№36 რა სჭირდება ქალს იმისთვის, რომ ქმარს არ უღალატოს და როგორ აგრძელებს ცხოვრებას ღალატის შემდეგ
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
ღალატი ადამიანური მოვლენაა და მისგან არავინ არის დაზღვეული. სქესი არ არის დაცვა, ანუ ქალსაც შეუძლია გრძნობას აჰყვეს და უღალატოს ქმარს. პრობლემა ისაა, როგორ გააგრძელებ ცხოვრებას მომხდარის შემდეგ. მით უფრო, როცა მუდმივი პარტნიორი გყავს და შენი პირადი თავისუფლება რაღაც ჩარჩოშია მოქცეული. ვინ უფრო მეტად განიცდის ღალატს – ქალი თუ კაცი – საკითხი ასე არ დგას. ფსიქოლოგები პოსტღალატის ეტაპებს მიზეზ-შედეგობრივი და ფსიქოემოციური ფაქტორებით ხსნიან.
დიანა (34 წლის): არავინ თქვას, მე ეს არ დამემართება, ძალიან წესიერი ვარო. არავინ იცის, რა მომენტში როგორ მოიქცევი. საკუთარ თავზე ძალიან კარგი წარმოდგენა მქონდა. მეგონა, რომ ჩემზე არანაირი ცდუნება არ იმოქმედებდა, მაგრამ თურმე, ვცდებოდი. ისეთი სისუსტე გამოვიჩინე, რომელსაც საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ. ქმარს ყოფილ ქმართან ვუღალატე.
– ეს საქციელი გაცნობიერებული გქონდათ?
– მოგიყვებით ჩემს ამბავს. 23 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი. ჩემი ქმარი 21 წლის იყო. არც პატარები ვიყავით, მაგრამ არც ისეთი დიდები იმისთვის, რომ ოჯახურ სირთულეებს გავმკლავებოდით. მინდოდა, ჩემი მეუღლე დინჯი, გაწონასწორებული, საქმიანი, ინტელექტუალი ყოფილიყო. მე კი გვერდით მყავდა ცანცარა, ძალიან მხიარული, უსაქმური ბიჭი, რომელიც სულ მეგობრებზე, გართობაზე ფიქრობდა. მინდოდა, ჩემ გვერდით იდეალური მამაკაცი ყოფილიყო. ჩემი „პრეტენზიები“ კი არც ქმარს მოსწონდა, არც მისი ოჯახის წევრებს. ისე არ გამიგოთ, რომ კონფლიქტებისკენ ყველას მე ვუბიძგებდი, ვცდილობდი, ურთიერთობებში ბალანსის, სიმშვიდის დაცვას, მაგრამ ეს ბოლომდე ვერ შევძელი. ქმარს რამეს თუ ვთხოვდი, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა, ოჯახი უკეთესი ყოფილიყო. არ მინდოდა, რომ ფული მამამთილისთვის ან დედამთილისთვის მეთხოვა, მსურდა, ჩემს ქმარსაც ეზრუნა, რომ მის ცოლსა და შვილს რაღაცები ჰქონოდათ. დედამთილი ძალიან დამიპირისპირდა. ისიც კი იკადრა, ეთქვა, შვილი იმიტომ გაუჩინე, რომ ქმარი შენს საწოლთან დაგებაო. ცოლ-ქმარს ერთმანეთთან ლაპარაკს არ გვაცლიდა. საძინებელ ოთახშიც გვივარდებოდა. ინტიმზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. ჩემს ქმარს მისგან ჰქონდა მხარდაჭერა, ამიტომ ისე იქცეოდა, როგორც სურდა. არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობდა. არ მინდოდა, ოჯახი დამენგრია, ამიტომ მოვითმინე, მაგრამ მის დაღვინებას საშველი არ დაადგა. ერთ საღამოს მთვრალი მოვიდა სახლში და ჩემ თვალწინ ვიღაც ქალს დაუწყო ტელეფონით ლაპარაკი. ძალიან ვიჩხუბეთ და შვილთან ერთად სახლიდან წამოვედი. მაშინ 29 წლის ვიყავი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემთვის ყველაფერი დასრულდა. მუშაობა დავიწყე და შვილის გაზრდაზე გადავერთე. მერე კი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც შემიყვარდა და მისი ცოლი გავხდი. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ცოლი ვარ, უფრო სწორად, ვიყავი. მეუღლეს უდიდეს პატივს ვცემ. ორი საერთო შვილი გვყავს და ის ბავშვებისთვის საუკეთესო მამაა. სულ ვამბობ, ღმერთმა გადმომხედა, ეს ადამიანი რომ შემხვდა-მეთქი.
– და მაინც უღალატეთ.
– ცოლქმრულ ურთიერთობაში ყველაზე დიდ მნიშვნელობას ერთგულებას ვანიჭებ, რადგან კარგად ვიცი მისი ფასი და ის ტკივილიც ვიცი, რასაც ადამიანი ღალატის შემდეგ გრძნობს. ამიტომაც აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ჩემი საყვარელი ადამიანისთვის მეღალატა. მაგრამ ასე გამოვიდა. ყოფილ ქმართან გვიან, მაგრამ მაინც აღვადგინე ურთიერთობა. შვილმა დაგვაახლოვა. ბავშვი მთხოვდა, რომ მამა ხშირად ენახა. მეც უარს ვერ ვეუბნებოდი. ისიც უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად სხვა ადამიანია, იმ ბიჭთან, რომელსაც ვიცნობდი, საერთო არაფერი აქვს. ცოლიც ჰყავს და შვილიც და ყველას თან ჰყვება. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ის ასეთი მზრუნველი იქნებოდა. ამ ზაფხულს ჩემი უფროსი შვილი მეგობრების აგარაკზე ისვენებდა დასავლეთ საქართველოში. იქ ავად გახდა და კლინიკაში დააწვინეს. სანამ მე დამირეკავდა, მამას შეატყობინა, რომ ცუდად იყო. ის მაშინვე შვილთან გაიქცა. მერე მეც გავვარდი, მოკლედ, უცხო ქალაქში შევხვდით შეშინებულები და დათრგუნულები. იქ ისე იზრუნა ჩემზე, ისეთი რაღაც მოხდა ჩემში, რასაც დღემდე ვერ ვუძებნი ახსნას. გრძნობებმა გვძლია და მეუღლეებს ვუღალატეთ. მას შემდეგ მსგავსი რამ აღარ განმეორებულა. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა და იქვე დასრულდა. სიკვდილს ვამჯობინებ, ვიდრე იმას, რომ სისუსტე ისევ გამოვიჩინო, მაგრამ სულ ამაზე ვფიქრობ. არც ის მასვენებს, რომ ქმარს ვუღალატე და არც ის გრძნობა, რომელიც ყოფილი ქმრის მიმართ ხელახლა გამიჩნდა. მინდა, ფსიქოლოგთან ვიარო, მაგრამ ხომ იცით, თბილისში ყველა ვიღაცის ნაცნობია და შეიძლება, ისეთ ადამიანს გადავუშალო გული, რომელიც ჩემი ქმრის ან მასთან დაახლოებული პირის ახლობელი აღმოჩნდება. მეუღლე მიყვარს, მაგრამ ამ გაურკვეველ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებ. არ მინდა, ჩემი ცხოვრება შეიცვალოს. მსურს, ისევ ბედნიერი ვიყო ჩემს ქმართან, მაგრამ ვერ ვახერხებ, საკუთარ თავს ვერაფერს ვშველი.