კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 გიორგი ასანიძე: სულ ამაყები არ უნდა დავრჩეთ, ეს არის ხოლმე ჩვენი შეცდომა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: გიორგი.
გვარი: ასანიძე.
პროფესია: სპორტსმენი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ბავშვობა გახსენდება, როცა უკვე იაზრებ მოვლენებს 4-5 წლის ასაკში. კარგად მახსოვს, ბაღს როცა ვამთავრებდი, არ მინდოდა სკოლაში შესვლა, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდი, რა იყო. ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა დედამ ისე „მოაგვარა“, რომ შევედი სკოლაში.
– მშობლების როლი...
– მნიშვნელოვანი და განუზომელია. რაც ადამიანს  საგანძური აქვს, სწორედ მშობლებია. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ადამიანებია ჩვენს ცხოვრებაში და ყოველთვის უნდა გავუფრთხილდეთ მათ.
– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
– სპორტსმენობა მინდოდა, თუმცა მიფიქრია ექიმობაზეც, ალბათ, ყველა ბავშვი ფიქრობს მსგავს პროფესიაზე. როცა უკვე ცნობიერება ჩამომიყალიბდა, საკმაოდ აქტიური ბავშვიც ვიყავი და შემიყვანეს სპორტზე.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– იმ ტრადიციამ, რაც არსებობდა საჩხერის რაიონში. მინდოდა, ჩემი შესაძლებლობები სპორტის ამ სახეობაში გამომეყენებინა. ძალოსნობაში ბევრი ჩემი ნათესავი ვარჯიშობდა, ბევრი წარმატებული იყო და მოკლედ, ეს სპორტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.
– პროფესიული ჩვევა...
– რა თქმა უნდა, არის პროფესიული ჩვევები. ჩემთვის ყველაზე მთავარია: შრომა, შრომა და ისევ შრომა, ეს არის ის, რაც სპორტსმენს აუცილებლად სჭირდება. ასევე, იმ ნორმების დაცვა, რომელიც გეხმარება წარმატების მიღწევაში.
– ადამიანში ვაფასებ...
– ერთგულებას.
– წარმატებული ადამიანი არის...
– შრომისმოყვარე და თავის საქმის პროფესიონალი, ეს არის ყველაზე მთავარი წარმატებისთვის. როცა ამ ყველაფერს ითავისებ, უკვე წარმატებული ხდები.
– მწამს...
– ღმერთის, სიყვარულის...
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ღმერთს რატომ ვეძებთ? ღმერთი ყველაშია, ჩემშია, თქვენშია... ეს იმ სასწაულმოქმედმა ისტორიამ გვიჩვენა, რომელმაც საუკუნეები გაიარა. ღმერთის სიყვარული და მასთან სიახლოვე ყველამ უნდა შევძლოთ.
– ბედისწერა...
– შეიძლება, რჩევებმა, მიმართულებებმა, ინტელექტმა, განათლებამ რაღაცები უფრო ლამაზად გაგაკეთებინოს და შეგაცვლევინოს ცხოვრებაში. არ მჯერა, რომ რაღაც დაწერილია, თუ იწერება, მაშინ რატომ გვაქვს გაუგებრობები და პრობლემები? ადამიანი თავის მოღვაწეობით ხელს უწყობს იმ ბედს, რასაც თავად ქმნის.
–  ვამაყობ...
– ბევრი რამით, გააჩნია ვინ რას ჩათვლის სიამაყედ. თუ, პროფესიონალური კუთხით ვიმსჯელებ, ყველა წარმატების დროს ვამაყობ, მაგრამ სულ ამაყები არ უნდა დავრჩეთ, ეს არის ხოლმე ჩვენი შეცდომა.
– მეშინია...
– ტყუილების, რადგან შეიძლება, ცუდი შედეგი მოიტანოს.
– მაბედნიერებს...
– ჩემი საქმის სიყვარული, ის დიდი ოჯახი, რომელიც მუდამ თან მყავს, ის, რაც ჩემ ირგვლივ „ყურძნის მტევანივითაა“ აკინძული და რაც მთავარია, ჩემი
სამშობლო.
– ვრისკავ...
– აუცილებელ შემთხვევაში. ყველა შემთხვევაში არ არის საჭირო გარისკვა, თუმცა რისკიანი ვარ.
– მაკვირვებს...
– დღეს აღარაფერი დარჩა გასაკვირი. ძალიან მაკვირვებს, რაც ხდება დედამიწის გარეთ, ის ატმოსფერო. დედამიწაზე უკვე აღარაფერი მაკვირვებს.
– ვერიდები...
– კონფლიქტებს, თუმცა ცოტა ფიცხი ვარ, ვცდილობ, ამ კუთხით გავაკონტროლო ჩემი თავი. თუმცა,  გააჩნია მდგომარეობას, ხანდახან ის გაბრაზებაც აუცილებელია.
– სიყვარული...
– პირველ რიგში, ერთგულებაა. თუ დავუკვირდებით, დავინახავთ, რამხელა პოზიტივი მოდის შეყვარებული ადამიანისგან, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ბავშვი იქნება, ბიჭი, ქალი, მოხუცი თუ ვინც. ერთგულება კი სიყვარულის განუყოფელი ნაწილია.
– დრო და სიყვარული...
– ძველი კონიაკივით არის, რაც ძველდება უფრო კარგი ხდება, სიბერეში კიდევ უფრო ტკბილიაო...
– იდეალური ქალი არის...
– ჩემი მეუღლე, რომელიც ოთხი შვილის დედაა. ეს ინდივიდუალური საკითხია, ალბათ, ყველასთვის იდეალურია ის, ვინც მას მოსწონს.
– ის, რაც უპატიებელია...
– ღალატი. ღმერთმა დამიფაროს ასეთი რამისგან, მაგრამ იმედგაცრუება ყველას ჰქონია. ჩემი გამოცდილებით, ადამიანთან ვერ გავაიგივებ ამ სიტყვის მნიშვნელობას, რადგან მსგავსი შემთხვევა არ მქონია.
– სამაგიერო გადამიხდია...
– ფიცარნაგზე, თან ბევრჯერ.  ეს სპორტია, კონკურენციაა, ხან წამიგია, ხან მომიმგია. რევანშებიც მქონია, მაგრამ ცხოვრებაში არასოდეს გამიკეთებია მსგავსი რამ და სიმართლე გითხრათ, არც მქონია განსაკუთრებული პრობლემები.
– შემშურებია...
– კეთილი შური ადამიანში ყოველთვის არსებობს, თუმცა ხანდახან ბოღმანარევიც არის. როცა პატარა ხარ, გინდა, შენც მოიგო, შენც იყო წარმატებული. მთავარია, სხვისი არ შეგშურდეს და ეს არ ჩაიდო გულში, თორემ რაღაცის სურვილი  უკვე სხვა თემაა. არავისი მშურს, პირიქით მინდა, რომ ყველამ მიაღწიოს დიდ შედეგებს.
– ვეჭვიანობ...
– ნაწილობრივ ყველა ადამიანი ეჭვიანია. ადამიანი იმისთვის არის, რომ ცოტ-ცოტა ყველა თვისება ჰქონდეს: ეჭვიანობა, სანდოობა, ერთგულება და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, არაფერი განსაკუთრებული. მთავარია, ეჭვი არ იყოს ზიანის მომტანი და ისეთი, რომელიც კონფლიქტს გამოიწვევს.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს და აუცილებელ შემთხვევაში ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მოიხადოს. თუ რამეს დააშავებ, ბოდიშს ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება, ერთმა სიტყვამ უფრო დიდი საქმე გააკეთოს, ვიდრე სიჯიუტემ.
– მაკომპლექსებს...
– არის რაღაცები, რაც ნაწილობრივ მაკომპლექსებს. კავკასიელი ვარ და ეს ჩვეულებრივი ამბავია.
– ვიტყუები...
– ჩემი ქართული ენის მასწავლებელი გვეუბნებოდა: ტყუილი არ უნდა იყოს ზიანის მომტანი ვინმესთვისო და ეს მართლაც ასეა. შეიძლება, მოიტყუო, თუ სხვა გამოსავალი არ გაქვს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს სხვა ადამიანისთვის მავნებელი და რაც მთავარია, არ უნდა ვაქციოთ ცხოვრების წესად. მქონია შემთხვევა, როცა მომიტყუებია, მაგალითად, 120 კილოგრამის ნაცვლად, 130 კილოგრამიან შტანგაზე მიმიშვია მოსწავლე. ცხოვრებამ შეიძლება, გათქმევინოს ტყუილი, მაგრამ ამით არავინ უნდა დაზიანდეს.
– ვნანობ...
– დრო ისე მიდის, რომ  სანანებელი ფიქრებში ბევრი გვაქვს, მაგრამ აზრს კარგავს. თუ რამეზე გული გვწყდება ოპტიმისტურად უნდა ვიფიქროთ, უნდა გამოვასწოროთ, შევეცადოთ მაინც. არის რაღაცები, რაზეც გული მწყდება, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მაქვს მსგავსი მომენტები.
– ვაგროვებ...
– ჩემი ვარჯიშების რვეულებს ვაგროვებდი და ვცდილობ, ახლა ჩემს სპორტსმენებში დავამკვიდრო ეს ჩვევა. ჩემმა მეუღლემ ჭიქების კოლექციის შეგროვება დაიწყო და ვცდილობდი, უცხო ქვეყნიდან ჩამომეტანა ხოლმე. რაც მთავარია, მედლებს ვაგროვებ (იცინის).
– ვზარმაცობ...
– არ ვიცი, როდის... სულ ვმუშაობ.
– არასოდეს დამავიწყდება...
– სპორტული კარიერიდან, რა თქმა უნდა, ის წუთები, რომელიც ათენს უკავშირდება. ასევე, გულწრფელად მინდა ჩემს გამარჯვებასთან გავაიგივო 2016 წლის ლაშას პირველობა, სადაც ორი გამარჯვება ვიგრძენი – როგორც სპორტსმენისა და როგორც მწვრთნელის.
– თავისუფლება არის...
– მოვალეობა. თავისუფლებას გაფრთხილება სჭირდება და თუ არ ვუფრთხილდებით, მერე ვკარგავთ.
– ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
– შვიდი საათი დარბაზში ვარ ხოლმე და ბუნებრივია, სავარჯიშოებზე ვფიქრობ, თუმცა ოჯახშიც ბევრი რამეა გასაკეთებელი და საფიქრალი. ყველას უნდა გაუნაწილო დრო, ოჯახს, მეგობრებს... მათ ეს იციან, თავისუფალ დროს აუცილებლად მათთან ერთად ვატარებ.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– შევიცვალე? არ ვიცი... სულ მეუბნებიან, არ შეცვლილხარო (იცინის). ალბათ, უფრო გამოცდილებამ შემცვალა.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– მიზანი, მიზნის არჩევა. ბოლოს, როცა ჩემს მწვრთნელთან საქმესთან დაკაშირებული საუბარი მქონდა,  რწმენაზე მესაუბრა და მითხრა: თუ გწამს, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. რომ მწამდა, სწორედ იმიტომ ვიყავი მასთან. ამ სიტყვებმა დიდი როლი ითამაშა და ვფიქრობ, როგორც სპორტსმენი, მაშინ შევდექი.
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
– მინდა, რომ ჩემი სამშობლო ყველაზე კარგი ქვეყანა იყოს, ყველა უზრუნველყოფილად, კეთილმოწყობილი ცხოვრობდეს და ასე შემდეგ, მაგრამ დროს ვერავინ ვაჩერებთ.  უნდა ვიშრომოთ და შევეცადოთ, ბევრი პროფესიონალი ადამიანი აღვზარდოთ, წინ რომ წავიწიოთ. ჩვენი გამოსავალი იმ საქმის ერთგულებაშია, რასაც ვემსახურებით.

скачать dle 11.3