემი ნაოჭები მამდიდრებს! ასეთი სიმდიდრე ნაოჭების ხარჯზე ნამდივლად არ მინდა, მირჩევნია, სხვა რამით გავმდიდრდე (იცინის).
– ლიკა, წარმოშობით მოხევე ხარ. ამ კუთხის ხალხი ხისტი ხასიათისაა. თუმცა, ვინც გიცნობს, დამეთანხმება, რომ შენ არ გაქვს ეს თვისება?
– მინდა, დავამსხვრიო მითი ჩემ შესახებ: სინამდვილეში მე არ ვარ თბილი ადამიანი. ზოგადად, მოხევეები არიან ხისტები და რეალურად მეც საკმაოდ ხისტი ვარ. ადრე უფრო ხისტი ვიყავი, მაგრამ მერე ჩემში ტრანსფორმაცია მოხდა. მოხევეები ძალიან პირდაპირები არიან, დიპლომატია თითქმის არ გააჩნიათ და მიუხედავად იმისა, რომ დედით თაბუკაშვილი ვარ და ნახევრად იმერლობა წამდგომოდა... არა! თხემით ტერფამდე მოხევე ვარ. მიყვარს მოხევეები და ვამაყობ. მაგალითად, შემეძლო, დიპლომატიურად მეთქვა ადამიანისთვის, ისე, რომ არ სწყენოდა, თუმცა, პირდაპირ მიმიხლია სიმართლე. ზოგადად, ბევრი სიხისტე ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ამით სხვებისთვისაც მიტკენია გული და მეც ბევრჯერ მტკენია.