№36 ჯოჯოხეთისგან გულმოდგინება გამოგვიხსნის
ქრისტიანის სულიერი ბრძოლა ანგარებიანი არ უნდა იყოს. ჯოჯოხეთისგან გულმოდგინება გამოგვიხსნის. საკმარისი არაა, თუ ცოდვისგან მხოლოდ გეენიის ცეცხლი გვაკავებინებს თავს. რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ სულიერი კეთილშობილება ამაში არაა. თუ ჭიქა წყალს იმისთვის ვაწვდი, რომ, მაგალითად, ჩემთან მოვიდნენ და ლიმონათის ბოთლი და სხვა სასმელი მომცენ – ეს მდაბიო და იაფფასიანია. არ ვამბობ, რომ ამაში რაიმე ცუდია, მაგრამ, თუ ასე ვფიქრობ, ეს იაფფასიანი და მდაბიოა. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ მომსახურებაზე ვსაუბრობთ.
***
როდესაც ადამიანი ესწრაფვის, წმიდანი გახდეს, რათა მოყვასს დაეხმაროს, ეს საქმე შხამის შემცველია. შეგიძლია, საკუთარი თავისთვის არა ამაო საქმე გააკეთო? სწორედ, ესაა ის, რაც საჭიროა. შემდეგ საღვთო მადლი, გსურს თუ არა ეს, შენთან თანამოქმედებას დაიწყებს. ამრიგად, მართლაც შეეწევი. შრომა საკუთარი თავისთვის დროის უქმი ფლანგვა არაა.
***
ხშირად ჩემთან პატარა ბავშვები მოჰყავდათ და მეუბნებოდნენ, რომ ისინი შეპყრობილები იყვნენ. სიმართლეში დასარწმუნებლად წმიდა არსენის პატარა ნაწილს ვიღებდი და მუჭში ვიქცევდი. იმავდროულად, მეორე ხელისგულსაც ვმუჭავდი. მაშინ ვხედავდი, იყო თუ არა ბავშვში დემონი, რადგან შეპყრობილები შიშითა და თრთოლვით უყურებენ სწორედ იმ ხელს, რომელშიც წმიდა ნაწილებია და არა მეორეს. ზოგჯერ წმიდა ნაწილებს წყალში ჩავუშვებდი ხოლმე და შეპყრობილ ბავშვებს მის დალევას ვთავაზობდი. მათ კი, ვინც წყალს არ მიუახლოვდებოდა, ჯერ ტკბილეულს, ლუქუმს, თაფლს ან რაიმე მსგავსს ვთავაზობდი, რათა მოსწყურებოდათ და ამის გამო მაინც დაელიათ. ამის შემდეგ მათ შეტევა ემართებოდათ და ზოგიერთი იკურნებოდა. თუ ბავშვი შეპყრობილი კი არ არის, არამედ, უბრალოდ, ფსიქიკური სნეულება აქვს, მაშინ ზემოაღწერილიდან არაფერი ხდება.
***
მართლმადიდებლობას ვინმეს ზნეობრივი შეცოდებების სააშკარაოზე გამოტანა არ შეშვენის. მაგალითად, ვთქვათ, გზაზე უწმიდურება დევს. გონიერი ადამიანი იქ გავლისას ფიცარს მიაფარებს და დამალავს მას, რათა ზიზღი არ გამოიწვიოს. მეორე კი, პირიქით, დაფარვის ნაცვლად, მას გაფანტავს და ცუდ სუნს კიდევ უფრო გაავრცელებს. რა ჩაიდინა მან? არაფერი. უფრო მეტი ბოროტება გამოიწვია. სხვის ცოდვებში ქექვა არ უნდა დაიწყოთ. მცნებას – ეკლესიას უთხარი – ის აზრი სულაც არ აქვს, რომ ყველაფერი საქვეყნოდ გაცხადდეს. დღეს ყველა ეკლესიური როდია. ეკლესია არიან ისინი, ვინც ისე ცხოვრობს, როგორაც ქრისტეს ნებავს, და არა სხვები, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებენ, როგორც მასონები, იეღოვას მოწმეები და სხვები.
***
როცა რამდენიმე წლის წინ ერთმა ეპისკოპოსმა ეკლესიაში სკანდალი წამოიწყო, ამ საკითხზე ბერს ბევრი ეკითხებოდა. ის ძალზე გონივრულად პასუხობდა: „ამ ადამიანს არ ვიცნობ, ამიტომ არ ვიცი, მართლაც მოხდა თუ არა ის, რაზეც მესაუბრებით. თუ მაინც მოხდა – ღმერთმა მისი ცოდვაში ჩავარდნა დაუშვა, რადგან შესაძლოა, გაამპარტავნებულიყო და სული დაეღუპა. ახლა კი უფალმა სინანულისთვის შესაფერისი შემთხვევა უბოძა.
სქიმმონაზონ პაისი ათონელის ცხოვრება და მოღვაწეობა