კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ ასცდა დათო ლიკლიკაძე ცხოვრებაში ბევრ სიყვარულს კარადაში გამოკეტილი „განძის“ გამო და რატომ „აუკერა“ მას ცოლ-შვილმა პირი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ჟურნალისტის და მსახიობის, დათო ლიკლიკაძის ცხოვრების ყველა დეტალი საზოგადოებამ იცის, რადგან ის ტელე-ეთერების ხშირი სტუმარია და საკუთარ ცხოვრებაზე ყველგან ღიად ყვება. თუმცა, არასდროს უხსენებია ბებია, მამის დედა, რომელიც ახლახან 100 წლის გახდა და შვილიშვილებმა, საკუთარ სოფელში, სიმონეთში, ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს. როგორც დათო ამბობს, იღბლიანი ადამიანია, თუმცა ბედთან ერთად მას შრომისმოყვარეობაც დაჰყვა და თუ დღეს წარმატებულია, ეს ბევრი ღამის თენების ხარჯზეცაა. სხვათა შორის, დათო დედის მხრიდან დავით კლდიაშვილის შთამომავალია.
– დათო, შენი ცხოვრების შესახებ ყველგან ღიად ყვები, თუმცა, ის, რომ ბებია, მამის დედა 100 წლის გახდა, არსად გიხსენებია. რატომ?
– ელენე ბებია ერთადერთია, რომელიც ამ დრომდე ცოცხალი შემომრჩა. სხვათა შორის, ორივე ბებოსთან და ბაბუასთან, ძალიან კარგი სოციალური და ემოციური კავშირი მქონდა და სამი ტკივილი განვიცდე – ორი ბაბუის და ერთი ბებიის გარდაცვალება, რომლებიც, ერთმანეთზე მეტად მიყვარდნენ. მოკლედ, დამრჩა ერთდერთი ბებია, რომელიც ცხოვრობს სოფელ სიმონეთში და ახლახან100 წლის გახდა. ძალიან მიყვარს და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის. არ დამავიწყდება, 30 წლის წინ, მეათე კლასში რომ ვიყავი, ექვს შვილიშვილს, სირბილში გვეჯიბრებოდა. დაგვაყენებდა აღმართზე, დაიხრებოდა და დაიძახებდა: „ნა სტარტ, ვნიმანიე... მარშ!“  გავცვივდებოდით ყველა, ბებიაც გარბოდა და სულ გვიგებდა, ვერ ვეწეოდით (იცინის). არადა, მაშინ 70 წლის იყო. ქუთაისში, ძალით ვიტოვებდით ზამთარში, გაქცევაზე იყო.
– თუ გიბრაზდებოდა?
– არასოდეს გამბრაზებია, თან მყვებოდა. ზოგადად, ბებია-ბაბუები არ მსჯიდნენ. არ დამავიწყდება, ერთხელ თივის ზვინი დავწვი, ოღონდ იმხელა ზვინი იყო, სახლზე დიდი, სახანძრო მანქანები, ქუთაისიდან მორბოდნენ (იცინის). შტაბობანას ვთამაშობდი და რომ გავაკეთე ჩემი შტაბი, სანთელი ავანთე თივის ზვინში და ისე მალე მოედო ცეცხლი, ძლივს გამოვასწარი. დედის მამა და დედა მკაცრები იყვნენ და რომ გაიგეს, ერთი ამბავი დამაწიეს, მამის დედ-მამამ კი ხმაც არ გამცეს.
– ახლა, 100 წლის ბებიას რომ უყურებ, რა განცდა გაქვს? ალბათ, მთელი შენი ბავშვობა კადრებივით გადის თვალწინ.
– საოცარი განცდაა, როცა 100 წლის ბებიას ვუყურებ. თავად ბებიაჩემმა  დამირეკა და დაბადების დღეზე დამპატიჟა. სოფელში რომ ჩავედი, წუხდა: ახლა ლეღვის ხეზე ვერ ავალ და არ გეწყინოსო. შარშან ავიდა და დაკრიფა. სასაცილო ისტორიებიც მომიყვა, ტელევიზიებში გამოგადგებაო, თან, თვითონაც გულიანად იცინა. ფოტო სუფრასთან გადავიღეთ, მაგრამ არა, გარეთ გამოვალ, ლამაზი ეზო მაქვსო. ყვავილებსაც თვითონ უვლის. სოციალურ ქსელში რომ პოსტი და ფოტოები დავდე, ბევრმა მომწერა: ასეთი ბებო თუ გყავდა, არ ვიცოდით, არასოდეს გითქვამს, შოუებში სულ შენს ოჯახზე ხუმრობ და ბებო არ გიხსენებიაო. დიახ, ათას შოუში გამოვდივარ და ყვეელაფერი მაქვს მოყოლილი, ქვეყანამ იცის ჩემი, მამაჩემის, დედაჩემის, ჩემი დისა და ცოლის ამბები და ისიც, ბოლოს როდის მცემა დედამ, მაგრამ მართალია არასოდეს ვსაუბრობდი და არ ვწერდი ბებოზე. მეშინოდა, თვალი არ ეცეს-მეთქი, მინდოდა, 100 წლის გამხდარიყო და ეს ნატვრაც ამისრულდა. თან, რომ იცოდეთ, რა სუფთა და გაკრიალებული მოხუცია. არ საჭიროებს დამხმარეს, ესმის, ხედავს, საუბრობს და აზროვნებს ფანტასტიურად. ბებიას რომ ვეხუტებოდი,  მამაჩემის სუნს გვრძნობდი, რომელიც აგერ უკვე 20 წელია, არ მიგრძნია. 52 წლის მამის გარდაცვალებით ცხოვრებამ დიდი ტრაგედია და დარტყმა მომაყენა. მაშინ 23 წლის ვიყავი. ძალიან  მენატრება და ამიტომაა ჩემთვის მის დედასთან, ბებიაჩემთან დაკავშირებული მომენტები ზედმეტად ემოციურია. საკმარისად მეტ ხანს ვიყავი გადახვეული ბებიაჩემს და ხარბად ვყნოსავდი მამაჩემის მონატრებულ სუნს. მართალია, ლეღვის ხეზე ვერ ავიდა და ვერ დამიკრიფა, მაგრამ რომ მოვდიოდი, მანქანის მოსაბრუნებლად, ჭიშკარი თავად გამიღო.  წესით, ადრე რომ მომეყვანა ცოლი, თავად უნდა ვიყო ბაბუა და ამ ხნის კაცს რომ მეთქვა, ბებია მყავს ცოცხალი-მეთქი, ამის თქმა მეშინოდა, თვალი არ ეცეს, ავად არ გამიხდეს-მეთქი, თორემ, კი არ ვმალავდი მის არსებობას. სხვათა შორის, რუსულის პედაგოგი იყო და ასი წლის ისე გახდა, მისი ავადმყოფობა, ღმერთმა კარგად მიმყოფოს და არ მახსოვს. ჯოხით დადის, მაგრამ მაინც საოცარ ფორმაშია. თუმცა, წუწუნებს: ცოტა მუხლებში ძალა გამომელია და ხანდახან თავი მიბრუა, ახლა დამეწყო, შარშან არ მქონდაო. 1920 წელს დაიბადა, დამოუკიდებელ საქართველოში, 70-წლიან კომუნისტურ მმართველობაში გაზრდილი, თუ ახლა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში იცხოვრებდა, ალბათ, თავადაც ვერ წარმოედგინა. შვილიშვილებმა ბევრი ვიფიქრეთ, რა გვეჩუქებინა და თანხა ვაჩუქეთ და ყველა შვილიშვილმა, სათითაოდ, ტორტი მივართვით. მას რომ ვუყურებ, ჩემი ბავშვობა კადრებივით გარბის თვალწინ. მისი სახით ცოცხალი, შეუფასებელი განძი მყავს.
– ესე იგი, ცრურწმენების გჯერა?
– არა, ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ რაც ადამიანის სიცოცხლესთანაა დაკავშირებული, მშიშარა გავხდი. ადრე უფრო არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ რაც დის შვილები დაიბადნენ და მერე – ჩემი შვილიც, მეშინია. ახლა უფრო ფრთხილი ვარ.
–  როგორი წარმოგიდგენია, ბებიის ასაკში შენი თავი? ქუთაისში, სადაც ყველას უყვარხარ, ერთგვარი კოლორიტი ხარ, ძეგლს დაგიდგამენ თუ ვარსკვლავის გახსნას დასჯერდები?
– (იცინის) უი, რას ამბობთ, არ მინდა ძეგლის დადგმა. რაც უნდა მიმეღო ამ ქალაქისგან – ამოუწურავი ენერგია, იუმორი, ძალა და სითბო, უკვე მივიღე და ყოველდღიურად კიდევ ვიღებ და ესეც საკმარისია, ჩემს ძეგლს რომ არ ვუარო გარშემო და ვარსკვლავზე არ დავდგა ფეხი. ასე რომ, ასი წლის მერე, ღრმად მოხუცებული წარმომისგენია ამ ქალაქში ჩემი თავი, გენეტიკა კი მიწყობს ხელს და არც ძეგლი მინდა და არც ვარსკვლავი. კი ვამბობ, არ მინდა-მეთქი, თორემ, არა მგონია, მთაწმინდაზე ან პანთეონში მიმაქანებდეს ვინმე (იცინის).
– ამბობენ, ვისაც შვიდი ნათლული ჰყავს, სამოთხისკენ კარი ღია აქვსო. ამ მხრივ, შენ როგორ გაქვს საქმე, რამდენგზის ღია გაქვს სამოთხის კარი?
– თუ ეგერეა, აბა, 18 ნათლული მყავს და სამოთხის კარი კი ყოფილა ჩემთვის უნივერმაღის ჭიშკარივით ფართოდ სამგზის ღია (იცინის).
– როგორ გგონია, რამდენად იოლად მოდის წარმატება შენამდე, რამდენად გაგიმართლა ცხოვრებაში და მიგაჩნია, რომ ის, რასაც მიაღწიე, ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადების დამსახურებაა?
– ნამდვილად ვარ იღბლიანი და უმადურობა იქნება, ეს რომ ხმამაღლა არ ვთქვა. პრაქტიკულად, ოცნება და სურვილი არ დამრჩა, რომელიც არ ამიხდა. ყოველთვის რეალური ოცნებები მქონდა და არ ვითხოვდი არარეალურს, ამაშიც მოზომილი ვიყავი. ხანდახან მეშინია კიდეც, როგორ შეიძლება, ასე აგიხდეს ყველაფერი კაცს, პირადი ცხოვრებიდან დაწყებული, კარიერით, პროფესიით, ურთიერთობებით დამთავრებული. ცხოვრებისგან ყველაფრით კმაყოფილი ვარ, იღბლიან ვარსკვლავზეც ვარ დაბადებული, თუმცა ბევრი ღამის თენების ხარჯზე მივაღწიე იმ ყველაფერს, რაც დღეს მაქვს. დედაჩემთან, სადაც 40 წლამდე ვცხოვრობდი, მაქვს კარადა, რომელიც გამოტენილია ჩემი გადაცემების ვიდეოკასეტებით, სიუჟეტებით, სპექტაკლის აფიშებით, გაზეთებით – ჩემი დაწერილი სტატიებით, ჟურნალებით და რომ მეუბნებიან, რატომ შექმენი ოჯახი გვიანო, ვპასუხობ: აი, ამ კარადის გამო, ვინ იცის რამდენი სიყვარული მაქვს გამოტოვებული ცხოვრებაში-მეთქი (იცინის). ეს კარადა ჩემი განვლილი გზის ერთგვარი „განძია“. ასე რომ, ადვილად, დროსტარებითა და ქეიფით არ მოდის ეს ყველაფერი, შრომა სჭირდება.
– ქეიფსა და დროსტარებაზე გამახსენდა: ყველგან, სადაც კი რაიმე ახალი იხსნება ქუთაისში, შენ გეპატიჟებიან და თუ დაგეტყო წონაზე?
– კი, დამეტყო წონაზე ამდენი დაპატიჟებები და განვიცდი, მაგრამ ნებისყოფაც მაქვს და არ ვარ ის კაცი, რომელიც ამბობს: არ ვჭამ და ვიმატებო. ზუსტად ვიცი, რატომ ვიმატებ – იმიტომ, რომ ვჭამ და ადეკვატური ორგანიზმიც მაქვს. სხვათა შორის, პანდემიის დროს სახლში ჩამჯდარმა ხალხმა რომ მოიმატა, მე შევწყვიტე ჭამა და ათი კილოთი ნაკლები გამოვედი სახლიდან. მაგრამ რათ გინდა? ისევ ბანკეტები და ქეიფები და მოვიმატე (იცინის). ზოგადად, ადვილად ვიკლებ, ადვილად ვიმატებ და არავის არაფერს ვაბრალებ. ისე, სმაც შემიძლია უკიდეგანოდ, მაგრამ თავს ვიკავებ, ჯანმრთელობას ვუფრთხილდები. ახლა, ცოლი და შვილიც  დაემატა ამას და ოთხი წელია, სუფრასთნ დიდი-დიდი 3-4 ჭიქა დავლიო, ფაქტობრივად, ცოლ-შვილმა „ამიკერა“ პირი (იცინის).
– შენში, როგორც იმერელ კაცში, რა თვისებაა მოჭარბებული იმერული ხასიათიდან?
– იმერული ხასიათიდან ყველაფერი მოჭარბებული მაქვს, დაწყებული კუდაბზიკობიდან, დამთავრებული აზნაურული ხასიათით. ზოგადად, იმერლები აღფთოვანების ხალხია, ვითომ არ უნახიათ, ისე გაიკვირვებენ რამეს. მეც ასეთი ვარ, ეს კლდიაშვილების გენეტიკიდან მომდევს, დედის მხრიდან – ასჯერ რომ მქონდეს ნანახი და კიდევ რომ ვნახავ, ისე გადავირევი, იფიქრებ, პირველად ხედავსო (იცინის). ასე რომ, აღფრთოვანების, იმედისა და მოთმინების ადამიანი ვარ, კლდიაშვილის გმირების მსგავსად.

скачать dle 11.3