№36 პაროდონტიტის მიზეზები და მკურნალობა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
პაროდონტიტი ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. ამ დროს ანთებითი პროცესი ვრცელდება იმ ქსოვილებში, რომლებიც გარს ეკვრის კბილს. პაროდონტიტის გამო ადამიანმა შესაძლოა, ჯანმრთელი კბილიც კი დაკარგოს. დაავადება პოლიეტიოლოგიურია, ანუ მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს. ესენია:
* არასწორი თანკბილვა;
* კბილის შეცვლილი ფორმა;
* პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენა;
* საკვები რაციონის დარღვევა (ცილებისა და ვიტამინების ნაკლებობა);
* ცხელი და მწარე საკვების ხშირი მიღება;
* საჭმლის განსაზღვრული სტრუქტურა – რბილი საკვები ვერ უზრუნველყოფს კბილების სათანადო წმენდას და ღეჭვისას კბილებზე ნორმალურ დატვირთვას, ეს კი, თავის მხრივ, შესაძლოა, პაროდონტიტის განვითარების მიზეზად იქცეს;
* მავნე ჩვევა, კერძოდ, საკვების ღეჭვა ყბის მხოლოდ ცალ მხარეს – ეს იწვევს ყბის ფუნქციურ გადატვირთვას და პაროდონტიტის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება;
* ნეგატიური ეკოლოგიური გარემო;
* სტრესი;
* თამბაქოს მოხმარება;
* დიდი რაოდენობით ანტიბაქტერიული და სტეროიდული პრეპარატების მიღება;
* ქრონიკული დაავადებები.
რეცეპტები – ღრძილების სამკურნალოდ
ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რომ კბილების გახეხვისას ღრძილებიდან სისხლის დენა კბილების სერიოზული პრობლემის ნიშანია, ამიტომ მაშინვე უნდა მიმართოთ სტომატოლოგს. დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკას. ექიმის დანიშნულ წამლებთან ერთად, შეიძლება, გამოიყენოთ ხალხური საშუალებაც.
1 სადილის კოვზ სოჭის წიწვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათი გააჩერეთ თავდახურული, გაწურეთ და 1/4 ჩაის ჭიქა ნაყენი მიიღეთ 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. იგივე ხსნარი გამოივლეთ პირის ღრუში დილა-საღამოს.
2 სუფრის კოვზ გვირილის გამხმარ ყვავილებს დაასხით 200 გრამი ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი და გამოივლეთ პირის ღრუში.
ალოეს ფოთოლი კარგად გარეცხეთ, მოაჭერით ეკლები, გაჭერით ორ ფენად და დაიდეთ ღრძილებზე დღეში 5-6 ჯერ;
2 კოვზი მუხის ქერქი ადუღეთ ნახევარ ლიტრ წყალში 10 წუთის განმავლობაში, გააჩერეთ თავდახურული10 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, გააგრილეთ და ნახევარი ჭიქა (100 გრამი) გამოივლეთ 2-3-ჯერ დღეში. მისი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში რეკომენდებული არ არის (კბილებს გაამუქებს).
1 სუფრის კოვზ გულყვითელას (კალენდულა) დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გამოივლეთ.
1 ჩაის კოვზ სალბს (შალფეი) დაასხით 1 ჭიქა ადურებული წყალი, გააგრილეთ, გამოივლით პირში ჭამის შემდეგ.
2 სუფრის კოვზ კრაზანას დაასხით 200 გრამი ადუღებული წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გამოივლეთ პირის ღრუში.
2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნახევარ ლიტრ წყალში, გადაწურეთ და დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამოივლეთ.
ზაფხულში კი მრავალძარღვას ფოთლები კარგად გარეცხეთ და ღეჭეთ, 3-4 დღეში ღრძილებიდან სისხლდენა შეჩერდება და მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.