№36 რა ეშმაკური სვლა გაუკეთა ბერიამ სტალინს და რომელი სიის ფალსიფიცირება მოახდინა მან
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „ომის დამთავრების შემდეგ სტალინი, ცოტა არ იყოს, იმაზე მეტად ეჭვიანი გახდა, ვიდრე ადრე იყო. ბელადი კარგად ხედავდა, თუ როგორ გაიზარდა მისი ქვეშევრდომების გავლენა და ძალაუფლება ქვეყანაში, საერთაშორისო ასპარეზზე კი – მათი პოპულარობა. ბელადს მყარად მიაჩნდა, რომ ასეთი რამეები თავბრუს დაახვევდა მის ხელქვეითებს და ისინი ისე კარგად ვეღარ შეასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს. ამიტომ ერთი კომბინაცია ჩაატარა: ბერია დაიბარა და უთხრა, რომ მის უწყებას საიდუმლო საერთაშორისო კვლევა ჩაეტარებინა და აბსოლუტურად ზუსტად გაერკვია ის ხუთეული, ვისაც დასავლეთი სტალინის მემკვიდრედ ჩათვლიდა...
– მონაცემები რომ ზუსტი და აქტუალური იყოს, შენს ჯაშუშებს ხმები გაავრცელებინა, რომ მძიმედ ავად ვარ. სულს ვღაფავ და მალე მოვკვდები, – უთხრა სტალინმა ბერიას და დააყოლა, – მე კი სამი კვირით შავი ზღვისპირეთში დავისვენებო.
ეს იყო 1946 წლის ივლისის მიწურული. სწორედ მაშინ დაირხა ხმა მსოფლიოში – სტალინი კვდება ან სტალინი მოკვდა და ჯერ არ ამბობენო და ამნაირები... ერთი სიტყვით, ბერიას უწყებამ ჩვეული ოსტატობით იმუშავა და ამას სტალინის გაუჩინარებაც დაერთო. ბელადი გაგრის აგარაკზე იმყოფებოდა, ისვენებდა და არავის ხვდებოდა.
ბერიას, ახლა რომ იტყვიან, სოციოლოგიური კვლევის ზუსტი შედეგები უკვე 13 აგვისტოს ხელთ ჰქონდა და ასევე, თანამედროვე ენით ვიტყვი – სტალინის მემკვიდრეების ხუთეულის რეიტინგები ასე გამოიყურებოდა: ¹1 – ბერია, ¹2 – ჟუკოვი, ¹3 – მოლოტოვი, ¹4 – მალენკოვი, ¹5 – კაგანოვიჩი. ბერიამ ამ სიიდან საკუთარი თავი ამოიღო, პირველობა ჟუკოვს „დაუთმო“. „გათავისუფლებულ“ მეხუთე ადგილზე კი ხრუშჩოვი ჩაწერა, 14 აგვისტოს კი ბელადთან ჩაფრინდა გაგრაში და სია აახლა. თუმცა, სტალინი რის სტალინი იქნებოდა, რომ ასეთი რამ მხოლოდ ბერიასთვის დაევალებინა და მან იგივე მოლოტოვსაც უბრძანა და ასეთივე გამოკვლევა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც გააკეთებინა. მაგრამ არც ბერია იქნებოდა ბერია, რომ ბელადის ეს სვლა არ გაეთვალისწინებინა. ამიტომ ბერიას აგენტებმა მოლოტოვის უწყებაში ზუსტად დაადგინეს, თუ ვინ ატარებდა სტალინის მიერ შეკვეთილ კვლევას მოლოტოვის დავალებით. შემდგომ ის ადამიანები „ენკავედეში“ ფარულად მიიყვანეს და მათზე არსებული კომპრომატი ანახვეს (ბერიას კი კომპრომატი ყველაზე ჰქონდა) და უთხრეს, მოლოტოვისთვის ის სია მიეტანათ, როგორსაც მათ მისცემდნენ. ასეც მოხდა და მოლოტოვს ზუსტად ისეთი სია ჩააბარეს, როგორიც შემდგომ ბერიამ მიუტანა სტალინს. ბერიასგან განსხვავებით, მოლოტოვმა ვერ გაბედა საკუთარი თავის ამ სიიდან ამოღება და სიაც პირველმა მიუტანა ბელადს. ამგვარად, სტალინს ორი აბსოლუტურად იდენტური სია ჰქონდა. ბერია მის მემკვიდრედ არცერთში არ ფიგურირებდა და ბელადს მისთვის ხელი არ უხლია. დანარჩენები კი ისე გადაანაცვლა, როგორც საჭიროდ მიიჩნია და მათ ძალაუფლება და გავლენა შეუზღუდა. ამით კი ბერიას გავლენა და ძალაუფლება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა“.
გენერალ ვოლკოგონოვის მიერ მოთხრობილი ისტორია ერთდროულად უსვამს ხაზს ბერიას გონიერებას, ეშმაკობას, მის ყვოვლისმხედველობასა და აბსოლუტურ ინფორმირებულობას (იმას, რომ ყველა უწყებაში ჰყავდა აგენტები) და კიდევ უფრო დაუჯერებელია ის, რომ ასეთ კაცს ცხვირწინ მოუწყვეს გადატრიალება, ძალიან მარტივად გაანეიტრალეს და ისე მოიშორეს, რომ იტყვიან, დაცემინებაც ვერ მოასწრო. ვიმეორებ, რომ ეს ისტორიის ბოროტი პარადოქსია და ზოგჯერ ისტორია ისე მწარედ ცდება ხოლმე, რომ ამ შეცდომის გამოსწორებას ათწლეულები კი არა, საუკუნეები არ ეყოფა და ზოგიერთ შემთხვევაში გამოუსწორებელიცაა.
ბერიას თავიდან მოშორების არაერთი ისტორია არსებობს და ჩემი აზრით, ყველაზე რეალურია ის, რომ როდესაც ბერია გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნდა, ის აეროპორტის შენობაშივე ჩაცხრილა სამხედრო ოფიცერთა სპეციალურმა ქვედანაყოფმა და ამ შეთქმულების ინიციატორი ხრუშჩოვი იყო. თანამონაწილე – თავდაცვის მინისტრი ბულგანინი, შემსრულებელი კი – მარშალი ჟუკოვი... პოლიტბიუროს დანარჩენი წევრები კი ფაქტის წინაშე დააყენეს. მოგვიანებით შეთხზეს კრემლში ბერიას დაპატიმრების ისტორია, ისევე, როგორც ფალსიფიცირებული სასამართლო პროცესი და შემდგომ – დახვრეტა. ერთი სიტყვით, ელვისებურად იქნა გამოყენებული დანაშაულებრივი, უხეში სამხედრო ძალა და როგორც ეს საბჭოეთში ხდებოდა, დანარჩენი შემდგომ „გაპრავდა“... ასე იყო თუ ისე, ბერია და მხოლოდ ბერია შეიძლებოდა, ყოფილიყო სტალინის მემკვიდრე. მას შეეძლო, ქვეყნის მოდერნიზება და რაც მის მოღალატეობრივ მკვლელობას მოჰყვა, ამის შედეგებს დღემდე იმკიან“.