№36 ოპერაცია „მორევი“
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #34-35(1026)
შარაფ იუსუპოვმა პაუზა გააკეთა და საუბარი უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ გენერალმა ანიშნა, – გაჩუმდიო და ჩაფიქრდა. შემდეგ კი უთხრა:
– განაგრძე, შარაფ. თქვი, რის თქმას აპირებდი.
– ბატონო გენერალო, – განაგრძო იუსუპოვმა, – ამ ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ოთარ კაშია მოკლეს, რათა ბატონ ზვიადს არ ეკითხა მისთვის, რატომ ურჩია მან ოქრუაშვილს მისი კანდიდატურა – ეს ერთი. და მეორე – თავად ოქრუაშვილსაც მოკლავენ, რომ ჯაჭვი გაწყდეს და უკვე საქმეში ჩართული საქართველოს უშიშროების სამსახური რობერტ ვოზგანიანზე არ გავიდეს.
– ვოზგანიანზე? – ჰკითხა ზვიადმა იუსუპოვს.
– დიახ, ბატონო ზვიად, ვოზგანიანზე. ვოზგი ოქროს ნიშნავს და თბილისელ მილიონერს გვარიც ამ ყაიდაზე აქვს გადაკეთებული, – იუსუპოვს ჩაეცინა და დაამატა, – მისი მსხვილი მარკეტების ქსელი „ტარარა“ კი, რომელიც ბევრისთვის გამოცანად იქცა, სხვა არაფერია, თუ არა „არარატ“ – მხოლოდ უკუღმა დაწერილი, ანუ შებრუნებულად. ერთი სიტყვით, ბატონებო, ჩვენ მეგობარ ქართველებს ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი მტრულად განწყობილი, შენიღბული ადამიანი ჰყავს და ეს მისი მოღვაწეობის ფორმიდანაც ჩანს და შინაარსიდანაც.
იუსუპოვის სიტყვამ კაბინეტში მყოფებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გენერალმა თვალი მოავლო იქ მყოფებს და თქვა:
– სასწრაფოდ უნდა გავიაროთ კონსულტაციები ჩვენს ქართველ კოლეგებთან და ერთობლივი ღონისძიებები ჩავატაროთ. მანამდე კი ეს ინფორმაცია ჩვენს ლიდერს უნდა მივაწოდოთ, რათა ის თავის ქართველ კოლეგებს დაელაპარაკოს. დრო არ ითმენს, მეგობრებო. ჩვენს უწყებაში საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ და თითოეული ჩვენი თანამშრომელი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეთ.
***
სხვა საკითხებთან ერთად, გასანოვის კაბინეტში გადაწყდა, რომ ზვიადი იმ სამუშაოს შეასრულებდა, რომლისთვისაც ბაქოში იყო ჩასული, ანუ – გენერლის მოძრაობის მარშრუტის მონიტორინგს ჩაატარებდა და თავდასხმის ადგილებს შეარჩევდა. ამის გაკეთება კი იმიტომ იყო საჭირო, რომ გამორიცხული არ იყო, ოპერაცია „მორევის“ შემკვეთებს ზვიადისთვის კუდი მიეჩინათ და არც შემცდარან. გასანოვის ხელქვეითებმა ორი მოთვალთვალე აღმოაჩინეს, რომლებიც ზვიადს რიგრიგობით ხვოსტავდნან. კონტრდაზვერვამ ეს „კუდები“, მურად მუსტაფაევი, კონსპირაციული სახლი და ამ ყველაფრის ირგვლივ მოტრიალე საეჭვო პირები უმკაცრესი კონტროლის ქვეშ აიყვანეს, რათა საჭირო დროს ყველა სუფთად და უხმაუროდ გაენეიტრალებინათ. მას მერე კი, რაც ეს ინფორმაცია აზერბაიჯანის ლიდერს აუწყეს და მან ამის შესახებ თავის ქართველ კოლეგას შეატყობინა, გადაწყდა, სპეცსამსახურების დონეზე ერთობლივი ღონისძიებები ჩაეტარებინათ და საქართველოს დედაქალაქში უაღრესად საიდუმლო მისიით საიდ ალიევი გაიგზავნა. სამი დღის შემდეგ თბილისში დაბრუნდა ზვიად აფციაურიც, რომელსაც ოქრუაშვილი უნდა ენახა და ბაქოური ვოიაჟის შესახებ მოეყოლა. ზვიადს „ტარარას“ მფლობელთან შეხვედრა საღამოს ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მას საქართველოს უშიშროებიდან დაუკავშირდნენ და ისევე, როგორც ბაქოში, თბილისშიც ფარულად მიიყვანეს მინისტრთან. კაბინეტში ქართველ გენერალთან ერთად საიდ ალიევიც იყო. მინისტრმა ხელი ჩამოართვა ზვიადს და უთხრა:
– ეს თქვენ ხართ ქართველი ტერორისტი, რომელიც ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგის ლიკვიდაციით დიდი კავკასიური არეულობის გამოწვევას ცდილობდა?
– მე გახლავართ, ბატონო მინისტრო, – თქვა ზვიადმა და გასანოვს შეხედა, რომელმაც ზვიადს თვალი ჩაუკრა და ანიშნა, გენერალს მოუსმინეო.
უშიშროების მინისტრმა ზვიადს და საიდს სავარძლებზე მიუთითა, დასხედითო და თვითონაც მათ გვერდით მოკალათდა.
– ბატონო ზვიად, ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თავდაპირველ გეგმაში ოდნავი კორექტივები შევიტანეთ. როგორც დავრწმუნდით, ერევანი ძალიან სახიფათო, მტრულ თამაშს აპირებს, რასაც დიდი კავკასიური არეულობა მოჰყება. ამიტომ მისი მხილება, საერთაშორისო ასპარეზზე გამოტანა და კონფლიქტის ჩახშობაა საჭირო. ამ ბინძურ მოთამაშეებზე გასვლა რობერტ ოქრუაშვილის მეშვეობითაა შესაძლებელი. ხოლო რობერტმა რომ ეს აღიაროს, მის წინააღმდეგ უტყუარი სამხილები უნდა გვქონდეს. ხოლო სამხილები რომ გვქონდეს, ისინი უნდა გადავიღოთ. შემდგომ ოქრუაშვილს დავუდოთ წინ და თავისი პატრონების ვინაობა ვათქმევინოთ. თქვენ გადაღებას ვერ მოახერხებთ, რადგან მასთან შეხვედრის წინ გაგჩხრეკენ, თანაც, შესაძლოა, არც კი თქვას მნიშვნელოვანი რამ, რადგან შეკვეთა უკვე მიღებული გაქვთ. ამიტომ, ამ შეხვედრაზე ჩვენ ჩვენს თანამშრომელს გამოვუშვებთ, რომელიც ყველაფერს ჩაიწერს. ჩვენი თანამშრომელი ცალთვალაა. მარცხენა თვალი სადგილზე კი თვალის ფორმის ჩამწერი მოწყობილობა აქვს დამონტაჟებული და ყველაფერს ის გადაიღებს. ახლა – როგორ მოხდება თქვენი შეცვლა იმ კაცით: ოქრუაშვილთან მიხვალთ და ეტყვით, რომ ოთხი კაცის მაგივრად სამნი იქნებით და ორის ვინაობას დაუსახელებთ, რომელთა შორის ერთი ის ჩვენი ცალთვალაა. შემდეგ, თქვენ საშინელ ავტოკატასტროფაში „დაიღუპებით“. ოქრუაშვილი იძულებული გახდება, ცალთვალაზე ან მეორეზე გავიდეს. მოკლედ, მოძებნის და ცალთვალას იპოვის. დაელაპარაკება და ჩვენი თანამშრომელი ისე წაიყვანს საუბარს, რომ ეს ჩანაწერი ოქრუაშვილის საკომპრომეტაციოდ გამოდგება. ჩვენ მას გავესაუბრებით. ყველაფერს წინ დავუდებთ და ის ან ოცწლიან პატიმრობასა და ქონების დაკარგვას აირჩევს, ან თავის პატრონებს დაასახელებს. იმავდროულად, ბაქოს ცენტრში გენერალ მამედ გასანოვის ლიკვიდაციის სცენა დაიდგმება და მას მერე, რაც ერევანი თავისი ოპერაციის ბოლოსწინა ეტაპზე გადავა, მთელი მათი ჯაშუშურ-ტერორისტული ქსელი დაპატიმრებული იქნება. რას ფიქრობ, კარგი კომბინაციაა.
– დიახ. ურიგო არ უნდა იყოს, – მიუგო მინისტრს ზვიად აფციაურმა და საიდმა მას მეორედ ჩაუკრა თვალი.
***
ბაქოში შემუშავებული და თბილისში კორექტირებული ერთობლივი სპეცოპერაცია თანამიმდევრულად, იუველირული სიზუსტით განხორციელდა. მას მერე, რაც ზვიად აფციაური მცხეთის გზაზე ტრაილერს „შეასკდა“ და „ბეემვეში“ „დაიწვა“, ოქრუაშვილი ცალთვალას დაუკავშირდა და ქართველმა კონტრმზვერავმა „ტარარას“ მეპატრონესთან საუბარში უტყუარი კომპრომატი ჩაიწერა. იმავე დღეს, რომ იტყვიან, „ცხელ კვალზე“, მილიონერი უკვე პირადად უშიშროების მინისტრმა დაამუშავა და ოქრუაშვილმა ყველა თავისი პატრონი დაასახელა. ორი დღის მერე ბაქოს ცენტრში გენერალ გასანოვის ლიკვიდაციის სცენა დაიდგა და მას მერე, რაც თბილისსა და ბაქოში ერევანთან დაკავშირებული ლიკვიდატორთა ჯგუფები დააპატიმრეს, რომლებსაც კვალი უნდა წაეშალათ და მუსტაფაევისა და ოქრუაშვილის მკვლელობით ჯაჭვი გაეწყვიტათ, საქმეში უკვე საერთაშორისო პრესა და დიპლომატები ჩართეს. ჟენევაში, დახურულ კარს მიღმა სასწრაფოდ შეკრებილ შეხვედრაზე ერევანი მკაცრად გააფრთხილეს და შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდეს.
თბილისში კი ამ დროს რობერტ ოქრუაშვილის, სინამდვილეში კი, ვოზგანიანის ქსელის გადამოწმება დაიწყო და იმავდროულად, ყველა მაღაზიას მოხსნეს აბრა წარწერით – „ტარარა“.
ერევანში კი ქვეყნის ლიდერისგან შეხურებული სახენაიარევი გენერალი თავის კაბინეტში დაბრუნდა და ჭაღარა პოლკოვნიკს შიდა ტელეფონით დაურეკა. ის-ის იყო გენერალს თავისი ხელქვეითი უკიდურესად უშვერი სიტყვებით უნდა შეემკო, ყურმილში გასროლის ხმა გაისმა.
***
ოპერაცია „მორევის“ ჩაფლავებიდან ორი კვირის შემდეგ მშობლიურ ქალაქში ერთკვირიანი შვებულებით ჩამოსული პოლკოვნიკობამინიჭებული საიდ ალიევი და ზვიად აფციაური ფუნიკულიორის განახლებულ რესტორანში ისხდნენ და თბილისის ცქერით ტკბებოდნენ. ბავშვობის მეგობრები წარსულის ამბებს იხსენებდნენ, თან წითელ ღვინოს სვამდნენ. ბოლოს საიდმა ღვინით სავსე ჭიქა აიღო, ფეხზე ადგა და სანამ დალევდა თქვა:
– ჩვენს დედა თბილისს გაუმარჯოს, რომელსაც ბადალი არ ჰყავს ამქვეყნად და მტრის დახვედრაც იცის და მოკეთის სიყვარულიც!
დასასრული