კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ბესო ზანგური: ბოშათა ბანაკივით ცხრაჯერ დამეშალა ცხოვრება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  რუსთაველის თეატრის მსახიობი – ბესო ზანგური კიდევ ერთხელ დადგა სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე. მას საკმაოდ რთული გზა აქვს გამოვლილი და არაერთხელ მოუწია ცხოვრების თავიდან დაწყება, თუმცა ოპტიმიზმს არ კარგავს.
– ბოლო პერიოდის მოვლენებს ეხმაურებოდით სოციალურ ქსელში და წარსულში თვითმკვლელობის მცდელობაზე წერდით. ანგელოზებმა დამაბრუნეს ციდან და ფსიქოლოგიური მკურნალობა დამჭირდაო, იხსენებდით.
– სხვადასხვა მიზეზის გამო მოზარდობის პერიოდში აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს სუიციდისკენ მიდრეკილება. არაა აუცილებელი, ძალიან დიდი პრობლემა იყოს, მოზარდის ფსიქიკა იმდენად სათუთია, შეიძლება, ძალიან უბრალო მიზეზის გამო ჩაიდინოს სისულელე. ამიტომ თავიდანვე სწორად უნდა განვითარდეს ბავშვის ფსიქიკა. მშობელზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მინდა, ყველას შვილს ბოდიში მოვუხადო, რადგან ასეთ საზარელ ეპოქაში ცხოვრობენ, ირგვლივ სიკვდილი მეფობს. რაც შემეხება მე, არ მახსოვს და არც მინდა ვთქვა, რა გავაკეთე. იმ პერიოდზე საუბარი არ მსურს, რადგან მხოლოდ მე არ მიკავშირდება. დამამშვიდებლებისა და ჩემი მშობლების დახმარებით ყველაფერი მოგვარდა. ეს არის ყოველმხრივ გაუმართლებელი საქციელი. ყველას ჰქონია სახლიდან გაქცევის ან თვითმკვლელობის მცდელობა, მაგრამ მე ყოველთვის მშობლები მედგნენ გვერდით. მშობლები ბავშვის ყველაზე დიდი მეგობრები უნდა გახდნენ. მე მათ გადამალახვინეს ეს ყველაფერი. როდესაც დიდი პრობლემა მქონდა, ყოველთვის დედასთან მივდიოდი, მასთან ვრჩებოდი და მეორე დღეს დადებითად დამუხტული მოვდიოდი, ის სულ სხვა გზას მიჩვენებდა. მე დედაჩემის ინტუიციას ბრმად ვენდობოდი.
– ბოშათა ბანაკივით ცხრაჯერ დამეშალა ცხოვრება და ცხრაჯერვე წარბშეუხრელად ავაშენეო – თქვენი სიტყვებია.
– ეს უკვე ის პერიოდია, როცა დედა გამიხდა ცუდად და ახალშეძენილი ბინა დავკარგე. თუკი რამე გამაჩნდა ყველაფერი გავყიდეთ. მე და ჩემი მეუღლე ქუჩაში დავრჩით 15 ლარით, მცირეწლოვანი შვილით და წასასვლელი არსად მქონდა. აღარც მანქანა, აღარც სახლი და აღარც წასასვლელი. მაგრამ დღეს უკვე აგარაკი გვაქვს. თუმცა, აქაც შეგვექმნა პრობლემები და ხელმეორედ დავკარგეთ ცხოვრება. ეს ყველაფერი მკურნალობის ხარჯებს უკავშირდებოდა. მაგრამ არასოდეს ისე არ დავცემულვარ, რომ არ გამეღიმოს და არ მეთქვას, რომ მე აუცილებლად გავიტან ჩემსას. კი, მითქვამს, „აღარ შემიძლია“, მაგრამ როცა ვხედავ, გვერდზე შვილებს სძინავთ, ვიცი, რომ გაიღვიძებენ, რაღაცას მომთხოვენ, „აღარ შემიძლია“ არ გამოდის. მე თუ რამე პრობლემა მაქვს, ამაში ჩემი ცოლი და შვილი არაა დამნაშავე. ისინი იმსახურებენ ჩემით ბედნიერებას, ჩემი უბედურებით სხვა არ უნდა გავაუბედურო, ამიტომ რამდენჯერაც წავიქეცი, იმდენჯერ ავდექი მათ გამო. როდესაც დედამიწაზე ბედნიერი დადიხარ, უბედურება ვერ გეკარება. ვიღაცამ შეიძლება, თქვას, შენ გიჟი ყოფილხარ, ძმაო, თუ უბედურების დროსაც ბედნიერად იღიმიო, მაგრამ არა, უნდა ჩაკეტო გულსა და სულში ბოღმის საკეტები. ყველაფერი უნდა გიყვარდეს და გაბედნიერებდეს და მაშინ აუცილებლად მოვა ბედნიერება.
  მინდა, ყველა ბიჭსა და გოგოს ვუთხრა, რომ მხოლოდ სიკვდილს აღარ ეშველება. დედამიწაზე არ არსებობს სხვა პრობლემა, რომელიც არ გვარდება. ცხოვრება ბედნიერებაა და ყველა განსაცდელის შემდეგ ძალიან ლამაზი შეიძლება გახდეს. ახლა ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, გეგონება ღმერთმა მიგვატოვა, თითქოს, ბედნიერებამ დაგვტოვა და ეს უნდა დამთავრდეს.
– შვილებთან როგორი ხართ?
– ძალიან დიდი მეგობარი. გიჟ მამად ვარ ცნობილი მთელ ქალაქში. ძალიან მეგობრულად ვარ ჩემს უფროს ბიჭთან. დანაჩენები პატარები არიან და მგონი, დედას არ ჰყავს იმდენჯერ დაბანილი ჩემი შვილები, რამდენჯერაც მე. დედობრივი მზრუნველობაც ჩემს თავზე მაქვს აღებული. მინდა, დიდი დოზით გავაბედნიერო ყველა, რადგან წუთისოფელი ძალიან ხანმოკლეა.
– უფროს შვილებთან ერთად არ ცხოვრობთ. მათთან რამდენად გამოგდით მამობრივი მზრუნველობა?
– ყოველდღიურად არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ, კომუნიკაცია მქონდეს. ასე რომ, ცუდ მამად არ ვითვლები. სხვათა შორის, ყველა შვილი ძალიან მგავს. რომელ ოთახშიც უნდა შევიდე პატარა ზანგურები წვანან (იცინის).
– თქვენი შვილებისადმი უსამართლობა რომ დაინახოთ, როგორი იქნება თქვენი რეაქცია
– ჩემს შვილს რომ სხვა მოექცეს უსამართლოდ? ძალიან რთულია. გააჩნია, როგორ მოექცევიან. თუ ვიღაცამ გააკრიტიკა, ხმას არ ამოვიღებ და შევეცდები გავარკვიო. მაგრამ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, არ ვიცი... საერთოდ, ძალადობას ვერ ვიტან და  აბსოლუტური ძალადობით ვუპასუხებ, კანონს არ დაველოდები.
– ალბათ, მეუღლეს თქვენთან ერთად ბევრი სირთულის გამოვლა მოუწია. როგორი ადამიანია?
– ჩემი მეუღლე არის ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში პირველად გამაოცა თავისი სიყვარულით, სულგრძელობითა და იმედით. ფიცი გვაქვს ერთმანეთთან დადებული – „ჩემი ცხოვრება შენით დაიწყო და შენით დასრულდება“. იყო პერიოდი, როცა ამ სიტყვებზე მეცინებოდა. მანამდე სამარადჟამო არაფერი მეგონა და მეცინებოდა იმაზე, რომ შეიძლება, სამუდამოდ ვყოფილიყავი ერთ ადამიანთან. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეგრეა. რამდენჯერმე შექმნილი ოჯახის გამო ბევრს ჰგონია, რომ აუცილებლად ვულგარული ტიპი უნდა ვიყო. რეალურად, არასდროს ვაძლევ ცოლს ეჭვიანობის საბაბს. ძალიან ერთგული ტიპი ვარ ყველასთან ურთიერთობაში. მარტო ადამიანების კი არა, ჩემი ძაღლისა და ტანსაცმლის მიმართაც.
– ალბათ, რამდენჯერმე ოჯახის შექმნის გამო ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ არ ხართ ერთგული. ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი თქვენგან გამომდინარეა.
– შეიძლება, ჩემგან გამომდინარეცაა, მე არავის არაფერს ვაბრალებ. მაგრამ რამდენჯერმე ოჯახის შექმნა არ ნიშნავს, რომ კატასავით ატეხილი ტიპი ვარ.
– თქვენ თუ ხართ ეჭვიანი?
– ეჭვიანი არა, მაგრამ აზიატი ვარ. რაღაცებში იმდენად თავისუფალი ვარ, მეუღლე ხშირად დამიტოვებია გაოცებული. ჩემგან ვერ წარმოედგინა ასეთი აზროვნება. უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს, რა მოგვწონს და რა – არა. რა უნდა გააკეთოს ისეთი ქალმა, რომელიც შენთან ცხოვრობს, რომ შენ იეჭვიანო? მაშინ ხომ უნდა დაასრულო ურთიერთობა?! ბევრი ჩემი ტონით საუბარს აზიატობას ეძახის. მაგრამ მე კავკასიელი ბიჭი ვარ და ჩემი აზიატობა მეამაყება. სულ არ მაკომპლექსებს და ჩემი მეუღლეც იმავე აზრზეა.
– დავუბრუნდეთ სახლს, კიდევ ერთხელ დგახართ მისი დაკარგვის წინაშე, არა?
– დიახ, ჩემი ოჯახი ბინის დაკარგვის პირას დგას. იმ სახლზე ვსაუბრობ, რომელშიც ვცხოვრობ. სამწუხაროდ, ბანკებში რაღაცნაირი რეგულაციებია. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დავალიანება არ მაქვს და ჩემი ხელფასით გადახდისუნარიანიც ვარ, სესხს არ მაძლევენ, რადგან წარსულში გაშავებული ვარ, რაღაც მიზეზების გამო ცუდი ისტორია მაქვს. იქნებ გამოჩნდეს, რომელიმე მიკროსაფინანსო, რომ სესხი მოგვცეს. არასდროს არავისთვის მომითხოვია, რამე ეჩუქებინა ჩემთვის, ახლაც თუ ვინმეს მივაკითხე დასახმარებლად, ყველას ვთხოვე ვალის სახით მოეცა ეს თანხა, რომ ბინა არ დაგვეკარგა. საქართველოს ხომ ძალიან ბევრი მილიონერი ჰყავს, მაგრამ მათ გულისხმიერებაში ეჭვი მეპარება, ამიტომ ისევ მიკროსაფინანსოს იმედი მაქვს.
– მე როგორც ვიცი, ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობა გაქვთ, არ გქონიათ რაიმე სახის მცდელობა?
– დახმარების თხოვნის არ მრცხვენია, მაგრამ ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში გავაჟღერე. დღეს ყველა პოლიტიკოსს აქვს სოციალური ქსელი და ყველას ყურამდე მივიდა. სათითაოდ ხომ ვერ დავუწყებ ყველას ჩემს პრობლემებზე საუბარს. ყველამ იცის ჩემი თავმოყვარეობის ამბავიც. სამი წლის წინ სახლი რომ დავკარგე დედის ჯანმრთელობას ეხებოდა საქმე და არავინ შემიწუხებია. ახლა ძალიან გავასაჯაროე ჩემი ოჯახის პრობლემა, მაგრამ სამწუხაროდ, არავინ შემეხმიანა. ვიმეორებ, ნაჩუქარი თანხა არ მჭირდება, სესხის აღება მინდა.
– ბევრმა გამოთქვა სოციალური კამპანიის დაწყების სურვილი ამ თანხის შესაგროვებლად, მაგრამ წინააღმდეგი ხარ. რატომ?
– ადამიანებს ძალიან უჭირთ. 32 ათასი დოლარი პატარა თანხა არაა და ასე არ შეგროვდება. ზოგისთვის მზესუმზირის ფულია რაღაც თანხა, მაგრამ მე ვიცი ჩემი ერის ამბავი, ყველაზე გაჭირვებული ადამიანი აიღებს და საკუთარი პურის ფულს დადებს ამ სოციალური კამპანიის ფარგლებში და არა ისინი, ვისაც თავზე გადასდის. ამიტომ არ მინდა, ადამიანები დავაზარალო. ჩემს ბედნიერებას სხვების უბედურებაზე ვერ ავაგებ. თუ ვინმეს დახმარების სურვილი გაუჩნდება, იციან, რომ ყველაფრის დამბრუნებელი ვარ. ეს სახლი მე ავაშენე თავიდან ბოლომდე, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, მაგრამ ოჯახში პრობლემა შეგვექმნა და კერძო პირთან ჩავდეთ თანხის სანაცვლოდ, რადგან ბანკმა არც მაშინ მოგვცა თანხა. თუმცა, რაც უნდა განსაცდელი მქონდეს, ყოველთვის ვამბობ, რომ აუცილებლად მოვა ბედნიერება. მწამს, რომ ღმერთი არსებობს და ჩემი ლოცვა ესმის.

скачать dle 11.3