№36 ივერი ბუაძეს ამერიკელმა ექიმებმა უფლის სასწაული უწოდეს
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
„გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიან“! თანამედროვე გმირები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და აუცილებელია, მათ შესახებ ყველამ იცოდეს. ჩვენი დროის ერთ-ერთი გმირი 27 წლის ივერი ბუაძეა, უფროსი ლეიტენანტი, რომელიც თავის ჯარისკაცებს თვითმკვლელი ტერორისტის წინ გადაეფარა. მან საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად ჩააგდო საფრთხეში და ამით სამი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან. თავად სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიიღო და ექიმების უიმედობის მიუხედავად, სიკვდილზე გამარჯვება შეძლო. ყველაზე რთულ მომენტებშიც კი მას ერთი წუთით არ უფიქრია პროფესიის შეცვლა და დღესაც ამაყად ემსახურება სამშობლოს. უფრო დაწვრილებით ლეიტენანტ ივერი ბუაძის გმირობის ისტორიას სტატიიდან შეიტყობთ.
ივერი ბუაძე: 1993 წლის 21 აპრილს ქალაქ ხონში, სამხედრო ოჯახში დავიბადე – მამა საბჭოთა კავშირის ჯარში მსახურობდა, ბაბუა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გახლდათ, დიდი ბაბუა პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა. ოჯახის ტრადიცია მეც გავაგრძელე და ჩემმა ძმამაც, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა და დღემდე ჩემთან ერთად ემსახურება სამშობლოს. ოჯახმა და წინაპრებმა დიდი გავლენა იქონია ჩემს პროფესიაზე. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, ჯარში მემსახურა, ფორმა ჩამეცვა და რაც მთავარია, დამეცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები. ჩემი შვილიც და ჩვენი ოჯახის მომავალი თაობაც აუცილებლად გააგრძელებს ამ საქმეს. როცა გადავწყვიტე, სამხედრო ვყოფილიყავი, მინდოდა, ოფიცერი გავმხდარიყავი. 2011 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და თავდაცვის აკადემიაში ჩავირიცხე. ოთხი წლის შემდეგ ბაკალავრის დიპლომი ავიღე, რის საფუძვეზეც გავხდი ოფიცერი. ეს იყო თავდაცვის აკადემიის პირველი ოფიცრების გამოშვება. კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაგვანაწილეს ოცეულის მეთაურის პოზიციებზე. მე სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში, 23-ე ბატალიონში ვმსახურობდი. 2017 წელს ჩემს ბატალიონს სამშვიდობო მისიით მოუწია გამგზავრება ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. მეც, როგორც მათი მეთაური და ოფიცერი, მათთან ერთად წავედი. მშვიდობით დავბრუნდებოდი თუ არა, ეს არ იყო ჩემი საფიქრალი, ჩემს ოცეულს მარტო ვერ დავტოვებდი. ავღანეთში ყველაზე დიდ ბაზაზე, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვიმყოფებოდით. გვევალებოდა, როგორც შიდა ტერიტორიის დაცვას, ასევე გარე პერიმეტრის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ის, რაც შემემთხვა, გარე პერიმეტრის პატრულირების პროცესში მოხდა...
– თუ გაიხსენებთ, რა მოხდა?
– კონკრეტული რაიონი, სადაც უსაფრთხოების სამუშაოს ვახორციელებდი, ბაგრამის ბაზასთან ახლოს იყო. ეს რაიონი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ იქ ავღანელების „ტრაილერებია“ განლაგებული. ბრძანების მიხედვით, ჩვენ ეს „ტრაილერები“ ჯერ ვიზუალურად უნდა დაგვეთვალიერებინა, ხოლო შემდეგ, კარიბჭესთან, საავიაციო ბაზის შესასვლელთან, გაგვეტარებინა სკანირება. სკანირების გავლის შემდეგ ბაზაზე შესვლის უფლებას ვრთავდით. კონკრეტულ შემთხვევაში, ვიზუალური დათვალიერებისას „ტრაილერთან“, თურმე, თვითმკვლელი ტერორისტი იმალებოდა. იმის შესახებ, რომ ის ტერორისტი იყო, ბუნებრივია, ინფორმაცია არ გვქონდა. ის სამალავიდან ჯარისკაცების ხმაზე გამოვიდა და მოგვიახლოვდა. უცნაურად იქცეოდა და გაურკვევლად საუბრობდა ავღანურ ენაზე. რაც გავარკვიეთ, მოტოციკლით უნდოდა ბაზაზე შესვლა, მაგრამ მე, როგორც მეთაურმა, არ მივეცი ბაზაზე შეღწევის საშუალება – უნდა დავრწმუნებულიყავი, რამდენად უსაფრთხო იყო და ამიტომ შემოწმება დავიწყეთ. ჩვენ შორის ვერბალური კომუნიკაციისთვის პირველი ადამიანი, რომელიც მასთან მივიდა, ავღანელი თარჯიმანი გახლდათ, რომლის უსაფრთხოებასაც ჩემი ორი ჯარისკაცი ახორციელებდა. პირადად მე, ოდნავ მოშორებით ვიყავი და ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. სრულიად მოულოდნელად დავინახე, ტერორისტი აფეთქებას აპირებდა. ჩემი ჯარისკაცები უნდა გამომეყვანა, ყვირილს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ გავიქეცი და მათ გადავეფარე – ადგილზე მისვლა და აფეთქება ერთი იყო. სამწუხაროდ, აფეთქების პირველი ტალღა თარჯიმანმა მიიღო, რომლისგანაც მხოლოდ ნეკნებიღა დარჩა, მერე კი მე დავზიანდი. ორი ჩემი ჯარისკაცი და მესამე – ამერიკელი ლეიტენანტი გადაურჩა სიკვდილს. ერთ-ერთ ჯარისკაცს, ირაკლი ჭკუასელს ყურის ბარაბნები დაუზიანდა და გარკვეული პერიოდი არ ესმოდა, ასევე, ჰქონდა სხვა დაზიანებებიც. რაც შემეხება მე, აფეთქებისას ოდნავ მარცხნივ შებრუნებულვარ და დარტყმის მთელი ტალღა მარჯვენა მხარეს მივიღე. დამიზიანდა მარჯვენა ხელი, თავის ქალა, დავკარგე ფეხი და თვალი. ამას გარდა, მივიღე დამწვრობა. ტერორისტს ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლის ბენზინის ავზში ჰქონდა ჩამონტაჟებული და როცა ძრავი გათიშა, აფეთქდა. ავზში არსებული ბენზინი გადამესხა და ცეცხლი წამეკიდა, მთელ სხეულზე 10 პროცენტამდე დამწვრობა მივიღე. აფეთქების შედეგად მოტოციკლის ნამსხვრევები, საბურავები, საჭე და ავზის ნარჩენები შემომეყარა, რამაც კიდევ გაზარდა დაზიანებები სხეულზე. გარდა ამისა, ტერორისტს, თურმე, ათი სხვადასხვა სახის იშვიათი დაავადება სჭირდა, მათ შორის: მალარია, ტიფი, სოკო... მისი ძვლები, ნეკნები და ყველაფერი მე შემომეყარა სხეულზე. როგორც შემდეგ დადგინდა, ყველა დაავადება გადამედო, რამაც უფრო დაამძიმა ჩემი მდგომარეობა.
– როგორც ვიცი, ორი თვე კომაში იყავით...
– დიახ. ბიჭებმა უსწრაფესი რეაგირება მოახდინეს და შემთხვევიდან, დაახლოებით, 10 წუთში, საავიაციო ბაზაზე არსებულ სამხედრო ჰოსპიტალში გადამიყვანეს. იმ ბაზაზე 40 000-მდე ადამიანი მსახურობს. იმისთვის, რომ გადავრჩენილიყავი თითოეულმა მათგანმა ჩააბარა სისხლი, საბოლოო ჯამში 100 ლიტრი სისხლი გადამისხეს, 20-ჯერ გამომიცვალეს. დიალიზის აპარატზე ვიყავი შეერთებული და ხელში სასუნთქი აპარატი მქონდა ჩადგმული. პირველი გადაუდებელი ამპუტაციები რეანიმაციაში ჩამიტარდა – წნევას ვერ არეგულირებდნენ და ამიტომ იძულებულები გახდნენ, მარჯვენა ფეხი მოეკვეთათ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ამომიღეს მარჯვენა თვალი. ყველაზე საშიში იყო ის, რომ მარჯვენა ხელის ამპუტაციამდე მიდიოდა საქმე, ძვლები სულ დამსხვრეული მქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადარჩა, თუმცა მარცხენა ფეხის ცერა თითი ვერ გადაურჩა მოკვეთას. ბაგრამის სამხედრო ჰოსპიტალში შემიქმნეს ის მდგომარეობა, რომ უკვე შეიძლებოდა, გერმანიაში გადავეფრინე სამკურნალოდ. გერმანიაში 53 ოპერაცია ჩამიტარდა. თვითმკვლელი ტერორისტის ძვლებიც კი ჩემს ორგანიზმში იყო და მათ ამოღებას ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა. ორი თვე ვიყავი კომაში, შემდეგი 5-6 თვე – პარალიზებული. მერე ამერიკაში გადამაფრინეს, პირველი იმიტომ, რომ თვალის ოპერაცია გაეკეთებინათ და მეორე – ხელოვნური პროთეზის ფეხი მოერგოთ. თვალის ოპერაციამ მოლოდინს გადააჭრბა და დღემდე ძალიან კარგად ვხედავ. ამერიკაში 9 ოპერაცია გამიკეთდა. ექიმების თქმით, არ უნდა მქონოდა: მეხსიერება, მხედველობა, მეტყველება და მოძრაობის უნარი. მათი ვარაუდით, მთელი ცხოვრება საწოლს მიჯაჭვული ან ეტლით მოსარგებლე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მოხდა სასწაული. აფეთქებამდე ერთი კვირით ადრე, 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე ვეზიარე. ყოველთვის ვცდილობდი მეცხოვრა ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრებით, სტიქაროსანიც გახლდით. 6 სექტემბერს ეს ამბავი შემემთხვა. ამ დიდ განსაცდელს ზიარებით შევხვდი მომზადებული. შემთხვევითობისა და დამთხვევის არ მჯერა, მე მწამს უფლის, ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ღვთისმშობლობას, 21 სექტემბერს დავიწყე კომიდან გამოსვლა, პირველი რეფლექსები სწორედ ამ დღეს მქონდა. შემთხვევიდან ზუსტად 2 თვეში, 6 ნოემბერს გავიღვიძე და მარცხენა თვალში შევნიშნე სინათლე, ვხედავდი ჩრდილებს, ეს იყო წარმოუდგენელი. თვალების გახელის შემდეგ გამოვედი კონტაქტზე. პირველი, რაც გავაკეთე ექვსამდე დავითვალე ქართულად და ინგლისურად. მერე ამბობდნენ, რომ ვერანაირად ვერ შევძლებს სხეულის სხვა ნაწილების ამოძრავებასო. 4-5 თვის მერე ხელი და ფეხი გავამოძრავე და დავიწყე გადაადგილება. ეს საოცრება იყო. ამერიკელ ექიმებს, მსგავსი პრეცენდენტი არ ჰქონიათ, მათთვის აღმოჩენა ვიყავი და ღვთის სასწაული მიწოდეს.
– ყველაფრის მიუხედავად, უარი არ თქვით საკუთარ პროფესიაზე და დღემდე ემსახურებით საქართველოს.
– პირიქით, ამ ყველაფერმა უფრო დიდი სტიმული მომცა. 21 სექტემბერს კაპიტანი ვხდები. დედა 7 წლის წინ გარდამეცვალა, მაშინ მე-2 კურსზე ვიყავი. ავღანეთში წასვლამდე დედის საფლავზე ავედი, მუხლი მოვიდრიკე და ვუთხარი: დედა, აუცილებლად დავბრუნდები-მეთქი. ყოველდღე ვებრძოდი სიკვდილს, გადარჩენის არანაირი შანსი არ მქონდა, მაგრამ დავამარცხე და გავიმარჯვე მასზე. 2019 წლის 11 ივლისს დავბრუნდი საქართველოში. სულ მინდოდა, დედის საფლავზე ისევ მივსულიყავი და მეთქვა: დედა, ხომ ხედავ დავბრუნდი-მეთქი. ხოდა, დავბრუნდი – პირობა შევუსრულე.