№36 ავტოპორტრეტი გეტყვით
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
ადამიანისთვის თვითშეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. გაინტერესებთ როგორი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე? აიღეთ ფურცელი და საკუთარი ავტოპორტრეტის ხატვას შეუდექით. აუცილებელია, გამოსახულება იყოს მთლიანი, მთელი სიგრძით. მნიშვნელობა არა აქვს კარგად ხატავთ თუ ცუდად. მთავარია, ხატვის დასრულებამდე პასუხებს არ გადახედოთ.
დახატეთ? ახლა პასუხები ნახეთ:
* თუ ნახატს ტანთან შედარებით დიდი ფორმის თავი გაუკეთეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ინტელექტუალურ ადამიანად მიიჩნევთ. გარკვეული კომპლექსები გაქვთ ერუდიციის დონესთან დაკავშირებით. თუკი თავი პატარა ფორმისაა, სოციუმთან ადაპტაცია გიჭირთ;
* თუ თქვენს ავტოპორტრეტს დიდი ფორმის თვალები აქვს, ძალიან ცნობისმოყვარე ბრძანდებით, ცოტა ეჭვიანიც. თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ აზრს. თუკი თვალები პატარაა ან, სულაც, წერტილოვანი, ხშირად ატარებთ საკუთარ სულში „რევიზიას“, მოგწონთ ფსიქოანალიზი. ამ ტესტის გაკეთებაც სწორედ ამ თვისებამ გაიძულათ;
* თუკი ნახატზე ფიგურას დიდი ყურები დაუხატეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კრიტიკის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. გრძელი ცხვირი მომატებულ სექსუალურ ტემპერამენტზე მეტყველებს, ხოლო ნესტოებზე აქცენტის გაკეთება (წერტილები ცხვირის მაგივრად) მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ ფიცხი და აგრესიული პიროვნება ბრძანდებით.
* თუკი ნახატზე პირი დომინირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს საუბრის პრობლემა აქვს ან უჭირს საკუთარი ნააზრევის სწორად გადმოცემა. თუკი თქვენ პატარა პირის მქონე ან სულაც უპირო კაცუნა დახატეთ, დეპრესიულობისკენ მიდრეკილი ან ასოციალური პიროვნება ხართ.
* თუკი ნახატზე ხელები დამუშტული გაქვთ, სიმბოლურად გამოხატავს თქვენს კავშირს გარშემო მყოფებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მკაცრი, მეთოდური და ნაკლებად კონტაქტური ადამიანი ხართ. ჩამოშვებული ხელები იმაზე მიანიშნებს, რომ შინაგანად ემოციურ პიროვნებასთან გვაქვს საქმე, ზოგჯერ გაუწონასწორებელთან.
* თუკი ფიგურა გრძელ ფეხებზე „შემოასკუპეთ“, თქვენში მოჭარბებული დოზითაა თავისუფლების სიყვარული. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფიგურას ფეხები საერთოდ არ დაუხატეთ, საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც ძალიან ბევრ, საიდუმლო მაქინაციაში იღებს მონაწილეობას და მისი ასავალ-დასავალი ძნელი გასარკვევია.